როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დაძინებას

გააზიარე:

ბავშვის ძილი მშობლების მთავარი საზრუნავია. ახალგამომცხვარი დედ-მამა მალევე აღმოაჩენს, რომ მისი ხარისხი და ხანგრძლივობა არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ოჯახის სხვა წევრების კეთილდღეობაზეც აისახება. “ძილისპირული ბრძოლა” განსაკუთრებით მაშინ მძაფრდება, როცა პატარას მშობლების საძინებლიდან ცალკე ოთახში უწევს გადასვლა. ტირილს გულის ამაჩუყებელი მუდარა ცვლის. ოღონდ არ დაიძინოს და პატარა ონავარი ხან შიმშილს მოიმიზეზებს, ხან წყალი მოუნდება, ხანაც კოშმარები აწუხებს.

მაშ, როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ტირილის, ყვირილისა და ჩხუბის გარეშე დაძინებას და რამდენ ხანს უნდა ეძინოს მას?

ძილის ხანგრძლივობა

ძილის საჭირო ხანგრძლივობა ასაკზეა დამოკიდებული, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ “წესები” ძალზე ზოგადია. არც არსებობს გამოკვლევა, რომელიც გვაუწყებს, რამდენ ხანს უნდა ეძინოს ამა თუ იმ ბავშვს. ორი წლის ანასტასიას შესაძლოა 12 საათი სჭირდებოდეს გამოსაძინებლად, ორი წლის ნიკუშა კი, 9-საათიანი ძილის მიუხედავად, მეორე დღეს საკმაოდ ფხიზლად იყოს. ამრიგად, მზა რეცეპტს ვერავინ მოგაწვდით. ყურადღებიანმა მშობლებმა შვილის ძილის იდეალური ხანგრძლივობა თავად უნდა დაადგინონ. გარდა ამისა, ძილის ნაკლებობასა და ბავშვის ქცევას შორის ყოველთვის არ არის ლოგიკური კავშირი. როდესაც მოზრდილ ადამიანს ძილი აკლია, ის, როგორც წესი, მოთენთილია, ბავშვები კი ამ დროს, პირიქით, ჰიპერაქტიურები და აგრესიულები ხდებიან. სტატიაში იპოვით ყოველი ასაკობრივი ჯგუფისთვის გამოთვლილ ძილის იდეალურ ხანგრძლივობას და რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, ბავშვი ღამით დაძინებას მიაჩვიოთ.

 

სულ პატარები

ახალშობილებს ბიოლოგიური საათი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვთ. მათ დღე-ღამეში დაახლოებით 18 საათი სძინავთ. ეს დრო თანაბრადაა განაწილებული დღესა და ღამეს შორის. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ ახალშობილი წონას საგრძნობლად მოიმატებს, ის 3-4 საათში ერთხელ უნდა იღვიძებდეს კვებისთვის. წონის მომატების შემდეგ უფრო ხანგრძლივი ძილიც დასაშვებია – ჩვილს შეუძლია, 4-5 საათს გადაბმულად იძინოს. სწორედ ამდენ ხანს შეუძლიათ მათ პატარა მუცლებს უჭმელად გაძლება. თუ თქვენს პატარას ღამით უფრო მეტხანს სძინავს და ჭამას არ ითხოვს, დანაკლისი დღისით უნდა აინაზღაუროს – მოგიწევთ, უფრო ხანმოკლე შუალედებით მისცეთ საკვები, რათა წონა ნორმალურად მოიმატოს.

სწორედ მაშინ, როცა დარწმუნდებით, რომ ღამით ძილი აუხდენელი ოცნებაა, პატარები სიურპრიზს მოგიწყობენ და დიდხანს დაიწყებენ ძილს. სამი თვის ჩვილს დღე-ღამეში დაახლოებით 14 საათი უნდა ეძინოს. აქედან 8-9 საათი ღამის ძილს უნდა ეთმობოდეს ერთი ან ორი გაღვიძებით, დღის განმავლობაში კი 2-3 ჩაძინებაც საკმარისია.

ზედაპირული ძილის დროს ბავშვმა შესაძლოა სხვადასხვა ტიპის ხმაური გამოსცეს, იტიროს კიდეც. ღამით რომც გაეღვიძოს, რამდენიმე წუთის შემდეგ თავად უნდა მოახერხოს ჩაძინება. თუ 6 თვემდე ასაკის ბავშვი ღამღამობით ხშირად ტირის და არ იძინებს, ამას სათანადო ყურადღება უნდა მივაქციოთ – იქნებ შია, ჩაისვარა, შესცივდა ან ავადაა? თუ პამპერსის გამოსაცვლელად ან კვებისთვის გააღვიძებთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მორჩეთ საქმეს. რომ არ გამოფხიზლდეს, ნუ დაელაპარაკებით, ნუ ეთამაშებით, ნუ აანთებთ შუქს და ნუ გამოიყენებთ მობილური ტელეფონის კაშკაშა განათებას. გახსოვდეთ, ღამე ძილისთვისაა და ეს თქვენ უნდა აკონტროლოთ, ვინაიდან ბავშვისთვის სულერთია, დღეა თუ ღამეა, სანამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

უმჯობესია, ბავშვი საწოლში მანამდე ჩააწვინოთ, სანამ დაიძინებს. ასე ძილის რიტუალს მიაჩვევთ. ნუ გეგონებათ, რომ მის ასაკში ამ ჩვევის ჩამოყალიბება ნაადრევია; ყოველგვარი დამამშვიდებელი მოქმედება, – ბანაობა, კითხვა, სიმღერა, – რომელიც ყოველღამე ერთსა და იმავე დროს სრულდება, შეიძლება ყოველდღიური რუტინის ნაწილად იქცეს, თქვენი პატარა კი მას ძილს დაუკავშირებს, რაც ჩაძინებაში დაეხმარება. გახსოვდეთ, თქვენი მიზანია, პატარამ თავად ჩაძინება ისწავლოს. ღამით გაღვიძების შემთხვევაშიც კი თვითონვე უნდა შეეძლოს თავის დამშვიდება და ძილის გაგრძელება.

 

6-დან 12 თვემდე

ექვსი თვის პატარას დღე-ღამეში კვლავაც 14-საათიანი ძილი სჭირდება. აქედან 2-3 საათი დღის ძილის წილად მოდის, რომელიც 30 წუთიდან 2 საათამდე გრძელდება. ზოგი ბავშვი, განსაკუთრებით ის, ვინც ძუძუს წოვს, ღამით ისევ იღვიძებს, თუმცა უმრავლესობა კვებას აღარ მოითხოვს.

თუ ღამღამობით თქვენს პატარასაც ეღვიძება, მაგრამ მიგაჩნიათ, რომ ეს შიმშილის ბრალი არ არის, ცოტა ხანს დააცადეთ. ზოგჯერ ბავშვებს რამდენიმე წუთი სჭირდებათ, რომ თავი დაიმშვიდონ და ძილი განაგრძონ. თუ არაფერი გამოვიდა, მისი დამშვიდება თქვენ მოგიწევთ. თავდაპირველად ეცადეთ, ეს ხელში აყვანის გარეშე მოახერხოთ – დაელაპარაკეთ ხმადაბლა, ნაზად, მოეფერეთ ზურგზე. მერე კვლავ მიეცით საშუალება, თავად დამშვიდდეს. ცხადია, თუ პატარა ავადაა, ხელში აყვანა და განსაკუთრებული მოვლა დასჭირდება.

6-დან 12 თვემდე თავს იჩენს განშორების შიში, რომელიც ბავშვის ნორმალური განვითარების ნაწილია. მიუხედავად ამისა, ღამით ქცევის წესები იგივე რჩება: ეცადეთ, საჭიროების გარეშე ხელში არ აიყვანოთ, შუქი არ აუნთოთ, არ ეთამაშოთ, არ უმღეროთ, არ ესაუბროთ, არ აჭამოთ – ყველაფერი ეს თქვენს პატარას თავისით ჩაძინებას გადააჩვევს და ღამით უფრო ხშირად გამოღვიძებას მიაჩვევს.

 

1-დან 3 წლამდე

1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვს დღე-ღამეში 12-14 საათი უნდა ეძინოს. სწორედ ამ პერიოდში მწვავდება განსაკუთრებით მშობელთან განშორების შიში. ბავშვს  მუდამ დედ-მამასთან ყოფნა სურს, რის გამოც ძილზე უარს ამბობს. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დააწესოთ ღამისა და დღის ძილის რეჟიმი და მისდიოთ მას. მშობლები ცდებიან, როცა ჰგონიათ, რომ თუ დღისით არ დააძინეს, ბავშვი ღამით უკეთ დაიძინებს. სინამდვილეში ზედმეტად გადაღლილ პატარას უფრო მეტად უჭირს ჩაძინება. ამ ასაკის ბავშვების უმრავლესობას დღისით 1-დან 3 საათამდე სძინავს, თუმცა იძულება აუცილებელი არ არის. თუ პატარა დღის ძილზე უარს ამბობს, დაუწესეთ “წყნარი საათი”, რომელსაც იგი ზედმეტი აქტივობის გარეშე გაატარებს.

ძილისპირული რიტუალი ამ ასაკშიც ეფექტურია. ის 5-იდან 30 წუთამდე უნდა გაგრძელდეს და დამამშვიდებელ მოქმედებას – ზღაპრის კითხვას, ბანაობას, წყნარი მუსიკის მოსმენას – მოიცავდეს. სასურველია, რიტუალი იყოს მარტივი, ხანმოკლე და ერთნაირი. მიეცით პატარს უფლება, თავად აირჩიოს ზღაპარი, მუსიკა, პიჟამა ან სათამაშო, რომელთან ერთადაც დაიძინებს. ეს მას თავდაჯერებას შემატებს.

გახსოვდეთ, დროდადრო “საუკეთესო მძინარებიც” კი იღვიძებენ ღამით. ამ ასაკში ეს უმეტესად კბილების ამოსვლისა და სიზმრების ბრალია. სიზმრების აქტიურ ნახვას ბავშვი სწორედ 1-დან 3 წლამდე იწყებს. ეს მისთვის ამაღელვებელი მოვლენაა. ღამის კოშმარები განსაკუთრებით აშინებთ მათ, ვისაც რეალობის ფანტაზიისგან გარჩევა უჭირს. ასე რომ, ყურადღებით შეურჩიეთ პატარებს მულტფილმები და სატელევიზიო გადაცემები, თუ ცუდი სიზმარი ნახა, დაამშვიდეთ, თუ მოისურვებს, მოაყოლეთ კიდეც სიზმარი, მერე კი ეცადეთ, კვლავ დასაძინებლად გაუშვათ.

 

სკოლაში მისვლამდე

სკოლამდელი ასაკის ბავშვს ღამით 11-12 საათი უნდა ეძინოს. ვინც ღამით კარგად გამოიძინებს, შესაძლოა დღის ძილი აღარც კი დასჭირდეს, თუმცა დღის მეორე ნახევარში “წყნარი საათი” საკმაოდ ეფექტურია. ასეთი საათები აქვს ყველა საბავშვო ბაღს. ამ დროს პატარები იძინებენ ან ისვენებენ. თუ ბავშვი ამ ასაკში დღისით არ იძინებს, ღამით უფრო ადრე მიდის დასაძინებლად.

 

სასკოლო ასაკში

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვს ღამით 10-11-საათიანი ძილი სჭირდება. ძილის დარღვევის მიზეზი ამ ასაკშიც მრავლადაა: საშინაო დავალება, სპორტი, სკოლის შემდგომი აქტივობები, კომპიუტერი, ტელევიზორი, მობილური ტელეფონი...

ძილის ნაკლებობა ამ ასაკში ჰიპერაქტიურობით და გაღიზიანებადობით გამოიხატება, რასაც ხშირად მოჰყვება სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული სირთულეები. ძილის რეჟიმი არც ამ დროს კარგავს აქტუალობას. სანამ ბავშვს შუქს ჩაუქრობდეთ, დააცადეთ მოდუნება და განიტვირთვა. დაძინებამდე ერთი საათის განმავლობაში ნუ აყურებინებთ ტელევიზორს, ნუ მისცემთ კომპიუტერზე თამაშის ნებას.

 

თინეიჯერები

მოზარდებს ღამით 9 საათი მაინც უნდა ეძინოთ, თუმცა უმრავლესობა ამას ვერ ახერხებს. გადატვირთული დღის რეჟიმი, მეგობრები, გართობა თუ კლასგარეშე აქტივობები ართულებს სრულფასოვანი ძილისთვის დროის გამონახვას, ამიტომ ამ ასაკის ბავშვებთან ხშირია ძილის ქრონიკული უკმარისობის სინდრომი. ყოველღამე 1 საათით ნაკლები ძილი კვირაში ერთი სრული ღამის გათენების ტოლფასია.

სხვა პრობლემებთან ერთად ძილის უკმარისობამ შესაძლოა გამოიწვიოს:

* ყურადღების დეფიციტი;

* შეუსაბამო, ურთიერთგამომრიცხავი ქმედებები;

* ხანმოკლე მეხსიერების დაკარგვა;

* დაგვიანებული რეაქციები.

ამ ყველაფერს კი ემოციების მართვის გართულებამდე, უმიზნო აგრესიამდე და სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ პრობლემებამდე მივყავართ. მოზარდებს უფუჭდებათ როგორც აკადემიური მოსწრება, ისე მასწავლებლებსა და თანატოლებთან ურთიერთობა. ძილის დეფიციტის შევსებას ზოგი ენერგეტიკული სასმელების ან სხვა სტიმულატორების მეშვეობით ცდილობს, რასაც დამატებითი სირთულეები მოჰყვება. მოზარდს ერღვევა ბიოლოგიური საათი, გვიან იძინებს, შესაბამისად, გვიან იღვიძებს, რის გამოც იკვრება მანკიერი წრე და მოზარდი სურვილის შემთხვევაშიც კი ვეღარ ახერხებს დროულად დაძინებას.

 

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ უამრავი რჩევა მოგეცით, მთავარს კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ: არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლისაა თქვენი შვილი; ყველა ადამიანს იმდენი უნდა ეძინოს, რამდენიც სრულფასოვანი დასვენებისთვის თავად სჭრდება. ამის საუკეთესო საშუალება კი, როგორც ამბობენ, ერთსა და იმავე დროს დაძინებაა.

თამარ არქანია

გააზიარე: