აქ ბატონები მობრძანდნენ

გააზიარე:
ბავშვთა სახადები, ბატონები, ვირუსული დაავადებებია. მათგან ყველაზე ცნობილია ჩუტყვავილა, წითელა, წითურა. სახადებს ბევრი რამ აქვთ საერთო — მათი გამომწვევი ვირუსია, გადაცემის ძირითადი გზა — ჰაერწვეთოვანი, მთავარი და დამახასიათებელი სადიაგნოზო ნიშანი — გამონაყარი. სახადები ადვილად ვრცელდება და ხშირად ეპიდემიებს იწვევს. ტოვებს მყარ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანს ხელმეორედ დაავადებისგან იცავს.

ამჟამად გავრცელებული სახადების შესახებ საუბარი "ავერსის კლინიკის" პედიატრს, მედიცინის დოქტორ თამარ ობგაიძეს ვთხოვეთ.
— ქალბატონო თამარ, რომელი სახადებია გავრცელებული ბავშვებში ამჟამად?
— უმთავრესად — ინფექციური ერითემა ანუ მეხუთე დაავადება, ჩუტყვავილა და წითელა.
ინფექციური ერითემა
ინფექციური ერითემა გამონაყარით მიმდინარე ბავშვთა დავადებების ჩამონათვალში მეხუთე ადგილს იკავებს, რის გამოც მას მეხუთე დაავადებასაც უწოდებენ. მიმდინარეობს ინტოქსიკაციის ანუ ორგანიზმის მოწამვლის ზოგადი ნიშნების გარეშე. ინფექციური ერითემით უმთავრესად ავადდებიან 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები, თუმცა ზრდასრულებშიც გვხვდება. დაავადებას იწვევს პარვოვირუსი B19. გადაცემის გზა ჰაერწვეთოვანია, საინკუბაციო პერიოდი (დრო ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან მის კლინიკურ გამოვლენამდე) — 10-14 დღე. ათიდან 2 შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
დაავადება იწყება ნორმალური ან სუბფებრილური (37-38 °C) ტემპერატურის ფონზე ლოყების მკვეთრი სიწითლით, რომელსაც სილის გაწვნის სიმპტომს ვუწოდებთ. შემდეგ ტანსა და კიდურებზე ჩნდება წითელი ლაქოვანი გამონაყარი, რომელსაც შეერთებისკენ აქვს მიდრეკილება. არის შემთხვევები, როცა გამონაყარი ჯერ სხეულზე ჩნდება და მერე — სახეზე. ზოგჯერ თან ახლავს ზომიერი ქავილი, ხანდახან — თავისა და ყელის ტკივილიც. საყურადღებოა გამონაყარის ხანგრძლივობა — ის 2-3-დღიდან 1 თვემდე მერყეობს. გამონაყარის გამოხატვას ხელს უწყობს თბილი აბაზანა, ფიზიკური ან ფსიქიკური გადაძაბვა. არის შემთხვევები, როდესაც სახსრების ტკივილიც იჩენს თავს, თუმცა ეს სიმპტომი გამოჯანმრთელებისთანავე გაივლის.
— რა გზით ადგენენ ინფექციური ერითემის არსებობას, აუცილებელია თუ არა გამოკვლევების ჩატარება? როგორ მკურნალობენ?
— დაავადების დიაგნოსტიკა გულისხმობს პარვოვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენას სისხლში ან თავად ვირუსის ანტიგენის განსაზღვრას პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციით. სტანდარტულ შემთხვევებში დიაგნოზი მხოლოდ კლინიკური სურათის საფუძველზე ისმება, ლაბორატორულ გამოკვლევას მივმართავთ მაშინ, როცა კლინიკური სურათი ატიპურად მიმდინარეობს და გამონაყარით მიმდინარე სხვა დაავადებებისგან დიფერენცირებაა საჭირო.
ინფექციური ერითემის სპეციფიკური მკურნალობა, ისევე, როგორც სხვა სახადებისა, არ არსებობს. იგი სიმპტომური ღონისძიებებით შემოიფარგლება. ინიშნება სითხეები, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში — სიცხის დამწევი საშუალებები, ქავილის შემთხვევაში – ანტიჰისტამინური პერაპარატები. არ არსებობს პარვოვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც.
— როდის არის ბავშვი გადამდები?
— ამ თვალსაზრისით მეხუთე დაავადება გამონაყარით მიმდინარე სხვა დაავადებებისგან მკვეთრად განსხვავდება: თუ წითელას, ჩუტყვავილასა და სხვა სახადების დროს ბავშვი გამონაყარის პერიოდშია გადამდები, ინფექციური ერითემის შემთხვევაში ვირუსი გარშემო მყოფებზე გამონაყარის წინა პერიოდში ვრცელდება, გამონაყარის გაჩენის შემდეგ კი საშიში აღარ არის.
ჩუტყვავილა
ჩუტყვავილა ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ჰერპესვირუსების ჯგუფის წარმომადგენელი იწვევს. ვრცელდება ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით. ახასიათებს საკმაოდ მაღალი მიმღებლობა, რის გამოც ხშირია ეპიდემიური აფეთქებები ბავშვთა კოლექტივებში, განსაკუთრებით — 1-დან 10 წლამდე ასაკის პატარებს შორის.
საინკუბაციო პერიოდი 10-21 დღეა, საშუალოდ — 2 კვირა.
დაავადება იწყება ტემპერატურის მომატებით, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ზოგადი სისუსტე. გამონაყარის პირველი ელემენტები ვარდისფერი 2-4 მმ-იანი ლაქებია, რომლებიც ჩნდება ტანზე და თანდათან ვრცელდება სახეზე, თავის თმიან ნაწილზე, კიდურებზე. შესაძლოა გაჩნდეს პირის ღრუს ლორწოვანზეც. გამოყრა ტალღისებურად მიმდინარეობს, ამიტომ ჩუტყვავილასთვის დამახასიათებელია პოლიმორფული (ერთდროულად სხვადასხვა ტიპის) გამონაყარი — ლაქოვანი, ოდნავ ამობურცული, ბუშტუკოვანი, ჩირქოვანი, ეროზიული (სველი ზედაპირები), ფუფხით დაფარული... გამოყრა ტალღურად მიმდინარეობს. თითოეულ ტალღას ტემპერატურის მომატება ახლავს თან. გამონაყარს ახასიათებს ქავილი, რაც ინფექციის შეჭრის წინაპირობაა. ერთი კვირის შემდეგ წყლულები მთლიანად ხორცდება და ეროზიულ ქერქებს ტოვებს, რომლებიც თანდათან ძვრება და დაავადებაც სრულდება. თუ გამონაყარი არ დაინფიცირდა, ნაკვალევს არ ტოვებს.
ჩუტყვავილას მკურნალობა სიმპტომურია. საჭიროა სითხეების მიწოდება, კანის სისუფთავის ზედმიწევნით დაცვა, რათა დაზიანებულ უბნებში ინფექცია არ შეიჭრას და მეორეული ბაქტერიული ინფექცია არ განვითარდეს. ბავშვს დააჭერით ფრჩხილები, ხშირად დაბანეთ ხელები, გამონაყარის ელემენტები კი ბრილიანტის მწვანის 1%-იანი ხსნარით დაუმუშავეთ. ქავილის შესამცირებლად შეგიძლიათ რომელიმე ანტიჰისტამინური პრეპარატი მისცეთ.
— რით შეიძლება გართულდეს ჩუტყვავილა?
— ჩუტყვავილას ყველაზე გავრცელებული გართულებაა კანის მეორეული ბაქტერიული ინფექცია. საშიშ გართულებათა რიცხვს მიეკუთვნება ენცეფალიტი, რომელიც უმეტესად იწყება მაშინ, როცა თავად ჩუტყვავილა სრულდება. ვლინდება საერთო სისუსტით, მოდუნებით, ძილიანობით, უმადობით, რასაც შესაძლოა თან სდევდეს მაღალი ცხელება, კრუნჩხვები. ასეთი ნიშნების შემჩნევისას საწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს.
— რამდენ ხანს გრძელდება ჩუტყვავილას კარანტინი?
— ჩუტყვავილათი დაავადებული გადამდებია (და, შესაბამისად, სახლში უნდა დარჩეს) გამონაყარის პერიოდის განმავლობაში და ბოლო ქერქის გაჩენიდან კიდევ 5 დღე.
— რამდენად ეფექტურია ჩუტყვავილას აცრა?
— დაავადების აქტიური პროფილაქტიკისთვის გამოიყენება ცოცხალი ვაქცინა, რომელიც 12 თვიდან კეთდება და 90%-ით იცავს ბავშვს ჩუტყვავილას მიმღებლობისგან, ხოლო ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მსუბუქ მიმდინარეობას უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოს ეროვნული ვაქცინაციის კალენდარში ჯერ არ არის შეტანილი, თუმცა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში დიდი ხანია კეთდება. მსურველებს შეუძლიათ, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია “ავერსის კლინიკაშიც” ჩაიტარონ.

წითელა
წითელა საკმაოდ მძიმე ინფექციაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იგი იმ ხუთ უმთავრეს მიზეზთაგანია, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში ადრეული ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობას იწვევს. ინფექციის გამომწვევ
ი ვირუსია, გადაცემის გზა — ჰაერწვეთოვანი. ვირუსი საკმაოდ დიდ მანძილზე ვრცელდება, შესაძლოა კორიდორებითა და კიბის უჯრედებით სხვა ოთახებსა და ბინებშიც მოხვდეს, ხოლო სავენტილაციო და გათბობის სისტმებისთვის დატანებული ხვრელებით ზედა სართულებზეც ააღწიოს. წითელას საინკუბაციო პერიოდი 10-14 დღეა. ავადდებიან უპირატესად 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები. დაავადება იწყება ჩივილებით ზედა სასუნთქი გზების მხრივ — ცხვირიდან გამონადენით, მშრალი, შემაწუხებელი ხველით, ცემინებით, რასაც თან ახლავს მაღალი ცხელება. დაავადების ეს პერიოდი 3-4 დღე გრძელდება. შემდეგ ვითარდება ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი, რომელიც ყურების უკანა ზედაპირიდან იწყება და თანდათან ვრცელდება სახის, სხეულის, კიდურების მიმართულებით. ღრძილებისა და ლოყის შიგნითა ზედაპირზე ძირითადი კბილების დონეზე მონაცრისფერო-მოთეთრო წარმონაქმნები ჩნდება. გამონაყარს თან ახლავს კონიუქტივიტის მოვლენები — თვალების სიწითლე, ცრემლდენა. მესამე დღიდან გამონაყარი იწყებს უკუგანვითარებას იმავე თანამიმდევრობით, როგორითაც გაჩნდა.
— რით რთულდება წითელა?
— წითელა შესაძლოა გართულდეს ბრონქიტით, პნევმონიით (ფილტვის ანთებით), კრუპის სინდრომით (ხორხის მწვავე დაზიანებით), ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით (ენცეფალიტი, მენინგიტი), თვალის დაზიანებით, შუა ყურის ანთებით.
წითელა იმუნიზაციით მართვადი ინფექციაა. მისი საწინააღმდეგო აცრა 1 და 5 წლის ასაკში ტარდება.
წითელა გადამდებია ვირუსის ორგაზნიმიდან გამოყოფის პერიოდში, რომელიც იწყება საინკუბაციო პერიოდის ბოლო დღეებიდან, გრძელდება პროდრომულ პერიოდში, როცა დაავადების არასპეციფიკური ნიშნები (ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ცხელება) იჩენს თავს და მოიცავს გამონაყარის განვითარებიდან პირველ 4 დღეს.
გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სრულფასოვანი კვება, საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება, საჭიროების შემთხვევაში — რეჰიდრატაციული ხსნარებისაც. წითელათი დაავადებული ადრეული ასაკის ბავშვებისთვის A ვიტამინის მიცემა ამცირებს წითელას გართულებებისა და სიკვდილიანობის რისკს.
— ხალხში გავრცელებული ტრადიციით, ბატონები არ უნდა "გააბრაზო", მათ სიმშვიდე, მოფერება სჭირდებათ. ამ მიდგომას რაიმე სამედიცინო ახსნა ხომ არ აქვს?
— საქმე ის არის, რომ ინფექციათა გამომწვევებს შესწევთ უნარი, იმოქმედონ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გამოიწვიონ მათი დაზიანება. ეს უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი. როგორც ჩანს, ეს ტრადიციაც სწორედ აქედან მოდის.
მარი აშუღაშვილი

გააზიარე: