ბოტოქსის ალტერნატივა

გააზიარე:

ბოტოქსი, რომელსაც დიდი ხანია იყენებენ ესთეტიკურ მედიცინაში, ბოტულინის ტოქსინისგან დამზადებული პრეპარატია. ის დროებით თრგუნავს ნერვული იმპულსების გადაცემას, რის შედეგადაც სახის მიმიკური კუნთები ნაკლებად მოძრაობს და ნაოჭები სწორდება.

ბოტოქსის ნემსები ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გამაახალგაზრდავებელი პროცედურაა, თუმცა ბოლო ხანს პოპულარობა მოიპოვა რამდენიმე სხვა მეთოდმაც, რომლებსაც ბოტოქსის ერთგვარ ალტერნატივად მიიჩნევენ. მათ შორისაა ულთერაპია და მეზოძაფები.

ულთერაპია

კოლაგენი ცილაა, რომელსაც შეიცავს ადამიანის ძვლები, კუნთები, მყესები და კანი. ის კრავს და აერთიანებს სხეულის ნაწილებს. კოლაგენის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კანის სტრუქტურის უზრუნველყოფაა. ასაკთან ერთად ადამიანის სხეულში კოლაგენის განლევა იწყება. შედეგად კანი ეშვება, ჩნდება ღაბაბი, ნაოჭები, იცვლება სახის ოვალი.

ულთერაპია ლიფტინგის – მოშვებული კანის აწევის – მეთოდია. ეს არის არაინვაზიური კოსმეტიკური პროცედურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცედურის დროს კანის მთლიანობა არ ირღვევა. ქსოვილებს შერჩევით ათბობენ ფოკუსირებული ულტრაბგერით, რომელიც კანის დაუზიანებლად აღწევს მის შიგნით – 1.5 მმ, 3.0 მმ და 4.5 მმ სიღრმეზე – და ასტიმულირებს ახალი კოლაგენის სინთეზს, რაც, თავის მხრივ, სათავეს უდებს კანის გაახალგაზრდავების ბუნებრივ პროცესს.

ულთერაპიას, წესისამებრ, სახის, ყელისა და დეკოლტეს კანის ასაწევად მიმართავენ. ეფექტის მისაღებად მიკროფოკუსირებულ ულტრაბგერას იყენებენ. პროცედურა ტარდება ვიზუალიზაციის თანხლებით. სპეციალისტი მთელი პროცედურის განმავლობაში ხედავს სამკურნალო ზონას, შესაბამისად, ზუსტ სიღრმეზე მიმართავს ულტრაბგერას და აკონტროლებს მის ინტენსივობას, რათა ქსოვილის ღრმა შრეები არ დაზიანდეს.

ვინაიდან ულთერაპიის დროს კანის ზედაპირი ხელშეუხებელია, ეს მეთოდი განსაკუთრებით მისაღებია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა არაინვაზიური იყოს.

ულთერაპიის შედეგად კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე საგრძნობლად იმატებს.

თანმხლები ეფექტები ამ პროცედურას არ გააჩნია. ის აბსოლუტურად უსაფრთხოა, რადგან აპარატი ზედმიწევნით განსაზღვრავს ულტრაბგერის ზემოქმედების სიღრმეს თითოეული ზონისთვის.

ულთერაპიის პროცედურა, ფაქტობრივად, უმტკივნეულოა. შესაძლოა, პაციენტი მცირედი დაჭიმულობის შეგრძნებამ შეაწუხოს.

პროცედურის ხანგრძლივობა კანის სტრუქტურასა და დასამუშავებელ ზონებზეა დამოკიდებული. საშუალოდ, ის 45-90 წუთი გრძელდება. შედეგი დასრულებისთანავე შესამჩნევია, თუმცა ეფექტი 1-2 თვეში აღწევს პიკს და 2-3 წლამდე ძლებს.

პაციენტს არ სჭირდება სპეციალური დრო რეაბილიტაციისთვის. ის პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

მეზოძაფები

სინთეტიკური ბოჭკოსგან, პოლიდიოქსანონისგან, დამზადებული ძაფები, რომელთა სისქე თმის ღერისას არ აღემატება, გამტარი ნემსით კანქვეშ შეჰყავთ. ეს მეთოდი ასტიმულირებს კოლაგენის წარმოქმნას, ამკვრივებს და ჭიმავს კანს.

მეზოძაფები რამდენიმენაირია: მონოძაფი, სპირალი (3D) და კოგი (ბოჭკოვანი) (4D). ყველა მათგანი კანქვეშ განსაზღვრულ სიღრმეზე თავსდება.

კოგები კანულაში მოთავსებული ხაოიანი ძაფებია, რომლებიც ამაგრებს კანის ქსოვილს სასურველი მიმართულებით, მაქსიმალურად ჭიმავს კანს სახესა და ყელზე.

სპირალები ბოჭკოვან ძაფებზე სქელია, ამიტომ მათი ლიფტინგის ეფექტიც უფრო ძლიერია.

მონოძაფები გამოიყენება წვრილი ხაზებისა და ნაოჭების გასასწორებლად, სახესა და სხეულზე  კანის გასამკვრივებლად.

დროთა განმავლობაში მეზოძაფები ბუნებრივად გაიწოვება, ხოლო კანში წარმოიქმნება კოლაგენის ახალი ბოჭკოები და ხდება ძველი, მოდუნებული ბოჭკოების გაახალგაზრდავება, რაც მეზოძაფებით მიღებულ შედეგს განსაკუთრებით ბუნებრივ ელფერს სძენს.

მეზოძაფების ეფექტი პროცედურის დასრულებისთანავე შესამჩნევია, მაგრამ საბოლოო შედეგი 4-8 კვირის განმავლობაში დგება და დაახლოებით 2 წელი გრძელდება.

მეზოძაფების გამოყენება შეიძლება როგორც სახის სხვადასხვა ზონის ლიფტინგისთვის,  ისე დანარჩენი სხეულისთვისაც. 

სახე

  • ყვრიმალები
  • ცხვირ-ტუჩის ნაოჭი
  • შუბლი
  • თვალების გარშემო არე
  • წარბები
  • ყელი
  • ღაბაბი
  • სახის ოვალი

ტანი

  • დეკოლტე
  • მკლავები
  • მკერდი
  • მუცელი
  • დუნდულები
  • ბარძაყები

პროცედურა არ მოითხოვს პაციენტის წინასწარ მომზადებას და არც შემდგომი რეაბილიტაცია სჭირდება. ზოგ შემთხვევაში კანზე ჩნდება უმნიშვნელო სილურჯეები, რომლებიც 1-2 დღეში თავისით გაივლის. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. პაციენტი მისი დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

რა უნდა იცოდეთ უსაფრთხოების შესახებ

ულთერაპია ანალოგიური ტიპის ბევრ სხვა პროცედურაზე უსაფრთხოა. მისი არასასურველი შედეგები პრაქტიკაში, ფაქტობრივად, არ დასტურდება. რაც შეეხება მეზოძაფებს, აქ რისკი მეტია, რადგან დიდი შანსია, არაპროფესიონალის მიერ ჩატარებულმა პროცედურამ არასასურველი შედეგი გამოიღოს. მეტისმეტად ღრმად შეყვანილმა ძაფებმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის დანაწიბურება და გამუქება.

უნდა აღინიშნოს ინფექციის რისკიც, რომელიც ძალიან მაღალია, თუ პროცედურას არასერტიფიცირებულ სპეციალისტთან ჩაიტარებთ და არა სანდო დაწესებულებაში, სადაც სტერილიზაციის ნორმებს სათანადოდ იცავენ.

როდის არ შეიძლება

მეზოძაფები არ გამოდგებით, თუ:

* გაქვთ კანის აქტიური ინფექცია;

* ღია ჭრილობა;

* ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, როგორიცაა სისხლის შედედების დარღვევა ან იმუნური სისტემის დასუსტება;

* იღებთ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ კოსმეტიკურ პროცედურამდე უნდა გაიაროთ კვალიფიციური დერმატოლოგის ან კოსმეტოლოგის კონსულტაცია.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: