პრაქტიკული რჩევები ახალბედა დედებს
გააზიარე:
პირველი თვეები პირველი შვილის გაჩენის შემდეგ – ეს ჯადოსნური პერიოდია, რომელიც ბედნიერ წუთებთან ერთად დიდი გამოწვევებითაც არის სავსე. სტატიაში შემოგთავაზებთ ფსიქოლოგთა მიერ აპრობირებულ და დედების გამოცდილებაზე დაყრდნობით შერჩეულ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც ახალ როლთან ადაპტირებაში დაგეხმარებათ და გასწავლით, უკეთ როგორ გაართვათ თავი ახალ პასუხისმგებლობებს.
1. დაიხმარეთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი
ეგრეთ წოდებული "დამხმარე ჯგუფის" შექმნა ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია, რომელიც ახალბედა დედამ უნდა გადადგას. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა. თუ გვერდით გყავთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, საოჯახო საქმეებში შეგეხიდონ, რომ პირველი კვირების განმავლობაში მაინც თქვენი საზრუნავი მხოლოდ ბავშვის და საკუთარი თავის მოვლა იყოს, ამაზე დიდი შვება არ არსებობს. გარდა ამისა, ინტერნეტში იპოვით უამრავ ჯგუფს, სადაც გამოცდილი დედებისგან სასარგებლო რჩევებს მიიღებთ.
2. ვეგუებით ახალ ამპლუას
ახალბედა დედობა მოითხოვს ახალი როლის გათავისებას, რაც არა მხოლოდ ბავშვზე ზრუნვას, არამედ საკუთარი ცხოვრების სტილის შეცვლასაც გულისხმობს. ნუ ეცდებით, იყოთ იდეალური. ნუ დაიდანაშაულებთ თავს, თუ მოგენატრებათ მეგობრებთან ერთად გასეირნება, მეუღლესთან განმარტოება და ხანდახან ბავშვის მოვლა გაუსაძლისიც კი მოგეჩვენებათ – დრო გავა და ეს პროცესი უფრო და უფრო საინტერესო გახდება, ხოლო ძველი ცხოვრების ახალთან შერწყმით ბევრად უფრო სასიამოვნო შედეგს მიიღებთ, სადაც მეგობრებიც იქნებიან, მეუღლეც და ამ ყველაფერს დაემატება პატარა ადამიანი, ურომლისოდაც ცხოვრება წარმოუდგენელია.
3. გრაფიკის შექმნა
როცა ჩვილი გყავს, დღის დაგეგმვა რთულია, რადგან მისი რეჟიმი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, მით უმეტეს, თუ ძუძუზეა. მაგრამ მაინც ეცადეთ, ასე თუ ისე დაგეგმოთ დღე. ჩამოწერეთ, რას გააკეთებთ, სანამ ბავშვს ეძინება. დაალაგეთ საქმეები პრიორიტეტულობის მიხედვით. თუ ღამით ცუდად გეძინათ და მეორე დღეს არაფრის თავი არ გაქვთ, ძილი აქციეთ პრიორიტეტად, თუ სამსახურის საქმეზე გაქვთ დასარეკი, დროულად მოილიეთ, რომ დრო დაგრჩეთ დასასვენებლად. თანდათან ბავშვი რეჟიმში ჩადგება და ყოველდღიური რუტინაც შეგიმსუბუქდებათ.
4. წყლის სმა
მეძუძური დედისთვის აუცილებელია ჰიდრატაცია. წყალი მის ორგანიზმს რძის გამომუშავებაში ეხმარება და საერთო მდგომარეობასაც აუმჯობესებს. ეცადეთ, მიიღოთ დღეში, სულ მცირე, რვა ჭიქა. შეგიძლიათ, გამოიყენოთ აპლიკაცია, რომელიც წყლის დალევის დროს შეგახსენებთ. გახსოვდეთ, ეს აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ თქვენი ყოველდღიური გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა იქცეს.
5. ძილი
როცა პატარას დააძინებთ, თქვენც დაიძინეთ – ამ რჩევაზე ახალბედა დედებს ეცინებათ, რადგან ჩვილის გაღვიძებამდე უამრავი საქმე აქვთ მოსასწრები. მაგრამ ქრონიკული უძილობა სახუმარო თემა არ არის, ამიტომ ეცადეთ, ძილი თქვენი ყოველდღიური გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყოს.
როდესაც პატარა ნაჭამია და კარგ გუნებაზეა, სთხოვეთ მამას ან სხვა ახლობელს, გარეთ გაიყვანოს, თქვენ კი დაიძინეთ.
6. მეტი მოთმინება
ახალბედა დედისთვის მოთმინება მთავარი საყრდენია. როცა ბავშვს რამე სტკივა ან უბრალოდ ცუდ ხასიათზეა, ტირის, თქვენ კი ერაფრით ხვდებით, რა აწუხებს. ამ სიტუაციასთან მშვიდად გამკლავება დიდ მოთმინებას მოითხოვს. გახსოვდეთ, ეს ბუნებრივი პროცესის ნაწილია – ბავშვი სწავლობს ახალი გარემოს აღქმას და რეაგირებას. ეცადეთ, არ გიღალატოთ სიმშვიდემ. თუ თავის ხელში აყვანა გიჭირთ, დატოვეთ ბავშვი უსაფრთხო ადგილას, მაგალითად, საწოლში ან ეტლში, გადით მეორე ოთახში, ღრმად ისუნთქეთ, წყალი დალიეთ, ორი წუთით მშვიდ მუსიკას მოუსმინეთ და დამშვიდებული დაბრუნდით პატარასთან.
7. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა
დედის ჯანმრთელობა ბავშვის ჯანმრთელობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. პატარას მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, თქვენ თვითონ იყოთ ჯანმრთელი. ეცადეთ, ჯანსაღად იკვებოთ, რეგულარულად ივარჯიშოთ და პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე იაროთ. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ენერგია, რაც დედობისთვის აუცილებელია.
8. სტერეოტიპებთან ბრძოლა
ახალბედა დედებს ხშირად უწევთ სტერეოტიპებთან შეჯახება, რომლებსაც ოჯახის წევრები, მეგობრები ან სრულიად უცხო ადამიანები იზიარებენ. ნუ წახვალთ ისეთ კომპრომისებზე, რომლებიც თქვენ და თქვენს პატარას დაგაზიანებთ. თუ რომელიმე რჩევაში ეჭვი გეპარებათ, გადაამოწმეთ პედიატრთან.
9. პარტნიორთან თანამშრომლობა
მშობლობა არ არის მხოლოდ დედის საქმე. ჩართეთ ყოველდღიურ საქმიანობაში ბავშვის მამა, რათა ბავშვის მოვლა უფრო მარტივი და სასიამოვნო პროცესად იქცეს. ერთად აბანავეთ და ასეირნეთ პატარა. ეს ბავშვის განვითარებასაც შეუწყობს ხელს და თქვენს ურთიერთობასაც განამტკიცებს.
10. ტექნოლოგიური სერვისების გამოყენება
დღესდღეობით არსებობს მრავალი აპლიკაცია, რომლებიც ახალბედა დედებს საზრუნავს უმარტივებს. მათ შეუძლიათ, დაგეხმარონ ბავშვის კვების, ძილისა და აქტივობების მონიტორინგში. მაგალითად, Bაბყჩონნეცტ-ის მეშვეობით ადვილად გააკონტროლებთ ბავშვის დღის რეჟიმს, წონას, ზომას და სხვა მნიშვნელოვან მონაცემებს.
11. პოზიტიური გარემო
ბავშვის უსაფრთხოება და კომფორტი დამოკიდებულია გარემოზე, რომელშიც ის იზრდება. დარწმუნდით, რომ სახლი მისთვის უსაფრთხო ადგილია. მნიშვნელოვანია, ბავშვი გრძნობდეს სიყვარულსა და სითბოს, რადგან სწორი განვითარება უპირველესად სწორედ დადებით გარემოზეა დამოკიდებული.
ლიკა ქათამაძე