ბავშვი-ძიძა
გააზიარე:
თუ თქვენს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია, დადგება დრო, როდესაც შეგეძლებათ, პატარა უფროსს დაუტოვოთ. ასე ძიძის ჰონორარსაც დაზოგავთ, დამოუკიდებლობასაც მიაჩვევთ უფროსს და და–ძმის ურთიერთკავშირსაც განამტკიცებთ.
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თუ რამე ხელის შემშლელი ფაქტორი არ არსებობს, ბავშვს 12 წლიდან აქვს საიმისო რესურსი, პატარა დაიკო ან ძამიკო დაიტოვოს. რასაკვირველია, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი, დიდიც და პატარაც, ინდივიდუალურია და მაშინ, როდესაც ერთი 12 წლის ასაკში უკვე მზად არის ამ პასუხისმგებლობისთვის, მეორისთვის ეს დრო შესაძლოა მოგვიანებით დადგეს.
რა უნდა გაითვალისწინოთ
1. უპირველეს ყოვლისა, ორივე ბავშვის ასაკი და განვითარების დონე:
* ბავშვი 12 წლის მაინც უნდა იყოს, რათა პატარასთან მარტო დატოვოთ.
* მთელი ღამით ნუ დაუტოვებთ პატარას უფროსს, თუ ის 16 წლის მაინც არ არის.
* სანამ ბავშვი ორი წლის გახდება, საერთოდ არ არის სასურველი, მშობლის მეთვალყურეობის გარეშე დარჩეს. თუ მაინც დატოვებთ, დატოვეთ ძალიან ცოტა ხნით, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფროსი 16 წლის მაინც არის.
2. რამდენად მოწიფულად აზროვნებს უფროსი შვილი:
* შეუძლია თუ არა გაუთვალისწინებელი ვითარებისთვის პანიკის გარეშე თავის გართმევა;
* იცის თუ არა, რომელ სამსახურში დარეკოს, რომელ ახლობელს მიმართოს გაუთვალისწინებელ სიტუაციაში, თუ თქვენთან დაკავშირება ვერ მოახერხა;
* ზოგადი პრობლემების გადაჭრის როგორი უნარი აქვს.
3. სპეციალური საჭიროების მქონე ხომ არ არის უმცროსი:
* ამ შემთხვევაში მეტი სიფრთხილე გმართებთ. უფროსი შვილი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული პატარას მოვლის პროცესში, იცნობდეს მის ყველა თავისებურებას და მათთან გამკლავების გზებს.
4. თავად უფროს შვილს აქვს თუ არა პატარასთან დარჩენის სურვილი:
* ამ საპასუხისმგებლო დღისთვის უფროსი ბავშვი წინასწარ უნდა შეამზადოთ. გაითვალისწინეთ მისი ემოციური მდგომარეობა. თუ ატყობთ, რომ ეშინია, აკლია საკუთარი თავის რწმენა, ნუ დააძალებთ, – შესაძლოა, დაიბნეს, შეშინდეს და პატარა უნებლიეთ დააზიანოს. აღარაფერს ვამბობთ სტრესზე, რომელსაც თავად განიცდის.
5. როგორი დამოკიდებულება აქვს პატარას უფროსი დედმამიშვილის მიმართ, რამდენად ბევრ დროს ატარებენ ერთად, რამდენად არის ჩართული უფროსი უმცროსის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში, რაც მთავარია, თავად თუ ამჟღავნებს უფროსთან მარტო დარჩენის სურვილს. თუ პატარა აპროტესტებს და ტირის, ესე იგი ამისთვის მზად არ არის. ამ შემთხვევაში უმჯობესია, ან გადადოთ საქმე, რომლის გამოც ბავშვების მარტო დატოვება გიწევთ, ან გამოცდილი ძიძა დაიქირაოთ, ან რომელიმე ზრდასრულ ნათესავს დაურეკოთ, რომელსაც პატარა კარგად იცნობს და ენდობა. მერე კი იმუშავეთ და-ძმის ურთიერთობის განმტკიცებაზე, ეცადეთ, იმაზე მეტი დრო გაატარონ ერთად, ვიდრე აქამდე ატარებდნენ, ჩართეთ უფროსი პატარას მოვლის პროცესში.
მისიისთვის მომზადება
როცა ბავშვები ერთ ოთახში იქნებიან, თავად მეორე ოთახში გადით და აცადეთ, მარტოებმა გაატარონ რამდენიმე წუთი. ამგვარად მიხვდებით, რამდენ ხანში მოგიკითხავთ პატარა ან საერთოდ მოგიკითხავთ თუ არა.
მიეცით უფროს შვილს საშუალება, დააპუროს უმცროსი, გამოუცვალოს, დააძინოს. შეუსწორეთ, რასაც არასწორად აკეთებს, შეაქეთ იმისთვის, რაც კარგად გამოსდის.
თავდაპირველად პატარა 15 წუთით დაუტოვეთ უფროსს. როდესაც დარწმუნდებით, რომ ბავშვმა თავი გაართვა პასუხისმგებლობას, ხანგრძლივობა ნელ-ნელა გაზარდეთ.
რა უნდა იცოდეს უფროსმა შვილმა
ფურცელზე გარკვევით ჩამოწერეთ და კედელზე (ან მაცივრის კარზე) მიამაგრეთ მშობლებისა და ყველა იმ ახლობლის ნომერი, ვისაც შეიძლება დაუკავშირდეს ბავშვი გაუთვალისწინებელ შემთხვევებში. გარდა ამისა, მან უნდა იცოდეს:
- ტელეფონის გამოყენება;
- სახლის მისამართი, მშობლების სახელები და გვარები;
- საჭიროების შემთხვევაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან დაკავშირება;
- კარის გაღება-დაკეტვა;
- გაზქურისა და მიკროტალღური ღუმლის გამოყენება;
- თითის გაჭრის ან დამწვრობის შემთხვევაში პირველი დახმარების გაწევა.
უნდა იცოდეს, როდის დაბრუნდებიან მშობლები. თუ გაგვიანდებათ, ამის თაობაზეც გააფრთხილეთ.
უნდა იცოდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაუღოს კარი უცხოს, თუნდაც მან ნათესავად ან მშობლების მეგობრად გააცნოს თავი ან უთხრას, რომ, მაგალითად, ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად ან მრიცხველის ჩვენების ჩასაწერად მოვიდა.
თუ მშობლების შინ არყოფნისას ტელეფონზე მისთვის უცნობმა ადამიანმა დარეკა, არავითარ შემთხვევაში არ უთხრას თავისი სახელი, გვარი და მისამართი. არც ის გაუმხილოს, რომ შინ მხოლოდ ბავშვები არიან.
უმჯობესია, გადამალოთ მჭრელი და ბასრი საგნები, სანთებელა, ასანთი, წამლები, საყოფაცხოვრებო ქიმია.
უფროსმა უნდა იცოდეს, რომელი უსაფრთხო თამაშებით გაართოს პატარა; უნდა აცნობიერებდეს, რომ ფანჯრის რაფაზე აძვრომა ან აივანზე მარტო გასვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თუ ხედავთ, რომ პატარა ამ ადგილებს ჯიუტად ეტანება და არ უჯერებს უფროსს, მაშინ ბავშვების მარტო დატოვებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
დამატებითი უსაფრთხოება
კარგი იქნება, თუ მეზობელს, რომელთანაც კარგი ურთიერთობა გაქვთ, გააფრთხილებთ, რომ ბავშვები შინ მარტო რჩებიან და სთხოვთ, დროდადრო დახედოს.
ლიკა ქათამაძე