ბედნიერების ფსიქოლოგია: რატომ არ ნიშნავს ბედნიერება ყოველთვის კარგად ყოფნას

გააზიარე:

ბედნიერი ზაფხული გავატარე, შემოდგომის დადგომასთან ერთად კი მელანქოლიამ შემომიტია. ვფიქრობდი: "კიდევ როდის მოვა ბედნიერება?"

ასე ხდება ხოლმე: ხანდახან ბედნიერება რაღაც საბოლოო წერტილად წარმოგვიდგენია. უნდა გავიაროთ რთული პერიოდი, ვიპოვოთ "ჩვენი" ადამიანი, ვიშოვოთ მეტი ფული, დავიკლოთ წონა, ავიწყოთ კარიერა, ვიყიდოთ ბინა და აი, მერე კი ნამდვილად ბედნიერები ვიქნებით.

სინამდვილეში ბედნიერება არ არის მუდამ კარგ განწყობაზე ყოფნა. ბედნიერება იმას არ ნიშნავს, რომ აღარასოდეს განვიცდით სევდას, შიშს, ბრაზს, იმედგაცრუებას, დაღლილობას.

ფსიქოლოგიაში ბედნიერება უფრო ფართო ცნების – ფსიქოლოგიური კეთილდღეობის – ნაწილად განიხილება. ფსიქოლოგიური კეთილდღეობა კი გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რამდენად ხშირად ვიცინით, არამედ იმასაც, გვაქვს თუ არა მნიშვნელოვანი ურთიერთობა, გვაინტერესებს თუ არა ის, რასაც ვაკეთებთ, აქვს თუ არა ჩვენს ცხოვრებას საზრისი.

ბედნიერება მხოლოდ სიამოვნება არ არის

ფსიქოლოგები ხშირად საუბრობენ კეთილდღეობის ორ მხარეზე. ერთია სიამოვნება: გემრიელად ჭამა, სიცილი, მზიან დღეს გარეთ გასვლა, მეგობრებთან ერთად საღამოს გატარება, მოგზაურობა, დასვენება, კარგი ფილმის ნახვა, კარგი მუსიკის მოსმენა, – მეორე კი ის, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგჯერ სულაც არ გვეჩვენება სასიამოვნოდ. მაგალითად, ბავშვის გაზრდა, გამოცდისთვის მზადება, ახალი პროფესიის შესწავლა, ოჯახის ავადმყოფ წევრზე ზრუნვა, გულწრფელი საუბარი შესაძლოა დამქანცველი და მტკივნეულიც კი იყოს, მაგრამ ამ გამოცდილებებს შეუძლია, მოგვანიჭოს განცდა, რომ ჩვენი ცხოვრება ღირებულია.

ამიტომ ფსიქოლოგიური კეთილდღეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ კითხვით: "დღეს თავი კარგად ვიგრძენი თუ არა?"; მნიშვნელოვანია შემდეგი კითხვაც: "ისე ვცხოვრობ, როგორც ჩემთვის მნიშვნელოვანად მიმაჩნია?"

ბედნიერი ვიქნები, როდესაც...

ერთხელ მაინც ალბათ ყველას გვიფიქრია:

– ბედნიერი ვიქნები, როდესაც...

...უკეთეს სამსახურს ვიპოვი.

...მონათესავე სულს გავიცნობ.

...ამ პრობლემას მოვაგვარებ.

...მეტ ფულს ვიშოვი.

...ბოლოს და ბოლოს, დავისვენებ.

პრობლემა ის არის, რომ ჩვენი გონება საოცრად სწრაფად ეჩვევა ახალ პირობებს. ფსიქოლოგიაში ამას ჰედონურ ადაპტაციას უწოდებენ: ის, რაც ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელ სიხარულს გვანიჭებდა, თანდათან ყოველდღიურობად იქცევა.

ახალი ტელეფონი უბრალოდ ტელეფონი ხდება, ახალი ბინა – ადგილი, სადაც ვცხოვრობთ, მომატებულ ხელფასს კი გარკვეული ხნის შემდეგ "ჩვეულებრივ შემოსავლად" აღვიქვამთ.

ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრების პირობებს მნიშვნელობა არ აქვს – უსაფრთხო გარემო, ჯანმრთელობა, ფინანსური სტაბილურობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კეთილდღეობისთვის. მათი დანაკლისი მყისიერად აისახება ცხოვრების ხარისხზე.

მაგრამ თუ საკუთარ თავს მუდმივად ვუმეორეთ, რომ ბედნიერება მორიგი მიღწევის შემდეგ დაიწყება, შესაძლოა, მთელი ცხოვრება ბედნიერებისთვის მზადებაში გავატაროთ და ვერც კი შევამჩნიოთ, რომ ის უკვე მოვიდა.

ურთიერთობები და ბედნიერება

ბედნიერების შესახებ კვლევები მუდამ ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის: ადამიანებს ადამიანები გვჭირდება.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ათეულობით მეგობარი ნორმაა – მნიშვნელოვანია ურთიერთობების არა რაოდენობა, არამედ ხარისხი.

შესაძლოა, სოციალურ ქსელში ათასობით ნაცნობი გვყავდეს, მაგრამ მაინც მარტო ვიყოთ და შეიძლება, სულ ორ ან სამ ადამიანთან ვმეგობრობდეთ, მაგრამ უსაფრთხოდ ვგრძნობდეთ თავს.

ხანდახან ბედნიერებაზე ზრუნვა ძალიან პროზაულად გამოიყურება: მეგობრის მოკითხვა, ოჯახის წევრთან ტელეფონით საუბარი, ერთად სადილი, ჩხუბის შემდეგ ბოდიშის მოხდა, დახმარების თხოვნა, მოსმენა... სხვა სიტყვებით, ბედნიერება ურთიერთობებში გაკეთებული პატარ–პატარა არჩევანთა შედეგიც არის.

მნიშვნელობა და ცხოვრების საზრისი

ხშირად გვასწავლიან, რომ ადამიანის მთავარი მიზანი სასიამოვნო გამოცდილებების გამრავლებაა. სინამდვილეში ცხოვრება ასე არ არის მოწყობილი.

თუ ბედნიერებას მხოლოდ სასიამოვნო ემოციებთან გავაიგივებთ, სევდა შესაძლოა მარცხი გვეგონოს, ბრაზი კი რაღაც ისეთი, რაც აუცილებლად უნდა მოვიშოროთ.

სინამდვილეში რთული ემოციები ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ცუდად ვცხოვრობთ. ხანდახან პირიქითაც კია: ადამიანი რთულ პერიოდს გადის და მაინც ზუსტად იცის, რატომ დგება დილით, ვისთვის ან რისთვის გაიღებს ძალისხმევას, რა არის მისთვის ღირებული. სწორედ აქ ჩნდება ცხოვრების საზრისის განცდა.

საკუთარი მნიშვნელოვნების გასააზრებლად ყოველთვის გრანდიოზული მისია არ გვჭირდება – შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს შვილის გაზრდა, მეგობრის მხარდაჭერა, საინტერესო საქმის კეთება, წერა, მოგზაურობა, ცხოველზე ზრუნვა...

ზოგჯერ კარგი ცხოვრება დიდი მიზნებისგან კი არა, პატარ–პატარა განმეორებადი რაღაცებისგან იქმნება.

"ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი" – ეს სენტენცია სანახევროდ მართალია, ამიტომ ხშირად გვაბნევს.

ფული ნამდვილად მნიშვნელოვანია. ადამიანი, რომელიც ვერ იხდის ქირას ან ვერ იღებს სამედიცინო დახმარებას, რეალურ სტრესს განიცდის. ფინანსური უსაფრთხოება კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მაგრამ მას შემდეგ, რაც განსაზღვრულ სტაბილურობას მივაღწევთ, მნიშვნელოვანი ხდება არა "რამდენი ფული მაქვს?", არამედ "რის შესაძლებლობას მაძლევს ეს ფული?“

მაძლევს თავისუფალ დროს? დამოუკიდებლობას? მაძლევს საშუალებას, დავისვენო და საყვარელი ადამიანები მოვინახულო? ვისწავლო? ვიმოგზაურო? მივატოვო სამსახური ან ურთიერთობა, რომელიც მაზიანებს?

რატომ არ უნდა ვიყოთ მუდამ ბედნიერები

ადამიანის ნორმალური ფსიქოლოგიური ცხოვრება ემოციების მთელ სპექტრს მოიცავს: სიხარულს, სევდას, სიყვარულს, ბრაზს, სიმშვიდეს, შფოთვას, თავდაჯერებას, ეჭვს, იმედს, იმედგაცრუებას...

ფსიქოლოგიური კეთილდღეობა იმას არ გულისხმობს, რომ ამ სპექტრის ნახევარი უნდა წავშალოთ.

უფრო მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს საკუთარი ემოციების გაგება და იმის დანახვა, რას გვეუბნებიან ისინი ჩვენს საჭიროებებზე, ურთიერთობებსა და ღირებულებებზე.

სევდა არ არის ბედნიერების საპირისპირო რამ – შესაძლოა, გვიყვარდეს ჩვენი ცხოვრება და მაინც ცუდი კვირა გვქონდეს; შესაძლოა, ბედნიერ ურთიერთობაში ვიყოთ და მაინც გავბრაზდეთ პარტნიორზე; შესაძლოა, საყვარელ საქმეს ვაკეთებდეთ და მაინც დავიღალოთ...

ჰოდა, როგორ გამოიყურება ბედნიერი ცხოვრება?

ალბათ, არა ისე, როგორც რეკლამებში. ბედნიერი ცხოვრება ყოველთვის მზიანი დილა, იდეალური სხეული, წარმატებული კარიერა და მოსიყვარულე ოჯახი არ არის – ის უფრო ხშირად პატარ–პატარა ფრაგმენტებისგან შედგება. ბედნიერებაა, როდესაც გყავს ადამიანი, რომელსაც შეგიძლია დაურეკო, გაქვს საქმე, რომელიც გაინტერესებს, ადგილი, სადაც მშვიდად ხარ, სხეული, რომლისაც გესმის... ბედნიერებაა საკუთარი საზღვრების დაცვის უნარი, ლაღად სიცილი, ახლის სწავლა. ბედნიერებაა, როცა ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ხარ.

ბედნიერებაა უნარი, ცუდ დღეებშიც კი არ გადაწყვიტო, რომ ცუდი ცხოვრება გაქვს.

ბედნიერებაა ისიც, კიდევ ერთ შემოდგომას შეეგებო და ამინდის ცვლილებები მშვიდად მიიღო.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: