ორსულთა და მშობიარეთა სეფსისი

გააზიარე:

სეფსისი მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა — მდგომარეობა, როდესაც ინფექციაზე იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაქცია ქსოვილებსა თუ ორგანოებს აზიანებს.

სეფსისს უმთავრესად პირობითპათოგენური მიკრობები (უპირველეს ყოვლისა, სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები) იწვევენ. ეს ის მიკროორგანიზმები არიან, რომლებიც მუდმივად ბინადრობენ ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ ჯანსაღ სხეულს ვერაფერს აკლებენ.

ორსულთა სეფსისი, საბედნიეროდ, იშვიათია, თუმცა თან ახლავს დიაგნოსტიკური სირთულე: მომავალი დედის ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი ფიზიოლოგიური ცვლილებები, მათ შორის — იმუნური სისტემის ადაპტაცია, შლის ინფექციის ადრეულ ნიშნებს და დაავადების ამოცნობას ართულებს.

რა იწვევს

ორსულობისა და ლოგინობის პერიოდში სეფსისს, წესისამებრ, იწვევს ორგანიზმში შეჭრილი ინფექციის ფართო გავრცელება და ამით განპირობებული სისტემური ანთებითი რეაქცია.

წარმოშობისა და გავრცელების მიხედვით, სეფსისის გამომწვევ ინფექციებს ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ: სამეანო (უშუალოდ ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებულ) და არასამეანო (ზოგად) ინფექციებად. აქვე ვიტყვით, რომ ორსულობის დროს ქალის ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა იმ ზოგადი ინფექციების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა სეფსისი გამოიწვიოს.

სამეანო ინფექციებია:

* ქორიოამნიონიტი — სანაყოფე გარსებისა და ამნიონური სითხის (სანაყოფე წყლების) ანთება;

* საშვილოსნოს ყელის დამოკლებითა და სანაყოფე გარსების ნაადრევი დარღვევით გამოწვეული ინფექცია — სანაყოფე წყლების ადრეული დაღვრა (მეტადრე — მშობიარობამდე დიდი ხნით ადრე) ბაქტერიებს საშვილოსნოში შეღწევას უადვილებს;

* ენდომეტრიტი — საშვილოსნოს შიგნითა გარსის ანთება, რომელიც ზოგჯერ მშობიარობის ან საკეისრო კვეთის შემდეგ ვითარდება;

* მშობიარობის შემდგომი ინფექცია, რომელიც საკეისრო კვეთის, შორისის ჩახევის ან ჩაჭრის (ეპიზიოტომიის) შემთხვევაში ვითარდება ჭრილობის მიდამოში;

* საშვილოსნოში ნარჩენების დაყოვნებით გამოწვეული ინფექცია — მშობიარობისა და ბუნებრივი თუ ხელოვნური აბორტის შემდეგ საშვილოსნოში დარჩენილი ქსოვილები ბაქტერიების გამრავლებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის;

* არასეპტიკური სამედიცინო მანიპულაციების — არასათანადო ჰიგიენურ პირობებში ჩატარებული აბორტის ან ინვაზიური პროცედურების — შედეგად განვითარებული ინფექცია.

არასამეანო (ზოგადი ორგანული) ინფექციებია:

* შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები — პიელონეფრიტი (თირკმელების ანთება) და ნებაზე მიშვებული ცისტიტი ორსულებში სეფსისის ორი ყველაზე ხშირი მიზეზია;

* სასუნთქი სისტემის ინფექციები — მძიმე პნევმონია (ფილტვების ანთება), გამოწვეული გრიპის ან სხვა ვირუსული ინფექციის გართულებით;

* მუცლის ღრუს ინფექციები: მწვავე აპენდიციტი, ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება) ან პერიტონიტი, — რომელთა დიაგნოსტიკას ორსულობა ართულებს და ახანგრძლივებს;

* კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები — აბსცესები, ჭრილობის ან ვენური კათეტერის მიდამოს ინფიცირებით გამოწვეული პროცესები.

ბაქტერიები

სეფსისს ყველაზე ხშირად იწვევენ:

* B ჯგუფის სტრეპტოკოკი — ბუნებრივად ბინადრობს მრავალი ქალის ორგანიზმში, თუმცა განსაზღვრულ პირობებში იწვევს მძიმე ინფექციას;

* ნაწლავის ჩხირი (Escherichia coli) — შარდსასქესო სისტემის ინფექციების მთავარი გამომწვევი;

* ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus) — წესისამებრ, ბრალი მიუძღვის საავადმყოფოსმიერი ან ჭრილობის ინფიცირებით გამოწვეულ გენერალიზებულ პროცესში;

* ანაერობული ბაქტერიები — ხშირად გვხვდება საშვილოსნოს ღრუს ინფექციების დროს.

იმუნური სისტემის გარდაქმნა

ორსულის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების ერთ-ერთი მაგალითი მისი იმუნური სისტემის გადასხვაფერებაა: მომავალი დედა, ერთი მხრივ, ეგუება 50%-ით უცხო გენეტიკურ სხეულს — ნაყოფს, მეორე მხრივ კი იცავს მას და საკუთარ თავს ორგანიზმში შეჭრილი ინფექციებისგან.

უჯრედული იმუნიტეტის დათრგუნვა რომ არა (იმუნური სისტემის ის ნაწილი, რომელიც უცხო ქსოვილებსა და უჯრედშიდა პათოგენებს ებრძვის), საშვილოსნოში ნაყოფისა და პლაცენტის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა. ამ პროცესის საპირწონედ, ქალის ორგანიზმში იწყება ჰუმორული იმუნიტეტის გააქტიურება, რის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულებიც ორგანიზმს უჯრედგარე ინფექციებისგან იცავს.

საშვილოსნოსა და პლაცენტის გასაყარზე კი ყალიბდება სპეციალური იმუნური ბარიერი, რომელიც ნაყოფზე დედის იმუნური სისტემის შეტევას ბლოკავს.

რა კავშირი აქვს ამ ცვლილებებს სეფსისის მაღალ რისკთან?

იმუნიტეტის ამგვარი განაწილება ორსულს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის განსაზღვრული ინფექციების მიმართ, რაც რამდენიმე მიზეზის გამო ზრდის სეფსისის რისკს:

1. ინფექციების სწრაფი პროგრესირება. უჯრედოვანი იმუნიტეტის შესუსტების გამო ორგანიზმს უჭირს ზოგიერთი პათოგენის (Lისტერია–ს, გრიპის ვირუსის, საშარდე გზების ბაქტერიების) საწყის ეტაპზევე შეკავება. ბანალური ინფექცია, რომელიც არაორსულს, ჩვეულებისამებრ, მსუბუქად გადააქვს, გაცილებით სწრაფად ვრცელდება ორსულის სისხლში.

2. აგრესიული და დესტრუქციული ანთებითი პასუხი. სეფსისი უბრალოდ "მძიმე ინფექცია" არ არის — ეს უცხო აგენტზე ორგანიზმის გადაჭარბებული პასუხია. თუ ინფექციამ იმუნური ბარიერები გაარღვია, ორგანიზმი ჭარბად გამოყოფს ანთებით ნივთიერებებს (ციტოკინებს) და იწყება "ციტოკინური შტორმი". ვინაიდან ორსულობის დროს იმუნური სისტემის რეგულაცია შეცვლილია, ეს ანთებითი რეაქცია ხშირად უფრო მეტად აზიანებს დედის ორგანოებსა და სისხლძარღვებს.

3. "ფარული" სიმპტომები და დაგვიანებული დიაგნოსტიკა. ორსულობისას ქალის ორგანიზმში ისედაც იცვლება ფიზიოლოგიური პარამეტრები — იმატებს გულისცემისა და სუნთქვის სიხშირე, დაბლა იწევს არტერიული წნევა. ეს ცვლილებები ძალიან ჰგავს სეფსისის ადრეულ ნიშნებს, რის გამოც იმუნური სისტემის მიერ ინფექციასთან ბრძოლის საწყისი ეტაპი ხშირად შეუმჩნეველი რჩება, დიაგნოსტიკა გვიანდება და დაავადებას ამოიცნობენ მაშინ, როცა პროცესი უკვე შორს არის წასული.

სიტუაციას უფრო მეტად ართულებს ის, რომ პლაცენტა ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს. დედის ორგანიზმში არსებულმა მძიმე ინფექციამ შესაძლოა შეცვალოს პლაცენტის სისხლმომარაგება და დაამძიმოს ანთებითი პროცესი. ეს ნაყოფსაც უქადის საფრთხეს: ფერხდება მისი ზრდა, იმატებს ნაადრევი მშობიარობის, მკვდრადშობადობისა და სხვა მძიმე გართულებების რისკი.

მიუხედავად იმისა, რომ ესოდენ ფატალური შედეგები ყველა ინფექციას არ მოჰყვება, საეჭვო შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტიკა და დედისა და ნაყოფის მკაცრი, კოორდინირებული მეთვალყურეობა აუცილებელია.

როგორ ამოვიცნოთ

ორსულობის და მშობიარობის შემდეგ პირველი 6 კვირის განმავლობაში თუ ქალს უეცრად დაეწყო ცხელება და მისი ზოგადი მდგომარეობა სწრაფად უარესდება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ამ დროს ქალს შესაძლოა ჰქონდეს:

  • საშვილოსნოს/სასქესო გზების ინფიცირებისას — უსიამოვნო (სპეციფიკური, მძაფრი) სუნის მქონე გამონადენი საშოდან, მუცლის ქვედა ნაწილის ძლიერი, მზარდი ტკივილი, მუცელზე ხელის დაჭერისას — ძლიერი მგრძნობელობა/ტკივილი;
  • სამშობიარო ნაკერების ინფიცირებისას — საკეისრო კვეთის, შორისის ჩახევის ან ჩაჭრის შედეგად დარჩენილი ნაკერების გაწითლება, შეშუპება, ტკივილი ან ჩირქოვანი გამონადენი;
  • შარდგამომყოფი სისტემის ინფიცირებისას — ტკივილი წელის არეში (თირკმლის პროექციაზე), მტკივნეული და ხშირი შარდვა;
  • სასუნთქი სისტემის ინფიცირებისას — ძლიერი ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში ღრმა ჩასუნთქვისას.

მასტიტმაც შეიძლება გამოიწვიოს სეფსისი. მასტიტი სარძევე ჯირკვლის ანთებაა, რომელიც მკერდის მკვეთრი გაწითლებით, გამაგრებით და ძლიერი ტკივილით იწყება.

მართვა

სამეანო სეფსისის შემთხვევაში პრევენცია საუკეთესო დაცვაა, ხოლო მკურნალობა მოითხოვს მყისიერ და კომპლექსურ სამედიცინო ჩარევას. რადგან მდგომარეობა სწრაფად პროგრესირებს და ყოველი საათი გადამწყვეტია.

პრევენციული ზომები მიმართულია ინფექციის განვითარებისა და სისხლში მისი გავრცელების აღკვეთისკენ.

ანტენატალური (ორსულობის პერიოდის) მეთვალყურეობა

* ექიმთან რეგულარულად სიარული, შარდის საერთო ანალიზი და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (კულტურის დათესვა) ფარული (ასიმპტომური) ბაქტერიურიის დროულად აღმოსაჩენად.

* GBS-ს (B ჯგუფის სტრეპტოკოკის) სკრინინგი — ორსულობის 36-37-ე კვირას საშოსა და სწორი ნაწლავის ნაცხის გამოკვლევა; დადებითი პასუხის შემთხვევაში — ინტრავენური ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა მშობიარობისას.

* ვაქცინაცია (მაგალითად, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ორსულობისას უსაფრთხოა, რაც მთავარია, მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე პნევმონიისა და ამით გამოწვეული სეფსისის რისკს.

* ჰიგიენა და სამედიცინო უსაფრთხოება — მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დროს გარემოს სტერილურობის მკაცრი დაცვა;

* ნაკერებისა და ჭრილობების მოვლა — მშობიარობის შემდგომ საკეისრო კვეთის შემდეგ დარჩენილი ან შორისის ნაკერების სწორი ჰიგიენა, ინფიცირების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე (გაწითლება, ტკივილი, გამონადენი) — ექიმთან ვიზიტი;

* ინვაზიური პროცედურების შეზღუდვა — სანაყოფე გარსების ნაადრევი დარღვევისას საშოსმხრივი გამოკვლევების სიხშირის მინიმუმამდე დაყვანა.

მკურნალობა

სეფსისს მკურნალობენ მხოლოდ სტაციონარში, პროტოკოლით "სეფსისის ექვსი ნაბიჯის პაკეტი". გადაუდებელი სამედიცინო ინტერვენციების ეს ნაკრები სეფსისზე ეჭვის გაჩენიდან პირველივე საათის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ჩარევა იწყება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების ინტრავენური გადასხმით სისხლისა და ინფექციის კერის ნაცხის აღებისთანავე (ლაბორატორიული პასუხის დალოდების გარეშე).

თუ სეფსისი ორსულობისას განვითარდა, მკურნალობის უპირველესი მიზანი დედის მდგომარეობის სტაბილიზაციაა. მშობიარობის სასწრაფო ინდუქცია ან საკეისრო კვეთა ტარდება მხოლოდ სამეანო ჩვენებით, მაგალითად, მძიმე ქორიოამნიონიტის ან ნაყოფის მწვავე დისტრესის (დედის მუცელში ნაყოფის სიცოცხლისთვის საფრთხის არსებობის) დროს.

მარი მარღანია

გააზიარე: