თოვლის დედოფლის დღიურიდან

გააზიარე:
ზამთრის სუსხზე უარესი რა უნდა იყოს?! ყინვანარევი ჰაერი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნო შეგრძნებას გვგვრის, სხეულის დაუფარავ ნაწილებსაც ვნებს.


პირველი შეტევა სიცივეს, რასაკვირველია, კანზე მიაქვს. იმისთვის, რომ ნათქვამს დრამატიზმი შევმატოთ, ამთავითვე აღვწერთ ეფექტს, რომელსაც სიცივე კანზე ახდენს. წარმოიდგინეთ მდინარე, რომელიც ნელ-ნელა ყინულოვანი ქერქით იფარება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ იგივე მოსდის კანს, რომლის უდიდესი ნაწილი სწორედ წყალია... ახლა კი გონების თვალი კვლავ გაყინული მდინარისკენ გადაიტანეთ, რომელზეც ყინული უეცრად სკდება... რა თქმა უნდა, კანი ასეთ მასშტაბურ ცვლილებებს არ განიცდის, მაგრამ შედეგი არანაკლებ შთამბეჭდავია: მისი ზედაპირი, ერთ დროს ელასტიკური და ხავერდოვანი, შრება, იქერცლება და ნაოჭდება.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, კანს ზამთარში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ეს ისედაც იცოდით? მაშ, გადავიდეთ წერილის პრაქტიკულ ნაწილზე, სადაც დაწვრილებით აგიხსნით, როგორ დაიცვათ სხეულის ეს სათუთი საფარველი ზამთრის უსიამოვნო სიურპრიზებისგან.
გადამწყვეტი ფაქტორი
ასეთი ფაქტორი მართლაც არსებობს. ეს კანის ტიპია. რაც უფრო მშრალია კანი, მით უფრო მეტია ალბათობა, სუსხში მოიყინოს.
კანის ტენიანობა ცხიმოვან ჯირკვლებზეა დამოკიდებული. ეს ჯირკვლები კანის სიღრმეში მდებარეობს. თუ კანი ცხიმნაკლულია, წყალი იოლად ორთქლდება და კანი შრება.
სხეულის სხვადასხვა ნაწილზე კანი სხვადასხვა რაოდენობის ცხიმოვან ჯირკვალს შეიცავს, ამიტომ მისი ცხიმიანობაც არაერთგვაროვანია. ცხიმოვანი ჯირკვლები კონცენტრირებულია სახეზე (განსაკუთრებით – შუბლზე და ცხვირის გარშემო), გულმკერდსა და ზურგზე. ძალიან ცოტაა წვივებზე, ამიტომ აქ კანი იოლად შრება. აი, ტუჩებზე კი ცხიმოვანი ჯირკვლები საერთოდ არ არის. მართალია, აქ კანს ნერწყვი ატენიანებს, მაგრამ ეს არ კმარა – ნერწყვი მალე ორთქლდება, ამიტომ ტუჩების დატენიანება აუცილებელია. იგივე შეიძლება ითქვას ხელის მტევნებსა და იდაყვებზე. 
კანის გამოშრობას ხელს უწყობს: სიცივე, ცივი ქარი, დაბალი ტენიანობა და შენობაში ისეთი გამათბობლის არსებობა, რომელიც ჰაერს აშრობს (ლოგიკურია: როდესაც გარემოში ტენი ნაკლებია, ის კანის ზედაპირიდან ორთქლდება).
სხვა ფაქტორებიდან აღსანიშნავია:
. ასაკი. როდესაც ესტროგენების წარმოქმნა იკლებს, კანიც ზარმაცდება და სულ უფრო ნაკლებ ცხიმს გამოიმუშავებს. რაკი ესტროგენების დეფიციტი მენოპაუზის პერიოდში იჩენს თავს, კანის გამოშრობასაც ამ დროისთვის უნდა ველოდეთ.
. გენეტიკა. გენები წყვეტენ, რამდენად უხვად იქნება მიმოფანტული კანის ქსოვილში ცხიმოვანი ჯირკვლები. არ არის გამორიცხული, სიმშრალის მიზეზი ეგზემა იყოს, რომელიც ასევე მჭიდროდ უკავშირდება გენეტიკას.
. ხანგრძლივი აბაზანა და შხაპი. მეტისმეტი ხეხვა-ფხეკა კანის ზედაპირს, უფრო სწორად, მის ცხიმოვან საფარველს აზიანებს, დამცავი ლიპიდური შრის გარეშე კი წყალი იოლად ორთქლდება და კანი შრება.
. თამბაქოს წევა. დამტკიცებულია, რომ მწეველთა კანი ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ღარიბდება, შრება, ჭკნება და ნაადრევად ბერდება.
. მჭიდროდ მომდგარი სამოსი. ის კანს აღიზიანებს, აზიანებს და აშრობს.
. ზოგიერთი ქრონიკული დაავადება. დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმლის დაავადებები კანიდან წყლის ძლიერ აორთქლებას იწვევს (ამ დროს კანს უბრალოდ არ შესწევს უნარი, წყალი შეინარჩუნოს). ასევე მოქმედებს ზოგიერთი მედიკამენტიც, მათ შორის – ანტიჰისტამინები, ტამოქსიფენი, რომელიც ძუძუს კიბოს დროს ინიშნება, და ზოგიერთი ანტიდეპრესანტი.
დაეხმარე კანს
როგორ მოვიქცეთ, რომ კანი სუსხს იოლად გადაურჩეს?

. არ დაკარგოთ ზომიერება კანის მოვლის დროს. გაიწმინდეთ იგი მხოლოდ საღამოობით – მოაცილეთ მტვერი, მაკიაჟი, ხოლო დილაობით სუფთა წყლით ჩამოიბანეთ. ექსფოლიატორი წელიწადის ცივ დროს მხოლოდ კვირაში ერთხელ გამოიყენეთ, ისიც – ყველაზე ნაზი.
. ერიდეთ კანის მოვლის საშუალებებს, რომლებიც ალკოჰოლს შეიცავს, ზამთარში კი ისინი საერთოდ დაივიწყეთ.
. შეამცირეთ შხაპის ხანგრძლივობა და წყლის ტემპერატურა. არც საპნის გამოყენებაა მაინცდამაინც მიზანშეწონილი.
. დაინოტივეთ კანი, თანაც რაც შეიძლება ხშირად, დღეში, სულ მცირე, ორჯერ: პირის დაბანის შემდეგ (რათა დაბანის დროს დაკარგული ტენი აღიდგინოთ) და ძილის წინ. რაც უფრო მშრალია კანი, მით უფრო სქლად უნდა წაისვათ დამატენიანებელი.
. ნუ დარჩებით წყლის იმედად. როცა ორგანიზმს სითხე არ აკლია, კანს უფრო ჯანსაღი იერი აქვს, მაგრამ თუ კანი სიმშრალისკენ არის მიდრეკილი, მხოლოდ წყლის სმით ვერ უშველით – ამ დროს დახმარება მას გარედანაც დასჭირდებ
ა. ასე რომ, უთუოდ გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.
. თუ ხელის მტევნები მეტისმეტად გიშრებათ, დაისველეთ, წაისვით დამატენიანებელი, ჩაიცვით თხელი ბამბის ხელთათმანები და ცოტა ხანს დაიტოვეთ.
. შინიდან გასვლის წინ ჩაიცვით ტყავის ხელთათმანები – ისინი ხელს შეუშლის მტევნებიდან წყლის აორთქლებას და ხელებს უფრო საიმედოდ დაიცავს გამოშრობისგან, ვიდრე ბამბისა და შალისა. ნურც ტუჩებზე ცვილის შემცველი ბალზამისა და პომადის წასმას დაივიწყებთ.
არ დანებდე
თუ უეცრად იგრძენით, რომ ყინვა ძვალ-რბილში ატანს და კანზე მოყინვის პირველი ნიშნები ჩნდება, ასე მოიქეცით:
. დაუყოვნებლივ გაერიდეთ სიცივეს და თავი თბილ შენობას შეაფარეთ. თუ სამოსი სველი გაქვთ, დაუყოვნებლივ გამოიცვალეთ. მოყინული ან მოსაყინად განწირული ადგილები თბილ წყალში მოათავსეთ, თუ სახის გათბობა გსურთ, თბილი წყალი შეისხით ან თბილ წყალში დასველებული ნაჭრით გაიწმინდეთ. გამოიყენეთ თბილი წყალი და არა ცხელი! შესაძლოა, გათოშილმა კანმა სიცხე ვერ იგრძნოს და დაიწვათ!
. არამც და არამც არ დაიზილოთ მოყინული ადგილი – ყინვისგან ისედაც ტრავმირებული კანი უფრო მეტად დაზიანდება. ნურც რადიატორს, სათბურას ან გამათბობელ ნათურას გამოიყენებთ.
. თუ კანს სითბოს შეგრძნება დაუბრუნდა, შეწითლდა კიდევაც და სუსტი ჩხვლეტაც იგრძენით, ეს იმის მანიშნებელია, რომ ცირკულაცია აღდგა. თუ კანი ვერა და ვერ შეთბა, უფრო მეტიც – შეშუპდა და სითხის შემცველი ბუშტუკები გაუჩნდა, გირჩევთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

გააზიარე: