უჩვეულო და მრავალფეროვანი ურუგვაი
გააზიარე:
ქვეყანას, რომელზეც ახლა გვსურს საუბარი, სრულიად განსაკუთრებული ცხოვრების წესი, სამზარეულო და ტრადიციები აქვს. ის სამხრეთ ნახევარსფეროზე, სამხრეთი ამერიკის კონტინენტზე, ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს და ურუგვაი ჰქვია.
ურუგვაის ჩრდილოეთით ბრაზილია ესაზღვრება, დასავლეთით – არგენტინა, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი, როგორც აღვნიშნეთ, ატლანტის ოკეანე. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ პატარა ქვეყანას მუდამ თავის დაცვა უწევდა, ჯერ – ესპანელი დამპყრობლებისგან, რომლებმაც ურუგვაი 1512 წელს აღმოაჩინეს, მას აღმოსავლეთი სანაპირო უწოდეს და მთლიანად გაანადგურეს მკვიდრი მოსახლეობა – ჩარუას ტომი; მერე – პორტუგალიელებისგან, რომლებიც ესპანელებს მუდამ ეცილებოდნენ ურუგვაის მიწებს; მოგვიანებით – ინგლისელებისგან, რომლებმაც 1806 წელს ხელში ჩაიგდეს მონტევიდეო. მართალია, ურუგვაიელებმა საბოლოოდ ინგლისელებიც განდევნეს და 1811 წელს ესპანეთისგანაც მოიპოვეს დამოუკიდებლობა, მაგრამ ბრძოლებით დასუსტებული ქვეყნის მდგომარეობით პორტუგალიამ ისარგებლა და ეს პატარა სახელმწიფო ბრაზილიას მიუერთა.
არგენტინა-ბრაზილიის ომის შემდეგ ურუგვაიში აჯანყება დაიწყო, რომელსაც გენერალი რივერა და პოლკოვნიკი ლავალიეხა მეთაურობდნენ. 1828 წელს ბრაზილიამ და არგენტინამ ურუგვაის დამოუკიდებლობა ცნეს.
თითოეული დამპყრობელი თავის კვალს ტოვებდა ურუგვაიში, მკვიდრი მოსახლეობა კი უცხო ტრადიციებს ითვისებდა, რაღაც საკუთარს ამატებდა და ითავისებდა.
მიუხედავად მძიმე ისტორიისა, ურუგვაიმ შეძლო, მთელ ლათინურ ამერკაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გამხდარიყო დემოკრატიის, მშვიდობის, ადამიანის უფლებათა დაცვის, კორუფციის ნაკლებობის, ცხოვრების ხარისხის, პრესის თავისუფლების, მოსახლეობის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მაჩვენებლებით. ეკონომიკის თავისუფლებით და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით მას რეგიონში მეორე ადგილი უკავია, ეკონომიკის ზრდის, ინოვაციებისა და ინფრასტრუქტურის კუთხით კი მესამე.
ურუგვაელები ამბობენ, რომ ქვეყნის ასეთი წინსვლა პრეზიდენტ ხოსე მუხიკას დამსახურებაა, თუმცა მოდი, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.
მონტევიდეო – უჩვეულო დედაქალაქი
ურუგვაიში მოგზაურობა მონტევიდეოდან უნდა დავიწყოთ და არამხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის დედაქალაქია. საქმე ის არის, რომ ურუგვაელთა ხასიათი და ცხოვრებისადმი მათი დამოკიდებულება ყველაზე მეტად სწორედ მონტევიდეოში იგრძნობა. ურუგვაის დედაქალაქში, რომელიც XVIII საუკუნის ესპანური ციხესიმაგრის ადგილას ამოიზარდა, ვერ ნახავთ საცობებს და ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილ შენობებს. მათ ნაცვლად უამრავი სკვერი, პარკი, ბულვარი და მოედანი გადაგეშლებათ თვალწინ. პარკები წელიწადის ნებისმიერ დროს სავსეა ადგილობრივი სტუდენტებით, საპიკნიკოდ გამოსული ოჯახებით, შინაურ ცხოველებთან ერთად მოსეირნე ხანდაზმულებით. მონტევიდეოში სეირნობისას ვერც კი იგრძნობთ, რომ დედაქალაქში ხართ. ცხოვრების რიტმი აქ მეგაპოლისისთვის შეუფერებლად მშვიდია. ეს მაშინ, როდესაც 3.3-მილიონიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი სწორედ მონტევიდეოში ცხოვრობს და აქვეა თავმოყრილი ქვეყნის საწარმოთა სამ მეოთხედზე მეტი.
არ გაგიკვირდეთ, თუ მონტევიდეოში სტუმრობისას ძილი დოლების ბრახაბრუხმა და შეძახილებმა დაგიფრთხოთ – ეს ტემპერამენტიანი ურუგვაიელები ასრულებენ ეროვნულ ცეკვას კანდომბეს. ამ ცეკვას აფრიკული ფესვები აქვს. აქაურებმა ის მონებისგან შეითვისეს, დახვეწეს, გაამრავალფეროვნეს, მოძრაობები დაამატეს და ეროვნული კულტურის ნაწილად აქციეს.
მოცეკვავეები ქუჩებში ჯგუფ-ჯგუფად დადიან და ხშირად გზის სავალ ნაწილსაც იკავებენ, თუმცა ამის გამო მათ არავინ კიცხავს და არც ლანძღვა-გინებით იკლებს.
მართალია, მონტევიდეო ძალიან კოლორიტული ქალაქია, მაგრამ ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და მუზეუმების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის. მის ქუჩებში სეირნობისას შესაძლოა უცნაური შეგრძნება დაგეუფლოთ: ზოგი შენობა ბარსელონას მოგაგონებთ, ზოგი – სამხრეთ ესპანეთის რომელიღაც ქალაქს, ზოგი ქუჩა იტალიისას ჰგავს, ზოგი – პორტუგალიისას, გარეუბნები კი სულაც ტიპური საბჭოური კორპუსებითაა სავსე. ამ არქიტეტურულ აჯაფსანდალში გამოირჩევა თავისუფლების მოედანზე აღმართული სალვოს სასახლე. არქიტექტორ მარიო პალანტის მიერ დაპროექტებული ეს 27-სართულიანი შენობა, რომლის სიმაღლე 95 მეტრია, 1928 წელს სამხრეთი ამერიკის ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა და ფეშენებელური, ჰაი-კლასის სასტუმროსთვის იყო განკუთვნილი, თუმცა სასტუმროს იდეამ ვერ გაამართლა და დღეს სალვოს სასახლეში დიდი კომპანიების ოფისები და მდიდრული აპარტამენტებია განთავსებული.
სასახლის დათვალიერება ტურისტებსაც შეუძლიათ. განსაზღვრულ ფასად შეგიძლიათ დაიქირაოთ გიდიც, რომელიც სასახლის ყოველი ჩუქურთმის ისტორიას მოგიყვებათ.
როგორც ზემოთ ვთქვით, მონტევიდეო ლათინური ამერიკის ტიპური ქალაქი არ არის. არც აქაურები ჰგვანან ლათინოსებს – მათი თითქმის 80% წმინდა სისხლის ევროპელების – ესპანელებისა და პორტუგალიელების შთამომავალია, რომელთა წინაპრებიც საუკუნეების წინათ დასახლდნენ ურუგვაიში. თუმცა დრომ თავისი გაიტანა და ურუგვაიელებმაც ევროპული წეს-ჩვეულებები თავიანთი სრულიად განსხვავებული და ორიგინალური ტრადიციებით ჩაანაცვლეს. მაგალითად, ყოველ კვირა დღეს მონტევიდეოს ქუჩები სქელი კვამლითა და შემწვარი ხორცის არომატით ივსება. ურუგვაიელები გიჟდებიან ხორცზე, განსაკუთრებით კი – გრილზე შემწვარ სტეიკზე. ჰოდა, კვირობით ყველა ოჯახი თავის მაყალს გარეთ გამოდგამს ხოლმე, ღია ცის ქვეშ წვავს ხორცს და მეზობლებს და უბრალო გამვლელებსაც კი უმასპინძლდება.
ის, რაც მონტევიდეოს გარეთ უნდა ნახოთ
თუ ზღვის სანაპირო და ქვიშიანი პლაჟები გიზიდავთ, აუცილებლად მოინახულეთ ქალაქი პუნტა დელ ესტე, რომელსაც ურუგვაის სენ-ტროპესაც უწოდებენ. ეს არის ურუგვაის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის საკურორტო ზონა, სადაც უხვადაა მაღალი კლასის სასტუმროები, მოდური ღამის კლუბები, რესტორნები და მდიდრული ვილები. სეზონი აქ დეკემბერში იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება (შეგახსენებთ, რომ ურუგვაი დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროზე მდებარეობს და როცა ჩვენთან ზამთარია, იქ სწორედ მაშინ დგება ზაფხული).
მაქსიმალური ტემპერატურა პუნტა დელ ესტეში 30 გრადუსია, რაც გართობისა და დასვენებისთვის არაჩვეულებრივ პირობებს ქმნის.
პუნტა დელ ესტეში სტუმრობისას თქვენს ყურადღებას მიიპყრობს პლაჟზე წამომართული მონუმენტი – “ადამიანის დაბადება”.
მარიო ირარასაბალის 1982 წლის ეს ნამუშევარი ქვიშიდან ამოშვერილ ხელის თითებს განასახიერებს – თითქოს დასახრჩობად განწირულს წყლიდან ხელი ამოუყვიაო. იქ, სადაც მდინარე ლა პლატა ოკეანეს უერთდება, წარმოიქმნება ძლიერი წყალქვეშა მორევი, რომელიც მოცურავეებს თვალის დახამხამებაში ითრევს. მონუმენტი დამხრჩვალთა მემორიალია და იმავდროულად – ერთგვარი გაფრთხილებაც, რომ ამ ადგილას წყალში შესვლა სახიფათოა.
თუ ისტორია, არქეოლოგია და საზოგადოდ სიძველეები გიყვართ, აუცილებლად მოინახულეთ Gრუტას Pალაცე – მღვიმეების სასახლე, ქვაბულთა უძველესი სისტემა ფლორესის რაიონში, მონტევიდეოდან 200 კმ-ზე. ამ გამოქვაბულების აშენებას თავდაპირველად ადგილობრივ ტომებს მიაწერდნენ. XX საუკუნის დასაწყისში, გეოლოგმა კარლ ვალტერმა მღვიმეების კედლებზე ნახატები აღმოაჩინა, რომელთა გამოკვლევამ ცხადყო, რომ აქ ადამიანს მილიონობით წლის წინ უცხოვრია. გამოქვაბულები უნიკალურია და დღეს მათ იუნესკო იცავს.
მონტევიდეოდან საათ-ნახევრის სავალზე, მთებში, ბუდისტური მონასტერი “ლომების ჭიშკარია”, რომელიც ურუგვაიში დალაი ლამას ვიზიტის პატივსაცემად აიგო. მონასტერი ტრადიციულ ტიბეტურ სტილშია ნაგები და ბუდისტური რიტუალები აქ ყოველდღე ტარდება.
თერმული წყლების და ბალნეოლოგიური კურორტების მოყვარულებს გირჩევთ მოინახულოთ ურუგვაის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე თერმული პარკი Aგუა ჩლარა – ნათელი წყალი. 3800 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული ეს პარკი საუკეთესო ადგილია დასვენებისა და მკურნალობისთვის. აქ მიწისქვეშა წყლები, რომელთა ტემპერატურა ზოგჯერ 42 გრადუსსაც აღწევს, დედამიწის გულიდან, 1200 მეტრ სიღრმიდან ამოდის და მდიდარია რკინით, კალციუმით, მაგნიუმით და ფთორით. სტუმრების განკარგულებაშია აუზი, ფინური აბანო, ჯაკუზი, შარკოს შხაპი, სამკურნალო მასაჟისა და აბაზანის კაბინეტები, რესტორნები და უსადენო ინტერნეტი.
ხოსე მუხიკა – ღარიბი და თავისუფალი
გაგიგონიათ რამე ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელიც ფერმაში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, არ იყენებს სამთავრობო ავტომობილს – საკუთარი 1987 წლის “ფოლკსვაგენ ხოჭოთი” დადის – და მთელ ხელფასს ქველმოქმედებაში ხარჯავს?
ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანო 1935 წელს დაიბადა მონტევიდეოში. ახალგაზრდობაში პარტიზანული მოძრაობა “ტუპამაროსის” წევრი იყო. თანასწორობის იდეით ანთებული ურუგვაიელი რობინ ჰუდი ბანკებს, ავტოფურგონებს, სავაჭრო ფარდულებს ძარცვავდა და ფულს ღარიბ-ღატაკებს ურიგებდა. შედეგად მან ციხეში 14 წელი გაატარა. აქედან ორი წელი მარტოდმარტო იჯდა ხაროში და რომ არ გაგიჟებულიყო, ბაყაყებს, ხვლიკებს და ქვეწარმავლებს ესაუბრებოდა.
გადატანილმა განსაცდელმა ხოსე მუხიკა სულიერად კი არ გაანადგურა, არამედ ბრძოლის ჟინით აავსო და მას შემდეგ, რაც 1985 წელს ციხიდან ამნისტიით გაათავისუფლეს, ახალი გზნებით ჩაერთო პოლიტიკაში.
ციხიდან გამოსვლის მეათზე წლისთავზე ხოსე მუხიკამ დეპუტატის მანდატი მოიპოვა, 1999 წელს სენატორის თანამდებობა დაიკავა, მერე კი სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა.
2009 წელს მუხიკამ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, 8 პროცენტით დაჯაბნა მოწინააღმდეგე და 2010 წლის 1 მარტს ურუგვაის პრეზიდენტი გახდა. ეს პოსტი 5 წელი ეკავა და ამ ხნის განმავლობაში არაერთი სერიოზული რეფორმის გატარება მოასწრო.
მემარცხენე პრეზიდენტმა შეძლო, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი დარგების ნაციონალიზაცია მოეხდინა. მისი მმართველობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა ეროვნულ-საგანმანათლებლო, სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებზე. პრეზიდენტს კარგად ესმოდა განათლების აუცილებლობა, ამიტომ უდიდეს ყურადღებას აქცევდა უფასო განათლებას. მისი რეფორმების წყალობით საშუალო განათლება ნებისმიერი ურუგვაიელისთვის ხელმისაწვდომია, ისევე როგორც სამედიცინო მომსახურება. დიახ, ურუგვაიში მოქმედებს სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო სისტემა, რომლის წყალობითაც ურუგვაის ყველა მოქალაქე უფასოდ იღებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. ურუგვაიში მცხოვრებ არამოქალაქეებს შეუძლიათ, დაზღვევა საკმაოდ დაბალ ფასად შეიძინონ.
თუ ურუგვაის მიმართ ინტერესი გაგიჩინეთ, არ დაგავიწყდეთ: სამხრეთ ამერიკის ამ უჩვეულო ქვეყანაში ტურისტული სეზონი ნოემბრის ბოლოს იწყება. ჰოდა, თუ გსურთ, თბილისურ ზამთარს თავი სითბოში გაარიდოთ, დროა, ურუგვაიში გამგზავრებაზე იზრუნოთ, მით უმეტეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყანაში ყოფნა 90 დღე უვიზოდ შეუძლიათ.
ნინო ბაზერაშვილი