ბილინგვიზმი და მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე

გააზიარე:

ბილინგვიზმი ანუ ორ ენაზე თავისუფლად ლაპარაკის უნარი თანამედროვე მსოფლიოსთვის უკვე აღარ არის იშვიათობა. გლობალიზაციის ეპოქაში, სადაც კულტურათა ურთიერთობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ბილინგვური აღზრდა მრავალი ოჯახისთვის პრიორიტეტად იქცა. თუმცა ბევრს უჩნდება კითხვა: რამდენად სასარგებლოა ბილინგვიზმი ბავშვისთვის, როგორია განვითარებაზე მისი გავლენა?

ბილინგვიზმის მნიშვნელობა

ბილინგვიზმის უნიკალური თვისება ის არის, რომ ტვინის ორივე ნახევარსფეროს აქტიურ მუშაობას მოითხოვს. როცა ბავშვი ორ ენას ერთდროულად სწავლობს, მისი ტვინი გაცილებით უკეთესად ფუნქციონირებს.

ბილინგვიზმის ტიპები

განასხვავებენ ბილინგვიზმის ორ ტიპს.

როდესაც ბავშვის დედა ინგლისურენოვანია, ხოლო მამა ფრანგულად ლაპარაკობს, ბავშვი დადის ინგლისურენოვან ბაღში და იმავდროულად სხვა სივრცეში (მაღაზიაში, გასართობ პარკში) ესმის ფრანგული – ამ შემთხვევაში ის სიმულტანურად (ერთდროულად) დაისწავლის ორივე ენას. კარგია, როდესაც ეს ხდება 3 წლამდე – ასაკში, რომელიც ენის ათვისებისთვის ყველაზე სენსიტიურად მიიჩნევა. ბავშვს უწევს, მოისმინოს და ისწავლოს ერთდროულად ორი სხვადასხვა ენის მახასიათებლები და მათი გარჩევა შეძლოს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ორივე ენის ერთნაირად ათვისება იშვიათია. ბავშვი უკეთ ითვისებს იმ ენას, რომელიც თავისთვის ბუნებრივ გარემოში – შინ, ეზოში, მაღაზიაში – ესმის. თუ ამ დროს მეორე ენაზე საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების გამოხატვას და მარტივი დიალოგის წარმართვასაც ახერხებს, ეს უკვე ბილინგვიზმის შემთხვევად განიხილება.

ბილინგვიზმის მეორე ტიპი პირველისგან იმით განსხვავდება, რომ თუ პირველ შემთხვევაში ბავშვს თავიდანვე ერთნაირად ესმის ორი ენა, მეორეში მეორე ენის ათვისებას მას შემდეგ იწყებს, რაც პირველი მისთვის უკვე მშობლიურადაა ქცეული. მაგალითად, ბავშვი იზრდება ქართულენოვან ოჯახში, სადაც ოჯახის ყველა წევრი  ქართულად ლაპარაკობს, მაგრამ საცხოვრებლად გადადის ესპანეთში, სადაც გარშემო ყველა ესპანურად ესაუბრება და 3-4 წლიდან დადის ბაღში, სადაც დომინანტი ენა ასევე ესპანურია. ბავშვი უკეთ აითვისებს მეორე ენას, თუ პირველს, მშობლიურს, უკვე კარგად ფლობს, მაშასადამე, ამ ენაზე საუბრობს, გადმოსცემს აზრებს, ესმის ასაკის შესაბამისი ინფორმაცია.

ორივე შემთხვევაში გვახსოვდეს, რომ ენის ათვისება ბუნებრივ გარემოში, ძალდაუტანებლად და სიამოვნებით უნდა მოხდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი ენობრივი გარემო, ბავშვთან მუდმივი კომუნიკაცია, მისი მოსმენა, მისი ინტერესების გათვალისწინება, ასაკობრივი განვითარების შესაბამის თამაშებში ჩართვა, სიმღერების ერთად მოსმენა, კითხვა.

ბილინგვიზმის კოგნიტიური სარგებელი

1. ყურადღების მართვა და კონცენტრაცია

ბილინგვი ბავშვები მუდმივად უნაცვლებენ ერთმანეთს ენებს, რაც ავითარებს ყურადღების მართვისა და ინფორმაციის ეფექტურად დამუშავების უნარებს.

2. პრობლემის გადაჭრა და კრეატიულობა

ბილინგვ ბავშვებს უკეთესად აქვთ განვითარებული პრობლემის გადაჭრის უნარები. მათი ტვინი "გაწვრთნილია" ორ განსხვავებულ ენას შორის გადართვა-გადმორთვისთვის, რაც ლოგიკურ და კრეატიულ აზროვნებას აძლიერებს.

3. უკეთესი მეხსიერება

ერთი ენიდან მეორეზე რეგულარული გადართვა აუმჯობესებს როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივ მეხსიერებას. ბილინგვი ბავშვები უკეთ იმახსოვრებენ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში უფრო ადვილად იხსენებენ.

4. აკადემიური მიღწევები

ბილინგვიზმს შეუძლია, ხელი შეუწყოს აკადემიურ წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ ბილინგვ ბავშვებს თავდაპირველად ზოგჯერ ერთმანეთში ერევათ სხვადასხვა ენის სიტყვები, ეს პრობლემა თანდათან გაივლის და გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი ბავშვები ხშირად უკეთეს აკადემიურ შედეგებსაც კი აჩვენებენ. ისინი უკეთ ართმევენ თავს მრავალფეროვან დავალებებს, რომლებიც ანალიზს, შედარებას და არგუმენტირებულ მსჯელობას მოითხოვს.

სოციალური და ემოციური სარგებელი

ბილინგვიზმი არა მხოლოდ კოგნიტიურ, არამედ სოციალურ და ემოციურ განვითარებაზეც  მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

1. კულტურული მრავალფეროვნება

ბილინგვ ბავშვებს უკეთ ესმით კულტურათა მრავალფეროვნების მნიშვნელობა და უფრო გულღიად იღებენ განსხვავებულს, უფრო ტოლერანტ და სოციალურად ინტეგრირებულ ინდივიდებად ყალიბდებიან.

2. ემპათია

ორ ენაზე საუბარს ხშირად თან სდევს ადრეულ ასაკში ორი განსხვავებული კულტურის გაცნობა, რაც თავისთავად უვითარებს ბავშვს ემპათიის უნარს.

3. ადაპტაცია

ბილინგვი ბავშვები ადვილად ეგუებიან გარემოს ცვლილებებს, რაც მათ სხვებთან შედარებით უპირატესობას აძლევს.

გამოწვევები და მათი დაძლევა

ბილინგვიზმთან დაკავშირებული სირთულეები, ჩვეულებრივ, ორ ძირითად პრობლემამდე დაიყვანება:

1. ენების არათანაბარი ფლობა

ბილინგვი ბავშვები ზოგჯერ ერთ ენას უფრო უკეთ ეუფლებიან, ვიდრე მეორეს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად სასურველია, ბავშვს ორივე ენის რეგულარულად გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეს.

2. დროის დეფიციტი

ენის სწავლისთვის საკმარისი დროის გამონახვა ადვილი არ არის. მშობლებს უნდა ჰქონდეთ კარგად გაწერილი გეგმა, რათა ბავშვმა ორივე ენის შესწავლას თანაბარი დრო დაუთმოს.

რეკომენდაციები მშობლებისთვის

ბილინგვური აღზრდის პროცესში საუკეთესო შედეგის მისაღებად მშობლებს შეუძლიათ, გამოიყენონ შემდეგი მიდგომები:

1. ერთი მშობელი, ერთი ენა

ეს მეთოდი გულისხმობს, რომ ერთი მშობელი ყოველთვის ერთ ენაზე ესაუბრება ბავშვს, ხოლო მეორე – მეორეზე.

2. მულტიმედიური მასალების გამოყენება

საინტერესო ფილმები, წიგნები და მუსიკა ენების ათვისებას აადვილებს. თუ ბავშვს ერთხელ უკვე ნანახი აქვს და მოსწონს მულტფილმი, შესთავაზეთ მისი მეორედ ნახვა, ამჯერად – მეორე ენაზე.

3. პრაქტიკა

ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ორივე ენა რეალური კომუნიკაციისთვის გამოიყენოს. მაგალითად, თუ ოჯახში ძირითადად ერთ ენაზე საუბრობთ, შეარჩიეთ ისეთი სკოლა, სადაც დომინანტი მეორე ენა იქნება.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: