პეისმეიკერი: იმპლანტაცია და მოვლა
გააზიარე:
პეისმეიკერი, იგივე კარდიოსტიმულატორი, მცირე ზომის მოწყობილობაა, რომელიც გულის კუნთის სტიმულაციისა და მისი შეკუმშვის რეგულირებისთვის შეიქმნა. გულის ელექტროფიზიოლოგიის უკეთ შესწავლასთან ერთად გაფართოვდა პეისმეიკერის გამოყენების ჩვენებათა სია და დაიხვეწა მისი ტექნოლოგიური მახასიათებლები, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა პაციენტების ცხოვრების ხარისხი და გაზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა.
როგორ მუშაობს გული
ცნობილია, რომ გულის მუშაობას მისივე ელექტრული სისტემა არეგულირებს. შეკუმშვას იწვევს ელექტრული იმპულსი, რომელიც გულის რიტმის ბუნებრივ წამყვანში, სინუსის კვანძში, წარმოიქმნება. იმპულსი თავდაპირველად მარჯვენა და მარცხენა წინაგულებში ვრცელდება, – ამ დროს წინაგულები იკუმშება და სისხლი პარკუჭებში გადადის, – მცირე ხანს ყოვნდება წინაგულებსა და პარკუჭებს შორის არსებულ ატრიოვენტრიკულურ კვანძში, მერე კი გადაეცემა პარკუჭებს და იწვევს მათ შეკუმშვას, რასაც გულიდან სისხლის სხვადასხვა ორგანოსკენ დენა მოჰყვება.
როცა გულის შეკუმშვათა სიხშირე ნორმაზე დაბალია, ორგანოებს საკმარისი რაოდენობის სისხლი ვეღარ მიეწოდება. ამ დროს მოსალოდნელია:
- ადვილად დაღლა;
- სისუსტე;
- თავბრუხვევა;
- გონების დაკარგვა;
- მეხსიერების პრობლემები;
- თავის ტკივილი;
- დაბალი არტერიული წნევა.
გულის ელექტრული სისტემის დაზიანებით გამოწვეული ბრადიკარდია, გულისცემის სიხშირის დაქვეითება, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს.
როდის გვჭირდება პეისმეიკერი
პეისმეიკერის იმპლანტაცია მიზანშეწონილია, როცა ბრადიკარდიის მკურნალობის სხვა საშუალებები უეფექტოა, გულისცემის დაბალი სიხშირე კი მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს.
არსებობს სხვა მიზეზებიც, რომელთა გამოც ექიმმა შესაძლოა პეისმეიკერის იმპლანტაცია შემოგთავაზოთ. მაგალითად, გულის უკმარისობის ზოგიერთი ფორმა.
რა არის პეისმეიკერი
სტანდარტული პეისმეიკერი 4-5 სმ ზომისა და 20-50 გრამი წონის აპარატია. ის შედგება იმპულსის წარმომქმნელი ნაწილისა და ელექტროდებისგან, რომლებითაც მოწყობილობა გულს უკავშირდება. იმპულსის წარმომქმნელი წარმოადგენს მეტალის პატარა კოლოფს. ის შედგება ელემენტისა და მცირე კომპიუტერისაგან, რომელიც იმპულსების წარმოქმნას და გულისკენ გაგზავნას არეგულირებს. ელექტროდი იზოლირებული მავთულია, რომლის ერთი ბოლო იმპულსის წარმომქმნელთან არის დაკავშირებული, ხოლო მეორე – გულის რომელიმე საკანთან. ელექტროდები თითქმის ყოველთვის გულმკერდის ერთ-ერთ (იღლიის ან ლავიწქვეშა) ვენაში თავსდება.
პაციენტის დიაგნოზისა და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმი ირჩევს ელექტროდების რაოდენობას (1, 2, 3) და განთავსების ადგილს. ელექტროდი შეიძლება ჩაინერგოს როგორც წინაგულში, ისე პარკუჭში ან ორივე მათგანში ერთად.
არსებობს მუდმივი კარდიოსტიმულატორების სამი ძირითადი ტიპი:
* ერთკამერიან პეისმეიკერში იმპულსის წარმომქმნელი მარჯვენა პარკუჭში ჩანერგილ ერთ ელექტროდს უკავშირდება. მას უმეტესად წინაგულთა ფიბრილაციის (მოციმციმე არითმია) მუდმივი ფორმის დროს მკვეთრად დაბალი პულსის მქონე პაციენტებთან იყენებენ.
* ორკამერიან პეისმეიკერს ორი ელექტროდი აქვს. ერთი მარჯვენა წინაგულშია მოთავსებული, მეორე კი მარცხენა პარკუჭში.
* სამკამერიანი პეისმეიკერის იმპულსის წარმომქმნელი დაკავშირებულია სამი ელექტროდთან, რომლებიც მარჯვენა კამერებს და მარცხენა პარკუჭს უერთდება. სამკამერიანი პეისმეიკერი გულის სპეციფიკური ტიპის უკმარისობის სამკურნალოდ გამოიყენება. ამ დროს პარკუჭების ასინქრონული შეკუმშვის გამო გულიდან გადასროლილი სისხლის მოცულობა მცირდება და გულის ქრონიკული უკმარისობა ვითარდება.
სამკამერიანი პეისმეიკერი ანუ ბივენტრიკულური კარდიოსტიმულატორი გულის კუმშვითი ფუნქციის გასაუმჯობესებლად არის გამიზნული. ის ორივე პარკუჭს ერთდროულად აწვდის იმპულსებს და აღადგენს გულის სინქრონულ მუშაობას, რაც უმეტესად მნიშვნელოვან შედეგს იძლევა გულის უკმარისობის მკურნალობის დროს. ამ მეთოდს გულის რესინქრონიზაციული თერაპია ჰქვია.
პეისმეიკერის უახლესი მოდელები სიხშირის ადაპტაციის ფუნქციით არის აღჭურვილი. ასეთ აპარატებს შეუძლია, გულისცემის სიხშირე პაციენტის ფიზიკური აქტივობის შესაბამისად ცვალოს.
არსებობს ძალიან პატარა უსადენო პეისმეიკერი მაიკრაც, რომელიც წამლის კაფსულის ზომისაა და სულ ორ გრამს იწონის. მას, სტანდარტული პეისმეიკერისგან განსხვავებით, სადენები არ აქვს. პეისმეიკერი ბარძაყის ვენიდან კათეტერით შეჰყავთ გულში. ის სპეციალური “ღუზებით’’ ემაგრება გულის ამომფენ გარსს და სამუდამოდ რჩება იქ. მაიკრას ელემენტი 17-20 წელს ძლებს, მაშინ როდესაც სტანდარტული აპარატის ელემენტის მოქმედების ვადა 5-10 წლით შემოიფარგლება. კომპაქტური კარდიოსტიმულატორები ლაზერით არის დალუქული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის, სტანდარტული მოწყობილობისგან განსხვავებით, ელემენტის გამოცვლა შეუძლებელია. როდესაც მაიკრას ელემენტის მუხტი ამოიწურება, ახალ პეისმეიკერს ნერგავენ, ძველი მოწყობილობა კი ითიშება და უფუნქციოდ რჩება სხეულში.
როგორ ტარდება ოპერაცია
სტანდარტული, სადენებიანი პეისმეიკერის იმპლანტაცია მცირე ქირურგიული პროცედურაა, დაახლოებით ერთ საათს გრძელდება და ადგილობრივი გაუტკივარებით, ზოგადი ანესთეზიის გარეშე ტარდება. აპარატი ინერგება გულმკერდის წინა ზედაპირზე, უშუალოდ ლავიწის ძვლის ქვემოთ, არადომინანტური ხელის მხარეს.
თავდაპირველად პეისმეიკერის ელექტროდები ადგილობრივი დიდი (იღლიის ან ლავიწქვეშა) ვენიდან რენტგენოსკოპიის კონტროლით შეჰყავთ გულის კამერებში. სასურველ პოზიციაზე მათი დამაგრებისა და ნორმალური პარამეტრების მიღების შემდეგ ელექტროდების ბოლოებს სპეციალური სახრახნისით ამაგრებენ იმპულსის წარმომქმნელზე, რომელიც მეყსეულად იწყებს მუშაობას ქარხნული სტანდარტული პარამეტრებით. საბოლოოდ პეისმეიკერი ლავიწის ძვლის ქვემოთ, სპეციალურად შექმნილ კანქვეშა ჯიბეში თავსდება, ჭრილობა იხურება და პროცედურა სრულდება.
თანმხლები რისკები
პეისმეკერის იმპლანტაცია, ჩვეულებრივ, უსაფრთხოა, თუმცა, როგორც ყველა ქირურგიულ ჩარევას, მასაც ახლავს გართულების განსაზღვრული რისკი. გართულება შეიძლება იყოს როგორც უმნიშვნელო და ადვილად გადასატანი, ისე სიცოცხლისთვის საშიშიც. განვითარების ალბათობის მიხედვით, მათ შედარებით ხშირ და იშვიათ გართულებებად ყოფენ.
შედარებით ხშირია (10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
* მცირე ტკივილი და შეშუპება ჭრილობის არეში ოპერაციიდან რამდენიმე დღე. უსადენო სტიმულატორს ასეთი გართულება არ ახასიათებს – გულში მისი ჩანერგვა ბარძაყის ვენიდან ხდება, შესაბამისად, მხოლოდ ამ სისხლძარღვზე რჩება ძალიან პატარა ნაჩხვლეტი ჭრილობა.
იშვიათია (100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
* გულის რიტმის მნიშვნელოვანი დარღვევა პეისმეიკერის იმპლანტაციის დროს – შესაძლოა, საჭირო გახდეს რეანიმაცია;
* პლევრის ღრუს ან გულის გახვრეტა, რაც გულმკერდის ღრუდან ჰაერის გამოდევნას ან სასწრაფო ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს;
* პეისმეიკერის ელექტროდის დისფუნქცია ან დისლოკაცია – შესაძლოა, საჭირო გახდეს განმეორებითი პროცედურა მის ჩასასწორებლად (უსადენო აპარატის ჩანერგვისას ასეთი გართულება არ ხდება);
* ვენის თრომბოზი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლძარღვის მიმდებარე მიდამოს ან მთელი კიდურის შეშუპება – ამ შემთხვევაში ინიშნება სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები;
* ინფექცია პეისმეკერის იმპლანტაციის არეში – შესაძლოა, საჭირო გახდეს იმპლანტირებული სისტემის ამოღება, მედიკამენტური მკურნალობის ჩატარება და პეისმეიკერის სხვა მიდამოში ხელახლა ჩანერგვა. მაიკრას გამოყენებისას მსგავსი გართულება არ აღირიცხება. პირიქით, თუ წინათ, სტანდარტული პეისმეიკერის ინფიცირების შემთხვევაში, ანტიბაქტერიული თერაპიის დასრულებამდე პაციენტს ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და დროებითი აპარატი სჭირდებოდა, ახლა ძველი პეისმეიკერის ამოღებისთანავე, ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად არის შესაძლებელი უსადენო მოდელით მისი შეცვლა.
მნიშვნელოვანი რეკომენდაციები
- ოპერაციის წინა საღამოს აუცილებლად მიიღეთ შხაპი.
- ოპერაციის დღეს კლინიკაში მიბრძანდით უზმოდ. სასურველია, ოპერაციამდე 6-8 საათის განმავლობაში არაფერი შეჭამოთ და დალიოთ. შეიძლება მხოლოდ ცოტა წყალი.
- ოპერაციის შემდეგ საჭიროა განსაზღვრული რეჟიმის დაცვა. კერძოდ, დაახლოებით 4 კვირა არ შეიძლება ჭრილობის მხარეს დაწოლა, სიმძიმის აწევა და მკლავებით ჩამოკიდება. დეტალურ ინსტრუქციას ექიმისგან მიიღებთ.
- პეისმეიკერის ჩანერგვის შემდეგ პაციენტს სჭირდება მეთვალყურეობა და ხელოვნური კარდიოსტიმულატორის მუშაობის პერიოდული შემოწმება. ვიზიტის ზუსტ ვადას ექიმი დაგიწესებთ.
- კონტაქტური სპორტი შესაძლოა სტანდარტული პეისმეიკერის დაზიანების ან სადენების დისლოკაციის მიზეზად იქცეს, უკაბელო აპარატის ჩანერგვის შემთხვევაში კი ასეთი რამ პრაქტიკულად გამორიცხულია.
- სტანდარტული პეისმეიკერის ჩანერგვის შემდეგ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება არ შეიძლება. სხვა სახის გამოკვლევები, მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოსკოპია და რენტგენოსკოპია, უსაფრთხოა. უსადენო პეისმეიკერის იმპლანტაციის შემთხვევაში მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება ნებადართულია, ოღონდ განსაზღვრული წესების დაცვით. ამის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას თქვენი ექიმი მოგაწვდით.
- აეროპორტის ელექტრული უსაფრთხოების სისტემაში დიდხანს დაყოვნებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს პეისმეიკერის მუშაობას. დეტექტორში სწრაფად გავლა (თუნდაც რამდენჯერმე) მოწყობილობას ვერ დააზიანებს. საზღვრის კვეთის დროს აუცილებლად იქონიეთ პეისმეიკერის საიდენტიფიკაციო ბარათი – როდესაც დეტექტორი თქვენს მოწყობილობას გამოავლენს, ამ ბარათს უსაფრთხოების დაცვის სამსახურის თანამშრომელს წარუდგენთ. არ შეიძლება სკრინინგის პორტატიული ჯოხის გამოყენება, რადგან ის პეისმეიკერის მუშაობას საფრთხეს უქმნის.
- მიკროტალღური ღუმელი, მობილური ტელეფონი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა ყოველდღიური გამოყენების პირობებში პეისმეიკერის მუშაობას ხელს არ უშლის, თუმცა რეკომენდებული არ არის მობილური ტელეფონის ჯიბეში ჩადება ჩანერგილი პეისმეიკერის მხარეს.
- პეისმეიკერის მქონე პირებისთვის არ შეიძლება ელექტრული ბურღის გამოყენება და მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორთან მიახლოება.
- განსაზღვრული წესების დაცვაა საჭირო ისეთი სამედიცინო პროცედურების დროს, რომლებიც ელექტროდანის გამოყენებას მოითხოვს. იზღუდება ლითოტრიფსიის (ულტრაბგერითი ტალღებით კენჭის დაშლის) პროცედურაც.
მარი მარღანია











