ფარისებრი ჯირკვალი – ფარული საფრთხე

გააზიარე:

 

საქართველო რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა ენდემური ზონაა, დიდი ხანია ვიცით. ძნელად თუ იპოვით ადამიანს, რომლის ერთი ნაცნობი მაინც არ უჩიოდეს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემას. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ უკანასკნელ ხანს საქართველოში პროფილაქტიკური გამოკვლევის კულტურა ერთიორად ამაღლდა. განსაკუთრებით გრძელი რიგები დგას ულტრასონოგრაფიის სპეციალისტთა კარებთან. თუმცა ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა ერთია, მისი პასუხის სწორად წაკითხვა კი – მეორე. “ავერსის კლინიკის” ულტრასონოგრაფიული სამსახურის კოორდინატორი,  ექიმი სონოგრაფისტი ეკა ლაფაჩიშვილი გასწავლით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევის დასკვნაში:


– ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ. უპირველესად, ყურადღება ექცევა ჯირკვლის მდებარეობას, ფორმას, კონტურს და, რასაკვირველია, ზომებს. საერთო ზომის, მოცულობის თვალსაზრისით ჯირკვალი შეიძლება იყოს ნორმალური, გადიდებული (ჰიპერპლაზიური) ან შემცირებული (ჰიპოპლაზიური). გვხვდება ჯირკვლის ასიმეტრიულობის, ცალი წილის არარსებობის (ჰემიაგენეზიის) და ჯირკვლის სრული არარსებობის (აგენეზია-აპლაზიის) შემთხვევებიც. ნორმის მაჩვენებლები ასაკისა და სქესის მიხედვით განსხვავდება. ქალებისთვის ზედა ზღვარია 18 სმ3, მამაკაცებისთვის – 25 სმ3. ბავშვებს ასაკის მატებასთან ერთად ჯირკვალიც ეზრდებათ.


– ფარისებრი ჯირკვლის რომელი დაავადებები ვლინდება ულტრაბგერითი გამოკვლევით? ექოლოგიური ცვლილებების დროს ყოველთვის დარღვეულია თუ არა ჯირკვლის ფუნქცია?


– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ უმრავლესობას სწორედ ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით გამოავლენენ. არსებობს როგორც დიფუზური ხასიათის (დიფუზური ჰიპერპლაზია, სხვადასხვა ტიპის თირეოიდიტი, გრეივსის დაავადება და სხვა), ისე კეროვანი (კვანძოვანი და ცისტოზური წარმონაქმნები) და შერეული ტიპის (დიფუზურ-კეროვანი) დაავადებები. ისეც ხდება, რომ ექოსკოპია ცვლილებებს ავლენს, მაგრამ ჯირკვალი ნორმალურად ფუნქციონირებს. მაგალითად, ზოგიერთი ტიპის კვანძოვანი ჩიყვის დროს ლაბორატორიული მონაცემები (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და მათი საწინააღმდეგო ანტისხეულები) შესაძლოა ნორმის ფარგლებში იყოს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ექიმ ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები, კვანძზე დაკვირვება და მისი ზომების შეფასება, რაც განმეორებითი ულტრაბგერითი კვლევებით ხდება.


– დასკვნაში ხშირად ამოიკითხავთ ასეთ ფრაზას: “ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურა – დიფუზურად არაერთგვაროვანი, მარცვლოვანი”. რა ტიპის დაზიანებაზე მიუთითებს ეს?


– დიახ, სონოგრაფიულ დასკვნაში ხშირად ნახავთ მონაცემებს ჯირკვლის პარენქიმის ერთგვაროვნების ან არაერთგვაროვნების, მარცვლოვანების ხარისხის შესახებ. ეს მონაცემები პარენქიმის სტრუქტურაზე გვაწვდის ინფორმაციას. ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური პარენქიმა ერთგვაროვანია, ანუ ჰომოგენური, თანაბარი ექოსტრუქტურის, ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს კი ზოგჯერ გამოხატულია მისი დიფუზური ან ლოკალური არაერთგვაროვნება და მარცვლოვანება (წვრილიდან მსხვილმარცვლოვანებამდე).
ერთ-ერთი ულტრაბერითი მახასიათებელია ჯირკვლის პარენქიმის ექოგენობა. ნორმალური პარენქიმის ექოგენობა ოდნავ აღემატება გარემომცველი კუნთებისას. დასკვნაში უმეტესად წააწყდებით ინფორმაციას საშუალო ექოგენობის შესახებ. შემაერთებელი ქსოვილის, ფიბროზული პროცესების სიჭარბით, გაძლიერებული კალცინაციით მიმდინარე დაავადებების დროს ჯირკვლის ექოგენობა იმატებს, ანთებითი დაავადებების დროს კი უმეტესად მცირდება, თუმცა ეს ნიშანიც ფარდობითია, მხოლოდ ექოგენობის მიხედვით ჯირკვლის სიჯანსაღეზე მსჯელობა არ არის მართებული. ჩვენ მას სხვა მახასიათებლებთან ერთად განვიხილავთ.


– რას ნიშნავს კვანძოვანი ჩიყვი? შესაძლებელია თუ არა, მხოლოდ ექოლოგიური მონაცემების საფუძველზე გაირკვეს, კეთილთვისებიანია კვანძი თუ ავთვისებიანი?


– კვანძოვანი ჩიყვი არის ფარისებრი ჯირკვლის კონტურირებული კეროვანი დაზიანება – სხვადასხვა ზომის, ფორმის, შენებისა და ექოსტრუქტურის, ერთეული ან მრავლობითი. კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში ექოგრაფიის მთავარი ამოცანაა საეჭვო შენების კვანძების გამოვლენა. ფარისებრი ჯირკვლის კვანძი შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანიც. კვანძების უმრავლესობა კეთილთვისებიანია (კოლოიდური კვანძები, ცისტები, ადენომები, ე.წ. ფსევდოკვანძები), მაგრამ ასიდან 1-15 შემთხვევაში გვხვდება ავთვისებიანი წარმონაქმნიც (პაპილარული კიბო, ფოლიკულური, მედულარული ან ანაპლაზიური). სიმსივნის ზომები ვარიაბელურია. ხშირად ვაწყდებით მცირე (1 სმ-მდე) ზომის ავთვისებიან კვანძსაც, რომელიც ხელით შეიძლება არც ისინჯებოდეს (არაპალპირებადი კვანძები). ავთვისებიან პროცესებს შორის ყველაზე ხშირია პაპილარული კარცინომა (50-80%).
მხოლოდ ექოლოგიური მონაცემების საფუძველზე კვანძოვანი წარმონაქმნის ბუნების გარკვევა, სამწუხაროდ, შეუძლებელია. მხოლოდ ის შეგვიძლია, განსაზღვრული ნიშნების საფუძველზე პროცესის ავთვისებიანობა ვიეჭვოთ. ეჭვს ბადებს შემდეგი ექოლოგიური ნიშნები: კვანძის არასწორი, არამკაფიო კონტურები, დაქვეითებული ექოგენობა, მიკროკალცინაცია (წერტილოვანი კალცინატები კვანძში, თუმცა ზოგჯერ ეს კვანძის ხანდაზმულობაზე მიუთითებს და არა ავთვისებიანობაზე), სქელი და არათანაბარი პერიფერიული არშია ან მისი არარსებობა, ირგვლივ მდებარე ქსოვილების ინფილტაცია და გაძლიერებული კვანძშიდა ვასკულარიზაცია. ცალ-ცალკე ამ ნიშნების სპეციფიკურობა მაღალი არ არის, მაგრამ ორის ან მეტის ერთდროული არსებობისას აუცილებელია წარმონაქმნის პუნქციური ბიოფსია მიღებული მასალის ციტოლოგიური შესწავლით.


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია კვანძის ვასკულარიზაცია ანუ სისხლმომარაგება. ავთვისებიანი კვანძების უმეტესობა მკვეთრად ვასკულარიზებულია, თუმცა არსებობს ავასკულური (სისხლმომარაგების არმქონე) სიმსივნური წარმონაქმნებიც. გარდა ამისა, გაძლიერებული ვასკულარიზაცია გვხვდება აქტიურად მოფუნქციონირე (ტოქსიკურ) კვანძებშიც, რომლებიც ხშირად კოლოიდური შენებისა აღმოჩნდება ხოლმე და არა ავთვისებიანი. ასე რომ, ექოლოგიური მონაცემები საბოლოო დიაგნოზის ვერიფიცირებისთვის არ კმარა, მაგრამ პოტენციურად საშიში კვანძების იდენტიფიცირება სწორედ ექიმი სონოგრაფისტის პრეროგატივაა. დროულ და სწორ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი როლი აკისრია, ხოლო პაციენტის მართვის შემდგომ ტაქტიკას მკურნალი ექიმი ირჩევს.


თამარ არქანია

გააზიარე: