ცხოვრება ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ
გააზიარე:
ფარისებრი ჯირკვალი კისრის წინა მხარეს, მის ზედაპირთან მდებარე ორგანოა, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესზე ახდენს გავლენას. მისი ჰორმონები არეგულირებენ მეტაბოლიზმს და, ამგვარად, მთელი სხეულის ნორმალურ ფუნქციობას. ადვილი მისახვედრია, რომ მის გარეშე სრულყოფილი ცხოვრება წარმოუდგენელია. თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება ფარისებრი ჯირკვლის მთლიანად ან ნაწილობრივ ამოკვეთა. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში თირეოიდექტომია ყოველწლიურად 150 000 ადამიანს უტარდება. ფარისებრი ჯირკვლის გარეშე სრულფასოვანი ცხოვრების შენარჩუნება კი ერთგვარი გამოწვევაა ექიმებისა და პაციენტებისთვის.
ფარისებრი ჯირკვლის გარეშე
თირეოიდექტომიის გრძელვადიანი ეფექტი იმაზეა დამოკიდებული, რა მოცულობის ქსოვილს ამოკვეთენ. ნაწილობრივი თირეოიდექტომიის დროს დარჩენილი წილი, როგორც წესი, მთელი ჯირკვლის ფუნქციას ითავსებს და შესაძლოა, ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია აღარც კი დაგვჭირდეს, სრული (ტოტალური) თირეოიდექტომიის დროს კი ორგანიზმში წარმოიშობა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი (ჰიპოთირეოზი), რაც იწვევს წონის მატებას, დეპრესიას, სიცივის აუტანლობას, შემეცნებითი ფუნქციის დაქვეითებას, ძილის ხარისხის გაუარესებას, შეკრულობას, სისუსტეს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, თმისა და ფრჩხილების მტვრევადობას, მენსტრუალური ციკლის მოშლას. ამ სიმპტომების თავიდან ასაცილებლად ოპერაციის შემდეგ იწყება ჩანაცვლებითი თერაპია სინთეზური ჰორმონით – ლევოთიროქსინით, რომელიც ჯირკვლის მიერ სინთეზირებული ჰორმონის იდენტურია და იმავე ფუნქციებს ასრულებს. ფარისებრი ჯირკვლის არარსებობისას მისი მიღება მთელი სიცოცხლეა საჭირო. ზოგჯერ ლევოთიროქსინით მკურნალობის ფონზე თავს იჩენს საპირისპირო ჩივილები, მაგალითად, სითბოს აუტანლობა, წონის კლება. ამ დროს მედიკამენტის დოზის გადაჭარბებაა სავარაუდო. დოზას ექიმი არჩევს სისხლში თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის დონის მიხედვით. ეს არის ჰიპოფიზის, ტვინის ფუძესთან მდებარე ენდოკრინული ჯირკვლის, ჰორმონი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას არეგულირებს.
სისხლის საკონტროლო ანალიზი თირეოიდექტომიის პირველ წელს რამდენჯერმე ტარდება მედიკამენტის სწორი დოზის შესარჩევად, მეორე წლიდან – უფრო და უფრო იშვიათად, იმ სიხშირით, როგორითაც ექიმი მიიჩნევს საჭიროდ. ოპერაციის მიზეზიდან გამომდინარე, ექიმი ადგენს თირეოტროპული ჰორმონის (TSH) სამიზნე დონესაც.
არსებობს მდგომარეობები, როდესაც წამლის დოზის შეცვლა და TSH-ის უფრო ხშირი კონტროლია საჭირო – ორსულობა, წონის მატება ან კლება, მენოპაუზა.
ცოტა რამ ლევოთიროქსინის შესახებ
პრეპარატი რამდენიმე სავაჭრო სახელწოდებით გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანის აქტიური კომპონენტი ლევოთიროქსინია, საწარმოო პროცესი, ფილტრები და საღებავები მათ შორის განსხვავებებსაც წარმოშობს, ამიტომ ენდოკრინოლოგები თირეოიდექტომიის შემდეგ პაციენტებს ურჩევენ, მიიღონ ერთი მწარმოებლის მიერ დამზადებული პრეპარატი, ხოლო თუ რაიმე მიზეზით მწარმოებლის შეცვლა გახდა საჭირო, 6-8 კვირის შემდეგ უნდა გადამოწმდეს თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის დონე.
ლევოთიროქსინი მიიღება ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, უზმოზე, ჭამამდე ერთი საათით ადრე.
ზოგიერთი საკვები, მედიკამენტი, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და სამედიცინო მდგომარეობა ხელს უშლის ორგანიზმის მიერ მედიკამენტის ათვისებას.
საკვები უკავშირდება ლევოთიროქსინს, რითაც ამცირებს მის კონტაქტს ნაწლავებში არსებულ შეწოვის უბნებთან და გახსნის სიჩქარეს ან ცვლის კუჭის PH ბალანსს. განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს:
* კალციუმი – კალციუმით მდიდარი საკვები (რძის ნაწარმი, ყველი, რძე, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული) ამცირებს ლევოთიროქსინის აბსორბციას, თუ მიიღეთ პრეპარატის მიღებიდან 3 საათის განმავლობაში;
* ცხიმი – ცხიმით მდიდარი საკვები, როგორც წესი, აფერხებს წამლის შეწოვას. თუ კვების მკაცრ რეჟიმს იცავთ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ როცა ცხიმით მდიდარი რაციონიდან ცხიმით ღარიბზე გადადიხართ, მედიკამენტის უფრო მეტი წილი შეიწოვება და ზედოზირება გემუქრებათ;
* ბოჭკო – ბოჭკოთი მდიდარი საკვებისა და თირეოიდული მედიკამენტების ურთიერთკავშირი ჯერ კიდევ შეუსწავლელია, თუმცა საკვებ რაციონში ბოჭკოს შემცველობის გაზრდისას სასურველია გაკონტროლდეს TSH-ის დონე;
* სტრუმოგენები (ბროკოლი, ფერადი კომბოსტო, მარწყვი და სხვა) – სტრუმოგენები ნივთიერებებია, რომლებიც მცენარეულ საკვებში მოიპოვება. ისინი ხელს უშლიან ორგანიზმის მიერ იოდის ათვისებას, ამრიგად, შესაძლოა ანტითირეოიდული ეფექტი ჰქონდეთ. ასეთი საკვების ზომიერი მიღება სასარგებლოა, მაგრამ მას უნდა ერიდონ თირეოიდული ჰორმონებით ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი პირები, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვალი მთლიანად ან დიდწილად ამოკვეთილი აქვთ. სტრუმოგენულ ეფექტს ამცირებს საკვების თერმული დამუშავება;
* სოია – ისიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის შეწოვას უშლის ხელს.
ურთიერთქმედება
სხვა მედიკამენტებთან
ზოგიერთი მედიკამენტი ურთიერთქმედებს ლევოთიროქსინთან და მის შეწოვაზე ახდენს გავლენას. ასეთებია:
* სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (სერტრალინი, ციტალოპრამი). მათ ხშირად გამოწერენ დეპრესიისა და გაღიზიანების დროს. ამ მედიკამენტების მიღებისას ლევოთიროქსინზე მოთხოვნა იმატებს და მისი დოზის მომატება ხდება საჭირო;
* პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, მაგალითად, ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რომლებსაც პეპტიკური წყლულოვანი დაავადებისა და მჟავა რეფლუქსის სამკურნალოდ იყენებენ;
* ტრიციკლური ანტიდეპრესანტები – ამიტრიპტილინი, დოქსეპინი. ისინი, სხვა მედიკამენტებისგან განსხვავებით, აძლიერებენ ლევოთიროქსინის ეფექტს;
* დიაბეტის სამკურნალო საშუალებები. როგორც ინსულინი, ისე ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები ასუსტებს ლევოთიროქსინის ეფექტს, ხოლო დიაბეტის თანაარსებობისას ლევოთიროქსინი ზრდის ორგანიზმის მოთხოვნას ინსულინზე, ამიტომ საჭიროა სისხლში გლუკოზის დონისა და თშH-ის რეგულარული კონტროლი;
* კონტრაცეპტივები და ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია. ესტროგენი ზრდის იმ ცილის ოდენობას, რომელიც უკავშირდება თირეოიდულ ჰორმონს და მის ინაქტივირებას ახდენს. ქალებს, რომლებიც ესტროგენებს იღებენ, როგორც წესი, ლევოთიროქსინის უფრო დიდი დოზა სჭირდებათ;
* ქოლესტეროლის დონის დამაქვეითებელი მედიკამენტები – ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი. ისინი შესაძლოა დაუკავშირდნენ თირეოიდულ ჰორმონებს და არააქტიური გახადონ, ამიტომ მათი მიღება რეკომენდებულია ლევოთიროქსინის დალევიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ;
* ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები) – ვარფარინი, ჰეპარინი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან ერთად მიღებისას მათი მოქმედება ძლიერდება. შესაბამისად, ეს კომბინაცია ზრდის სისხლდენის რისკს;
* ანტაციდები – მათი მიღება რეკომენდებულია ლევოთიროქსინიდან 3-4 საათის შემდეგ.
საკვებ დანამატებთან
* კალციუმი – რეკომენდებულია ამ წამლებს შორის ინტერვალის დაცვა, არა უმცირეს სამსაათიანისა;
* რკინა – ლევოთიროქსინთან შეკავშირების უნარის გამო მიღება საჭიროა, სულ მცირე, ორსაათიანი შუალედით;
* ბიოტინი – ბიოტინი მედიკამენტის შეწოვაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს, თუმცა შეუძლია შეცვალოს TSH-ზე ანალიზის პასუხი;
* C ვიტამინი – როგორც წესი, ზრდის ჰორმონის შეწოვას და შესაძლოა, ჰიპერთირეოზის სიმპტომები გამოიწვიოს.
სამედიცინო მდგომარეობებთან
ლევოთიროქსინის შეწოვაზე გავლენას ახდენს:
* ლაქტოზის აუტანლობა;
* ცელიაკია;
* ატროფიული გასტრიტი;
* მალაბსორბციული (შეწოვის დაქვეითებით მიმდინარე) სინდრომები;
* ჰელიკობაქტერიული ინფექცია;
* პანკრეასისა და ღვიძლის დაავადებები.
ნაწლავთა ანთებითი დაავადების (მაგალითად, კრონის დაავადების ან წყლულოვანი კოლიტის) დროს ლევოთიროქსინის გელი ან თხევადი ფორმა ტაბლეტებზე უკეთ შეიწოვება.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქცია ლევოთიროქსინზე იშვიათია, თუმცა ალერგენებად შეიძლება მოგვევლინოს წამლის არააქტიური ინგრედიენტები, მაგალითად, ლაქტოზა ლაქტოზის აუტანლობის მქონე პირებთან, ან სიმინდის ფქვილი, რომელიც გლუტენის აუტანლობის მქონე პირებთან ჯვარედინ ალერგიულ რეაქციას იწვევს.
ჰიპოთირეოზის მიღმა
თირეოიდექტომიის შემდეგ ჰიპოთირეოზთან ერთად ზოგჯერ თავს იჩენს ჰიპოპარათირეოზიც – ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი ოპერაციის ამ ორგანოს დაზიანების ან, საჭიროების შემთხვევაში, ამოკვეთის გამო. ფარისებრახლო ჯირკვლები ფარისებრის უკან მდებარეობს და სისხლში კალციუმის ცვლას არეგულირებს. სისხლში კალციუმის შემცველობის დაქვეითებისას ვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, კრუნჩხვა. ჰიპოპარათირეოზის დიაგნოსტიკა გულისხმობს კალციუმის დაბალი და ფოსფორის მაღალი დონის ლაბორატორიულ დადგენას, ზოგჯერ – პარათჰორმონის დონის განსაზღვრასაც, მკურნალობა – კალციუმის დანამატებისა და D ვიტამინის მიღებას. თუ კალციუმისა და D ვიტამინის დონე მაინც დაბალი დარჩა, ინიშნება რეკომბინანტული პარათჰორმონი. პაციენტთა 75%-თან ჰიპოპარათირეოზის სიმპტომები ერთი წლის განმავლობაში ქრება.
თუ წამლის მიღება დაგავიწყდათ, მოგვიანებით ორმაგ დოზას ნუ მიიღებთ – მოსალოდნელია ზედოზირება, გულისრევა და ღებინება.
მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვალი ამოკვეთეს, აუცილებელია თირეოიდული მედიკამენტების ყოველდღიური მიღება. განსაკუთრებით – ბავშვებისთვის, რომელთა ზრდა-განვითარებასა და ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები გადამწყვეტ როლს ასრულებს.
მარიამ რამაზაშვილი