კანის ჯანმრთელობა
გააზიარე:
კანი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა. საქმეში ჩაუხედავ ადამიანს შესაძლოა ეგონოს, რომ ის მხოლოდ კუნთებზე გადაკრული ტყავია. სინამდვილეში კანი ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. უპირველეს ყოვლისა, დაზიანებისგან იცავს კუნთებს, ძვლებს, ნერვებს, სისხლძარღვებს და სხეულის ყველა ნაწილს, ქმნის ბარიერს მავნე ნივთიერებებისა და მიკრობებისთვის, ინარჩუნებს სხეულში სითხეს და გვიცავს გაუწყლოებისგან, გვეხმარება სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში, სითბოს, სიცივის, შეხების, ტკივილის შეგრძნებაში, მზეზე ყოფნისას წარმოქმნის D ვიტამინს.
ვინაიდან კანი სხეულის ზედაპირული ნაწილია, იოლად ზიანდება. სამაგიეროდ, მასზე მომხდარი ყველა ცვლილება ადვილი შესამჩნევია.
კანის ნაწილები
კანის თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრზე ათასობით უჯრედი, ასობით საოფლე ჯირკვალი, ცხიმოვანი ჯირკვალი, ნერვული დაბოლოება და სისხლძარღვია.
კანის ზედაპირული შრეა ეპიდერმისი, რომლის ზედა ფენები განუწყვეტლივ იფცქვნება და ახლდება. მისი ამ თვისების წყალობით ჭრილობები და ნაკაწრები სწრაფად ხორცდება, ხოლო 28 დღეში ერთხელ ეპიდერმისი მთლიანად იცვლება. მის ზედაპირზევე იხსნება ფორები, საიდანაც ოფლი და ცხიმი გარეთ გამოდის.
ეპიდერმისში ძირითადად რამდენიმე ტიპის უჯრედებია:
* მელანოციტები წარმოქმნის პიგმენტ მელანინს და ამით განსაზღვრავს კანის ფერს. რაც უფრო მეტი მელანინი წარმოიქმნება, მით უფრო მუქია კანი. მზის სხივების ზემოქმედება ზრდის მელანინის გამომუშავებას, რის გამოც ადამიანები ირუჯებიან ან ჭორფლი უჩნდებათ.
* კერატინოციტები წარმოქმნის კერატინს – ცილის ნაირსახეობას, რომელიც თმის, კანისა და ფრჩხილების ძირითადი კომპონენტია. კანის გარე შრეში არსებული კერატინი ხელს უწყობს დამცავი ბარიერის შექმნას.
* ლანგერჰანსის უჯრედები კანის იმუნური სისტემის ნაწილია და ინფექციისგან ორგანიზმის დაცვაში მონაწილეობს (არ აგერიოთ ლანგერჰანსის კუნძულებში, რომლებიც კუჭქვეშა ჯირკვალში მდებარეობს და ინსულინის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი).
* მერკელის უჯრედები დაკავშირებულია კანის ნერვულ დაბოლოებებთან და შეხების აღქმაში მონაწილეობს.
ეპიდერმისის ქვემოთ დერმაა. მასშია თავმოყრილი სისხლძარღვები, ნერვული დაბოლოებები, საოფლე ჯირკვლები და თმის ფოლიკულები. დერმიდან იკვებება ეპიდერმისიც. კანს დაჭიმულობისა და სიმკვრივის შენარჩუნებაში დერმაში არსებული ბოჭკოები – კოლაგენი და ელასტინი ეხმარება. დერმაშია ცხიმოვანი ჯირკვლებიც. მათ მიერ წამოქმნილი ცხიმი კანს არბილებს და წყლაგაუმტარად აქცევს.
სულ ქვემოთ მდებარეობს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი. ის შემაერთებელი ქსოვილისგან, სისხლძარღვებისა და ცხიმის შემნახველი უჯრედებისგან შედგება. ეს ფენა იცავს სხეულს მექანიკური დაზიანებისგან და ხელს უწყობს სითბოს შენარჩუნებას.
ნებისმიერ ფაქტორს, რომელიც აღიზიანებს კანს, ახშობს ფორებს ან იწვევს კანის ანთებას, შეუძლია გამოიწვიოს სიწითლე, შეშუპება, წვა და ქავილი. გამონაყარს განაპირობებს ალერგია, სხვადასხვა გამაღიზიანებელი, გენეტიკური თავისებურებები, ზოგიერთი დაავადება, იმუნური სისტემის დარღვევები.
დაავადებები შრეობრივად
კანის სხვადასხვა შრეში სხვადასხვა ცვლილებაა მოსალოდნელი:
* ეპიდერმისში – სებორეული დერმატიტი (ქერტლი), ატოპიური დერმატიტი (ეგზემა) ფსორიაზული ბალთა, ფურუნკული, ხალი, აკნე, მელანომა (კანის კიბო), კერატოზი (კანის გარქოვანებული უვნებელი წარმონაქმნები), ეპიდერმოიდული ცისტები, ნაწოლები;
* დერმაში – დერმატოფიბრომა (კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი), ათერომა (ცხიმოვანი ცისტა), დერმოიდული ცისტა (თანდაყოლილი ცისტა, რომელიც შეიცავს თმას და კბილებს), ცელულიტი (კანის ბაქტერიული ინფექცია), წვრილი ნაოჭები;
* კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში – პანიკულიტი, ცხიმოვანი ქსოვილის ანთება, რომელიც კვანძებით ან ფოლაქებით ვლინდება, სარკოიდოზი – კანში გრანულომების, ანთებითი კვანძების გაჩენით მიმდინარე პროცესი.
კანის მოვლა
ვინაიდან კანი ჩვენსა და გარემოს შორის მდებარე ყველაზე დიდი ბარიერია, გარემოსთან კონტაქტით პირველ რიგში ის ზარალდება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი კანის სწორი მოვლა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა – ეს შეაფერხებს ბუნებრივი დაბერების პროცესს და კანის მრავალ პრობლემას აგვაცილებს თავიდან.
კანის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მზისგან მისი დაცვაა. დასხივებამ, რომელსაც ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იღებს, შესაძლოა გააჩინოს ნაოჭები, ასაკობრივი ლაქები, გამოიწვიოს კანის სხვა პრობლემები, გაზარდოს კანის კიბოს რისკი.
მზისგან თავის დასაცავად:
* გამოიყენეთ მზისგან დამცავი ფაქტორის შემცველი საშუალებები, სულ მცირე, SPF15 ინდექსით. წაისვით ბევრი და დაიმატეთ ორ საათში ერთხელ ან უფრო ხშირად, თუ ცურავთ ან უხვად გდით ოფლი.
* მოერიდეთ მზეს დილის 11-დან საღამოს 5 საათამდე – ამ პერიოდში მზის სხივები ყველაზე მწველია.
*ატარეთ მჭიდრო ქსოვილის გრძელსახელოებიანი პერანგები, გრძელი შარვლები და ფართოფარფლებიანი ქუდები. თაკარა მზისგან დასაცავად არსებობს სარეცხი საშუალებების დანამატები, რომლებიც ტანსაცმლის ულტრაიისფერი დაცვის უნარს აძლიერებს, და მზისგან დამცავი სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც ულტრაიისფერ სხივებს ბლოკავს.
გაითვალისწინეთ, რომ მოწევა აბერებს კანს, ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას, ზრდის კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს რისკს.
კანი შეიძლება გააღიზიანოს მოვლის ყოველდღიურმა პროცედურებმა და პარსვამ. ამიტომ:
* შეამცირეთ აბაზანის ან შხაპის ხანგრძლივობა. გამოიყენეთ თბილი და არა ცხელი წყალი. ცხელი წყალი და ხანგრძლივი შხაპი ან აბაზანა კანს ცხიმს აშორებს.
* ერიდეთ ძლიერ საპნებს, რომლებიც კანს ცხიმს აცლის. გამოიყენეთ რბილი გამწმენდი საშუალებები.
* გაპარსვის წინ წაისვით საპარსი კრემი, ლოსიონი ან გელი. გამოიყენეთ სუფთა, ბასრი საპარსი. გაიპარსეთ თმის ზრდის მიმართულებით და არა მის საპირისპიროდ.
* დაბანის შემდეგ კანი ნაზად შეიმშრალეთ პირსახოცით, ისე, რომ მცირე სინოტივე შერჩეს.
* თუ მშრალი კანი გაქვთ, აუცილებლად გამოყენეთ შესაბამისი დამატენიანებელი. ყოველდღიური ხმარებისთვის SPF-ის შემცველი დამატენიანებელი შეარჩიეთ.
ჭამეთ ბევრი ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული და ცილოვანი საკვები. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, თევზის ცხიმით მდიდარი, არაჯანსაღი ცხიმებითა და ნახშირწყლებით ღარიბი დიეტა კანს აახალგაზრდავებს.
მნიშვნელოვანია ბევრი წყლის სმაც, რაც ხელს უწყობს კანის დატენიანებას.
უმართავმა სტრესმა შესაძლოა აკნე და კანის სხვა პრობლემები გამოიწვიოს. მართეთ სტრესი, საკმარისი იძინეთ და ეცადეთ, თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობით შეიქციოთ თავი.
***
კანზე გამონაყარს იწვევს ინფექციური თუ არაინფექციური დაავადებები, ალერგია, გამაღიზიანებელ ნივთიერებებთან კონტაქტი, მწერის ნაკბენი, გადახურება. შესაძლოა გამოიხატოს კანის შეწითლებით, იყოს მქავანა, მტკივნეული, ზოგჯერ – მშრალი და ქერცლიანი, ზოგჯერ – კვანძოვანი, ზოგჯერ – ბუშტუკოვანი, სითხით სავსე.
კონტაქტური დერმატიტი
კონტაქტური დერმატიტი კანის ანთებაა, რომელიც განსაზღვრულ ნივთიერებასთან კანის უშუალო კონტაქტით არის გამოწვეული. გამონაყარი ამ დროს შეიძლება იყოს მქავანა, შემოფარგლული, ხშირად – მკაფიოსაზღვრებიანი. მისი გამოვლინება მსუბუქი ხანმოკლე სიწითლიდან ძლიერ შეშუპებამდე და დიდ ბუშტუკებამდე მერყეობს.
არსებობს ორი ტიპის კონტაქტური დერმატიტი – გაღიზიანებისა და ალერგიული. უფრო ხშირია გაღიზიანების კონტაქტური დერმატიტი, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც გამაღიზიანებელი ნივთიერება კანს ეხება და პირდაპირ აზიანებს. ამ ტიპის დერმატიტის დროს დაზიანებული ადგილი უფრო მეტად მტკივნეულია და ნაკლებად მქავანა. თუ ნივთიერების ზემოქმედება შეწყდა, დერმატიტის სიმპტომები ერთი-ორი დღის შემდეგ კლებას დაიწყებს.
გაღიზიანების კონტაქტური დერმატიტის გამომწვევად შეიძლება მოგვევლინოს მჟავა, ტუტე, გამხსნელი (მაგალითად, აცეტონი ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელად), ძლიერი საპონი, ძლიერი სარეცხი საშუალება, მცენარე (პუანსეტია, წიწაკა), სხეულის სითხეები (შარდი და ნერწყვი). ზოგიერთი ამ ნივთიერებათაგანი მეტისმეტად აგრესიულია და რამდენიმე წუთში იწვევს კანის ცვლილებებს, ზოგი კი ნაკლებად, ამიტომ დერმატიტის გამოსაწვევად უფრო ხანგრძლივი ზემოქმედება სჭირდება. ზოგიერთ ადამიანს ხშირი ან ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში რბილი საპონი და სარეცხი საშუალებაც კი უღიზიანებს კანს. საზოგადოდ, ყველა ადამიანის კანს სხვადასხვა მგრძნობელობა აქვს გამღიზიანებლების მიმართ. ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების კანი უფრო მგრძნობიარეა. მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორებიც. გაღიზიანების კონტაქტური დერმატიტის განვითარებას ხელს უწყობს დაბალი ტენიანობა და ჰაერის მაღალი ტემპერატურა.
დერმატიტი შესაძლოა განვითარდეს ისეთ მასალასთან კონტაქტის დროს, რომელსაც ადამიანები სამუშაოს შესრულებისას ეხებიან. ამას ოკუპაციურ დერმატიტს უწოდებენ.
არსებობს გაღიზიანების კონტაქტური დერმატიტის სახესხვაობა – ფოტოტოქსიკური კონტაქტური დერმატიტი. ადამიანი კანით ეხება ან შინაგანად იღებს (ჭამს, სვამს) განსაზღვრულ ნივთიერებას. თუ ამის შემდეგ კანს სადმე მზის სხივები მოხვდა, დერმატიტი მხოლოდ ამ ადგილას განვითარდება. ასეთი რამ შესაძლოა გამოიწვიოს დასალევმა ანტიბიოტიკებმა, ანტიჰიპერტენზიულმა საშუალებებმა, შარდმდენებმა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა, სუნამომ, მცენარეებმა.
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი არის სხეულის იმუნური სისტემის რეაქცია განსაზღვრულ ნივთიერებაზე, რომელიც კანს შეეხო. კონკრეტული ნივთიერების მიმართ სენსიბილიზაციას ანუ გადაჭარბებულ მგრძნობიარობას ზოგჯერ მასთან მრავალგზისი კონტაქტი იწვევს, ზოგჯერ კი ერთიც საკმარისია. ნივთიერებასთან მომდევნო შეხება იწვევს დერმატიტს, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ქავილის აღმოცენება კონტაქტიდან 4-24 საათის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთ ადამიანს რეაქცია 3-4 დღეც არ უვითარდება.
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი შესაძლოა ათასობით ნივთიერებამ გამოიწვიოს, მათ შორის – ბიჟუტერიაში შემავალმა ლითონებმა (ნიკელი), კონსერვანტებმა, მცენარეებმა, რეზინმა, სუნამომ. ადამიანი შესაძლოა წლების განმავლობაში უპრობლემოდ ეხებოდეს ამ ნივთიერებებს, მერე კი მოულოდნელად განუვითარდეს ალერგიული რეაქცია. ასეთი რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს დერმატიტის სამკურნალოდ გამოყენებულმა მალამოებმა, კრემებმა და ლოსიონებმა.
ფოტოალერგიული კონტაქტური დერმატიტი ვითარდება, როდესაც ადამიანი შეეხება ან გადაყლაპავს განსაზღვრულ ნივთიერებას და ამის შემდეგ კანს მზის სხივები მოხვდება. ამ შემთხვევაში რეაქცია შესაძლოა გავრცელდეს კანის იმ უბნებზეც, რომლებსაც უშუალოდ არ მოხვედრია მზის სხივები. ასეთი დერმატიტის ტიპური გამომწვევებია სუნამოები (მათში შემავალი მუშკი, სანდალოზის ხის ზეთი), ანტისეპტიკები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, მზისგან დამცავი საშუალებები.
კონტაქტური დერმატიტის მიზეზის დადგენა ყოველთვის არ არის ადვილი. შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალური ალერგიული ტესტების ჩატარება.
ალერგიული კონტაქტური დერმატიტის ალაგებას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს ალერგენის ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ. გაღიზიანების კონტაქტური დერმატიტი უფრო სწრაფად ლაგდება, თუმცა მის გამომწვევ ნივთიერებაზე ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში რეაგირებს.
კონტაქტური დერმატიტის მკურნალობა გულისხმობს პრობლემის გამომწვევ ნივთიერებასთან კონტაქტის თავიდან აცილებას, ქავილის შესამსუბუქებელი საშუალებების, კორტიკოსტეროიდებისა და ანტიჰისტამინების გამოყენებას.
ეგზემა – ატოპიური დერმატიტი
ატოპიური დერმატიტი, იგივე ეგზემა, ძალიან გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით – ბავშვებთან. უფრო მეტად იმ ადამიანებს უვითარდებათ, რომლებსაც აქვთ საკვებისმიერი ალერგია, თივის ცხელება ან ასთმა. ხშირია ოჯახური შემთხვევები.
ჩვილებთან ეგზემა ვლინდება გაღიზიანებული კანის სიწითლით, სისველით, მასზე ქერქების წარმოქმნით, ქავილით. იწყება სახიდან და ვრცელდება კისერზე, თავის თმიან ნაწილზე, ხელებზე, ფეხებზე. ბავშვებსა და მოზრდილებს უფრო ძლიერი ქავილი აწუხებთ. გამონაყარი ჩნდება ან ერთ, ან რამდენიმე ადგილას, უმთავრესად – მტევნებზე, მკლავებზე, იდაყვებზე (წინა მხარეს), მუხლებზე (უკანა მხარეს), თვალების გარშემო. ხშირად მეორდება იმავე უბნებზე. ამ ადგილებზე კანი შესაძლოა გასქელდეს, ქავილის შედეგად კი განვითარდეს ბაქტერიული ინფექცია.
ატოპიურ დერმატიტს ამძიმებს სტრესი, ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილება, კანის ბაქტერიული ინფექცია, მტვრის ტკიპასთან კონტაქტი, ობი, ქერტლი, მაკიაჟი, ჩხაპნია ტანსცმელი, განსაკუთრებით – შალის.
ეგზემა არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება. ქავილს ამცირებს და კანის მდგომარეობას აუმჯობესებს კორტიკოსტეროიდების შემცველი კრემები და სხვა საშუალებები. მნიშვნელოვანია კანის დატენიანება, განსაკუთრებით – დაბანის შემდეგ. მდგომარეობა რომ არ გაუარესდეს, არ უნდა მოიქავოთ. უნდა ერიდოთ ალერგიულ საკვებს, გაოფლიანებას, ძალიან ცხელ და ძალიან ცივ ტემპერატურას, მატყლს და სხვა უხეშ ქსოვილებს, სტრესს.
მტევნისა და ტერფის დერმატიტი
მტევნისა და ტერფის დერმატიტი დისჰიდროზული დერმატიტის სახელით არის ცნობილი, რადგან ხშირად იწყება პატარა ბუშტუკების გაჩენით, თუმცა ეს ტერმინი მცდარია, რადგან “დისჰიდროზული” ნიშნავს ოფლიანობის დარღვევით მიმდინარეს, მტევნისა და ტერფის დერმატიტს კი არავითარი კავშირი არ აქვს ოფლიანობასა და საოფლე ჯირკვლებთან. ის შესაძლოა იყოს ატოპიური დერმატიტის ან ალერგიული კონტაქტური დერმატიტის გამოვლინება.
მას, როგორც წესი, იწვევს წყალთან ხშირი და ხანგრძლივი კონტაქტი (მაგალითად, ხელების ხშირი ბანა ან სველთან ხშირი შეხება), განსაკუთრებით – სარეცხ საშუალებებთან ერთად. უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ატოპიური დერმატიტი, პოლინოზი, ასთმა.
მტევნისა და ტერფის დერმატიტის სიმპტომებია მტევნებსა და ტერფებზე კანის სიწითლე, აქერცვლა, გასქელება. ზოგჯერ გადაიზარდება მქავანა პატარა ან დიდ ბუშტუკებში. შესაძლოა მათი გასკდომა, რის შედეგადაც წარმოიქმნება სისველე და ქერქი. ეს სიმპტომები ზოგჯერ თავისით ქრება, ზოგჯერ კი კანი ბაქტერიებით ან სოკოებით ინფიცირდება.
მტევნისა და ტერფის დერმატიტის სამკურნალოდ შესაძლოა საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდები, ფოტოთერაპია (ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება), ანტიბიოტიკები. ქავილის მოსახსნელად – ანტიჰისტამინური საშუალებები.
ადამიანი უნდა ერიდოს კონტაქტურ ალერგენებს, ასევე – კანის გამაღიზიანებელ სხვა ფაქტორებს, განსაკუთრებით – წყალსა და სარეცხ საშუალებებთან ხშირ ან ხანგრძლივ კონტაქტს.
ფსორიაზი
ფსორიაზი არის ქრონიკული, განმეორებადი დაავადება გამონაყარის ერთი ან რამდენიმე ელემენტით, რომლებიც კანიდან წამოწეულია, წითელი, ვერცხლისფერი ქერცლით დაფარული და მკაფიოდ შემოსაზღვრული. გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას, თუმცა უმთავრესად იდაყვებზე, მუხლებსა და თავის კანზე ჩნდება. ფსორიაზული გამონაყარი წარმოიქმნება კანის უჯრედების არანორმალურად სწრაფი ზრდის გამო. ამის მიზეზად იმუნური სისტემის დარღვევებს მიიჩნევენ. დაავადება ხშირად გვხვდება ოჯახებში, მის განვითარებას განსაზღვრულ გენებში მომხდარი ცვლილებები განაპირობებს.
ფსორიაზის პირველი ბალთები შესაძლოა რამდენიმე თვის შემდეგ გაქრეს. შესაძლოა, არც. ზოგჯერ ერთიანდება კიდეც. ზოგიერთ ადამიანს მხოლოდ ერთი-ორი ბალთა უჩნდება, ზოგთან კი გამონაყარი კანის მოზრდილ უბნებს მოიცავს. დაავადება მთელი სიცოცხლე გრძელდება, მაგრამ შესაძლოა ჰქონდეს რემისიები.
ფსორიაზის სიმპტომები ხშირად სუსტდება ზაფხულობით, მზის სხივების ზემოქმედების გამო, თუმცა მზით დამწვრობამ შესაძლოა გაამწვაოს დაავადება. გამწვავება ასევე მოსალოდნელია გაციების, ანგინის დროს, უფრო ხშირია ზამთარში, ალკოჰოლის მიღების, ზოგიერთი მედიკამენტის მიღების, სტრესულ სიტუაციაში აღმოჩენის შემდეგ. უფრო ხშირად უმწვავდებათ ჭარბწონიანებს, მწეველებს, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფიცირებულებს. ზოგს ფრჩხილები უზიანდება. შესაძლოა განვითარდეს ფსორიაზული ართრიტიც.
ფსორიაზის დიაგნოსტიკისთვის კანის ბიოფსიას მიმართავენ. სამკურნალოდ გამოიყენება ადგილობრივი საშუალებები, ფოტოთერაპია, იმუნოსუპრესანტები (იმუნიტეტის დამთრგუნველი საშუალებები), ბიოლოგიური აგენტები (ცოცხალი ორგანიზმისგან მიღებული ნივთიერებები) და სხვა წამლები.
***
კანის ერთ-ერთი ფუნქცია, ორგანიზმის დაცვა, მის მიკრობებისგან დაცვასაც გულისხმობს, თუმცა მიკროორგანიზმები ზოგჯერ მაინც ახერხებენ კანში შეჭრას და ინფექციური პროცესის გამოწვევას. ხშირად ამაში ბრალი მიუძღვის ჭრილობას, ნაკაწრს, მათთან ერთად კი ამა თუ იმ მიზეზით განპირობებულ იმუნური სისტემის სისუსტეს.
ინფექცია მოიცავს კანის მცირე ან დიდ უბანს, ზოგჯერ ზედაპირულია, ზოგჯერ კი ღრმად იჭრება კანსა და მის ქვეშ მდებარე ქსოვილებში.
რა იწვევს
კანის ინფექციებს სხვადასხვა გამომწვევი ჰყავს:
* ბაქტერიები იწვევს ცელულიტს, იმპეტიგოს, სტაფილოკოკურ ინფექცის;
* ვირუსები – ჰერპეს-ზოსტერს, მეჭეჭებს, მარტივ ჰერპესს;
* სოკოები – ათლეტის ტერფს (ტერფის მიკოზს), კანდიდოზს;
* პარაზიტები – მუნს, პედიკულოზს (ტილიანობას).
ვის ემუქრება
კანის ინფექციები ყველაზე მეტად ემუქრებათ ხანდაზმულებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც: აქვთ ცუდი სისხლის მიმოქცევა, დიაბეტი, იმუნური სისტემის დაავადება (შიდსი); ქიმიოთერაპიის ან სხვა მკურნალობის გამო დასუსტებული აქვთ იმუნური სისტემა; ავადმყოფობის გამო ხანგრძლივად წვანან ერთსა და იმავე პოზაში; არასრულფასოვნად იკვებებიან; სიმსუქნის გამო კანზე ზედმეტი ნაკეცები აქვთ.
სიმპტომები
ინფექციის სიმპტომები გამომწვევზეა დამოკიდებული. მრავალი ინფექცია გამონაყარით, შეშუპებით, სიწითლით, ტკივილით, ჩირქის წარმოქმნით ან ქავილით მიმდინარეობს.
ბაქტერიული ინფექციები
ბაქტერიული ინფექცია კანის მხოლოდ ერთ წერტილშიც შეიძლება განვითარდეს და მთელ ზედაპირზეც, შეიძლება იყოს სრულიად უვნებელი, არც ისე საშიში, შეიძლება სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე.
ინფექციას გზას უხსნის ნაკაწრი, ჭრილობა, დამწვრობა (თერმული, მზის), ცხოველისა თუ მწერის ნაკბენი. ბაქტერიული ინფექციის განვითარება მოსალოდნელია დაბინძურებულ ნიადაგზე სამეურნეო საქმიანობის, დაბინძურებულ წყალში (აუზში, ტბაში, ზღვაში) ბანაობის შემდეგ.
კანის ინფიცირება მრავალ ბაქტერიას შეუძლია, მაგრამ ყველაზე ხშირად ბრალი მიუძღვით სტაფილოკოკებსა და სტრეპტოკოკებს. თუ ინფიცირება მეთიცილინრეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით, MRSA-თი მოხდა, საჭიროა განსხვავებული მკურნალობა, რადგან ეს ბაქტერია მდგრადია მრავალი ანტიბიოტიკის მიმართ.
ზოგიერთი ინფექცია კანის ანთებით შემოიფარგლება, ზოგიერთის დროს კი ანთება კანქვეშა რბილ ქსოვილებზეც ვრცელდება.
* შედარებით მცირე ბაქტერიული ინფექციებია კარბუნკული, იმპეტიგო, ერითრაზმა, ფოლიკულიტი, ფურუნკული, ლიმფადენიტი, კანის პატარა აბსცესი.
* უფრო სერიოზული, გავრცობილი პროცესებია ცელულიტი, ერიზიპელა, კანის დიდი აბსცესი, ლიმფანგიტი, კანის ნეკროზული ინფექციები, ჭრილობის ინფექციები.
მცირე ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში საკმარისია ანტიბაქტერიული მალამოებით მკურნალობა. შედარებით სერიოზულ ინფექციებს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით (მალამოებით, ტაბლეტებით, ინექციით). აბსცესს დრენირება სჭირდება. ის ექიმმა უნდა გაჭრას, შიგთავსის გადმოსვლის შემდეგ კი მკვდარი ქსოვილები ქირურგიულად მოაშოროს.
კანის ბაქტერიული ინფექციების პრევენცია გულისხმობს კანის დაზიანებისგან დაცვას და სისუფთავის შენარჩუნებას. გაჭრის ან გაკაწვრის შემთხვევაში ეს მიდამო უნდა მოიბანოს საპნითა და წყლით და დაიფაროს სტერილური ბინტით. ბაქტერიებისგან ამ ადგილების დასაცავად და ტენიანობის შესანარჩუნებლად შეიძლება დაბანილ ჭრილობაზე ან ნაკაწრზე ვაზელინი გადავისვათ.
არაინფიცირებული მცირე ჭრილობებისთვის ანტიბიოტიკების შემცველი მალამოების გამოყენება მიზანშეუწონელია.
ფოლიკულიტი
ფოლიკულიტი თმის ფოლიკულის ანთებაა. ამ დროს თმის ძირში წითელი ან თეთრი მუწუკი ჩნდება. ანთება შეიძლება ერთ ფოლიკულს დასჯერდეს, შეიძლება რამდენიმეს (მრავალს) მოედოს. ინფიცირებული ფოლიკული მქავანა და მტკივნეულია და თმას ადვილად შორდება.
ფოლიკულიტს, წესისამებრ, ანტიბაქტერიული გამწმენდებით და ადგილობრივი ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. თუ დიდ უბანს მოედო, შესაძლოა ანტიბიოტიკების მიღებაც დაგვჭირდეს.
ზოგჯერ ფოლიკულიტს იწვევს ცუდად ქლორირებული ცხელი წყლის აუზი და ჯაკუზი. ანთება თავს იჩენს პროცედურიდან განსაზღვრული ხნის (ექვსი საათიდან ხუთ დღემდე) შემდეგ. ანთება უმეტესად საცურაო კოსტიუმით დაფარულ ადგილებზე (ტანი და დუნდულები) ვითარდება.
ასეთი ფოლიკულიტი მკურნალობას არ მოითხოვს, ერთ კვირაში ის თავისთავად გაივლის, თუმცა რეციდივის თავიდან ასაცილებლად და ინფექციისგან სხვების დასაცავად აუცლებელია წყლის ადეკვატური ქლორირება.
ზოგს მსუბუქი ფოლიკულიტი ემართება კანის ნოტიო ადგილებზე ხახუნის შედეგად. მაგალითად, სპორტული აღჭურვილობის ქვეშ ან დუნდულებზე.
ფოლიკულიტისგან განსხვავდება წვერის ფსევდოფოლიკულიტი. ეს არის გაპარსულ ადგილას ამოსული თმის ჩახვევით და კანში ჩაზრდით გამოწვეული მსუბუქი გაღიზიანება და ანთება. მის სამკურნალოდ ადამიანს შესაძლოა პარსვაზე დროებით უარის თქმა მოუწიოს.
კანის აბსცესი
კანის აბსცესი მხურვალე, მტკივნეული ჩირქგროვაა. აბსცესებად მიიჩნევა ფურუნკულები და კარბუნკულებიც. ფურუნკულები (ძირმაგარები) რბილი, პატარა, უფრო ზედაპირული აბსცესებია, რომლებიც მოიცავს თმის ფოლიკულს და მიმდებარე ქსოვილს. ხშირია ფურუნკულები კისერზე, მკერდზე, სახესა და დუნდულებზე. კარბუნკულები არის ფურუნკულების გროვა, რომლებიც კანის ზედაპირის ქვეშ ერთმანეთს უკავშირდება.
ნებაზე მიშვებული აბსცესი თავს იკეთებს და სკდება. მისგან გადმოდის ბაცი კრემისფერი ან ვარდისფერი სითხე.
შესაძლოა, აბსცესიდან ბაქტერიები გავრცელდეს და მიმდებარე ქსოვილი და ლიმფური კვანძები დააინფიციროს, ადამიანს აუწიოს სიცხემ და თავი ცუდად იგრძნოს.
კანის აბსცესი შეიძლება ცხელი კომპრესების დახმარებით გაიხსნას და ჩირქი გამოიდევნოს. სხვაგვარად გაჭრა და დრენირება მოუწევს. თუ აბსცესი მთლიანად გამოიწურა, ანტიბიოტიკი უმეტესად აღარ არის საჭირო, თუმცა ის შეიძლება დაინიშნოს იმუნური სისტემის სისუსტის, განმეორებადი აბსცესის ან სხვა შემთხვევაში.
იმპეტიგო
იმპეტიგო არის Staphylococcus aureus-ით, Streptococcus pyogenes-ით ან ორივე ამ ბაქტერიით გამოწვეული კანის ინფექცია, რომელიც ყვითელქერქიანი წყლულებისა და ყვითელი სითხით სავსე პატარა ბუშტუკების გაჩენას იწვევს.
იმპეტიგო საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და უმეტესად ბავშვებს ემართებათ. გამონაყარი შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე გაჩნდეს, მაგრამ ყველაზე ხშირია სახეზე, მკლავებსა და ფეხებზე. ცალკე გამოყოფენ ბულოზურ იმპეტიგოს, რომელიც ბუშტუკების წარმოქმნით ხასიათდება, და ექთიმას – წყლულოვან იმპეტიგოს.
იმპეტიგო ხშირად დაუზიანებელ კანზე ჩნდება, მაგრამ შესაძლოა ტრავმის, სოკოვანი ინფექციის, მზით დამწვრობის, მწერის კბენის შედეგადაც განვითარდეს. რისკის ფაქტორებია ჰიგიენის წესების დაუცველობა და ნოტიო გარემო. სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები ზოგიერთი ადამიანის ცხვირშიც ბუდობენ. იქ ინფექციას არ იწვევენ, მაგრამ შესაძლოა, მასპინძელმა ისინი ხელით გადაიტანოს სხეულის სხვა ნაწილებზე და ამან მორეციდივე ინფექცია ან სხვა ადამიანების ინფიცირება გამოიწვიოს. თავად იმპეტიგო ძალიან გადამდებია. ის ადვილად ვრცელდება როგორც კანის ერთიდან მეორე უბანზე, ისე ადამიანისგან ადამიანზეც.
იმპეტიგოსა და ექთიმას ქავილი და მტკივნეულობა ახასიათებს. ქავილი აჩენს ნაკაწრებს (განსაკუთრებით – ბავშვებში), რაც ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. წესისამებრ, წარმოიქმნება პატარა ბუშტუკების გროვა, რომლებიც სკდება, ხოლო წყლულები ქერქით იფარება. ბულოზური იმპეტიგოს შემთხვევაში წყლულები სწრაფად იზრდება და უფრო დიდ ბუშტუკებად გარდაიქმნება. ეს ბუშტუკები სკდება და აჩენს ჩვილ კანს, რომელსაც თაფლისფერი ქერქი გადაეკვრება.
ექთიმას ახასიათებს მცირე, არაღრმა მომრგვალო, მკვეთრად შემოხაზული და ხშირად მრავალრიცხოვანი წყლულები, რომლებიც ზოგჯერ ჩირქს შეიცავს. მათი ქერქი იმპეტიგოსთან შედარებით სქელია, მოყავისფრო-მოშავო, წყლულების ირგვლივ არე კი მეწამული და შეშუპებული.
დიაგნოზს კანის დათვალიერებით სვამენ. მას, ვისაც დაავადება ხელმეორედ ემართება, ცხვირიდან ნაცხს უღებენ და მასში სტაფილოკოკებს ან სტრეპტოკოკებს ეძებენ. მკურნალობენ ანტიბიოტიკების შემცველი მალამოებით და კრემებით, ზოგჯერ კი (ექთიმას დროს – აუცილებლად) – დასალევი ტაბლეტებითაც. ქერქის მოსაცილებლად საჭიროა ინფიცირებული ადგილის დღეში რამდენჯერმე ნაზად მობანა საპნითა და წყლით.
ცელულიტი
ცელულიტი კანისა და უშუალოდ კანქვეშ არსებული ქსოვილების გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა. ხშირად ასე უწოდებენ “ფორთოხლის ქერქსაც” – კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელიც მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა.
ნამდვილ ცელულიტს ყველაზე ხშირად სტრეპტოკოკი და სტაფილოკოკი იწვევს. ისინი, წესისამებრ, დაზიანებულ კანში იჭრებიან, მაგრამ პროცესი შეიძლება ერთი შეხედვით დაუზიანებელ კანზეც განვითარდეს.
ცელულიტი ყველგან შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ფეხებზე ვითარდება, ჩვეულებრივ, სხეულის ცალ მხარეს. მისი პირველი სიმპტომებია კანის სიწითლე, ტკივილი და მგრძნობელობის მომატება –შეხებისას მტკივნეულობა. ინფიცირებული კანი მხურვალე და შეშუპებულია და შესაძლოა, ფორთოხლის კანივით დაბურცული, დახორკლილი იყოს. ზოგჯერ ჩნდება სითხით სავსე დიდი ან პატარა ბუშტუკები, რომლებსაც მკაფიო საზღვრები არ აქვს. გამონაკლისია ცელულიტის ერთ-ერთი ფორმა – წითელი ქარი.
ზოგიერთი უჩივის ცხელებას, შემცივნებას, გულისცემის გახშირებას, თავის ტკივილს, დაბალ წნევას და დაბნეულობას. მოსალოდნელია ახლომდებარე ლიმფური კვანძების გადიდება და მტკივნეულობა.
ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგად ცელულიტი უმეტესად სწრაფად ლაგდება. როდესაც ის განმეორებით ვითარდება ერთსა და იმავე ადგილზე, განსაკუთრებით ფეხზე, შესაძლოა, ლიმფური ძარღვებიც დაზიანდეს, რაც მათ მუდმივ შეშუპებას იწვევს.
ცელულიტი შესაძლოა გაუმეორდეთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ტერფის მიკოზი, სიმსუქნე, ვენური უკმარისობა, შეშუპება, ატოპიური დერმატიტი. ცელულიტის ხელახალი განვითარების ალბათობის თავიდან ასაცილებლად ამ მდგომარეობების მკურნალობაა საჭირო.
თავად ცელულიტს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით (დიკლოქსაცილინით ან ცეფალექსინით). მსუბუქი ცელულიტის დროს საკმარისია მათი დასალევი ფორმები, მძიმე შემთხვევებში კი შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია და ანტიბიოტიკის ვენაში გადასხხმა.
ცელულიტის სიმპტომები ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ქრება, თუმცა მანამდე ხშირად მძიმდება, რაც დახოცილი ბაქტერიების დაშლის შედეგად გამოყოფილი ნივთიერებებით ინტოქსიკაციით აიხსნება.
წითელი ქარი
წითელი ქარი, ერიზიპელოიდი, ყველაზე ხშირად სტრეპტოკოკით არის გამოწვეული. გამონაყარი უმეტესად ფეხებსა და სახეზე ვითარდება. ეს არის შეხებისას მხურვალე, მტკივნეული, წითელი, ზედაპირიდან წამოწეული, მკაფიოდ შემოსაზღვრული ლაქა. მისი ზოგიერთი ფორმის დროს კანზე ბუშტუკები ჩნდება. ხშირად იწვევს მაღალ სიცხეს, შემცივნებას. მკურნალობენ დასალევი ანტიბიოტიკებით (პენიცილინით). თუ MRSA-ს ეჭვობენ, შესაძლოა უფრო ძლიერი ანტიბიოტიკები (ვანკომიცინი, ლინეზოლიდი) ვენაში გადაესხას. დისკომფორტის მოსახსნელად რეკომენდებულია ცივის დადება და ტკივილგამაყუჩებლის მიღება. ვინაიდან დაავადებას ხელს უწყობს ფეხის სოკოვანი ინფექცია, რეციდივის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა. კომპრესიული წინდებით შესაძლებელია შეშუპების შემცირება.
ერითრაზმა
ერითრაზმა ბაქტერია ჩორყნებაცტერიუმ მინუტისსიმუმ-ით გამოწვეული კანის ზედა შრეების ინფექციაა. ის უმეტესად მოზრდილებს ემართებათ, განსაკუთრებით – დიაბეტით დაავადებულებს და ცხელი, ნოტიო კლიმატის რეგიონების მკვიდრთ.
ერითრაზმა უმეტესად ტერფზე ვითარდება. იწვევს კანის აქერცვლას, დახეთქვას და ბოლო ორ თითს შორის ნაპრალის გაჩენას. ხშირია საზარდულის არეშიც, განსაკუთრებით – ბარძაყებისა და სათესლე პარკის შეხების ადგილას. აჩენს სხვადასხვა ფორმის ვარდისფერ ან ყავისფერ ლაქებს და წვრილ ქერტლს. გამონაყარი შესაძლოა გაჩნდეს იღლიებში, ძუძუსქვეშა ნაკეცებში, მუცლის ნაკეცებში, ანუსის წინა არეშიც.
ერითრაზმის განვითარებისკენ განსაკუთრებით არიან მიდრეკილნი დიაბეტით დაავადებულები და ჭარბწონიანი საშუალო ასაკის ქალები.
ერითრაზმა ჰგავს სოკოვან ინფექციას, თუმცა მისი დიფერენცირება შესაძლებელია კანის ულტრაიისფერი დასხივებით – ჩორყნებაცტერიუმ-ით ინფიცირებული კანი ამ დროს მარჯნისფრად ანათებს.
ერითრაზმას მკურნალობენ დასალევი ან კანზე წასასმელი ანტიბიოტიკებით (კლარითრომიცინით). ადგილობრივად ეფექტურია ერითრომიცინი, კლინდამიცინი, მუპიროცინი და სხვებიც. სოკოს თანხლებისას სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობაც ტარდება. დასაბანად გამოიყენება ქლორჰექსიდინის შემცველი ანტიბაქტერიული საპნები.
ერითრაზმა შეიძლება გამეორდეს და მკურნალობის მეორე ეტაპის ჩატარებაც გახდეს საჭირო.
***
ზოსტერი
ზოსტერი კანის მტკივნეული გამონაყარია, რომელსაც ჩუტყვავილაგადატანილ ადამიანებში ჩუტყვავილას გამომწვევი ვირუსის, ვარიცელა-ზოსტერის, გააქტიურება იწვევს. ეს ვირუსი ჰერპესის ოჯახს ეკუთვნის. მისი გააქტიურების მიზეზი უცნობია. ზოგჯერ მას იმუნიტეტის დასუსტებას უკავშირებენ.
ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ვირუსი განგლიებში, ნერვული უჯრედების გროვებში იბუდებს და შესაძლოა, აღარასოდეს გააქტიურდეს, მაგრამ გააქტიურების შემთხვევაში ნერვული ბოჭკოებით კანს აღწევს და ჩუტყვავილას მსგავს მტკივნეულ გამონაყარს იწვევს. გამონაყარი თითქმის ყოველთვის სხეულის ცალ მხარეს, ინფიცირებული ნერვული ბოჭკოს გასწვრივ ჩნდება. ინფიცირებულთა 96%-ს ზოსტერი ხელმეორედ აღარ ემართება.
ზოსტერის განვითარებამდე ორი-სამი დღით ადრე ინფიცირებულთა უმეტესობა უჩივის ტკივილს, ჩხვლეტის შეგრძნებას ან ქავილს კანის ზოლზე. ამას მოჰყვება პატარა, სითხით სავსე ბუშტუკების გამოყრა. კანი ამ ადგილას მგრძნობიარეა ყოველგვარი სტიმულის მიმართ. მსუბუქი შეხებაც კი შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს. დაახლოებით ხუთი დღის შემდეგ ბუშტუკები შრება და ქერქს იკეთებს.
დანაწიბურებამდე ბუშტუკები გადამდებია – შეიცავს ვარიცელა-ზოსტერის ვირუსს, რომელმაც სხვა ადამიანში შეიძლება ჩუტყვავილა გამოიწვიოს.
დაზიანებული კანი იშვიათად ბაქტერიებით ინფიცირდება. ინფიცირებას ხელს უწყობს ნაკაწრები. ათიდან ერთს, უმთავრესად ხანდაზმულებს, გამონაყარის ალაგების შემდეგ რჩება ტკივილი – პოსტჰერპესული ნევრალგია, რომელსაც ადამიანი ზოგჯერ შრომისუუნარობამდეც კი მიჰყავს.
დაავადების თავიდან ასაცილებლად, უკიდურეს შემთხვევაში, პოსტჰერპესული ნევრალგიის რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ვაქცინაცია. ნევრალგიის რისკს ანტივირუსული პრეპარატის დროული მიღებაც ამცირებს.
მკურნალობენ ანტივირუსული (ფამციკლოვირი, ვალაციკლოვირი) და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით. ანტივირუსული მედიკამენტების მიღება პაციენტმა მაშინვე უნდა დაიწყოს, როგორც კი ზოსტერის პირველ ნიშნებს შეამჩნევს. სასურველია, ბუშტუკების გაჩენამდე. ბუშტუკების გაჩენიდან სამი დღის შემდეგ წამლების მიღებას, სავარაუდოდ, უკვე აღარ აქვს აზრი.
ეს წამლები არ კურნავს, მაგრამ ხელს უწყობს სიმპტომების შემსუბუქებას და ავადმყოფობის ხანგრძლივობას ამცირებს.
მარტივი ჰერპესი
მარტივი ჰერპესის დროს კანზე, პირში, ტუჩებზე, თვალებზე ან სასქესო ორგანოებზე მცირე ზომის მტკივნეული, სითხით სავსე ბუშტუკები ჩნდება. კანზე გამონაყარს უმთავრესად HSV-1 ტიპის ვირუსი იწვევს. ის მეტისმეტად გადამდებია, ვრცელდება გამონაყართან პირდაპირი კონტაქტით, ზოგჯერ გამონაყარის გარეშე დაზიანებულ ზონასთან კონტაქტითაც.
ისევე როგორც სხვა ჰერპესვირუსები, HSV ორგანიზმიდან არსად მიდის, იქვე რჩება და იძინებს. შესაძლოა, აღარასოდეს გააქტიურდეს, შესაძლოა პერიოდულად “გამოიღვიძოს” და სიმპტომები გამოიწვიოს. ვირუსის გააქტიურებას ხელს უწყობს სხეულის მაღალი ტემპერატურა, ემოციური სტრესი, იმუნური სისტემის დათრგუნვა, ფიზიკური – მაგალითად, სტომატოლოგიური პროცედურის დროს მიღებული – ტრავმა, ტუჩებზე მზის სხივების გადაჭარბებული ზემოქმედება.
გამონაყარის გაჩენამდე რამდენიმე წუთით ან რამდენიმე საათით ადრე თავს იჩენს ჩხვლეტის შეგრძნება, რასაც სიწითლე და შეშუპება მოჰყვება. წარმოიქმნება სითხით სავსე ბუშტუკები, მათი გასკდომის შემდეგ კი რჩება წყლულები, რომლებიც ქერქს იკეთებს. ხუთ-ათ დღეში ქერქი ძვრება.
HSV ინფექციების გამწვავების პრევენციისთვის თავი უნდა არიდოთ რეციდივის მიზეზებს. მაგალითად, ტუჩების ჰერპესით დაავადებულები უნდა მოერიდონ კოცნას, როგორც კი ტუჩზე პირველ წვას იგრძნობენ (თუ წვა არ იგრძნობა – ბუშტუკის გაჩენიდან), სანამ წყლული მთლიანად არ გაქრება, არავის გაუზიარონ ჭიქა.
HSV ინფექციებსაც ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობენ. დაავადება არ იკურნება, თუმცა რეციდივის დროს აციკლოვირი, ვალაციკლოვირი, ფამციკლოვირი ამცირებს დისკომფორტს და ხელს უწყობს სიმპტომების ერთი-ორი დღით ადრე ალაგებას. მკურნალობა ყველაზე ეფექტურია, როდესაც დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე იწყება. ხშირი მტკივნეული შეტევების მქონე ადამიანებთან ანტივირუსული პრეპარატების ყოველდღიურმა მიღებამ შესაძლოა გამწვავება გააიშვიათოს.
თუ ჰერპესი ადამიანს ძლიერ დისკომფორტს არ უქმნის, საკმარისია ინფიცირებული ადგილის სისუფთავის შენარჩუნება, მსუბუქად დაბანას საპნითა და წყლით. ყინულის დადება კანს ამშვიდებს და შეშუპებას აცხრობს.
მეჭეჭები
მეჭეჭები კანზე არსებული მცირე წარმონაქმნებია, რომლებსაც ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) იწვევს. ამჟამად მისი ასზე მეტი სახეობაა ცნობილი.
მეჭეჭები შესაძლოა ნებისმიერ ადგილას გაჩნდეს. უმეტესობა უმტკივნეულოა. შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ყველაზე მეტსად ბავშვებთანაა გავრცელებული, ხოლო ყველაზე ნაკლებად – ხანდაზმულებთან. ზოგს ერთი-ორი მეჭეჭი აქვს, ზოგს – ასობით.
მეჭეჭები, როგორც ვთქვით, ვირუსული დაავადებაა, შესაბამისად, გადამდებია. იმის გამო, რომ ვირუსის გავრცელებისთვის აუცილებელია ხანგრძლივი ან განმეორებითი კონტაქტი, მეჭეჭები ყველაზე ხშირად სხეულის ერთი უბნიდან მეორეზე ვრცელდება, მაგრამ შესაძლოა ერთი ადამიანისგან მეორესაც გადაედოს. ამისთვის კანის შეუმჩნევლი დაზიანებაც კი საკმარისია.
მეჭეჭების უმეტესობა უვნებელია, თუმცა შესაძლოა, საკმაოდ შემაწუხებელი იყოს. მათი კლასიფიცირება მდებარეობისა და ფორმის მიხედვით ხდება. ზოგი ჯგუფ-ჯგუფად იზრდება, ზოგი – ცალ-ცალკე, იზოლირებულად. აქვთ სხვადასხვა შეფერილობა: ბაცი ნაცრისფერი, ყვითელი, ყავისფერი ან მონაცრისფრო-მოშავო, ერთ სანტიმეტრზე პატარებია. ჩნდება ისეთ ადგილებზე, რომლებიც ხშირად ზიანდება.
მეჭეჭების უმეტესობა ერთ-ორ წელიწადში თავისთავად ქრება. მათ მკურნალობა არ სჭირდებათ, თუ ტკივილს ან ფსიქოლოგიურ დისკომფორტს არ იწვევენ.
მეჭეჭების მოცილება, რაც ხშირად მრავალჯერად პროცედურას მოითხოვს, შესაძლებელია ქიმიკატებით (სალიცილის მჟავა, ტრიქლოროძმარმჟავა, 5-ფთორურაცილი და სხვა), მოყინვით (კრიოთერაპია), მოწვით ან მოჭრით – ლაზერით ან ელექტრული დენით, თუმცა ეს მეთოდები ნაწიბურებს ტოვებს.
ტერფის მიკოზი
ტერფის მიკოზს – ტერფის სოკოვან დაავადებას – ათლეტის ტერფსაც ეძახიან. ის ნოტიო არეში გამონაყარს იწვევს და ვრცელდება, წესისამებრ, საერთო სააბაზანოებში, საშხაპეებში, სხვა თბილ სველ ადგილებზე. შესაძლოა გადაედოს ადამიანისგან ადამიანს. ახასიათებს ქავილი, თითებს შორის კანის დახეთქვა, გაწითლება, აქერცვლა. შესაძლოა კანის გასქელება ფეხისგულებზე. იშვიათად ჩნდება სითხით სავსე ბუშტუკები. დაზიანებულ კანში ბაქტერიების შეჭრისას შესაძლოა განვითარდეს ბაქტერიული ინფექციაც.
მკურნალობენ სოკოს საწინააღმდეგო კრემებით. იშვიათად საჭიროა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების დალევაც. ახასიათებს ხშირი გამეორება მკურნალობის შემდეგ, ამიტომ შესძალოა წამლის დიდხანს მიღება დაგჭირდეთ.
ათლეტის ტერფის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია სპორტდარბაზსა თუ საერთო საშხაპეში სააბაზანოს ქოშებით (და არა ფეხშიშველა) სიარული, ტერფების სიმშრალის შენარჩუნება ღია ან ჰაერის ცირკულაციის უნარის მქონე ფეხსაცმლის ტარება, წინდების ხშირი ცვლა, განსაკუთრებით – სიცხეში, დაბანის შემდეგ ფეხის თითებს შორის არეების კარგად გამშრალება, სოკოს საწინააღმდეგო ფხვნილის (მიკონაზოლი), ალუმინის ქლორიდის ხსნარის და სხვა საშუალებების გამოყენება.
კანდიდოზი
კანდიდოზი საფაუარა სოკო კანდიდათი გამოწვეული ინფექციაა. ამ სოკოს მცირე რაოდენობა მუდმივად ბინადრობს ჩვენს სხეულზე და პათოლოგიურ პროცესებს არ იწვევს, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტად მრავლდება. უყვარს ბნელი, ტენიანი ადგილები, ამიტომ ინფექცია უმეტესად ვითარდება კანის ნაკეცების ქვეშ (ჭარბწონიანებთან), ძუძუს ქვეშ (ქალებთან), პირში, საზარდულის არეში, საშოში.
კანზე საფუარის სოკოს გამრავლებას ხელს უწყობს მჭიდრო ტრუსის, ბიუსტჰალტერის და ისეთი ზედა ტანსაცმლის ტარება, რომელიც სხეულთან ახლოს აკავებს ოფლს, ჩვილის დიდხანს გაჩერება სველ საფენში (ზოგჯერ ამ სოკოს მიუძღვის ბრალი საფენის ქვეშ გამონაყარის განვითარებაშიც), დიაბეტი, იმუნური სისტემის სისუსტე, ანტიბიოტიკების მიღება.
კანზე საფუარამ შესაძლოა გამოიწვიოს ბაცი წითელი გამონაყარი, ქავილი. მკურნალობენ ადგილობრივი, იშვიათად – დასალევი საშუალებებით.
მუნი
მუნს ძალიან პატარა ტკიპები იწვევს. ის ვრცელდება დაავადებულთან კონტაქტის ან მისი ნივთების (პირსახოცი, თეთრეული, ტანსაცმელი) გამოყენების გზით. ტკიპას კანში გვირაბები გაჰყავს და კვერცხებს დებს, რაც ძლიერ ქავილს და გამონაყარს იწვევს. ქავილი ღამღამობით იმატებს. წვრილი წითელი გამონაყარი ზოგჯერ სწორ ხაზზეა განლაგებული, უმეტესად - თითებზე, მაჯებზე, მკლავებზე, თუმცა შესაძლოა გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას (გარდა ზრდასრული ადამიანის სახისა).
მუნის დიაგნოზის დასმისას დაავადებულთან ერთად მკურნალობენ ყველას, ვისაც მასთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. მკურნალობა უმთავრესად ადგილობრივი საშუალებებით ტარდება.
მარი აშუღაშვილი