კვების გავლენა თირკმელების ჯანმრთელობაზე

გააზიარე:

სხეულის მთავარი გამწმენდი ორგანოს, თირკმლის, მწყობრიდან გამოსვლას შეუძლია, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას. რა შეგვიძლია გავაკეთოთ თირკმელების ჯანმრთელობისთვის? მაგალითად, სწორად ვიკვებოთ, ვერიდოთ წამლების ჭარბ და უსაფუძვლო გამოყენებას, შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა, თავი დავანებოთ მოწევას, საკმარისად ვიმოძრაოთ, ჩავიტაროთ გეგმური გამოკვლევები...

ინტერვიუდან შეიტყობთ, რა როლს ასრულებს კვება თირკმელების ჯანმრთელობაში, შესაძლებელია თუ არა კვებით თირკმლის დაავადებების პრევენცია და როგორ შევცვალოთ კვების რეჟიმი, თუ თირკმელი თავის ფუნქციას სრულფასოვნად ვეღარ ასრულებს. ჩვენი რესპონდენტია “ავერსის კლინიკის” თერაპევტი, ოჯახის ექიმი მედეა ტუღუში.

– თირკმელი წყვილი ორგანოა, რომლის მთავარი ფუნქციაა, გაფილტროს სისხლი ჭარბი მარილისა და ნივთიერებათა ცვლის უსარგებლო ნარჩენებისგან და გამოდევნოს სხეულიდან ზედმეტი სითხე. თირკმელები დღე-ღამეში საშუალოდ 150 ლიტრამდე სისხლს წმენდს და 2 ლიტრამდე ნარჩენი გამოაქვს ორგანიზმიდან შარდის სახით. გარდა ამისა, ეს წყვილი ორგანო სხეულში მიმდინარე მრავალ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობს. მაგალითად, ელექტროლიტების ბალანსის რეგულირებაში, მჟავატუტოვანი ბალანსის კონტროლში, ზოგიერთი ჰორმონის სინთეზში, არტერიული წნევის რეგულირებაში, ძვლის მეტაბოლიზმში, სისხლის ფორმირებაში... ხომ წარმოგიდგენიათ, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ორგანიზმს, თუ თირკმელებმა სრულფასოვნად ვერ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა.

– კერძოდ, რამ შეიძლება დააზიანოს თირკმელები?

– თირკმელებს ყველაზე ხშირად დიაბეტი და მაღალი წნევა აზიანებს. გლუკოზა, რომელსაც უჯრედები ვეღარ ითვისებს, სისხლში გროვდება და  ნეფრონებს – თირკმლის მთავარ სტრუქტურულ-ფუნქციურ ერთეულებს – ვნებს, მაღალი არტერიული წნევა კი ნეფრონებში გამავალი უწვრილესი სისხლძარღვების დამაზიანებელი ფაქტორია.

თირკმლის ფუნქციის მოშლას ხშირად იწვევს თირკმლის დაავადებები:

* პიელონეფრიტი – თირკმლის ბაქტერიული ანთება;

* გლომერულონეფრიტი – თირკმლის გლომერულების (კაპილარებისგან შემდგარი გორგლების) ანთება, რომელიც შესაძლოა ინფექციითაც  იყოს გამოწვეული;

* პოლიცისტური დაავადება – თირკმელებში ცისტების (სითხით სავსე ბუშტუკების) არსებობა;

* თირკმლის კენჭები.

თირკმელების დაზიანება ასევე შეიძლება გამოიწვიოს  ზოგიერთმა მედიკამენტმა, თუ რეკომენდებულზე დიდი დოზით გამოვიყენეთ, მათ შორის - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა, ანტიბიოტიკებმა, გლიკოზიდებმა, ტკივილგამაყუჩებლებმა.

თირკმლის ნორმალურ ფუნქციობას შესაძლოა საფრთხე შეუქმნას:

* დეჰიდრატაციამ (წყლის უკმარისობამ) – როცა ორგანიზმს მუდმივად აკლია წყალი, ნაკლები შარდი და, შესაბამისად, ნაკლები ნარჩენი გამოიყოფა;

* მავნე ჩვევებმა და  ცხოვრების არაჯანსაღმა წესმა – სიმსუქნემ, ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობამ, არაჯანსაღმა კვებამ;

* ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებამ.

ფაქტორებს, რომლებიც ხელს უშლის თირკმელების მუშაობას, დროთა განმავლობაში უმეტესად თირკმლის ქრონიკულ დაავადებამდე მივყავართ. ამ დროს თირკმელების ფუნქცია ნელ-ნელა ქვეითდება. პირველ ეტაპზე ეს პროცესი თითქმის შეუმჩნევლად, თუმცა სტაბილურად მიმდინარეობს. პაციენტი ვერაფერს ხვდება, ვიდრე დაავადება შეუქცევადი არ გახდება და თირკმლის უკმარისობა არ განვითარდება. თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების მკვეთრი დაქვეითებისას პაციენტი დიალიზზე ხდება დამოკიდებული. შესაძლოა, თირკმლის ტრანსპლანტაციაც კი დასჭირდეს.

– ზემოთ ბრძანეთ, რომ არაჯანსაღმა კვებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თირკმელების სრულფასოვან მუშაობას. საზოგადოდ, რა გავლენას ახდენს კვება  თირკმელების ჯანმრთელობაზე?

– კვლევების თანახმად, თუ სათანადო ყურადღებას დაუთმობთ სწორ კვებას და დაიცავთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების განვითარების ალბათობას კი არ შეამცირებთ მნიშვნელოვნად, არამედ უკვე ჩამოყალიბებულის პროგრესირებასაც შეანელებთ.

ავსტრალიაში, ბონდის უნივერსიტეტში, მკვლევართა ჯგუფმა 18 კვლევის შედეგები შეისწავლა და დაასკვნა, რომ სწორ და ჯანსაღ დიეტას შეუძლია, თავიდან აგვაცილოს თირკმელების ქრონიკული დაავადება. კვლევებმა აჩვენა, რომ მას, ვისაც თირკმლის ქრონიკული დაავადების რისკი ძალიან მაღალი ჰქონდა, სწორი კვების შედეგად ის 30 პროცენტით დაუქვეითდა.

გარდა ამისა, სწორი კვებით თავიდან აიცილებთ ჯანმრთელობის მრავალ ქრონიკულ პრობლემას, მათ შორის – დიაბეტ ტიპი 2-ს და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებს, კერძოდ, მაღალ წნევას და ათეროსკლეროზს, რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ, თირკმელებს აზიანებს და მათ ქრონიკულ ავადმყოფობას უდებს სათავეს.

შეგვიძლია თუ არა, კვებით შევუწყოთ ხელი თირკმელების ჯანმრთელობას?

– თირკმელებისთვის ჯანსაღი დიეტის ძირითად პრინციპებია:

* არც მეტისმეტად ბევრი და არც მეტისმეტად ცოტა ცილა. ცილის სიჭარბემ შესაძლოა ძლიერ გადატვირთოს თირკმელები. სასურველია, მისი ოდენობა არ აღემატებოდეს 0,8 გრამს სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე. უპირატესობა მიანიჭეთ მაღალი ბიოლოგიური ღირებულების მქონე მცენარეულ ცილას, ასევე – თევზისა და ნაკლებცხიმიანი რძის ნაწარმის შემადგენლობაში შემავალს. ერიდეთ წითელ ხორცს, ძეხვეულს, შებოლილ ხორცპროდუქტებს.

* ერიდეთ ფასტფუდს, მზა კერძებს.

* მიირთვით ბევრი ახალი ხილი და ბოსტნეული.

* ყოველდღე მიიღეთ ბოჭკოთი მდიდარი საკვები – არა მხოლოდ მთლიანი მარცვლეული და მისი პროდუქტები, არამედ, მაგალითად, ფსილიუმი (მრავალძარღვას თესლის ჩენჩო) და სელის თესლიც.

* ზომიერად გამოიყენეთ მარილი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მისი სადღეღამისო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 გრამს. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ბევრი მზა ნაწარმი: ძეხვი, ყველი, ცომეული, მზა სუპები, – შეიცავს მარილს, ზოგჯერ – ზომაზე მეტსაც.

* ერიდეთ ჭარბ ალკოჰოლს.

* შეამცირეთ ან რაციონიდან ამოიღეთ არაჯანსაღი ცხიმები და შაქარი.

* მიიღეთ დღე-ღამეში ორ ლიტრამდე წყალი თქვენი წონის შესაბამისად. სვით ცოტა-ცოტა მთელი დღის განმავლობაში. ასე თირკმელები უკეთესად გასუფთავდება.

* ერიდეთ ტკბილ სასმელებს.

თირკმლის დაავადების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს რაციონის კორექცია.

ჩამოგითვლით რამდენიმე პროდუქტს, რომელთა მიღება სასარგებლოა თირკმლის ნორმალური ფუნქციობისთვის.

ვაშლი

ვაშლი უნივერსალური ხილია, რომელსაც ორგანიზმისთვის  დიდი სიკეთე მოაქვს. მის შემდგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებებიდან აღსანიშნავია ბოჭკო – პექტინი. ის ხელს უწყობს სისხლში მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლის დონის დაწევას და შაქრის დონის რეგულირებას.

წიწიბურა

წიწიბურა არა მხოლოდ პროტეინის, რკინის, B ვიტამინების, მაგნიუმისა და თუთიის მნიშვნელოვანი წყაროა, არამედ, როგორც ჩანს, უკვე დაზიანებული თირკმლის ფუნქციის გაუმჯობესებაც შეუძლია. ამ დასკვნამდე მივიდნენ ჩინელი მეცნიერები, რომლებიც დიაბეტით დაავადებულ თირკმელდაზიანებულ ვირთხებს აკვირდებოდნენ. წიწიბურას ექსტრაქტის რეგულარულმა მიღებამ მათი მდგომარეობა საგრძნობლად გამოაკეთა. ადამიანებზე კვლევები ჯერჯერობით არ ჩატარებულა, თუმცა აშშ-ის თირკმლის ეროვნული ფონდი (National Kidney Foundation) რეკომენდაციას უწევს წიწიბურას რეგულარულ მიღებას.

ლიმონის წვენი

ლიმონის წვენი ციტრატების შემცველობის წყალობით ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. კორეის უროლოგიური ასოციაციის სამეცნიერო პუბლიკაციის თანახმად, ციტრატები იკავშირებენ ჭარბ კალციუმს, რითაც ხელს უშლიან თირკმელებში კრისტალების ჩამოყალიბებას. დღეში 100 მლ ახალგამოწურული ლიმონის წვენი (წყალში გაზავებული, სალათაზე მოსხმული და ა. შ.) კარგია არა მხოლოდ თირკმლის დაავადებების პროფილაქტიკისთვის, არამედ, საზოგადოდ, ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის.

წყალი

დღეში ორ ლიტრამდე წყალი თირკმელების საუკეთესო წამალია. სითხე ასუფთავებს გამწმენდ ორგანოს და უზრუნველყოფს მის ჯანსაღ ფუნქციობას.

ჯანჯაფილი

ჯანჯაფილის სამკურნალო ეფექტი საყოველთაოდ ცნობილია. ის თირკმელებსაც ძალიან უხდება, რაც მის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტების დამსახურებაა. 2014 წელს ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო ჯანჯაფილის ექსტრაქტის დადებითი გავლენა შაქრებით გამოწვეულ თირკმელების დაზიანებაზე. მეცნიერთა აზრით, ის აუცილებლად უნდა შეიტანონ რაციონში დიაბეტით დაავადებულებმა.

ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი და კომბოსტოს სხვა ჯიშები

თირკმელებს უხდება ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, კოლრაბი, თეთრი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ჩინური კომბოსტო. რკინასთან, კალციუმთან, სელენთან, სპილენძსა და სხვა სასარგებლო მინერალებთან ერთად მათ შემადგენლობაში შედის ძვირფასი გლუკოზინოლატებიც. რამდენიმე კვლევამ აჩვენა პირდაპირი კავშირი გლუკოზინოლატებსა და კიბოს რისკის კლებას შორის. თირკმლის კიბოს რისკს ყველაზე მეტად ყვავილოვანი კომბოსტოს რეგულარული მიღება ამცირებს.

კაკაო

სუფთა კაკაო შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე და ანელებს ანთებით პროცესებს, ჯანსაღი სისხლძარღვები კი ხელს უწყობს წნევის დაქვეითებას, რაც ძალიან ხელსაყრელია თირკმელებისთვის.

– აუცილებელია თუ არა კვების რეჟიმის შეცვლა, როცა თირკმლის ფუნქცია შეზღუდულია?

– როცა თირკმელების ფუნქცია ამ თუ იმ მიზეზით დარღვეულია, რაციონს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. მეტიც: სწორი კვება ხელს უწყობს თირკმლის დაავადებების არა მხოლოდ პრევენციას, არამედ მკურნალობასაც.

დიეტოთერაპიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიალიზის დროს. სწორი დიეტით შეგვიძლია შევანელოთ დაავადების პროგრესირება. დიეტოთერაპია უმთავრესად თირკმლის დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული. დიალიზის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ ის სხვადასხვანაირია. მაგალითად, თუ დიალიზამდე მაღალკალორიული და ცილოვანი საკვები იზღუდება, დიალიზზე გადასვლის შემდეგ, პირიქით, რაციონის ენერგეტიკული ღირებულება საკმაოდ მაღალი უნდა იყოს. შესაძლებელია მცირე ვარიაციებიც იმის მიხედვით, რა ტიპის დიალიზს იტარებს პაციენტი – ჰემოდიალიზს თუ პერიტონეულ დიალიზს.

კალიუმი

– დიეტით უნდა აკონტროლოთ ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმისა და ფოსფატების მიღებაც. ზომიერად უნდა მიირთვათ, მაგრამ რაციონიდან მთლიანად არ უნდა ამოიღოთ კალიუმის შემცველი საკვები.   ასევე აღსანიშნავია, რომ გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის გამართული მუშაობისთვის  საკმარისი კალიუმია საჭირო. ასე რომ, დაბალკალიუმიანმა დიეტამ შესაძლოა გაზარდოს მეორეული დაავადებების რისკი.

კალიუმის შეზღუდვა მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როდესაც ორგანიზმში ამ ნივთიერების დონე მაღალია, რაც განსაკუთრებით გამოხატულია თირკმლის უკმარისობისას, რა თქმა უნდა, დიალიზის პერიოდში. ამ დროს უნდა ერიდოთ კალიუმით მდიდარ საკვებს  – ბანანს, თხილეულს, ჩირს, მანდარინს, კარტოფილსა და მის ნაწარმს.

თირკმლის დაავადებების დროს საჭიროა სისხლში ელექტროლიტების, განსაკუთრებით კალიუმისა და ნატრიუმის, რაოდენობის კონტროლი. ამ უკანასკნელის ნაკლებობისას ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ცვლილებებიც კი ვითარდება.

ფოსფატები

ჭარბი ფოსფატები, ჩვეულებრივ, თირკმელების მეშვეობით გამოიყოფა სხეულიდან. როცა თირკმელები სრულფასოვნად ვეღარ მუშაობს, გამოტანის მექანიზმიც დარღვეულია და ორგანიზმში ჭარბი ფოსფატი რჩება, ჰიპერფოსფატემია კი, თავის მხრივ, ზრდის ძვლის დაავადებების, სისხლძარღვთა კალციფიკაციის, ინსულტისა და გულის შეტევის რისკს.

ფოსფატები გვხვდება ხორცში, თევზში, ყველში, პარკოსნებში, მარცვლეულში, ბრინჯში. ამ ნივთიერებებს შეიცავს კონსერვანტები, ემულგატორები, მჟავიანობის რეგულატორები და გემოს გამაძლიერებლები, რომლებსაც ხელოვნურად ამატებენ მზა საკვებს. ფოსფატები კოკა-კოლას შემადგენლობაც შედის. ეტიკეტზე მათი შემცველობა მითითებულია E კოდით: E 338, E 339, E 340, E 341, E 343, E 450 ა, E 450 ბ, E 450 ც და ა. შ.

თუ თირკმლის უკმარისობა ისე შორს წავიდა, რომ ფოსფატების დონე საკვებით ვეღარ რეგულირდება, შესაძლოა, ნეფროლოგმა დანიშნოს ფოსფატების შემბოჭავი, რომელიც შეამცირებს სისხლში ამ ნივთიერებათა დონეს.

სითხის კონტროლი

სითხის ბალანსის დაცვა აუცილებელია. თირკმელების ქრონიკული დაავადების საწყის ეტაპზე პაციენტების უმეტესობას წყალი არ ეზღუდება, უკვე შორს წასულ სტადიაზე კი თირკმელები ნაკლებ სითხეს გამოყოფს. ორგანიზმში დაგროვილი ზედმეტი სითხე შეშუპებას და არტერიული წნევის მატებას იწვევს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სითხის კონტროლი დიალიზის დროს. იგულისხმება არა მხოლოდ წყალი და სხვა სასმელები, არამედ თხევადი კერძებიც: წვნიანი, იოგურტი და სხვ. ამ დროს მისაღები სითხის ოდენობას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

ჭარბი ჰიდრატაციის თავიდან აცილების მიზნით წყალი სვით მომცრო ჭიქით და რაც შეიძლება ნელა, ან, თუ შესაძლებელია, წამლებს საჭმელი მიაყოლეთ. წყურვილს ამცირებს მომჟავო კანფეტი, ლიმონის ნაჭერი, უშაქრო საღეჭი რეზინი.

თუ შეამჩნევთ, რომ ნორმაზე უფრო და უფრო ნაკლებ შარდს გამოყოფთ, მიმართეთ ექიმს, რათა სასმლის ოდენობა საჭიროებისამებრ დაგირეგულირონ.

პურინები

პურინები, რომლებსაც შეიცავს ხორცი, ძეხვეული, სოსისი, შებოლილი ხორცპროდუქტები, ზოგიერთი ბოსტნეული (ბარდა, ლობიო, ოსპი, ისპანახი) და ალკოჰოლური სასმელები, ორგანიზმში შარდმჟავას წარმოქმნით მეტაბოლიზდება. შარდმჟავა თირკმელების მეშვეობით იფილტრება და შარდთან ერთად გამოდის გარეთ. როცა თირკმელები შარდმჟავას სიჭარბეს ვეღარ უმკლავდებიან, ეს უკანასკნელი კრისტალიზდება. კრისტალები შესაძლოა თირკმელებში მოგროვდეს და კენჭებად იქცეს.

ოქსალის მჟავა

თირკმლის პათოლოგიების დროს მცირდება ოქსალატის გამოყოფაც. ეს ნივთიერება ორგანიზმში ოქსალის მჟავას მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება. მისი გამოყოფის შემცირებისას რეკომენდებულია ისეთი საკვების შეზღუდვა, რომელიც მდიდარი ოქსალის მჟავათი. ასეთია ამარანტი, ჭარხალი, რევანდი, ისპანახი და სხვა.

ნებისმიერ შემთხვევაში, დიეტა ინდივიდუალურად უნდა იყოს მისადაგებული თირკმლის მდგომარეობას და ავადმყოფობის პროგრესირებასთან ერთად შეიცვალოს, ამიტომ კვების თაობაზე სათანადო რეკომენდაციებს ექიმისგან მიიღებთ.

– რაში გვეხმარება ვარჯიში?

– თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს აქტიურობა სასარგებლოა. რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას, გამძლეობისა და კუნთური მასის შენარჩუნებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

სპეციალისტები გირჩევენ 20-30-წუთიან მსუბუქ ვარჯიშს კვირაში 5-ჯერ, განსაკუთრებით – თუ ხშირად გაქვთ მაღალი წნევა. თუ ვარჯიშს ვერ ახერხებთ, ეცადეთ, დღის განმავლობაში მაქსიმალურად ბევრი იმოძრაოთ, მაგალითად, სართულებს შორის ლიფტის ნაცვლად კიბით იმოძრაოთ, ქუჩაში ბევრი იაროთ ფეხით. ექიმთან ერთად შეარჩიეთ აქტივობები, რომლებიც ნებადართულია დიალიზის დროს.

ვარჯიში წონის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ. მართალია, თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს ჭარბი წონა იშვიათია, მაგრამ თუ არის, შესაძლოა, გულის შეტევით ან ინსულტით გართულდეს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: