რას გვეუბნება ბავშვის საყვარელი მულტფილმი მისი ემოციური სამყაროს შესახებ
გააზიარე:
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი პატარა უკვე მეასედ უყურებს ერთსა და იმავე მულტფილმს, იცინის ერთსა და იმავე სცენებზე და ისე ციტირებს პერსონაჟების დიალოგებს, თითქოს თავად იყოს სცენარის ავტორი. ჩვენ, მშობლებს, გვგონია, რომ ის უბრალოდ ერთობა. სინამდვილეში მულტფილმები ბავშვებისთვის გაცილებით მეტს ნიშნავს. ისინი თითქოს პატარა სარკეებია, რომლებშიც მათი შიშები, სურვილები, ფანტაზიები და ემოციები ირეკლება.
რატომ ირჩევს ბავშვი კონკრეტულ მულტფილმს
ბავშვებს გული ინსტინქტურად მიუწევთ იმ ისტორიებისკენ, რომლებიც მათ შინაგან მდგომარეობას თანხვდება და ეს სრულიადაც არ არის შემთხვევითი არჩევანი. პატარა გონება ეძებს ისეთ პერსონაჟებს, რომლებშიც საკუთარ თავს ამოიცნობს. მაგალითად, აქტიური და დამოუკიდებელი ბავშვი უმეტესად ინტერესდება გმირებით, რომლებიც თავად იღებენ გადაწყვეტილებებს და თამამად მოქმედებენ, ხოლო მორცხვი პატარა შესაძლოა მოიხიბლოს პერსონაჟებით, რომლებიც თავდაპირველად გაუბედავები არიან, მაგრამ ბოლოს მაინც პოულობენ საკუთარ თავში ძალას გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად.
გმირი როგორც ემოციური სახელმძღვანელო
ბავშვის საყვარელი მულტფილმი მისი შინაგანი სამყაროს ანარეკლია, რომლის მეშვეობითაც ის სწავლობს, როგორ გაართვას თავი რეალურ სიტუაციებს.
მაგალითად:
* "ბლუი" ("Bluey") – მცირე ასაკის ბავშვებისთვის იდეალური მაგალითია ყოველდღიური ემოციების გასააზრებლად. ბლუი ბრაზდება, სწყინს, ეჭვიანობს, მერე კი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს მსგავს ემოციებს. თუ თქვენს პატარას უყვარს ბლუი, დიდი ალბათობით, მას სჭირდება სტაბილურობა, ოჯახური სითბო და იდენტიფიკაცია ისეთ პერსონაჟთან, ვინც საკუთარ ემოციებს თამამად გამოხატავს.
* "გაყინული გული" ("Frozen") – ელზასა და ანას ისტორია განსაკუთრებით იზიდავს იმ ბავშვებს, რომლებიც დამოუკიდებლობას ეძიებენ ან თავს იზოლირებულად გრძნობენ. საკუთარი ძალის მიმართ ელზას შიში საკუთარი ემოციებისადმი შიშს განსახიერებს, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც გრძნობების გამოხატვა უჭირთ.
* "ადამიანი-ობობა" ("Spider-Man") და "ადამიანი-ღამურა" ("Batman") – თუ ბავშვი ამ ტიპის გმირებითაა გატაცებული, ზოგჯერ ეს სამართლიანობის გრძნობაზე, სხვების დახმარების სურვილზე, ემპათიის უნარზე მიუთითებს, ზოგჯერ კი ეს საკუთარი დაუცველობის განცდის დაკომპენსირების მცდელობაა, მსგავსად გმირებისა, რომლებიც გარეგნულად ძლიერები, მაგრამ შინაგანად მარტოსულები არიან.
როგორ ამოვიცნოთ ემოციები მულტფილმების მეშვეობით
თუ შვილის საყვარელ მულტფილმს ყურადღებით დააკვირდებით, შესაძლოა შეამჩნიიოთ, რა საერთოს ხედავს ის გმირებსა და საკუთარ თავს შორის.
დაკვირდით:
- რომელი პერსონაჟი უყვარს ყველაზე მეტად;
- რატომ უყვარს (ჰკითხეთ პირდაპირ – პასუხმა შესაძლოა გაგაკვირვოთ);
- როგორ რეაგირებს მძიმე სცენებზე, მაგალითად, სადაც გმირი ტირის, აგებს ან ჩაგრავენ.
ამგვარად ბევრ რამეს გაიგებთ ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. მაგალითად, თუ ის ყოველთვის მეორეხარისხოვან, ჩრდილში მყოფ პერსონაჟებს ირჩევს, სავარაუდოდ, თავადაც მარტოსულად და გარიყულად გრძნობს თავს თავის სოციალურ გარემოში.
როცა ბავშვი მხოლოდ ერთ მულტფილმს უყურებს
თუ თქვენს შვილს ერთი და იმავე მულტფილმის ყურება არ ბეზრდება, ნუ იდარდებთ, ეს ნორმალურია. ბავშვებს უყვართ განმეორებადობა, რადგან ის მათ უსაფრთხოების განცდას ანიჭებს. როცა ბავშვმა წინასწარ იცის სიუჟეტი, იცის, რომ გმირი განსაცდელს გადალახავს და ყველაფერი კარგად დასრულდება, ის თავს დაცულად გრძნობს. დიდებსაც ხომ გვაქვს ეგრეთ წოდებული “ცომფორტ მოვიეს” – ფილმები, რომელთა ყურებაც სიმშვიდეს გვგვრის.
თუ ბავშვს უარყოფითი პერსონაჟი მოსწონს
როდესაც ბავშვს უარყოფითი პერსონაჟი მოსწონს – ბოროტი, დაუმორჩილებელი ან აგრესიული, ეს ხშირად იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვი ეძებს მათი ემოციების გააზრებისა და იმ თვისებებთან იდენტიფიცირების გზებს, რომლებიც მასშიც არის, მაგრამ ვერ ან არ გამოხატავს. ასეთ პერსონაჟებში ის ხედავს ძალას, თავდაჯერებას ან თავისუფლებას, რომელიც თავად აკლია და უნდა, რომ ჰქონდეს.
მშვიდად ჰკითხეთ ბავშვს, რატომ მოსწონს ეს გმირი, რას აკეთებს ის ისეთს, რაც მის ინტერესს იწვევს. პასუხების მიხედვით მშობელი უკეთ გაიგებს ბავშვის ემოციურ ფონს – შესაძლოა, ის უსამართლობას ან შიშს განიცდიდეს და ამ განცდას "ბოროტი" პერსონაჟის მეშვეობით ამუშავებდეს.
მნიშვნელოვანია, მშობელმა ბავშვთან ერთად გააანალიზოს გმირის არა ქცევა, არამედ მოტივები და დაეხმაროს პატარას იმის გაცნობიერებაში, რომ ძალის გამომჟღავნება სხვანაირადაც შეუძლია, ისე, რომ სხვები არ დააზიანოს. ასე ბავშვი ნელ-ნელა ისწავლის ემოციების ჯანსაღი ფორმით გამოხატვას და სხვისი გრძნობების გაზიარების სურვილიც გაუჩნდება.
როგორ გამოვიყენოთ მულტფილმები ბავშვის ემოციური განვითარების ხელშესაწყობად
თუ მულტფილმების ყურებისას დროს გონივრულად გამოიყენებთ, ისინი საკმაოდ ძლიერ ემოციურ ინსტრუმენტად იქცევა.
აი, რამდენიმე გზა:
1. ერთად ყურება და საუბარი. ბავშვები სულ სხვანაირად, უფრო გააზრებულად აღიქვამენ ამბავს, როცა მშობელი გვერდით უზის და ეესაუბრება. მოისმინეთ მისი აზრი და გაუზიარეთ თქვენიც.
2. ემოციების სახელდება. "ხედავ, როგორ გაბრაზდა?" ან “შენც გიგრძნია, ხომ, ასეთი რამ?” – მსგავსი ფრაზები ბავშვს ემოციების ამოცნობასა და სახელდებაში დაეხმარება.
3. გმირის ქცევის გადატანა რეალურ ცხოვრებაზე: “შენც ხომ ასე დაეხმარე შენს მეგობარს ბაღში?”
4. სიუჟეტის გამოგონება. მოფიქრეთ ამბის ალტერნატიული დასასრული ან ჰკითხეთ ბავშვს: “რა მოხდებოდა, გმირი რომ სხვანაირად მოქცეულიყო?”
ამგვარი თამაშით ბავშვი კრეატიულად აზროვნებას სწავლობს, თანაც ისე ზრუნავს საკუთარი ემოციების განვითარებაზე, რომ თავადაც ვერ აცნობიერებს.
ლიკა ქათამაძე











