ვის ემუქრება შუათანა ნერვის ტრავმული დაზიანება?

გააზიარე:

ყოველდღიურად ჩვენ ვეხებით და შევიგრძნობთ გარე სამყაროს, გადავადგილდებით სივრცეში, ვასრულებთ სხვადასხვა მოძრაობას... ამ ყველაფერს განაგებს პერიფერიული ნერვები, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას კიდურებსა და შინაგან ორგანოებთან აკავშირებს. მოძრაობითი და მგრძნობელობითი ფუნქციების მოშლა ან შესუსტება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ხელებს ეხება – დამეთანხმებით, მათი უფუნქციობა ყველაზე შემაწუხებელი და შესამჩნევია.

ხელების ფუნქციურ აქტივობას უმთავრესად შუათანა ნერვი უზრუნველყოფს, ამიტომ მის დაზიანებას ყველაზე მძიმე შედეგი მოჰყვება. როგორ ამოიცნობენ შუათანა ნერვის ტრავმას? რა მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას? როგორი მკურნალობაა საჭირო? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად აკადემიურ დოქტორს მედიცინაში, “ავერსის კლინიკის” პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგს თეიმურაზ გურჯიძეს ვესტუმრეთ.

 

– კისრის ოთხი უკანასკნელი (C5-C8) და გულმკერდის პირველი (T1) მალებიდან გამოსული ნერვების ტოტების ერთობლიობა ქმნის მხრის წნულს, რომელიც კიდურს მთელ სიგრძეზე მიუყვება და კანისა და კუნთების ინერვაციას უზრუნველყოფს. სწორედ მხრის წნულიდან გამომავალი ერთ-ერთი გრძელი ტოტია შუათანა ნერვი, რომელიც იწყება კისრის დონეზე, მიუყვება მხარს, იქიდან იღლიის ფოსოში გადადის, მხრის შიგნით და წინამხრის წინა ზედაპირზე გრძელდება და მტევანზე ბოლოვდება.

შუათანა ნერვის დაზიანების მიზეზთა ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ყველაზე ხშირად ის დაავადების ან ტრავმის შედეგია.

 

 ნიშნები

– შუათანა ნერვის დაზიანება მისი ყველა ფუნქციის ნაწილობრივ ან სრულ მოშლას იწვევს.

შუათანა ნერვს ორი ფუნქცია აქვს:

* მგრძნობიარე. შუათანა ნერვი მტევანზე აინერვირებს ცერა თითს, საჩვენებელ თითს, შუა თითს, არათითის ნახევარს და ხელისგულის ნაწილს, რომელსაც მედიცინაში მტევნის სხივის ნაწილს ვუწოდებთ.

ჩვენ თითების შეხებით ვხვდებით, საგანი ცხელია თუ ცივი, მჭრელია თუ ბლაგვი, მყარია თუ თხევადი, რბილია თუ მაგარი. ასევე შეგვიძლია, თვალდახუჭულებმა, შეხებით გავარჩიოთ სხვადასხვა საგანი ერთმანეთისგან, მივხვდეთ, რომ ხელში ტელეფონი, კალამი ან გასაღები გვიჭირავს, მაგრამ როცა შუათანა ნერვი დაზიანებულია, ცერა და საჩვენებელი თითების შეხებით საგნის ამოცნობა შეუძლებელი ხდება. სწორედ ამით გამოიხატება მგრძნობიარე ფუნქციის გამოვარდნა.

საყურადღებოა ისიც, რომ შუათანა ნერვის დაზიანებისას მის საინერვაციო არეში ჭრილობის მიყენება ადამიანმა შესაძლოა ვერ იგრძნოს. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან მგრძნობელობითი ფუნქცია გარკვეულწილად გვიცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. მაგალითად, როდესაც ვგრძნობთ, რომ საგანი ცივი, ცხელი ან ბასრია, მას ვერიდებით, რითაც თავიდან ვიცილებთ ტრავმას. ნერვის დაზიანების შემთხვევაში კი საგნის სახიფათო თვისებების ამოცნობას ვეღარ ვახერხებთ. შესაბამისად, ტრავმის ალბათობაც იმატებს.

 * მამოძრავებელი. შუათანა ნერვის დაზიანება იწვევს ყველა იმ მოძრაობის მოშლას, რომლებსაც ხელი ამ ნერვის დახმარებით ასრულებს. ესენია ცერა და საჩვენებელი თითების მოხრა და, საზოგადოდ, თითების ნატიფი მოძრაობები.

შუათანა ნერვი იმ კუნთების ინერვაციაშიც მონაწილეობს, რომლებიც უზრუნველყოფს მტევნის მაჯისკენ მოხრას და მტევნისა და წინამხრის ბრუნვას.

იმის მიხედვით, რამდენადაა დაზიანებული ნერვი, ფუნქციის გამოვარდნა სხვადასხვანაირია.

ნერვის მტევნის დონეზე დაზიანებისას გამოვარდნილია როგორც მგრძნობიარე, ისე მამოძრავებელი ფუნქცია. მტევნის დონეზე შუათანა ნერვი აინერვირებს კუნთებს, რომლებიც პასუხისმგებელია ნატიფი მოძრაობების შესრულებაზე: ღილის შეკვრაზე, წერაზე, მცირე ზომის საგნების აღებაზე, ნემსის ყუნწში ძაფის გაყრაზე... თუ შუათანა ნერვი მტევნის დონეზე დაზიანდა, ამ მოძრაობათა შესრულება გართულდება ან შეუძლებელი გახდება.

ასევე შეუძლებელი გახდება ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების შესრულება და მათთან ერთად – ცერა და საჩვენებელი თითების მოხრაც ნერვის წინამხრის ზედა მესამედის დონეზე დაზიანებისას. თუ ამ დროს ადამიანს თითების მოხრას ვთხოვთ, დავინახავთ, რომ მეხუთე, მეოთხე და მესამე თითები თავისუფლად მოიხრება, ხოლო ცერი და საჩვენებელი გაშლილი დარჩება და მივიღებთ ე.წ. პისტოლეტის პოზას, რომელიც ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანია და დიდი ალბათობით შუათანა ნერვის დაზიანებაზე მეტყველებს.

შუათანა ნერვი, როგორც უკვე ვთქვით, უზრუნველყოფს მაჯის მიბრუნება-მობრუნებაში მონაწილე კუნთის ინერვაციას, ამიტომ მისი დაზიანებისას გაძნელებულია მაჯაში ხელის ტრიალი.

ნერვის მხრის დონეზე დაზიანებისას სრულიადაა გამოვარდნილი ყველა ის ფუნქცია, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

ერთ-ერთი სადიაგნოზო ნიშანი ასეთია: თუ ნერვის დაზიანებისას ორივე ხელს წყალში ჩავყოფთ, 10-15 წუთში ჯანმრთელ ხელზე კანი დაიჭმუჭნება, მეორეზე კი, იმ ადგილას, სადაც ნერვია დაზიანებული, კანი იმავე შესახედაობას შეინარჩუნებს, რაც წყალში ხელის ჩაყოფამდე ჰქონდა.

 

ვის ემუქრება

_ რაც უფრო აქტიურია ადამიანი ფიზიკურად, მით უფრო მაღალია ტრავმის ალბათობა, ამიტომ შუათანა ნერვის ტრავმული დაზიანება უმეტესად 16-დან 50 წლამდე ასაკში და უმეტესად მამაკაცებთან გვხვდება.

ნერვის დაზიანება ხშირად ჭარბი ალკოჰოლის მიღებას მოსდევს, რადგან ნასვამი ადამიანი თვითკონტროლს კარგავს, აგრესიული ხდება და თვითგადარჩენის ინსტინქტი უჩლუნგდება ტრავმის მიღების ალბათობა იზრდება.

შუათანა ნერვი საკმაოდ ზედაპირულად მდებარეობს და მცირე ჭრილობამაც შეიძლება დააზიანოს.

 

დიაგნოსტიკა

– ნერვის დაზიანების დიაგნოსტიკა დღესდღეობით ძნელი არ არის. მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ანამნეზი – ის წარმოდგენას გვიქმნის იმის თაობაზე, რომელი ნერვი შეიძლება ჰქონდეს დაზიანებული პაციენტს.

თითოეული ნერვი განსაზღვრულ უბანს აინერვირებს და განსაზღვრულ ფუნქციას უზრუნველყოფს. ნებისმიერი ნერვის დაზიანება იწვევს მის საინერვაციო არეში მგრძნობიარე ან მამოძრავებელი ფუნქციის გამოვარდნას. თუ პაციენტს უჭირს ან საერთოდ ვერ ახერხებს პირველი და მეორე თითების მოხრას ან პირველ, მეორე და მესამე თითებს შორის მგრძნობელობა არ აქვს, ეს შუათანა ნერვის დაზიანების ნიშანია.

ინფორმაციულია მტევანზე, წინამხარზე, მხარზე არსებული ტრავმის კვალი (ნაწიბური, ჭრილობა), რომელიც პროექციულად ემთხვევა შუათანა ნერვს, მის დაზიანებაზე მეტყველებს.

მიუხედავად იმისა, რომ გასინჯვა და დათვალიერება საკმაოდ დიდ ინფორმაციას გვაწვდის, შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი კვლევაც – მაგალითად, იმის დასაზუსტებლად, რამდენადაა დაზიანებული ნერვი, ან თანმხლები დაავადების გამოსარიცხად.

ამ შემთხვევაში ოქროს სტანდარტად მიიჩნევა ელექტრონეირომიოგრაფია – სპეციალური დენით იმის შემოწმება, როგორ ატარებს ნერვი იმპულსს.

პერიფერიული ნერვების ექოსკოპიის მეშვეობით კი დაზიანების ზუსტ ადგილმდებარეობას ვადგენთ.

უფრო მაღალდიფერენცირებული კვლევაა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

მკურნალობის ტაქტიკა

_ თუ ნერვის მთლიანობა დარღვეულია, ოპერაცია აუცილებელია, რადგან თუ გაწყვეტილი ნერვის ბოლოები ერთმანეთს არ შეუერთდა, გამოჯანმრთელების ალბათობა ფაქტობრივად ნულის ტოლია. მაგრამ თუ ნერვის მთლიანობა დარღვეული არ არის, შესაძლოა, მედიკამენტურმა მკურნალობამ და ფიზიოთერაპიულმა პროცედურებმაც გამოიღოს შედეგი. მათი უეფექტობის შემთხვევაში ტარდება ე.წ, დიაგნოსტიკურ-სარევიზიო ოპერაცია ნერვის დასათვალიერებლად.

  • _ როდის არის ქირურგიული ჩარევა ყველაზე ეფექტიანი და რა სახისა უნდა იყოს ის?

– ტრავმული დაზიანების  შემტხვევაში რაც უფრო სწრაფად გაკეთდება ოპერაცია, მით უკეთესი იქნება შედეგი. განსაზღვრული ხნის შემდეგ ქირურგიულ ჩარევას აზრი აღარ აქვს, რადგან ნერვის ფუნქცია ვეღარ აღდგება. საუკეთესო შედეგს დაზიანებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ოპერაცია იძლევა. შესაძლოა, შედეგიანი აღმოჩნდეს პირველი სამი ან პირველი ექვსი თვის განმავლობაში გაკეთებული ოპერაციაც. ექვსი თვის შემდეგ ტრადიციული მეთოდებით ნერვის რეკონსტრუქციას აზრი ეკარგება. ერთადერთი გზა იმისა, რომ ამ დროს ქირურგიული ჩარევით რამე შედეგი მივიღოთ, ნერვის ტრანსფერია – რომელიმე სხვა ნერვს რაღაც ფუნქციას ვაკლებთ და ვამატებთ დაზიანებულ, ამ შემთხვევაში – შუათანა ნერვს.

ასე რომ, თუ ტრავმის შემდეგ აშკარა გახდა ის ნიშნები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სპეციალიზებულ კლინიკას, სადაც არის მიკროქირურგიული მიმართულება და შესაძლებელია დიაგნოსტირება და შესაბამისი ოპერაციის გაკეთება.

 

რეაბილიტაცია

_ როდესაც ნერვი იზოლირებულადაა დაზიანებული, რეაბილიტაციის პროცესი შედარებით მარტივი და ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე შერწყმული ტრავმის დროს. მაგალითად, როდესაც ნერვთან ერთად დაზიანებულია მყესებიც ან მოტეხილია რომელიმე ძვალი, რეაბილიტაცია უფრო რთულია.

იმის მიხედვით, რა დონეზეა დაზიანებული ნერვი, რეაბილიტაციის პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან წელიწად-ნახევრამდე და ორ წლამდეც კი. ნერვი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ერთი მილიმეტრით იზრდება, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, მის აღსადგენად საჭიროა იმდენი დღე-ღამე, რამდენი მილიმეტრიც არის დაზიანების ადგილიდან თითის წვერამდე.

რეაბილიტაციის პერიოდში თანაბრად უნდა იყნენ ჩართულნი როგორც ექიმი ასევე პაციენტი, წინააღმდეგ შემთხევაში სასურველი შედეგის მიღწევა გართულდება.

  • _ რა სახის ფიზიოთერაპიული პროცედურებია საჭირო რეაბილიტაციის პერიოდში?

_ სტანდარტული პროცედურაა ფონოფორეზი – ულტრაბგერის მეშვეობით წამლის (ჰიდროკორტიზონის ან სხვა სამკურნალო პრეპარატის) შეყვანა სხეულის კონკრეტულ ადგილას. ამის შედეგად ნერვის ირგვლივ ყალიბდება უფრო რბილი პოსტოპერაციული ნაწიბურები, რომლებიც ზეწოლას არ ახდენს.

ტარდება ელექტროთერაპიაც – ნერვის წერტილოვანი სტიმულაცია. სპეციალური სიხშირის დენის დარტყმა ხელს უწყობს ნერვში ახალი იმპულსის გამტარი გზების გაჩენას.

არსებობს სხვა ფიზიოთერაპიული პროცედურებიც, რომლებიც ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად და საჭიროებისამებრ შეირჩევა ექიმი რეაბილიტოლოგის მიერ.

 

გართულებები

– ქირურგიული ჩარევა მოსალოდნელი გართულების გარეშე არ არსებობს. პერიფერიული ნერვების ქირურგიაში გართულებები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად:

* სპეციფიკური გართულებები, რომლებიც ნერვთანაა დაკავშირებული. შესაძლოა, ოპერაცია სწორად ჩატარდეს, მაგრამ დაზიანებული ნერვი არ აღდგეს ან პაციენტმა არ დაიცვას პოსტოპერაციული რეჟიმი და აღდგენილი ნერვი სრულ რეაბილიტაციამდე ხელახლა დაიზიანოს – რისკი დიდია, ვინაიდან ნერვი იკერება ძაფით, რომლის სისქე არ აღემატება თმის ღერისას და ხშირად უფრო წვრილიც კია, ამიტომ ხელის თუნდაც ერთმა უხეშმა მოძრაობამ შესაძლოა ნერვის მთლიანობა ხელახლა დაარღვიოს;

* ზოგადქირურგიული გართულებები – სისხლდენა, ჭრილობის დაჩირქება.

თუმცა, რასაკვირველია, დღესდღეობით გართულებები უფრო იშვიათია, ვიდრე ათწლეულების წინათ.

გარდა იმ ჩივილებისა, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, არანამკურნალევ პაციენტებში ხშირია უნებლიე ტრავმები მგრძნობელობის უქონლობის გამო, ასევე – ტროფიკული წყლულები: როდესაც ქსოვილების ინერვაცია მოშლილია, ირღვევა სისხლძარღვების ინერვაციაც, რასაც საბოლოოდ ნეიროგენული ტროფიკული წყლულების ჩამოყალიბებამდე მივყავართ.

 

პროგნოზი

_ პაციენტების სანუგეშოდ შეიძლება ითქვას, რომ შუათანა ნერვი მიეკუთვნება ე.წ. კეთილი ნერვების რიცხვს. დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში მისი აღდგენის ალბათობა გაცილებით მაღალია ვიდრე, მაგალითად, იდაყვის ან სხვა ნერვებისა. თუმცა პერიფერიული ნერვების ქირურგია და მკურნალობა საკმაოდ სპეციფიკურია. ამ პროცესში თანაბრად მონაწილეობენ ქირურგი და პაციენტი, რომლებსაც შესაძლოა სხვა დარგის სპეციალისტის (ან სპეციალისტების) დახმარებაც დასჭირდეთ.

ქირურგიული ოპერაციის შემდგომ გამოჯანმრთელება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული პაციენტზე – საჭიროა ფიზიოთერაპიულ პროცედურებზე სიარული, საკუთარ თავზე მუშაობა, სახლში ვარჯიში. თუ პაციენტი სათანადოდ არ არის მოტივირებული იმისთვის, რომ ოპერაციის შემდგომ ყველა ეს საფეხური გაიაროს, ოპერაციის გაკეთებას აზრი არ აქვს.

შედეგი დაზიანების ადგილმდებარეობაზეცაა დამოკიდებული. თითებთან რაც უფრო ახლოსაა დაზიანება, მით უფრო სწრაფად სრულდება მკურნალობა და მეტია სასურველი შედეგის ალბათობა. წინამხარზე, მხარზე ან მხრის წნულის დონეზე დაზიანებული ნერვის აღდგენა უფრო რთულია და რეაბილიტაციის პროცესიც – უფრო ხანგრძლივი.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: