კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომი

გააზიარე:

კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომი (CRPS) იშვიათი დაავადებაა, რომელიც კიდურების ქრონიკული ტკივილით გამოიხატება. ტკივილი გამომწვევ მიზეზთან შედარებით არაპროპორციულად ძლიერია, რის გამოც ირგვლივ მყოფებს შესაძლოა გაუჭირდეთ დაჯერება, რომ პაციენტი მართლაც ძლიერ ტკივილს განიცდის.

კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომის შესახებ ექიმი ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი ეთერ ხითარიშვილი გვესაუბრა:

რა არის და ვის ემართება

– ტკივილი კომპლექსური ფენომენია, რომელშიც ჩართულია სენსორული, ემოციური და ქცევითი ფაქტორები. ქრონიკული ტკივილის რამდენიმე ასეული სინდრომი არსებობს, რომლებიც სხვადასხვა მექანიზმით არის გამოწვეული. კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომის ზუსტი მიზეზი დაუდგენელია. ამ სინდრომის მქონე ადამიანებს ხშირად გადატანილი აქვთ ტრავმა ან დაზიანება. ხელშემწყობ ფაქტორებად ასევე მიიჩნევენ კიდურის იმობილიზაციას (იძულებითი უძრაობა თაბაშირით ან სხვა საშუალებით), ნერვული სისტემის ცვლილებებს, ანთებას, გენეტიკას, შფოთვას, დეპრესიას, ბრაზს. ფსიქოლოგიური ფაქტორები განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ბავშვებთან.

– რა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომი?

– უმეტესად – 37-დან 70 წლამდე. ბავშვებსა და მოზარდებთან იშვიათია, ხოლო 7 წლამდე საერთოდ არ გვხვდება. ასი ათასი ადამიანიდან საშუალოდ 5-6-თან ვლინდება და მამაკაცებზე 3-4-ჯერ ხშირად აღირიცხება ქალებთან.

სინდრომის ტიპები

– არსებობს კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომის ორი ტიპი. ისინი მსგავსი სიმპტომებით ვლინდება, მაგრამ განსხვავებულია მათი გამომწვევი მიზეზები:

* CRPS-ის მქონე ათიდან ცხრა ადამიანს ტიპი 1 აღენიშნება. მას სხვაგვარად რეფლექსურ სიმპათიკურ დისტროფიას (RSD) უწოდებენ. ის ვითარდება ისეთი ავადმყოფობის ან ტრავმის შემდეგ, რომელსაც უშუალოდ არ დაუზიანებია მტკივანი კიდურის ნერვები, მაგრამ დააზიანა ძვლები, იოგები, მყესები და სხვა სტრუქტურები. CRPS-ს ხშირად წინ უძღვის ხელის ან ფეხის ტრავმა – ძლიერი დაზიანება ან მოტეხილობა. ასევე შესაძლოა, განვითარდეს ოპერაციის, ინფარქტის, ინსულტის, ინფექციის შემდეგ, ავთვისებიანი სიმსივნის დროს.

ტიპი 2 უშუალოდ მტკივანი ადგილის შესაბამისი ნერვის დაზიანების შედეგია. წინათ მას კაუზალგიას უწოდებდნენ.

CRPS შეიძლება განვითარდეს სიმპათიკური ნერვული სისტემის გადაჭარბებული აქტიურობის დროსაც (სიმპათიკური ნერვული სისტემა სხეულს სტრესული ან გადაუდებელი სიტუაციებისთვის – ბრძოლისთვის ან გაქცევისთვის – ამზადებს).

პრევენცია

– შესაძლებელია თუ არა რეგიონული ტკივილის სინდრომის თავიდან აცილება?

– არსებობს ღონისძიებები, რომლებმაც შესაძლოა შეამციროს რეგიონული ტკივილის სინდრომის განვითარების რისკი. მაგალითად, კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მაჯის მოტეხილობის შემდეგ C ვიტამინის დიდ დოზებს იღებდნენ, CRPS-ის განვითარების გაცილებით დაბალი რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ჩ ვიტამინს არ იღებდა. ზოგიერთი კვლევა საფუძველს იძლევა, ვივარაუდოთ, რომ ინსულტის შემდეგ ამ სინდრომის განვითარების რისკს ამცირებს ადრეული რეაბილიტაცია (წამოყენება, სიარული და სხვა).

სიმპტომები

– კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომი სხვადასხვანაირად ვლინდება. ხშირია მუდმივი ან მოპულსირე ტკივილი, წვა, ჩხვლეტა. ეს შეგრძნებები თავს იჩენს დაზიანებულ კიდურში და ხშირად იმაზე ძლიერია, ვიდრე მიღებული ტრავმისგან შეიძლება ველოდეთ. ტკივილი შესაძლოა გააძლიეროს ემოციურმა სტრესმა ან ტემპერატურის ცვლილებამ. დაზიანებულ ზონაში კანი ხშირად მეტისმეტად მგრძნობიარეა შეხების მიმართ – უბრალო შეხებაც კი ამძიმებს ალგიურ სინდრომს (ხერხემლის სვეტიდან წარმოქმნილი ტკივილი). ზოგიერთ შემთხვევაში კიდური ბუჟდება ან მგრძნობელობას კარგავს. კანი იჭიმება, ეცვლება ფერი, ტემპერატურა, ფაქტურა – დაზიანებულ ზონაში შესაძლოა გაწითლდეს, ლაქებით დაიფაროს, გაუფერულდეს, აპრიალდეს. ნელდება ფჩხილებისა და თმის ზრდა, ვითარდება სახსრების ტკივილი, შეშუპება, დაზიანება, კუნთების სპაზმი, სისუსტე, რასაც კიდურის მოძრაობის შეზღუდვამდე მივყავართ. შესაძლოა, დამოკლდეს და გამკვრივდეს კუნთები (ე.წ. კონტრაქტურები), ჩამოყალიბდეს ნაწიბუროვანი ქსოვილი. ბუნებრივმა ქსოვილმა განიცადოს ატროფია (განლევა). პაციენტი ჩვეულებრივზე მეტად ან ნაკლებად ოფლიანობს, უფრო მკვეთრად აღიქვამს სიცხეს და სიცივეს. ხდება დეპრესიული, შფოთავს, ბრაზობს.

სიმპტომები შესაძლოა შესუსტდეს ან წლობით შენარჩუნდეს. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი თავისთავად ქრება. იშვიათად ტკივილის სინდრომი პროგრესირებს და სხეულის სხვა უბნებზეც ვრცელდება.

დიაგნოსტიკა

– გარდა სუბიექტური ჩივილებისა, რას ეფუძნება ამ სინდრომის დიაგნოზი?

CRPS-ზე ეჭვი ჩნდება, როდესაც სიმპტომები თავს იჩენს კიდურის ტრავმიდან 4-6 კვირის შემდეგ, ვერ აიხსნება საწყისი ტრავმით და მთელ კიდურზე ვრცელდება. ჩღPშ-ის დიაგნოზი ისმება მხოლოდ ანამნეზისა და გასინჯვის საფუძველზე. მოწმდება, აკმაყოფილებს თუ არა პაციენტი ჩღPშ-ის დიაგნოსტიკის კრიტერიუმებს. ეს კრიტერიუმები (ე.წ. ბუდაპეშტის კრიტერიუმები) ითვალისწინებს მუდმივი ინტენსივობის ტკივილს, რომელიც მისი მაპროვოცირებელი ფაქტორების არაპროპორციულია, მგრძნობელობის მომატებას, დაზარალებულ კიდურზე კანის ფერისა და ტემპერატურის ცვლილებებს, სხვა დიაგნოზით პაციენტის მდგომარეობის უკეთესად ახსნის შეუძლებლობას და სხვა.

CRPS-ის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი არ არსებობს. ამ პათოლოგიაზე სხვადასხვა გამოკვლევა მიგვანიშნებს. ძვლების მდგომარეობა ფასდება მათი სკანირებით, სპეციალური აპარატით მათი დათვალიერებით ვენაში შეყვანილი რადიაქტიური ნივთიერების ფონზე. ოფლის ტესტებით ორივე კიდურზე განისაზღვრება ოფლის რაოდენობა – განსხვავებული შედეგები შესაძლოა CRPS-ზე მიუთითებდეს. კიდურის ძვლების რენტგენოლოგიური გამოკვლევით შესაძლებელია შეფასდეს ძვლებიდან მინერალების კარგვა, ხოლო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (MRI) გამოირიცხოს სხვა პათოლოგიები.

მკურნალობა

CRPS-ის მკურნალობის მიზანია ტკივილის მართვა და დაზიანებული კიდურის მობილობის გაზრდა. ხშირად საჭიროა სხვადასხვა მეთოდის კომბინაცია, რომელიც კონკრეტულ შემთხვევას იქნება მორგებული. იყენებენ ფიზიოთერაპიას, ოკუპაციურ თერაპიას, მედიკამენტებს, ინტერვენციულ პროცედურებს (მაგალითად, ნერვის ბლოკადას), ტკივილზე ორიენტირებულ ფსიქოლოგიურ თერაპიას, სარკის თერაპიას, მტკივნეული კიდურის დესენსიბილიზაციას.

მიიჩნევა, რომ მკურნალობა ყველაზე ეფექტურია, თუ დაავადების ადრეულ ეტაპზევე დაიწყო – ამ შემთხვევაში არათუ მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ რემისის მიღწევაც კია შესაძლებელი. ნამკურნალევ ადამიანს სინდრომი შესაძლოა გაუმეორდეს სიცივის ზემოქმედების შედეგად ან ძლიერი ემოციური სტრესის გავლენით.

მედიკამენტური მკურნალობის მიზანია ტკივილის შემსუბუქება, ანთების შემცირება, ძვლის მასის კარგვის შეჩერება. ამისთვის გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ოპიოიდები, ანტიდეპრესანტები, ანტიკონვულსანტები, კორტიკოსტეროიდები და სხვა.

– რამდენად ეფექტურია მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდები?

– საკმაოდ ეფექტურია. მაგალითად, დაზიანებული კიდურის მსუბუქი ვარჯიში, ყოველდღიური აქტივობები ამცირებს ტკივილს და ზრდის მოძრაობის ძალასა და დიაპაზონს. რაც უფრო ადრე გამოვლინდება სინდრომი, მით უფრო ეფექტური იქნება ვარჯიშები. მოძრაობით თავიდან ავიცილებთ კუნთების განლევას და სახსრების ჩაკეტვას მათ გარშემო ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარების გამო.

შეშუპება და დისკომფორტი შესაძლოა შეამციროს სითბომ. ჰიპერმგრძნობელობას აქვეითებს კაპსაიცინის ან ლიდოკაინის კრემი და პატჩები (სალბუნები).

დესენსიბილიზაციისთვის ანუ მგრძნობელობის დასაქვეითებლად ადამიანს მტკივან ადგილზე ეხებიან ჯერ ისეთი საგნით, რომელიც არ აღიზიანებს კანს (მაგალითად, აბრეშუმით), მერე და მერე კი უფრო და უფრო უხეში მასალებით (მაგალითად, ჯინსის ქსოვილით).

დესენსიბილიზაციის კიდევ ერთი მეთოდია დაზიანებული კიდურის მოთავსება ჯერ გრილ, მერე კი თბილ აბაზანაში.

სარკის თერაპიით თავის ტვინში იცვლება ტკივილის იმპულსების გამტარი ნერვული გზები. თერაპიის დროს პაციენტი ისე ჯდება, რომ მტკივანი კიდური სარკის უკან მოხვდეს. ჯანსაღი კიდურის მოძრაობა ქმნის მტკივანი კიდურის მოძრაობის ილუზიას. ტვინს ექმნება შთაბეჭდილება, რომ უყურებს ორი ჯანსაღი კიდურის მოძრაობას, რაც უმტკივნეულოა. ყალიბდება მოძრაობის დადებითი ვიზუალური უკუკავშირი. თუ პაციენტი ამ ვარჯიშს დღეში 30 წუთის განმავლობაში ზედიზედ 4 კვირა შეასრულებს, ტკივილმა შესაძლოა საგრძნობლად იკლოს.

ტკივილის შემსუბუქებას ემსახურება ნერვის კანგავლითი ელექტრული სტიმულაცია (TENS), ბიოუკუკავშირის ტექნიკა, აკუპუნქტურა – გრძელი წვრილი ნემსების ჩარჭობა სპეციალურ წერტილებში.

თუ ტკივილმა არ გაიარა და ადამიანს ცხოვრებასა და საქმიანობაში ხელს უშლის, დიდი შანსია, განვითარდეს ფსიქოლოგიური პრობლემებიც. ფსიქოლოგიური სტრესი კი, თავის მხრივ, აძლიერებს ტკივილს. ამ შემთხვევაში შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ფსიქოთერაპია, განსაკუთრებით – კოგნიტიურ-ბიჰევიორისტული მიდგომა.

პრაქტიკული რჩევები

– რას ურჩევთ კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომის მქონე პაციენტებს?

– ქრონიკული ტკივილით მდგომარეობით ცხოვრება საკმაოდ რთულია, მით უმეტეს – თუ ოჯახს და მეგობრებს ვერ წარმოუდგენიათ, რამდენად ძლიერ ტკივილს განიცდით, ამიტომ სასურველია, ახლობლებს სანდო წყაროებიდან გაუზიაროთ ინფორმაცია ამ სინდრომის შესახებ.

იზრუნეთ თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამისთვის:

* შეძლებისდაგვარად განაგრძეთ ყოველდღიური აქტივობა.

* არ გადაიღალოთ, დაისვენეთ იმდენ ხანს, რამდენიც გჭირდებათ.

* არ გაერიყოთ ოჯახს და მეგობრებს, მათთან მუდმივი კავშირი გქონდეთ.

* განაგრძეთ საქმიანობა, რომელიც მანამდე მოგწონდათ და რომლის შესრულება ახლაც შეგიძლიათ.

თუ CRPS საყვარელი საქმის კეთებაში ხელს გიშლით, ჰკითხეთ ექიმს, როგორ შეიძლება სირთულეების დაძლევა.

გახსოვდეთ, რომ თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობა პირდაპირ ახდენს გავლენას თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ქრონიკულ დაავადებებს ბრაზი და იმედგაცრუება ახასიათებს. თუ ემოციებს ვერ ერევით, მიმართეთ ექიმს, ფსიქოთერაპევტს ან სხვა მიმართულების სპეციალისტს, რომელიც გასწავლით ემოციებთან გამკლავებას, რელაქსაციის ან მედიტაციის ტექნიკებს.

ეცადეთ, სოციალურ ქსელში ან სხვა პლატფორმაზე იპოვოთ მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანები, რომლებსაც საკუთარ გამოცდილებასა და განცდებს გაუზიარებთ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: