ცურვა — ჯანმრთელობის შენარჩუნების უსაფრთხო და ეფექტური გზა
გააზიარე:
ცურვა არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფიზიკური აქტივობაც არის. წყალში მოძრაობა ეფექტურად ამუშავებს კუნთებს, აუმჯობესებს სუნთქვის ფუნქციას, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და იმავდროულად ამცირებს სახსრების დატვირთვას, ამიტომ ცურვა უსაფრთხოდ მიიჩნევა თითქმის ყველა ასაკისა და ყოველგვარი ფიზიკური მომზადების ადამიანებისთვის.
ბენეფიტები ჯანმრთელობისთვის
რეგულარული ცურვა დადებითად მოქმედებს:
1. გულსა და სისხლძარღვებზე
ცურვა ინტენსიური კარდიოვარჯიშია. ის აძლიერებს გულის კუნთს, ზრდის მის კუმშვადობას და მუშაობის ეფექტურობას. შედეგად გული ერთ შეკუმშვაზე უფრო მეტ სისხლს გადატუმბავს და ნაკლებად იტვირთება.
ცურვა ასევე ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ქსოვილებისა და ორგანოების ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით უკეთ მომარაგებას ნიშნავს.
საბოლოოდ კი მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის – ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის, განვითარების რისკი, საგრძნობლად იმატებს ადამიანის ფიზიკური გამძლეობა და შრომისუნარიანობა.
2. სასუნთქ სისტემაზე
ცურვის დროს სუნთქვა რიტმული და კონტროლირებადია, რისი წყალობითაც სწორ და ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას ვსწავლობთ. ამასთან, სასუნთქ კუნთებს, მათ შორის დიაფრაგმას, წყლის მსუბუქი წნევა აიძულებს, უფრო აქტიურად იმუშაონ, რაც დროთა განმავლობაში ზრდის ფილტვების მოცულობას და სუნთქვის ეფექტურობას.
როცა სუნთქვა უმჯობესდება, სისხლიც უკეთ მარაგდება ჟანგბადით. ეს უზრუნველყოფს ქსოვილებისა და ორგანოების ოპტიმალურ ფუნქციობას და დადებითად აისახება ენერგიასა და გამძლეობაზე. გარდა ამისა, ცურვა ხელს უწყობს სასუნთქ გზებში დაგროვილი ლორწოს გამოდევნას, რაც სასუნთქი გზების გაღიზიანებას ამცირებს.
ტენიანი და თბილი გარემო იდეალურია ასთმიანი ადამიანებისთვის – ის ამცირებს ბრონქოსპაზმის რისკს, რომელიც იმატებს ცივ და მშრალ ჰაერზე ვარჯიშის (მაგალითად, სირბილის) დროს. ზომიერი და კონტროლირებადი დატვირთვა აუმჯობესებს სუნთქვას და ამცირებს სიმპტომების ინტენსივობას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია დატვირთვის ეტაპობრივი ზრდა და რეგულარული დასვენების ინტერვალების დაცვა.
3. კუნთებზე
სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ცურვა კუნთების თითქმის ყველა ჯგუფის — ზურგის, მხრების, ხელების, მუცლისა და ფეხების — სინქრონულ მუშაობას მოითხოვს. წყლის ბუნებრივი წინააღმდეგობა თანაბარ დატვირთვას უზრუნველყოფს, რაც მხოლოდ კი არ აძლიერებს კუნთებს, არამედ ზედმეტ დაძაბულობასაც ხსნის, კუნთოვან ტონუსსაც აუმჯობესებს და სხეულის მოქნილობასაც ზრდის.
ცურვა ტანდეგობისთვისაც სასარგებლოა. ის აძლიერებს ზურგისა და მუცლის ღრმა კუნთებს და ამით ხელს უწყობს ხერხემლის სწორ პოზიციაში შენარჩუნებას, რაც ხერხემლის დეფორმაციებისა და ცხოვრების მჯდომარე წესით გამოწვეული ტკივილების საუკეთესო პრევენციაა.
4. სახსრებსა და ხერხემალზე
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის ცურვა განსაკუთრებით სასარგებლოა. წყალში სხეულის წონა გაცილებით ნაკლებია, ამიტომ მოძრაობისას მუხლის, თეძოსა და კოჭ-წვივის სახსრები არ განიცდის იმ დატვირთვას, რაც ხმელეთზე მოძრაობისას გარდაუვალია.
ამასთან, წყალი უზრუნველყოფს ხერხემლის ბუნებრივ დეკომპრესიას: მალათაშუა სივრცეები იზრდება, ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლა მცირდება და ტკივილი იკლებს.
ამ თერაპიული ეფექტების გამო ცურვა რეკომენდებულია:
- ზურგის ქრონიკული ტკივილისა და ტანდეგობის დარღვევის დროს;
- ოსტეოქონდროზისა და მალათაშუა თიაქრის დროს;
- *რთრიტისა და ართროზის დროს;
- ტრავმისა და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში.
მნიშვნელოვანია, დატვირთვის ინტენსივობა და ვარჯიშის ტიპი შეირჩეს ინდივიდუალურად, მდგომარეობის მიხედვით, სპეციალისტის რეკომენდაციით.
5. წონაზე
ცურვა კარგია წონის მართვისთვის, რადგან ამ დროს ენერგიის ხარჯვა მრავალმხრივია. ის, ერთი მხრივ, იხარჯება წყლის წინააღმდეგობის დასაძლევად და კუნთების აქტიური მუშაობისთვის, მეორე მხრივ — სხეულის მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად (განსაკუთრებით მაშინ, როცა წყლის ტემპერატურა 26°ჩ-ზე დაბალია).
ცურვისას საათში შეიძლება დაიხარჯოს 300-დან 800 კალორიამდე — გააჩნია ცურვის ინტენსივობასა და სტილს. ამასთან, ცურვა ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გააქტიურებას, აუმჯობესებს გლუკოზის ცვლას და ზრდის ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს.
6. ფსიქოემოციურ ჯანმრთელობაზე
მეცნიერული კვლევები მიუთითებს, რომ წყალთან კონტაქტი და მასში აქტიური მოძრაობა იწვევს ნეიროქიმიურ ცვლილებებს, რომლებიც ამცირებს სტრესის დონეს და ამაღლებს განწყობას. რიტმული სუნთქვა და განმეორებადი, ჰარმონიული მოძრაობები ერთგვარ მედიტაციურ ეფექტს ქმნის, რაც ხელს უწყობს გონებრივი დაძაბულობის შემცირებას და შინაგანი ბალანსის აღდგენას.
ცურვა ასევე აუმჯობესებს ტვინის პერფუზიას (სისხლით მომარაგებას), რაც დადებითად აისახება კოგნიტიურ ფუნქციებზე. კვლევების მიხედვით, ზომიერი ინტენსივობის დაახლოებით ოცწუთიანი სესიაც კი შეიძლება საკმარისი იყოს მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციისა და ლოგიკური აზროვნების გასაუმჯობესებლად.
ამასთან, ცურვა ავითარებს კოორდინაციასა და სენსომოტორულ უნარებს. წყალში მოძრაობა მოითხოვს სხეულის სხვადასხვა ნაწილის შეთანხმებულ მუშაობას, რაც აუმჯობესებს ბალანსს, რეაქციის სისწრაფესა და მოძრაობის კონტროლს.
რეგულარული ცურვა ამაღლებს ძილის ხარისხს, რაც აძლიერებს მის დადებით გავლენას როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
7. იმუნურ სისტემაზე
ზომიერი და რეგულარული ცურვა აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის ცირკულაციას, რაც ეხმარება იმუნურ უჯრედებს, სწრაფად გადაადგილდნენ და დროულად ამოიცნონ პათოგენები. შედეგად, ცურვა:
* აძლიერებს იმუნურ პასუხს
* ზრდის ორგანიზმის გამძლეობას ინფექციების მიმართ
ვისთვის და როდის არის სასარგებლო:
* ბავშვებისა და მოზარდებისთვის — სწორი ფიზიკური განვითარებისთვის;
* უფროსი ასაკის ადამიანებისთვის — სახსრების დასაცავად;
* ორსულებისთვის — უსაფრთხო აქტივობაა;
* ჭარბი წონის მქონე პირებისთვის;
* ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში.
ცურვის 4 სტილი და მათი ეფექტები
ცურვა სხვადასხვა ტექნიკა (სტილი) სხვადასხვანაირად ტვირთავს კუნთებს და სხვადასხვა ფიზიოლოგიურ ეფექტს იძლევა. თითოეულ სტილს თავისი სპეციფიკა აქვს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, მიზანმიმართულად ვიმუშაოთ როგორც საერთო გამძლეობის გასაზრდელად, ისე კუნთების ტონუსისა და ფუნქციური ძალის მოსამატებლად.
სტილის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ინდივიდუალური ფიზიკური მომზადების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამედიცინო ჩვენებები. აღსანიშნავია, რომ ცურვის ყველა სტილი დამწყებთათვის თანაბრად რეკომენდებული არ არის.
განვიხილავთ ოთხ ძირითად სტილს:
ბრასი
ბრასი ცურვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტილია. გამოირჩევა მშვიდი, რიტმული მოძრაობებით და ენერგიის ეფექტური განაწილებით.
სუნთქვა კოორდინირებულია ხელების მოძრაობასთან: მკლავების მოხრისას თავი და მხრები ბუნებრივად ამოდის წყლის ზედაპირზე, რაც მოცურავეს სწრაფი ჩასუნთქვის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო ხელების წინ გამართვისას, როდესაც თავი წყალში ბრუნდება, იწყება ნელი და თანაბარი ამოსუნთქვა ცხვირით ან პირით.
ბრასი ზრდის სახსრების მობილურობას და შედარებით ნაკლებად ტვირთავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, იმავდროულად, ეფექტურად ამუშავებს მკერდის, მხრის სარტყელისა და ზურგის ზედა ნაწილის კუნთებს, ტონუსში მოჰყავს ბარძაყისა და დუნდულა კუნთები.
ეს სტილი განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვინც ზომიერი ინტენსივობის ვარჯიშს ამჯობინებს და მიზნად ისახავს სხეულის მოქნილობის, კოორდინაციისა და გამძლეობის გაუმჯობესებას.
გავრცელებული შეცდომაა ცურვა წყლიდან გამუდმებით ამოწეული თავით. ასეთი პოზიცია ზრდის კისრის მალების დატვირთვას და შესაძლოა, კუნთების დაჭიმულობა და ტკივილი გამოიწვიოს.
ზურგი
ზურგზე ცურვა დამზოგავი და კომფორტულია. მას მინიმუმამდე დაჰყავს ხერხემლისა და კისრის დატვირთვა. ამ დროს აქტიურად მუშაობს ზურგის უგანიერესი და ღრმა კუნთები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხერხემლის სტაბილიზაციაში.
ხელების რიტმული მოძრაობა ზრდის მხრების მობილურობას, ხოლო ფეხების ინტენსიურ მუშაობას ტონუსში მოჰყავს დუნდულა და ბარძაყის კუნთები. რეგულარული პრაქტიკა აძლიერებს ზურგის კუნთოვან კორსეტს, აუმჯობესებს ტანდეგობას და ხელს უწყობს ხერხემლის სწორ პოზიციაში შენარჩუნებას.
ზურგზე ცურვა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს მჯდომარე ცხოვრების წესთან დაკავშირებული პრობლემები — ზურგის ტკივილი, კუნთების დაძაბულობა, ტანდეგობის დარღვევა, მაგალითად, ოსტეოქონდროზი ან სკოლიოზი (მსუბუქი ფორმები). მას ხშირად იყენებენ როგორც პროფილაქტიკურ და სარეაბილიტაციო ვარჯიშს.
ამ სტილის კიდევ ერთი უპირატესობა თავისუფალი სუნთქვაა — სახე მუდმივად წყლის ზედაპირზე რჩება, რაც სუნთქვის კონტროლს აადვილებს.
კროლი
კროლი სწრაფი და ენერგოინტენსიური სტილია. ის მოითხოვს მთელი სხეულის კოორდინირებულ მუშაობას, სტაბილურ რიტმს და სუნთქვის მკაცრ კონტროლს.
ამ დროს აქტიურად მუშაობს კუნთების რამდენიმე დიდი ჯგუფი. ძირითადი დატვირთვა მხრებისა და მკლავების კუნთებზე, მათ შორის ტრიცეფსებზე მოდის, რაც ზედა კიდურების გაძლიერებას და ტონუსის მომატებას უზრუნველყოფს. ზურგის უგანიერესი კუნთი და მუცლის პრესი მუდმივად აქტიურია, რადგან წყალში სწორი პოზიციის შენარჩუნებაზე აგებს პასუხს, ფეხების ინტენსიური და რიტმული მოძრაობა კი ბარძაყისა და წვივის კუნთებს აძლიერებს.
კროლი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც კალორიების ინტენსიურად ხარჯვა და საერთო ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება სურს.
კროლის დროს სუნთქვა სპეციფიკურ ტექნიკას მოითხოვს: ჩასუნთქვა ხდება თავის გვერდზე მიბრუნებით ხელის მოსმის ფაზაში, ხოლო ამოსუნთქვა — წყალში. სუნთქვის ასეთი რიტმი აძლიერებს სასუნთქ კუნთებს და აუმჯობესებს ორგანიზმის უნარს, ეფექტურად გამოიყენოს ჟანგბადი მაღალი ინტენსივობის დატვირთვის პირობებში.
ბატერფლაი
ბატერფლაი ცურვის ერთ-ერთი ყველაზე რთული სტილია, რომელიც მაღალი დონის ფიზიკურ მომზადებას, კოორდინაციასა და გამძლეობას მოითხოვს. ამ ტექნიკის გამოყენებისას განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს სხეულის ზედა ნაწილი — მხრების სარტყელი, ზურგისა და მუცლის კუნთები.
ბატერფლაი ეფექტურად ზრდის კუნთოვან ძალას და გამძლეობას, თუმცა გულ-სისხლძარღვთა სისტემასაც მეტად ტვირთავს, ამიტომ ეს სტილი რეკომენდებულია გამოცდილი მოცურავეებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ სწორი ტექნიკა და სუნთქვის კონტროლის უნარ–ჩვევები.
საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია სხვადასხვა სტილის კომბინირება. ეს უზრუნველყოფს კუნთების თანაბარ დატვირთვას, ამცირებს გადაღლის რისკს და ზრდის ვარჯიშის ეფექტურობას.
რა უნდა გაითვალისწინონ ახალბედებმა
უმჯობესია, დაიწყოთ უფრო მარტივი და ენერგოეფექტური სტილით (ბრასით ან ზურგით) და ეტაპობრივად დაამატოთ უფრო რთული ელემენტები.
პირველ ხანებში რეკომენდებულია ვარჯიში კვირაში 2-3-ჯერ, სულ მცირე, 30-40 წუთის განმავლობაში. მერე და მერე შეიძლება ინტენსივობისა და ხანგრძლივობის გაზრდა.
გახურება
ძირითადი დატვირთვის დაწყებამდე რეკომენდებულია 100-200 მეტრის მშვიდად გაცურვა. გახურება დატვირთვისთვის ამზადებს ორგანიზმს — ზრდის სისხლის მიმოქცევას, ათბობს კუნთებს, მყესებსა და სახსრებს, ამცირებს ტრავმის რისკს.
სწორი ტექნიკა
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სუნთქვისა და მოძრაობის კოორდინაციას. ტექნიკის დახვეწაში დაგეხმარებათ სპეციალური ვარჯიშები, მაგალითად, ვარჯიში ცალკე ფეხების დარტყმაში, ცალკე ხელების მოსმაში საცურაო დაფის გამოყენებით. ეს ტვინს მოძრაობის ავტომატიზაციაში ეხმარება. სუნთქვის ტექნიკის დამუშავება აუზის გარეთაც შესაძლებელია. სწორი ტექნიკა მხოლოდ ეფექტურობას კი არ ზრდის, არამედ გადაღლისა და ტრავმის რისკსაც ამცირებს.
ძირითადი დატვირთვა
გახურებისა და ტექნიკური სავარჯიშოების შემდეგ შეგიძლიათ შეასრულოთ ძირითადი ნაწილი — ცურვა საშუალო ტემპით და მოკლე მონაკვეთებით (მაგალითად, 25-50-მეტრიანი სერიები მცირე პაუზებით).
გაგრილება
ვარჯიშის დასასრულს, რეკომენდებულია, ნელა გაცუროთ 100–150 მეტრი. ეს შეანელებს გულისცემას და ხელს შეუწყობს კუნთების მოდუნებას. ამის შემდეგ სასურველია მსუბუქი გაჭიმვა, განსაკუთრებით — ხელების, მხრებისა და კისრის.
დამატებითი რეკომენდაცია
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება, ვარჯიშის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ჯილდა გაჩეჩილაძე









