მსხალი ჩვენი ჯანმრთელობისთვის
გააზიარე:
ისტორიული წყაროები მოწმობს, რომ მსხალს რამდენიმე ათასი წლის წინათაც შეექცეოდნენ. ვიტამინებით, მინერალებითა და ბოჭკოთი მდიდარი ეს ხილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალი თვისებით გამორჩევა.
მსხლის 28 სახეობა და 5.000-ზე მეტი ჯიშია ცნობილი. ჩვენში გავრცელებულ ჯიშებს ოთხ ჯგუფად ყოფენ. ესენია: დიდი და არომატული გულაბი, პანტა, რომელსაც მწიფობისას რბილობი უმუქდება, კალო, რომელსაც ადრე მწიფობა ახასიათებს და ხეჭეჭური.
მოდი, გავიგოთ, რას გვეუბნება უახლესი კვლევები მსხლის შესახებ და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას ჩვენი ჯანმრთელობითვის.
კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება
100 გ ახალმოკრეფილი მსხლის შემადგენლობა დაახლოებით ასეთია:
წყალი – 83 გ
ნახშირწყლები – 15 გ ( მათ შორის შაქარები 10,2 გრ)
ბოჭკო – 3 გ
ცილა – 1 გ
ცხიმი – 0,3 გ
* შესაძლოა მონაცემების მცირე ვარიაცია მსხლის ჯიშის, სიმწიფის ხარისხის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით.
100 გ მსხალში დაახლოებით 55 კილოკალორიაა, თუმცა ეს მაჩვენებელიც ჯიშზეა დამოკიდებული.
ფრუქტოზის აუტანლობა
მსხალი არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც ფრუქტოზის აუტანლობა აქვს – მასში ბევრია ხილის შაქარი და თითქმის არ არის გლუკოზა. რაც უფრო მეტი გლუკოზაა საკვებში ფრუქტოზასთან ერთად, მით უკეთესად იტანს ამ საკვებს ორგანიზმი, მსხალში კი ფრუქტოზისა და გლუკოზის შემცველობა არ არის დაბალანსებული, რაც არასასურველია ფრუქტოზის აუტანლობის დროს.
გლიკემიური დატვირთვა
100 გ მსხლის გლიკემიური დატვირთვა (GL) 4,7-ია (10-მდე მიიჩნევა დაბალ მაჩვენებლად). გლიკემიური დატვირთვა გვიჩვენებს, რამდენად დიდ გავლენას ახდენს 100 გ საკვები სისხლში შაქრის დონეზე. რაც უფრო მაღალია მისი მაჩვენებელი, მით უფრო სწრაფად იმატებს სისხლში შაქრის დონე ჭამის შემდეგ. მსხალს ამ კუთხით უმნიშვნელო გავლენა აქვს. შედარებისთვის, 100 გ თეთრი პურის გლიკემიური დატვირთვა 38,8-ის ტოლია.
100 გ მსხლის ვიტამინოვანი შემადგენლობა
(მონაცემები შესაძლოა ვარირებდეს ჯიშის, სიმწიფის ხარისხის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით)
ვიტამინი A (რეტინოლის ეკვივალენტი) – 3 მკგ (სადღეღამისო ნორმის 0,3%)
ბეტა კაროტინი – 6 მკგ (0,8%)
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – 5 მგ (5%)
ვიტამინი E (ალფა ტოკოფეროლის ეკვივალენტი) – 430 მკგ (3.6%)
ვიტამინი B1 (თიამინი) – 30 მკგ (2,7%)
ვიტამინი B2 (7 მკგ) – 30 მკგ (2,5%)
ვიტამინი B3 (ნიაცინი) – 200 მკგ ( 1.3%)
ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) – 62 მკგ (1%)
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 15 მკგ (1%)
ვიტამინი B7 (ბიოტინი) – 0,1 მკგ (0,1%)
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) – 14 მკგ (3,5%)
100 გ მსხლის მინერალოვანი შემადგენლობა
(მონაცემები შესაძლოა ვარირებდეს ჯიშის, სიმწიფის ხარისხის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით)
კალიუმი – 125 მგ (3,1%)
ფოსფორი – 15 მგ (2,1%)
კალციუმი – 9 მგ (0,9%)
მაგნიუმი – 7 მგ (2%)
გოგირდი – 5 მგ
ნატრიუმი – 2 მგ (0,1%)
ქლორი – 2 მგ (0,1%)
რკინა – 260 მკგ (2,1%)
თუთია – 230 მკგ (2,7%)
სპილენძი – 90 მკგ (7,2%)
მანგანუმი – 50 მკგ (1.4%)
მცენარეული ნივთიერებები
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მსხალი შეიცავს ფენოლურ ნაერთებს, კერძოდ, ქლოროგენის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის დაქვეითებას და ტრიტერპენოიდებს, კერძოდ, ურსოლის მჟავას, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ანტიკანცეროგენული მოქმედება ახასიათებს.
ზოგიერთი ჯიში მდიდარია ოლიგომერული პროციანიდინებით (OPC), რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით გამოირჩევა, აძლიერებს ვიტამინების ანტიოქსიდანტურ თვისებებს და მათთან ერთად (სინერგიულად) ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.
ანტოციანების მაღალი შემცველობა ახასიათებს მსხლის წითელკანა ჯიშებს. ანტოციანები ძლიერი ანტიოქსიდანტებია. მათ შეუძლიათ, თავიდან აგვაცილონ ოქსიდაციური სტრესი და შეამცირონ მასთან დაკავშირებული დაავადებების – გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ალცჰაიმერის – განვითარების რისკი. მათი დამსახურებით იკლებს ონკოლოგიური დაავადების ალბათობაც.
ფრანგმა მკვლევრებმა შეისწავლეს მსხლის 19 ჯიში და აღმოაჩინეს, რომ მეორეული მცენარეული ნივთიერებების შემცველობა რბილობში კილოგრამზე 0,1-დან 8,6 გრამამდე მერყეობდა, ხოლო კანში – 1,6-დან 40,4 გრამამდე. ამ კვლევაზე დაყრდნობით, სპეციალისტები გვირჩევენ, მსხალი კანიანად მივირთვათ.
რითია სასარგებლო
ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის გამართულ მუშაობას
მსხალი, ვინაიდან ნაკლებ ხილის მჟავას შეიცავს, გაცილებით ადვილი მოსანელებელია, ვიდრე, მაგალითად, ვაშლი. ეს ძალიან კარგი ამბავია მგრძნობიარე კუჭ-ნაწლავის მქონე ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის, ავადმყოფებისთვის, მოხუცებისთვის. გარდა ამისა, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მსხლის ფერმენტირებული წვენი ხელს უშლის ბაქტერია Helicobacter pylori-ს გამრავლებას (ეს ის ბაქტერიაა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და კუჭის კიბოც კი).
ბოჭკოს მაღალი შემცველობის წყალობით მსხალი ძალიან უხდება ნაწლავებს. ყოველდღიური მოთხოვნილება 25-30 გრამია. მსხალს შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მის დაკმაყოფილებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოჭკო დიდ როლს ასრულებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართულ მუშაობაში, აუცილებელია ნაწლავთა სრულფასოვანი ფუნქციობისთვის, ხოლო ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემა მრავალი დაავადების, მათ შორის – სიმსუქნის, პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ამასთან, ბოჭკო დიდი ხნით ანაყრებს ორგანიზმს, მისი მიღების შემდეგ ისე მალე არ გვშივდება, როგორც შაქრის შემცველი საკვების მიღების შემდეგ.
ხელს უწყობს შარდის ბუშტისა და თირკმელების ჯანმრთელობას
კენჭები შარდის ბუშტში სხვადასხვა მიზეზით – მაგალითად, თირკმელებისა და საშარდე გზების ანთების შედეგად – წარმოიქმნება. მათ ჩამოყალიბებას ხელს უწყობს დიაბეტიც. ფერარის უნივერსიტეტის (University of Ferrara) მკვლევართა აზრით, შეგვიძლია, შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნა თავიდან ავიცილოთ ან შევზღუდოთ მაინც კვების მოწესრიგებით. მსხალი მდიდარია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე მეორეული მცენარეული ნივთიერებებით, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს, ამიტომ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მსხალს შეუძლია, შეაფერხოს შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნა, ოღონდ ამისთვის ოდნავ უნდა შეიცვალოთ კვებითი ჩვევები, მაგალითად, შეზღუდოთ ხორცისა და მარილის მიღება.
გარდა ამისა, კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით მსხალი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი წყლის გამოდევნას, რითაც შარდის ბუშტსა და თირკმელებს შრომას უმსუბუქებს.
ზრდის ამტანობას
არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ბანანი ზრდის ამტანობას. ამერიკელმა მკვლევარებმა გამოიკვლიეს, აქვს თუ არა იგივე პოტენციალი მსხალს. კვლევაში 20 სპორტსმენი მონაწილეობდა. თითოეულმა მათგანმა სამჯერ გაიარა დღეში 75 კილომეტრი ველოსიპედით. პირველ დღეს ისინი მხოლოდ წყალს იღებდნენ, მეორე დღეს – ბანანს და წყალს, მესამე დღეს – მსხალს და წყალს. აღმოჩნდა, რომ ამტანობას მსხალიც ზრდის.
ანელებს დაბერების პროცესს
ჩინელ მეცნიერთა ჯგუფმა დაწვრილებით შეისწავლა მსხლის ქიმიური შემადგენლობა. თავისუფალი რადიკალების საწინააღმდეგო ყველაზე ძლიერი ეფექტი ნივთიერება კვერცეტინმა გამოამჟღავნა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მსხალს შეუძლია, დაბერების პირველ ეტაპზე შეანელოს ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების ტემპი.
ბაჰავალპურში, ისლამიას უნივერსიტეტში (Islamia University of Bahawalpur), ჩატარდა კვლევა იმის გასარკვევად, შეუძლია თუ მსხლის ექსტრაქტის 5–პროცენტიან გელს, ხელი შეუწყოს კანის გაახალგაზრდავებას. კვლევის ფარგლებში გელს და პლაცებოს 3 თვის განმავლობაში იყენებდა 13 მონაწილე. შეისწავლეს აპლიკაციების ეფექტი კანის ფერზე, მელანინის გამომუშავებაზე, ტენიანობაზე, ბუნებრივ ცხიმიანობაზე, ელასტიკურობაზე. აღმოჩნდა, რომ მსხლის გელს ყველა შემთხვევაში გაცილებით ძლიერი ეფექტი ჰქონდა.
მსხლის ნიღაბი მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის
* მწიფე მსხალი გათალეთ, ოთხად გაჭერით, გული ამოაჭერით.
* დააბლენდერეთ.
* დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი.
* დაამატეთ 1 ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი.
* ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში.
* წაისვით სახეზე და 20 წუთით დაიტოვეთ.
* ჩამოიბანეთ სახე ნელთბილი წყლით.
როგორ შეინახოთ
მსხლის შენახვის ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – კანის მდგომარეობაზე, სახამებლისა და ტანინის შემცველობაზე. დიდხანს ინახება ძირითადად მსხლის საგვიანო ჯიშები.
მსხლის შესანახად საუკეთესო ადგილია გრილი, ბნელი, ტენიანი სარდაფი. ვინაიდან ხილი მგრძნობიარეა სიცივის მიმართ, ტემპერატურა 0°ჩ-ზე ოდნავ მაღალი უნდა იყოს. თუ შესაფერისი ადგილი არ გაქვთ, შეგიძლიათ, ხის ყუთებში გოფრირებული მუყაოს ქაღალდი ჩააფინოთ, ზედ მსხალი დააწყოთ, ზემოდანაც მუყაო გადააფაროთ და აივანზე დადგათ.
მცირე ხანს კი მსახლი მაცივარშიც გაძლებს. ბოსტნეულის განყოფილებაში მას, სიმწიფის დონის შესაბამისად, 5 დღეს მაინც შეინახავთ. თუ გსურთ, მსხალმა მწიფობა გააგრძელოს, დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 2-3 დღით. ოღონდ სადაც არ უნდა შეინახოთ, დამპალ და დაზიანებულ ნაყოფს ნუ შეაყოლებთ.
გახსოვდეთ: მწიფე მსხალი, ისევე როგორც ვაშლი, ეთილენს გამოყოფს. ამიტომ თუ მსხალს სხვა ხილსა და ბოსტნეულთან დააწყობთ, ეთილენი მათ დამწიფებას დააჩქარებს. დაბალ ტემპერატურაზე, მაგალითად გრილ სარდაფსა და მაცივარში, ეთილენის გამოყოფა ფერხდება.
სამზარეულოში
მსხლის ნაზი, მოტკბო არომატი ფანტაზიას უსაზღვრო გასაქანს აძლევს. მსხლისგან ამზადებენ ნამცხვრებს, მურაბებს, კომპოტებს, თუმცა ცხელ და ცივ კერძებსაც ძალიან უხდება, განსაკუთრებით – ისეთ ინგრედიენტებთან ერთად, როგორიცაა ყველი, თხილი, ხორცი, ბეკონი, როზმარინი, ქონდარი, კურკუმა, ჩილი. მსხლის გემო საუკეთესოდ ერწყმის მიხაკის, დარიჩინის, ჯანჯაფილის ნოტებს.
თუ მსხალს ლიმონს მოასხამთ, ხასხასა ფერს შეინარჩუნებს.
მსხალი შეგიძლიათ მოხარშოთ, გამოაცხოთ, ორთქლზე მოწალოთ, გრილზე შეწვათ, გამოაშროთ. მსხლის ჩირი ძალიან არომატულია, დიდხანს ინახება და როგორც ტკბილ, ისე ცხარე კერძებსაც უხდება.
როგორ გამოავშროთ
მსხალი ტოლ ნაჭრებად დაჭერით, ლიმონიან წყალში (1 ლიმონი 0,5 ლიტრამდე წყალზე) ჩაუშვით და მაშინვე ამოიღეთ.
თუ ჩირის აპარატი არ გაქვთ, ღუმლის ტაფაზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ და მსხალი ზედ გაანაწილეთ.
შედგით ღუმელში 40°C ტემპერატურაზე 30 წუთით. კარი ოდნავ ღია დატოვეთ.
ტემპერატურა ნელ-ნელა გაზარდეთ 70°ჩ-მდე. კონვექციით (მოცირკულირე ჰაერი) გაშრობას დაახლოებით 6 საათი სჭირდება, ხოლო ზედა და ქვედა გახურებით – 12 საათამდე, თანაც ამ დროს კარი ოდნავ გამოღებული უნდა იყოს.
ნაჭრები რამდენჯერმე გადააბრუნეთ, რომ თანაბრად გამოშრეს.
მსხლის ნაჭრები ელასტიკური რომ გახდება და თითების მოჭერისას წვენი აღარ გამოუვა, ჩირი მზადაა.
ჩირი კარგად გააცივეთ, მინის ქილაში ჩაყარეთ, ჰერმეტულად დახუფეთ და შეინახეთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე