კვება ანემიის დროს - როგორ აღვიდგინოთ რკინის ბალანსი სწორი კვებით
გააზიარე:
დაღლილობასა და ენერგიის ნაკლებობას, წესისამებრ, სტრესს, გადაღლას ან უძილობას ვაბრალებთ, მაგრამ შესაძლოა, მიზეზი სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითება იყოს, ეს კი ანემიის განვითარების წინაპირობაა.
ანემია ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა. ის გვხვდება როგორც მოზრდილებთან, ისე ბავშვებთანაც, ხშირია ორსულობისას და უმეტესად არასაკმარისად დაბალანსებული კვებით არის გამოწვეული. სწორად შერჩეული კვებითი თერაპია ანემიის მართვისა და პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.
დავინტერესდით, როგორ შევადგინოთ რაციონი ანემიის დროს, რით განსხვავდება ცხოველური რკინა მცენარეულისგან, რომელი პროდუქტი გვეხმარება რკინის უკეთ ათვისებაში და საკმარისია თუ არა დიეტა პრობლემის თავიდან ასაცილებლად.
ანემიასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე “ავერსის კლინიკის” ოჯახის ექიმი ნათია სვანიძე გვესაუბრა.
– რა არის ანემია და რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?
– ანემია ანუ სისხლნაკლებობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში მცირდება ჰემოგლობინის დონე ან ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) რაოდენობა. ჰემოგლობინი პასუხისმგებელია ფილტვებიდან ქსოვილებსა და ორგანოებში ჟანგბადის გადატანაზე, ამიტომ მისი ნაკლებობა ჟანგბადის დეფიციტს იწვევს. ჟანგბადის უკმარისობის შედეგად თავს იჩენს დაღლილობა, თავბრუხვევა, სუნთქვის უკმარისობა, ფერმკრთალობა, ზოგადი სისუსტე. არცთუ იშვიათია თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა და სხვა სიმპტომები.
ანემიას არაერთი ფაქტორი განაპირობებს (გენეტიკური განწყობა, ქრონიკული და ინფექციური დაავადებები, რომლებიც ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევით მიმდინარეობს), მაგრამ ყველაზე გავრცელებული ფორმები განსაზღვრულ ნივთიერებათა ნაკლებობას უკავშირდება. ასეთია რკინადეფიციტური ანემია და მეგალობლასტური ანემიები, გამოწვეული ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავას (B9 ვიტამინი) დეფიციტით. ეს ფორმები ვითარდება, როცა:
- ორგანიზმს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის რკინა, ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12 ან მოშლილია მათი შეწოვა-ათვისება;
- გაძლიერებულია მათი კარგვა-მოხმარება (მაგალითად, ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაციის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან ქირურგიული ჩარევის შედეგად).
ანემიის მიზეზის დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობისთვის და შესაბამისი კვებითი რეკომენდაციების გასაცემად.
– რა კავშირია რკინის დეფიციტსა და ანემიას შორის?
– რკინა უმნიშვნელოვანესია ჰემოგლობინის წარმოქმნისა და მისი სრულყოფილი ფუნქციობისთვის. როგორც ვთქვით, სხეულის თითოეულ უჯრედამდე ჟანგბადი ერითროციტებს, სისხლის წითელ უჯრედებს, მიაქვთ. მისი უშუალო გადამტანია ჰემოგლობინი – ერითროციტებში არსებული რკინით მდიდარი ცილა. სწორედ ჰემოგლობინში შემავალი რკინის ატომი იერთებს ჟანგბადს და მთელ ორგანიზმში ანაწილებს. გარდა ამისა, ერითროციტები მუდმივად იშლება და წარმოიქმნება ორგანიზმში, რკინის გარეშე კი ჰემოგლობინის სინთეზი შეუძლებელია, ამიტომ რკინის დეფიციტი არღვევს ერითროციტების სრულფასოვან წარმოქმნას და იწვევს ანემიას.
– რამდენი რკინა სჭირდება დღე-ღამეში ადამიანს?
– ორგანიზმი რკინას რეგულარულად ხარჯავს სხვადასხვა სასიცოცხლო ფუნქციის შესასრულებლად და რაკი ძალიან სჭირდება, გარდაქმნილი სახით ინახავს კიდეც. რკინის უმეტესი ნაწილი სისხლშია, დანარჩენი – ღვიძლში, ელენთაში, კუნთოვან ქსოვილსა და ძვლის ტვინში. დეპონირებული ქსოვილოვანი რკინის დამსახურებაა, რომ ხანმოკლე პროცესებს (მაგალითად, სისხლდენას მენსტრუაციის ან ჰემოროიდული დაავადების დროს) რკინის დეფიციტამდე არ მივყავართ – დანაკარგის ასანაზღაურებლად ორგანიზმი იყენებს მარაგს, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული რკინის დეფციტის შემთხვევაში მისი მარაგის შევსება ხანგრძლივი პროცესია.
რკინის რეკომენდებული დღიური ოდენობა ასაკსა და სქესზეა დამოკიდებული. ნორმები ასევე იცვლება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ზოგიერთი დაავადებისა და მკურნალობის ზოგიერთი მეთოდის გამოყენების დროს.
ასაკის მიხედვით რეკომენდებულია:
- ოთხ თვემდე ასაკის ჩვილებისთვის – 0,3-0,5 მგ;
- თორმეტ თვემდე – 8 მგ;
- 1-დან 7 წლამდე: გოგონებისთვის – 8 მგ, ბიჭებისთვის – 8 მგ;
- 7-დან 10 წლამდე: გოგონებისთვის – 10 მგ, ბიჭებისთვის – 10 მგ;
- 10-დან 19 წლამდე: გოგონებისთვის – 15 მგ, ბიჭებისთვის – 12 მგ;
- 19-დან 51 წლამდე: ქალებისთვის – 15 მგ, მამაკაცებისთვის – 10 მგ;
- 51 წლიდან: ქალებისთვის – 10 მგ, მამაკაცებისთვის – 10 მგ;
- ორსულებისთვის – 30 მგ;
- მეძუძური დედებისთვის – 20 მგ.
– კიდევ რომელი ნივთიერებები მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესში?
– სისხლის სრულფასოვნად წარმოქმნისთვის ორგანიზმს რკინასთან ერთად რამდენიმე ძირითადი ნივთიერება სჭირდება, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია:
* ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) – აუცილებელია ახალი ერითროციტების წარმოსაქმნელად. მისი დეფიციტის დროს ვითარდება მეგალობლასტური ანემია, როცა ძვლის ტვინში ფუნქციურად სუსტი დიდი ზომის პათოლოგიური (მეგალობლასტური) უჯრედები წარმოიქმნება;
* ვიტამინი B12 – ფოლიუმის მჟავასთან ერთად ეს ვიტამინიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ერითროციტების მომწიფებასა და ჩამოყალიბებაში. მეგალობლასტურ ანემიას მისი ნაკლებობაც იწვევს;
* ცილები – ჰემოგლობინი ცილოვანი სტრუქტურაა, ამიტომ საკმარისი რაოდენობის ცილის მიღება აუცილებელია მის წარმოსაქმნელად;
* სპილენძი და თუთია – საჭიროა მცირე რაოდენობით, მაგრამ მნიშვნელოვანია რკინის სწორად გამოყენებისა და ჰემოგლობინის სტრუქტურის ფორმირებისთვის;
* C ვიტამინი – ის აუმჯობესებს რკინის შეწოვას, ამიტომ რეკომენდებულია მისი მიღება რკინით მდიდარ საკვებთან ერთად.
– როგორ მივიღოთ საკვებით საკმარისი რაოდენობის რკინა და სისხლწარმოქმნისთვის საჭირო ნივთიერებები?
– რკინის დეფიციტის პრევენციისა და აღმოფხვრის მთავარი გზა ყოველდღიურ რაციონში რკინით მდიდარი საკვების ჩართვაა, თუმცა ორგანიზმს საკვებიდან მიღებული რკინის მხოლოდ 10-20 პროცენტის ათვისება შეუძლია.
რკინა გვხვდება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვების უმეტესობაში.
რკინით მდიდარი ცხოველური საკვებია (მითითებულია რკინის შემცველობა 100 გრამში):
ღორის ღვიძლი – 19-30 მგ
ხბოს ღვიძლი – 7-9 მგ
ძროხის ღვიძლი – 7-8 მგ
ინდაურის`ქათმის ღვიძლი – 6-7 მგ
ძროხის ხორცი – 3-4 მგ
ღორის ხორცი – 2-3 მგ
ქათმისა და ინდაურის ხორცი (მუქი) – 1-2,5 მგ
თევზეული (სარდინი, თინუსი) – 1-2 მგ
მოლუსკები (ხამანწკები, მიდიები) – 3-7 მგ
რკინით მდიდარი მცენარეული საკვებია (მითითებულია რკინის შემცველობა 100 გრამში):
გოგრის თესლი – 8-15 მგ
სეზამის მარცვალი – 8-10 მგ
ჩიას თესლი – 7-8 მგ
მზესუმზირას გული – 4-5 მგ
გარგარის ჩირი – 4-5 მგ
ფსტა – 6-7 მგ
კეშიუ – 5-6 მგ
სელი – 7-8 მგ
ნუში – თხილი – 3-4 მგ
თეთრი ლობიო (მოხარშული) – 3-4 მგ
ოსპი (მოხარშული) – 3-4 მგ
ბარდა (მოხარშული) – 2-3 მგ
ისპანახი (მოხარშული) – 2,5-3 მგ
კომბოსტო (ბროკოლი, კალე) – 1-1,5 მგ
ჭვავის პური – 2-3 მგ
შვრიის ფაფა – 1,1,5 მგ
კინოა (მოხარშული) – 1,5-2,5 მგ
წიწიბურა (მოხარშული) –2-2,5 მგ
ამარანტი (მოხარშული) – 1,7-2 მგ
შედარებით ნაკლებია ეს ელემენტი ხილსა და მწვანილში.
ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12
– ვიტამინი B12 მხოლოდ ცხოველურ საკვებშია – ხორცში, კვერცხში, რძეში, ყველში, ხოლო ფოლიუმის მჟავა – ძირითადად მცენარეულში: ბოსტნეულში, პარკოსნებში, მწვანეფოთლოვან სახეობებში, მცირე ოდენობით – ღვიძლში, კვერცხის გულში, რძესა და რძის პროდუქტებში. ფოლიუმის მჟავა თერმოლაბილურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადვილად იშლება სითბოს ზემოქმედებით.
ვეგანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია B12-ის დანამატების მიღება (ექიმის დანიშნულებით), რადგან ეს ვიტამინი, როგორც უკვე ვთქვი, ბუნებრივად მხოლოდ ცხოველურ საკვებშია, მისი ნაკლებობა კი პირდაპირ უკავშირდება ანემიის განვითარებას.
– განსხვავდება თუ არა ცხოველური რკინა მცენარეულისგან?
– საკვებში რკინა ორი ძირითადი ფორმით გვხვდება, ცხოველურ პროდუქტებში – ჰემური, ხოლო მცენარეულში – არაჰემური რკინის სახით. ჰემურ რკინას ორგანიზმი ეფექტურად ითვისებს, ხოლო არაჰემური რომ შეიწოვოს, ის ჯერ ჰემურ რკინად უნდა გარდაქმნას, ამიტომ რკინა ყველაზე უკეთ ცხოველური საკვებიდან აითვისება – მიღებულის 15-35%, ხოლო მცენარეული საკვებიდან მისი ათვისება 2-10%-ს არ აღემატება.
– რომელი საკვები უწყობს ხელს რკინის ათვისებას და რომელი აფერხებს?
– რკინის შეწოვას ხელს უშლის:
. ფიტინის მჟავა, რომელიც გვხვდება უმი მთლიანი მარცვლეულის, ბრინჯის, პარკოსნების, მათ შორის – სოიის, გარეთა გარსში;
. ოქსალატები, რომლებსაც შეიცავს რევანდი, ჭარხლის ფოთოლი და რკინით მდიდარი ბევრი საკვები, მათ შორის – ნუში, ისპანახი და ხორბლის ქატო;
. ტანინები და პოლიფენოლები, რომლებიც გვხვდება ყავაში, კაკაოში, მწვანე და შავ ჩაიში, წითელ ღვინოში, ამიტომ ეს სასმელები, იდეალურ შემთხვევაში, უნდა დალიოთ ჭამამდე 30-60 წუთით ადრე ან ჭამიდან, სულ მცირე, ორი საათის შემდეგ;
. კალციუმი, ამიტომ რძე, რძის ნაწარმი და კალციუმის დანამატები უმჯობესია მიიღოთ რკინით მდიდარი საკვების მიღებიდან არანაკლებ 1-2 საათის შემდეგ.
რკინის შეწოვა ასევე შესაძლოა შეაფერხოს რკინის დანამატებთან ერთად ზოგიერთი ანტიბიოტიკის (მაგალითად, ტეტრაციკლინების) და კუჭის მჟავას ჭარბი გამომუშავების საწინააღმდეგო მედიკამენტების (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების – ომეპრაზოლისა და მისი მსგავსი ანტაციდური პრეპარატების) მიღებამ.
რკინის შეწოვას ხელს უწყობს C ვიტამინი – ასკორბინის მჟავას დახმარებით არაჰემური რკინა ადვილად ასათვისებელ ფორმად გარდაიქმნება, ამიტომ სასურველია, რკინით მდიდარი საკვები მიიღოთ ციტრუსებთან, ბულგარულ წიწაკასთან, ბროკოლისა და პომიდვრის სოუსთან ერთად.
არაჰემური რკინის ათვისება შესაძლოა გაზარდოს ჰემური რკინის შემცველმა საკვებმაც.
ანემიის მქონე პირებმა საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღონ A ვიტამინიც, რადგან ის ხელს უწყობს რკინის ნორმალურ მეტაბოლიზმს. A ვიტამინი უხვად არის ცხოველურ პროდუქტებში, ასევე – მწვანე ბოსტნეულსა და სტაფილოში.
საკვების ცუდი და კარგი კომბინაციები
|
ცუდი (აქვეითებს შეწოვას) |
კარგი (ზრდის შეწოვას) |
|
რკინა + რძე / იოგურტი |
რკინა + ლიმონი / ციტრუსები |
|
რკინა + ჩაი/ყავა |
რკინა + წითელი წიწაკა |
|
რკინა + ტკბილი გაზიანი სასმელი |
რკინა + ბროკოლი |
– როგორი უნდა იყოს დღის რაციონი ანემიის დროს?
– ანემიის (განსაკუთრებით – რკინადეფიციტურის) დროს საჭიროა არა მხოლოდ რკინით მდიდარი საკვების მიღება, არამედ იმის გათვალისწინებაც, როგორ ხდება ამ რკინის მაქსიმალურად ათვისება.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს: თუ ანემია დადასტურებულია, დიეტა საკმარისი არ არის სამკურნალოდ – აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტური თერაპია, დიეტას კი დამხმარე ფუნქცია აკისრია – ის ზრდის მკურნალობის ეფექტიანობას და ხელს უწყობს რკინის სათანადო დონის შენარჩუნებას მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ (თუ არ გრძელდება ანემიის გამომწვევი ფაქტორის მოქმედება, მაგალითად, სისხლდენა).
სამდღიანი მენიუს ნიმუში ანემიის დროს
I დღე
საუზმე: წყალში მოხარშული შვრიის ფაფა + მარწყვი ან კივი (C ვიტამინი) + გოგრის თესლი (არაჰემური რკინა)
სადილი: მოხარშული ღვიძლი (ჰემური რკინა) + მწვანე სალათის ფოთლები პომიდვრითა და ლიმონის წვენით (ჩ ვიტამინი)
ხემსი: ბანანი ან მუჭა ნიგოზი
ვახშამი: ოსპის სუპი (არაჰემური რკინა) + ერთი ულუფა საქონლის ხორცი
სასმელი: სუფთა წყალი, ახალგამოწურული წვენი
II დღე
საუზმე: ომლეტი ისპანახითა და სოკოთი + მთლიანი მარცვლეულის პური + 1 ფორთოხალი (ჩ ვიტამინი) ან ფორთოხლის წვენი
სადილი: ლობიო (არაჰემური რკინა) + დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა და ოხრახუში (ჩ ვიტამინი)
ხემსი: ერთი მუჭა თხილეული + ჩირი
ვახშამი: სარდინი (ჰემური რკინა, B12) + გარნირად – მოხარშული ბროკოლი (ჩ ვიტამინი) და ბარდა (არაჰემური რკინა) ან გოგრა და სტაფილო (A ვიტამინი)
სასმელი: სუფთა წყალი, მინერალური წყალი
III დღე
საუზმე: წიწიბურა + თინუსი + კივი (ჩ ვიტამინი)
სადილი: ქათმის ხორცი ისპანახის სალათთან ერთად (ჰემური რკინა + არაჰემური რკინა) (სალათს დაამატეთ ლიმონის წვენი)
ხემსი: ერთი მუჭა გარგარის ჩირი (რკინა) + ფორთოხალი ან კივი
ვახშამი: თევზის ფილე (B12, ჰემური რკინა) + ბატატი (A ვიტამინის წინამორბედი, რომელიც აუმჯობესებს ათვისებას)
სასმელი: სუფთა წყალი
სასარგებლო რჩევები
* ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში ცხოველური ცილა.
* მცენარეული რკინა ზედმიწევნით ეფექტურად რომ გამოიყენოთ, მცენარეულ კერძს (ოსპის წვნიანი, წიწიბურის გარნირი, ბოსტნეულის სალათი) წითელი ხორცის, ქათმის ან თევზის მცირე ულუფა დაუმატეთ.
* ეცადეთ, ყოველ ჭამაზე მიირთვათ C ვიტამინით მდიდარი პროდუქტი, განსაკუთრებით – მცენარეული რკინის შემცველ პროდუქტთან ერთად.
* რძე და რძის ნაწარმი მიიღეთ რკინით მდიდარი პროდუქტების მიღებამდე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
* მთლიანი მარცვლეულისა (შვრია, ბრინჯი) და პარკოსნების წინასწარ დალბობა ან ფერმენტაცია ამცირებს ფიტატების დონეს, შესაბამისად, რკინა უკეთ შეიწოვება.
* დააბალანსეთ რაციონი – ანემიის დროს მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვება და არა მხოლოდ ერთ ელემენტზე – რკინაზე ფოკუსირება.
– როდის არის დანამატების დანიშვნა გამართლებული?
– რკინის დანამატების დანიშვნა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ლაბორატორიული კვლევებით დადასტურებულია რკინადეფიციტური ანემია ან ორგანიზმში რკინის მარაგის მკვეთრი შემცირება – ფერიტინის, ტრანსფერინის ან ჰემოგლობინის დონის დაქვეითება.
დანამატების მიღება აუცილებელია, როცა:
* ორგანიზმი ვერ იწოვს საკვებიდან მიღებულ რკინას (მაგალითად, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ცელიაკიის, გასტროენტერიტის დროს, ოპერაციის შემდეგ);
* ანემია გამოწვეულია სისხლის ხანგრძლივი კარგვით (მენსტრუაცია,კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, სისხლდენა ბუასილის გამწვავების დროს და სხვა);
* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, როცა რკინაზე მოთხოვნა იმატებს;
* მოზარდ ასაკში;
* ვეგეტარიანული კვების დროს, რადგან ჰემური რკინის მიღება შეზღუდულია.
დანამატების მიღება არ არის მიზანშეწონილი, თუ ორგანიზმში რკინის დონის კლინიკური დეფიციტი არ დასტურდება. ამ შემთხვევაში დანამატებმა შესაძლოა გამოიწვიოს:
* მეტალის გემო პირში, გულისრევა, ყაბზობა;
* ღვიძლის გადატვირთვა ან თავისუფალი რკინის დაგროვება, რაც ტოქსიკურია ქსოვილებისთვის.
ზოგიერთი ქრონიკული დაავადების დროს (ონკოლოგიური დაავადებები, თირკმელების ქრონიკული დაავადება ჰემოდიალიზით, სისხლის სისტემური დაავადებები) ანემიას საფუძვლად უდევს სხვადასხვა მექანიზმი და პაციენტმა თვითნებურად არ უნდა მიიღოს კვებითი დანამატები თუ რკინის პრეპარატები. მიღება შეთანხმებული უნდა იყოს მკურნალ ან ოჯახის ექიმთან.
რკინის დანამატების მიღება ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ჰემატოლოგის ან ოჯახის ექიმის რეკომენდაციას და სისხლის ანალიზის შედეგებს — მხოლოდ მაშინ იქნება ის უსაფრთხო და ეფექტური.
შევაჯამოთ:
სწორი და დაბალანსებული კვება ანემიის პრევენციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის მკურნალობაშიც. რკინის, ფოლიუმის მჟავასა და B12-ის შემცველი პროდუქტების ოპტიმალური მიღება საშუალებას აძლევს ორგანიზმს, აღიდგინოს სისხლის წარმოქმნის პროცესი და თავიდან აიცილოს გართულებები. სრულფასოვანი კვება, რომელიც უზრუნველყოფს ვიტამინებისა და მინერალების საჭირო ოდენობით მიღებას, ყოველდღიური ჩვევა უნდა იყოის და არა მხოლოდ მკურნალობის ნაწილი.
ჯილდა გაჩეჩილაძე











