კრიოლიპოლიზი – ცხიმის მოშორება ქირურგიული ჩარევის გარეშე

Поделитесь:

კრიოლიპოლიზი, "ცხიმის მოყინვა", სხეულის კორექციის არაქირურგიული მეთოდია. ის უზრუნველყოფს ლოკალური ცხიმის შემცირებას ხანგრძლივი აღდგენითი პერიოდის გარეშე, რაც მას ბევრისთვის მიმზიდველს ხდის.

სტატიაში იპოვით ინფორმაციას იმის შესახებ, რა არის კრიოლიპოლიზი, როგორ მუშაობს ის და რა არის გასათვალისწინებელი პროცედურის ჩატარებამდე, რომ ის უსაფრთხო და მაქსიმალურად შედეგიანი იყოს.

რა არის

კრიოლიპოლიზი (Cryolipolysis) ლოკალური ცხიმის შემცირების არაინვაზიური მეთოდია. ის მიზანმიმართულად ანადგურებს კანქვეშ მდებარე ცხიმის უჯრედებს დაბალი ტემპერატურის საშუალებით. ტექნოლოგია ეფუძნება ფიზიოლოგიურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ცხიმოვანი უჯრედები გაცილებით მგრძნობიარეა სიცივის მიმართ, ვიდრე კანი, კუნთი ან სხვა ქსოვილები. დაბალი ტემპერატურა იწვევს ცხიმოვანი უჯრედების დაპროგრამებულ სიკვდილს (აპოპტოზი) და არა ნეკროზს (უჯრედების უეცარი განადგურება ტრავმის`დაზიანების გამო). აპოპტოზი კონტროლირებადი პროცესია, რომელიც არ აზიანებს მიმდებარე ქსოვილებს. პროცედურის შედეგად დაზიანებული ცხიმოვანი უჯრედები რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში ნელ-ნელა, ბუნებრივი მეტაბოლური გზებით (ლიმფური სისტემისა და ღვიძლის მეშვეობით) გამოიყოფა ორგანიზმიდან.

როგორ ტარდება

პროცედურა ტარდება მხოლოდ სპეციალური მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რადგან ტემპერატურის ზუსტი და მკაცრი კონტროლი აუცილებელია. აპარატი იყენებს აპლიკატორებს, რათა ცხიმოვანი უჯრედები განსაზღვრული დროით მოაქციოს კონტროლირებადი დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ. ის უზრუნველყოფს ზუსტად იმ ტემპერატურას, რომელიც საჭიროა ადიპოციტების აპოპტოზისთვის, ხოლო კანისა და მიმდებარე ნერვული ქსოვილისთვის უვნებელია.

თანამედროვე აპარატები აღჭურვილია უსაფრთხოების სენსორებით, რომლებიც მუდმივად აკონტროლებს კანის ტემპერატურას და მას მოყინვისგან იცავს. მოყინვისგან კანის დასაცავად გამოიყენება სპეციალური დამცავი გელიც.

მეთოდები

დასამუშავებელი ზონის ფორმის, მოცულობისა და ცხიმის სტრუქტურის მიხედვით გამოიყენება სხვადასხვა ტექნოლოგიური მიდგომა და აპლიკატორის სხვადასხვა ტიპი, თუმცა ძირითადი მექანიზმი, ცხიმოვანი უჯრედების კონტროლირებადი გაცივება და მათი თვითგანადგურების სტიმულაცია, უცვლელია.

კრიოლიპოლიზის ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობაა ვაკუუმური აპლიკაცია: ჭიქის ფორმის აპლიკატორი წნევის გამოყენებით იწოვს ცხიმოვან ფენას აპარატის გამაგრილებელ პანელებს შორის. ამ ტიპის აპლიკატორი იდეალურია გამოკვეთილი, ლოკალიზებული ცხიმგროვებისთვის მუცლის ქვედა ნაწილზე, გვერდებზე, ზურგის ნაკეცებზე, უზრუნველყოფს ცხიმის ფენის ერთგვაროვან და ღრმა გაცივებას.

ახალი თაობის ზოგიერთი აპარატი იყენებს ე.წ. ბრტყელ, ფართო პანელს, რომელსაც უშუალო კონტაქტი აქვს კანის ზედაპირთან, ოღონდ არ იწოვს ცხიმოვან ქსოვილს. ეს მიდგომა ეფექტურია უფრო ფართო, ნაკლებად გამოკვეთილ და მკვრივ ცხიმოვან უბნებზე, მაგალითად, ბარძაყის გარეთა მხარეს, ზურგის ფართო ზონებზე, სადაც ვაკუუმის გამოყენება მოუხერხებელი ან არასასურველია.

პროცედურის დაწყებამდე სპეციალისტი აფასებს ცხიმოვან ქსოვილს და არჩევს აპლიკატორის ზომასა და ფორმას.

სხეულის რომელ უბნებზე შეიძლება კრიოლიპოლიზის ჩატარება

სხვადასხვა ფორმისა და ზომის აპლიკატორების წყალობით კრიოლიპოლიზის ჩატარება შესაძლებელია სხეულის თითქმის ყველა იმ უბანზე, სადაც ე.წ. ჯიუტი ცხიმია დაგროვილი:

  • მუცლისა და წელის არეზე;
  • თეძოებზე;
  • ბარძაყებზე;
  • ზურგის ქვედა ნახევარზე;
  • ღაბაბზე;
  • მკლავებზე, იღლიის მიდამოში.

ვისთვის არის მიზანშეწონილი

კრიოლიპოლიზი წონის კლების მეთოდი არ არის. ის იდეალურია მათთვის, ვისაც აქვს სხეულის მასის ნორმალური ინდექსი და სურს იმ ლოკალური ცხიმგროვების კორექცია, რომლებსაც დიეტა და ვარჯიში ვერ შველის.

საჭიროა თუ არა ანესთეზია

ლიპოსაქციისგან განსხვავებით, კრიოლიპოლიზის პროცედურის დროს ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზია აუცილებელი არ არის. პაციენტს პროცედურის განმავლობაში შეუძლია იკითხოს წიგნი ან უსმინოს მუსიკას.

პროცედურა უმტკივნეულოა. თავდაპირველად შესაძლოა იგრძნოთ ძლიერი სიცივე, მსუბუქი წვა ან დაჭიმულობა, მაგრამ 5–10 წუთის შემდეგ დასამუშავებელ უბანზე მგრძნობელობა მცირდება, რადგან დაბალი ტემპერატურა დროებით ბლოკავს ნერვულ რეცეპტორებს. პროცედურის დასრულების შემდეგ შესაძლოა შეინიშნებოდეს მცირე დისკომფორტი, სიწითლე, შეშუპება ან უმნიშვნელო სისხლჩაქცევა. წესისამებრ, ეს ცვლილებები 2–3 დღეში თავისთავად გაივლის.

კომპრესიული ტანსაცმელი

კრიოლიპოლიზის შემდეგ სპეციალური კომპრესიული ტანსაცმლის ტარება აუცილებელი არ არის, თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი მაინც ურჩევს პაციენტს რამდენიმე დღის განმავლობაში მის გამოყენებას შეშუპების შესამცირებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა დამუშავებულია მუცელი ან ბარძაყები, და უბრალოდ კომფორტისთვის.

პროცედურის ხანგრძლივობა

პროცედურის ხანგრძლივობა ცხიმოვანი ქსოვილის სისქესა და მდებარეობაზეა დამოკიდებული. ერთი უბნის დამუშავება საშუალოდ 45–დან 75 წუთამდე გრძელდება. შესაძლებელია რამდენიმე ზონის ერთდროულად დამუშავებაც, რაც მეტ დროს მოითხოვს.

რეაბილიტაციის პერიოდი

კრიოლიპოლიზი სარეაბილიტაციო პერიოდს არ მოითხოვს, პაციენტს შეუძლია, პროცედურის დასრულებისთანავე დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას, მაგრამ უკეთესი შედეგისთვის და ორგანიზმის დატვირთვის შესამცირებლად რეკომენდებულია:

  • პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ რამდენიმე დღე საჭიროა 1,5-3 ლ წყლის სმა დღე-ღამეში (ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით), რათა ორგანიზმმა ეფექტურად გამოდევნოს ცხიმოვანი უჯრედების დაშლის პროდუქტები (ლიმფური სისტემისა და ღვიძლის მეშვეობით);
  • დაბალნახშირწყლოვანი დიეტა, რომელიც ხელს უწყობს მეტაბოლური პროცესების ოპტიმიზაციას;
  • ალკოჰოლიანი სასმელებისგან თავის შეკავება, რადგან ალკოჰოლი თრგუნავს ლიპიდების მეტაბოლიზმს და ზრდის ღვიძლის დატვირთვას.

ვარჯიშის განახლება შეიძლება პროცედურის მეორე დღეს. ფიზიკური აქტიურობა ხელს უწყობს ლიმფური სისტემის გააქტიურებას, რაც დადებითად მოქმედებს შედეგზე.

რა სიხშირით შეიძლება ჩატარდეს

კრიოლიპოლიზის ჩატარება რეკომენდებულია 6-12–კვირიანი ინტერვალებით, რადგან ცხიმოვანი უჯრედების დაშლა და დაშლის პროდუქტების სხეულიდან გამოდევნა ეტაპობრივად მიმდინარეობს. რეკომენდებულ დროზე ადრე პროცედურის ჩატარებამ შესაძლოა გაზარდოს გართულებების, მათ შორის – ლოკალური ანთებისა და პარადოქსული ცხიმოვანი ჰიპერპლაზიის (Paradoxical Adipose Hyperplasia (PAH)), რისკი.

საუკეთესო ეფექტისთვის, წესისამებრ, საჭიროა 2–3 სეანსი ერთსა და იმავე ზონაზე. თუ კურსის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგი დამაკმაყოფილებელია და პაციენტი სტაბილურ წონას ინარჩუნებს, დამატებითი სეანსი საჭირო არ არის.

როდის ვლინდება შედეგი

მართალია, ცხიმის კლება პროცედურის დამთავრებისთანავე იწყება, მაგრამ შედეგი თანდათანობით ვლინდება და არა მყისიერად, რადგან ორგანიზმს დრო სჭირდება განადგურებული ცხიმოვანი უჯრედების ბუნებრივი გზით გამოსადევნად.

მცირე ცვლილებები პროცედურიდან უკვე 3-4 კვირის შემდეგ არის შესამჩნევი, თვალსაჩინო ცვლილებები კი დაახლოებით 8-12 კვირის შემდეგ ვლინდება. საბოლოო შედეგი პროცედურიდან 3-6 თვეში მიიღწევა.

ძალიან მნიშვნელოვანია, პაციენტს ჰქონდეს რეალისტური მოლოდინი. შედეგის შენარჩუნება დამოკიდებულია კალორიების ბალანსზე და ცხოვრების წესზე, სტაბილური წონის პირობებში მიღებული ეფექტი მუდმივია.

უკუჩვენება

კრიოლიპოლიზი უსაფრთხო მეთოდად მიიჩნევა, თუმცა არსებობს მდგომარეობები, რომელთა დროსაც პროცედურა არ არის რეკომენდებული ან განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

კრიოლიპოლიზი უკუნაჩვენებია შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს:

* კრიოგლობულინემია – სისხლის იშვიათი დაავადება. მისი მიზეზია ანომალიური ცილების არსებობა სისხლში. ეს ცილები ხელს უწყობს სისხლის შედედებას და სისხლის მიმოქცევას აფერხებს;

* პაროქსიზმული ცივი ჰემოგლობინურია – ამ დროს ერითროციტები ნადგურდება სიცივის ზემოქმედებით, თუნდაც სხეულის მცირე უბანზე;

* კანის დაავადებები – აქტიური ეგზემა, დერმატიტი;

* ღია ჭრილობა დასამუშავებელ ზონაში;

* თიაქარი – შეწოვამ შესაძლოა თიაქარი დაამძიმოს;

* ორსულობა/ლაქტაცია – უსაფრთხოება სათანადო კვლევებით არ არის დადასტურებული, ამიტომ პროცედურა უკუნაჩვენებია.

სიფრთხილეა საჭირო შემდეგი მდგომარეობების დროს:

* ნეიროპათია, მგრძნობელობის დარღვევა მკურნალობის ზონაში;

* რეინოს დაავადება (საფუძვლად უდევს მცირე დიამეტრის სისხლძარღვების სპაზმი, მაპროვოცირებელი ფაქტორებია გარემოს დაბალი ტემპერატურა და ემოციური სტრესი), სიცივის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* მძიმე ვენური უკმარისობა ან თრომბოზი ანამნეზში;

* აქტიური იმპლანტები, მაგალითად, გულის სტიმულატორი, მეტალის იმპლანტები;

* ძლიერ გამოხატული სიმსუქნე;

* ურტიკარია (ჭინჭრის ციება) – კანის ალერგიული რეაქცია – სიცივეზე, რომელიც ძლიერი შეშუპებით და ქავილით გამოიხატება.

მკურნალობამდე, სულ მცირე, ორი კვირით ადრე შეწყვიტეთ სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების მიღება (ისეთებისა, როგორიცაა, მაგალითად, ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი). აუცილებლად გააფრთხილეთ ექიმი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და იმ მედიკამენტები შესახებ, რომლებსაც იღებთ.

ჯილდა გაჩეჩილძე

Поделитесь: