პინცეტის ნაირსახეობები
გააზიარე:
განურჩევლად იმისა, ანდობთ თუ არა წარბისთვის ფორმის მიცემას სპეციალისტს, პინცეტი მაინც საჭირო ნივთია. ამ პატარა ხელსაწყოს თითქმის ყველა ქალის მაკიაჟის ჩანთაში იპოვით. მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, რატომ აქვს პინცეტს სხვადასხვანაირი პირი?
სხვადასხვანაირ მოდელს სხვადასხვა ფუნქცია აკისრია. სწორად შერჩეული პინცეტი უფრო დიდი სიზუსტით და უმტკივნეულოდ იღებს უწვრილეს ღერებს.
კლასიკური ირიბპირიანი პინცეტი
ერთი ირიბი პინცეტი ჩანთაში ყველას უნდა ედოს. ასეთი პინცეტის წვერი დიდი სიზუსტით მიიმართება თმის ღერისკენ, იდეალურად იჭერს მას და შეუძლია, ძირამდეც მიაღწიოს. ასეთი პინცეტი საუკეთესოდ იღებს როგორც სქელ, ისე ძალიან წვრილ ღერებს. მისი მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ღერის მოცილებაც.
განსაკუთრებით მოხერხებულია ძლიერ ირიბი, წვეტიანი პინცეტი. მისი გამოყენება ორნაირად შეიძლება: ქვედა მხარისა - შედარებით მტკიცე ღერებისთვის, ხოლო წვეტისა - წარბის გარშემო ღინღლის მოსაცილებლად.
სწორპირიანი პინცეტი
სწორი პინცეტით შესაძლებელია როგორც თითო, ისე ერთდროულად რამდენიმე ღერის ამოღება. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მეშვეობით უფრო სწრაფად მოიშორებთ თმას კანის შედარებით ფართო უბანზე. კარგი მოჭიდების წყალობით ის იდეალურად იღებს ძლიერ ღერებს, მაგალითად, წარბის ზედა ნაწილში.
წვეტიანი პინცეტი
ალბათ ბევრს გამოგიცდიათ: უკვე რამდენიმე წუთია, დგახართ სარკის წინ და ამაოდ ცდილობთ ერთი წვრილი ღინღლის ამიღებას. ასეთ დროს წვეტიანი პინცეტი დაგეხმარებათ. ის განსაკუთრებით კარგად იჭერს ძალიან წვრილ ღერებს. გარდა ამისა, ასეთი პინცეტით ადვილად გამოაცალკევებთ და ამოიღებთ არასასურველ ღერს ღერების ჯგუფიდან.
წვეტიანი პინცეტით შეგიძლიათ ამოიღოთ ჩაზრდილი თმის ღერი ან ფერიმჭამელა.
დაბოლოს, წვეტიანი პინცეტი შეუცვლელია ყველა გოგოსთვის, ვინც ხელოვნურ წამწამებს ატარებს. მისი მეშვეობით ხელოვნურ ღერებს დიდი სიზუსტით დაიმაგრებთ წამწამებზე.
პინცეტის შეძენისას გაითვალისწინეთ რამდენიმე კრიტერიუმი:
მასალა: ანტიალერგიული, უჟანგავი და ადვილად მოსავლელი
ძალა: პინცეტის პირების ერთმანეთთან მისატანად გარკვეული ძალისხმევა უნდა დაგჭირდეთ. თუ ხელსაწყო მოდუნებულია, თავის ფუნქციას სრულყოფილად ვერ შეასრულებს.
მოჭიდება: პირები ერთმანეთს ზუსტად უნდა ედებოდეს, ისე, რომ მათ შორის უმნიშვნელო სიცარიელეც კი არ იყოს.
სასარგებლო რჩევები
თმის ამოღება რომ გაგიადვილდეთ, უმჯობესია, ეს პროცედურა ცხელი შხაპის მიღების შემდეგ ჩაიტაროთ ან კანზე რამდენიმე წუთით დაიფინოთ თბილი წყლით სველი, კარგად გაწურული პირსახოცი – ფორები გაფართოვდება და თმის ამოღება გაგიადვილდებათ. ეცადეთ, თმის ღერი ზრდის მიმართულებით ამოიღოთ.
თმის ღერი რომ არ გაწყდეს და ძირი კანში არ ჩარჩეს, ეცადეთ, პინცეტის პირი ძირთან რაც შეიძლება ახლოს ჩაავლოთ.