ევროპაში ავტომობილით
გააზიარე:
თავისუფლება, თავდაჯერება, კომფორტი – ყველაზე უკეთ სწორედ ეს სამი სიტყვა გამოხატავს განცდებს, რომლებიც თან სდევს ავტომობილით მოგზაურობას.
რა სჯობია იმას, როცა შენ თვითონ ადგენ მოგზაურობის მარშრუტს, წყვეტ, სად და რამდენი ხნით გაჩერდე და როდის გააგრძელო გზა.
გამოცდილი ავტოტურისტებისგან გამიგონია, რომ ის, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ავტოტრიპში, მომავალშიც მხოლოდ ასე მოგზაურობას ამჯობინებს. რა გასაკვირია – წარმოიდგინეთ, რამდენ მშვენიერ ადგილას შეძლებთ გაჩერებას, წახემსებას და თუ იქაურობა ძალიან მოგეწონათ, რამდენიმე დღით დარჩენასაც კი.
სხვა ტიპის მოგზაურობებთან შედარებით ავტოტრიპს არაერთი უპირატესობა აქვს:
* შეგიძლია, აუჩქარებლად დატკბე ულამაზესი ხედებით და პეიზაჟებით, ეზიარო ადგილობრივ კოლორიტს;
* ნებისმიერ დროს შეცვალო მარშრუტი, უბრალოდ გააჩერო ავტომობილი და ჩაისუნთქო სუფთა ჰაერი ან რომელიმე გზისპირა კაფეში შეიარო (ოღონდ გაითვალისწინე, რომ ასეთ კაფეებში საკვები ყოველთვის ახალი და ხარისხიანი არ არის);
* დაზოგო ფული. გადაფრენა-გადმოფრენა, რა თქმა უნდა, უფრო ძვირი სიამოვნებაა. გარდა ამისა, თვითმფრინავისგან განსხვავებით, საკუთარ ავტომობილში ჩასალაგებელ ბარგს არავინ აგიწონით.
ახლა – რაც შეეხება მინუსებს:
* გრძელი გზა დამღლელია. არ არის გამორიცხული, საჭესთან მჯდომს რული მოერიოს. ამ დროს ის გვერდით მჯდომმა უნდა შეცვალოს.
* მთელი პასუხისმგებლობა შენ გეკისრება. ტუროპერატორის ნაცვლად თავად იღებ გადაწყვეტილებებს და გაუთვალისწინებელ სიტუაციებშიც (მაგალითად, ავტომობილის მოულოდნელი გაფუჭებისას) მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეიძლება გქონდეს.
ევროპაში ავტომობილით ჩასვლა შესაძლებელია ჩვენი მეზობლის, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის – თურქეთის – გავლით.
წესები ასეთია:
მანქანა აუცილებლად უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და ბოლო 6 თვე თქვენს სახელზე რეგისტრირებული. სხვა შემთხვევაში თურქები საზღვარზე არ შეგიშვებენ.
ევროპაში საკუთარი ავტომობილით გამგზავრებისას თან უნდა იქონიოთ ავტომობილის ტექპასპორტი, მისი რეგისტრაციის საბუთი, მართვის მოწმობა, საკუთარი და მგზავრების ბიომეტრიული პასპორტები, საზღვარგარეთის პასპორტი და საერთაშორისო ავტოდაზღვევა – მწვანე ბარათი (green card), გარდა ამისა, უნდა აღიჭურვოთ ავარიული გაჩერების (სტოპ) ნიშნით, შუქის ამრეკლავი ჟილეტით, პორტატიული აფთიაქითა და ცეცხლმაქრით.
მწვანე ბარათი აუცილებელია! მის გარეშე ევროპის ქვეყნებში გადაადგილებას ვერ შეძლებთ. ბარათი მოქმედებს თურქეთის ტერიტორიაზეც. 2024 წლის ზაფხულის ჩათვლით საქართველოში ამ პოლისს მხოლოდ კომპანია Magnus-ი გასცემდა (ერთთვიანი პაკეტის ღირებულება 450 ლარია).
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ვიზის გარეშე იმოგზაურონ ევროკავშირის`შენგენის წევრ ქვეყნებში. უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.
შენგენის ზონის ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი;
შენგენის ზონის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები – ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია;
ევროკავშირის წევრი შენგენის კანდიდატი ქვეყნები – ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია.
გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ირლანდია – ამ ქვეყანაში ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა შესაბამის საკონსულო სამსახურს უნდა მიმართონ.
ევროპაში 180 დღის განმავლობაში 90 დღეს უპრობლემოდ დაყოფთ უვიზოდ. ამ ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს შენგენის ზონა. წესის დარღვევის შემთხვევაში ევროკავშირის`შენგენის ტერიტორიაზე მისი ყოფნა არალეგალურად ჩაითვლება. ასეთი პირი გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის`შენგენის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით. ამასთან, შესაძლოა, დაეკისროს 3000 ევრომდე ოდენობის ჯარიმა.
ავტომოგზაურობისას ძალიან მნიშვნელოვანია იმის დეტალური ცოდნა, საით მიემგზავრებით და რისი ნახვა გსურთ. უმჯობესია, ამ ყველაფერს პუნქტობრივად გაწერილი გეგმის სახე ჰქონდეს. უმნიშვნელოვანესია ბიუჯეტის სწორად განსაზღვრა, რათა სიამოვნება ფინანსურ კატასტროფად არ იქცეს.
აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
* საწვავის ხარჯი. ზუსტად გამოთვალეთ მანძილი მარშრუტის ძირითად პუნქტებს შორის და საწვავის საშუალო ხარჯი ყოველ 100 კმ-ზე.
შეგახსენებთ, ევროპაში ჩქაროსნული ავტობანების უმრავლესობა ფასიანია.
* კვება. ბიუჯეტის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა ავტომაცივარი.
* ღამის გასათევი. შეგიძლიათ, მოსასვენებლად კემპინგებსა და ბიუჯეტურ სასტუმროებს მიაშუროთ ან სულაც კარავი წაიყოლოთ – იაფია და რომანტიკული.
ცნობისთვის: კარგ სასტუმროში (დილის საუზმით) 4 პერსონას საშუალოდ 100-120 ევროდ მოგემსახურებიან.
* გაუთვალისწინებელი ხარჯები. გადადეთ თანხა ავტომობილის ისეთ წვრილმან გაუმართაობათა მომსახურებისთვის, როგორიცაა საბურავის გაბერვა ან შეცვლა, ზეთის დამატება ან შეცვლა და სხვ.
უფასო გზების მოსაძებნად გამოიყენეთ გოოგლე-ის რუკები და სანავიგაციო აპლიკაციები.
ფრთხილად, არ დაგაჯარიმონ!
დავუშვათ, ჩეხეთში მოგზაურობისას დააგემოვნეთ ცნობილი ჩეხური ლუდი და მერე საჭეს მიუჯექით. ამ ქვეყანაში ალკოჰოლის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობაა და ჯარიმის სახით100-დან 750-მდე ევროს გადახდა მოგიწევთ. ასევეა უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.
ნორვეგიაში, პოლონეთში, შვედეთსა და ესტონეთში ალკოჰოლის ნებადართული დოზა 0.2 პრომილეა, ლიეტუვაში – 0.4, ავსტრიაში, ბელგიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, დანიაში, ისლანდიაში, ესპანეთში, იტალიაში, ლატვიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, სლოვენიაში, ფინეთში, ხორვატიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაა და კვიპროსში – 0.5 პრომილე. ყველაზე ლოიალურები ამ თვალსაზრისით არიან ლიხტენშტაინის სამთავრო და მალტა – აქ 0.8 პრომილემდეა დასაშვები.
ცნობისთვის: 1 ლიტრ ლუდში 0.8 პრომილეა, 1 ჭიქა (0,125 ლ) ღვინოში – 0.2-0.3; 100 გ არაყში – 0.5.
(* პრომილე – ალკოტესტერით დადგენილი ალკოჰოლის წილი 1000 მლ სისხლში)
კიდევ ერთი გავრცელებული დარღვევა სიჩქარის გადაჭარბებაა. ქვეყნების უმეტესობის ავტობანებზე შეგიძლიათ 120-130 კმ`სთ სიჩქარით იმოძრაოთ, დასახლებულ პუნქტებში – 50 კმ`სთ-ით, პუნქტების გარეთ კი სპიდომეტრის მაჩვენებელი არ უნდა სცდებოდეს 90 კმ`სთ-იან ნიშნულს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთ მაგისტრალზე დაწესებულია მინიმალური სიჩქარეც. მაგალითად, აკრძალულია მოძრაობა 60-70 კმ`სთ-ზე ნელა.
დაჯარიმდებით მობილურით საუბრის, ღვედისა და ბავშვის სპეცსავარძლის გამოუყენებლობისთვისაც.
გაითვალისწინეთ მოძრაობის ტიპიც: ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მარჯვენა (მარჯვენამხრივი) საავტომობილი მოძრაობაა, თუმცა მალტაში, მაგალითად, გზის მარცხენა მხარეს მოძრაობასთან შეგუება მოგიწევთ.
პარკირების წესები. ყვითელი ზიგზაგით დახაზულია ადგილები, სადაც პარკირება აკრძალულია, თეთრით – სადაც 18:00-დან 8:00-მდე ავტომობილის გაჩერება უფასოა, ლურჯით – სადაც 8:00-დან 18:00-მდე ფასიანია. სხვა საათებში პარკინგით შესაბამისი ნებართვის მქონე ადგილობრივი მაცხოვრებლები სარგებლობენ.
საწვავი
დამეთანხმებით, საწვავის გარეშე შორს ვერ წახვალთ. მისი ფასი ცვალებადია და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. ის 1,25-დან 2 ევრომდე მერყეობს. ბენზინისა და დიზელის ფასებს შორის დიდი სხვაობა არ არის.
თხევადი გაზი (LPG) ევროპის ქვეყნებში 0.5-1.1 ევრო ღირს.
დღევანდელი მონაცემებით, საწვავის სიძვირით ნორვეგია ლიდერობს, ყველაზე იაფად კი ავტომობილს ბულგარეთში გამართავთ, თუმცა ეს მონაცემები ხშირად იცვლება.
გაითვალისწინეთ: ფასიან ავტობანებზე საწვავი ყოველთვის უფრო ძვირია.
მანძილი
თბილისიდან სტამბულში (1628 კმ), თუ საშუალოდ 70 კმ`სთ სიჩქარით იმოძრავებთ, დაახლოებით 20 საათში ჩახვალთ. შემდეგ, თუ ანტიკური საბერძნეთის ნახვას მოისურვებთ, 12-13 საათში დაფარავთ სტამბული-ათენის 1090-კილომეტრიან მონაკვეთს, ხოლო თუ ბულგარეთისკენ აიღებთ გეზს, სტამბულიდან სოფიამდე 557 კილომეტრის გასავლელად დაახლოებით 6 საათი დაგჭირდებათ.
და აქ თქვენ წინაშე მთელი თავისი სიდიადით გადაიშლება მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ბებერი ევროპა.
ახლა კი გთავაზობთ სპეციალურად თქვენთვის შერჩეულ რამდენიმე მარშრუტს ევროპის პროვინციაში სამოგზაუროდ.
გროსგლოკნერი, ავსტრია
კარინტიასა და ზალცბურგის დამაკავშირებელი ეს გზა ალპების აღმოსავლეთ ზონაში თვალწარმტაც ტბებსა და ჩანჩქერებს შორის მიიკლაკნება. თავბრუდამხვევ სერპანტინს ავსტრიის უდიდეს მყინვარ პასტერცესთან მივყავართ. მისი სიმაღლე 9,2 კილომეტრია. ზაფხულის მაღალი ტემპერატურისა და ზამთრის ატმოსფერული ნალექების დეფიციტის გამო 1856 წელს მყინვარმა დნობა დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება.
ამალფის სანაპირო, იტალია
ეს სანაპირო ზოლი სამხრეთ იტალიაში, სორენტინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ის სოფელ პოზიტანოდან ქალაქ ვიტერი-სულ-მარემდეა გადაჭიმული. სანაპიროს მთავარი ქალაქი სალერნოა.
ულამაზესი მთები, ციცაბო ქანები და ხმელთაშუა ზღვის უკიდეგანო სილაჟვარდე ყველაზე გამოცდილ მძღოლსაც კი სტაცებს თვალს და რამდენიმე წუთით შეჩერებას აიძულებს.
1997 წლიდან სანაპირო შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ელზასი, ღვინის გზა, საფრანგეთი
ელზასი, იგივე ალზასი, საფრანგეთის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე რეგიონი, ესაზღვრება გერმანიასა და შვეიცარიას. ამ პროვინციის პეიზაჟები ცნობილია განუმეორებელი ფრანგული ხიბლით.
170 კმ სიგრძის ღვინის გზა მარლენგეიმიდან პატარა ქალაქ ტანამდე ვენახებში ჩაფლულ სოფლებს მიუყვება. ადგილობრივი მეღვინეები სიამოვნებით დაგაჭაშნიკებინებენ იქაური ყურძნის ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოს.
კოტორის ყურე, მონტენეგრო
ადრიატიკის ზღვის ეს რქასავით მორკალური ყურე ჩერნოგორიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს.
ასოცდაათკილომეტრიანი ულამაზესი შარაგზის გასწვრივ ბევრი მყუდრო და უკაცრიელი პლაჟი შეგხვდებათ, სადაც აუცილებლად მოგინდებათ ცოტა ხნით გაჩერება. გარდა ამისა, გზად ბევრ ღირსშესანიშნაობას გადააწყდებით.
ტროლსტიგენი, ნორვეგია
ეს ულამაზესი გზა ონდალსნესსა და ვალდალას შორის მიიკლაკნება. “ტროლსტიგენი” ტროლების კიბეს ნიშნავს. აქ შეგხვდებათ საგზაო ნიშანი წარწერით “ფრთხილად, ტროლები!” და ვინ იცის, 11 მკვეთრი მოსახვევიდან ერთ-ერთში ამ მითიურ არსებებსაც გადააწყდეთ.
შემოდგომიდან გაზაფხულამდე ეს გზა დაკეტილია.
ევროპული პროვინცია თავისი ინფრასტრუქტურითა და გამართული თანამედროვე სერვისებით იმის ნათელ მაგალითად გამოდგება, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის პერიფერიის იმგვარად განვითარება, რომ ის არაფრით ჩამოუვარდებოდეს დიდ ქალაქებსა და რეგიონულ ცენტრებს.
ირაკლი კარტოზია