სუფთა თუ სტერილური გარემო პატარასთვის

გააზიარე:

გარშემო არსებული ნივთებისთვის გემოს გასინჯვა ბავშვის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაზაა. მშობლები შესაძლოა აცნობიერებდნენ ამას, მაგრამ ინსტინქტურად მაინც ძნელი საყურებელია, როგორ ლოკავს პატარა საავადმყოფოს კარის მინას.

მშობლები სხვადასხვანაირად ეკიდებიან სისუფთავისა და სტერილურობის საკითხს. მაშინ, როდესაც ერთი ძირს დავარდნილ საწოვარას უბრალოდ წყალს გადაავლებს და ბავშვს დაუბრუნებს, მეორემ შესაძლოა შეინახოს, შინ მდუღარე წყლით გაასტერილოს და მერეღა მისცეს პატარას.

უკვე აღარ არსებობს ბევრი ინფექცია, რომლებიც წინათ სასიკვდილო განაჩენად მიიჩნეოდა, ამიტომ ჩნდება კითხვა: რა დონეზე უნდა დავიცვათ სისუფთავე, რომ ის სტერილურობაში არ გადაგვეზარდოს? სად გადის ზღვარი სტერილურობასა და სისუფთავეს შორის? რომელი მშობელია მართალი და რომლის ქცევას მეტი სარგებლობა მოაქვს შვილის ჯანმრთელობისთვის? არსებობს კი ბავშვისთვის ზედმეტად სუფთა გარემო და მართლა უწყობს თუ არა ხელს იმუნიტეტის გამომუშავებას ბაქტერიებთან განსაზღვრული დოზით კონტაქტი?

სისუფთავის ნორმები

ვირუსების სეზონზე, როდესაც გარშემო ყველას სურდო აქვს და ბავშვების გარეთ გაყვანის ისედაც გვეშინია, განუწყვეტლივ გვესმის მოწოდებები, ხელები რაც შეიძლება ხშირად დავბანოთ პატარებს, ხოლო შუალედებში სადეზინფექციო საშუალებით დავუმუშაოთ. რამდენად სწორია ეს?

განსაზღვრული დოზით ბაქტერიებთან კონტაქტი ასთმისა და ალერგიის გამომწვევებთან უსაფრთხო შეხვედრისთვის ამზადებს ჩვენს ორგანიზმს. ეს ფაქტი მრავალი კვლევით არის დამტკიცებული. “ჰიგიენის ჰიპოთეზის” თანახმად, თუ ბავშვს მცირე ასაკიდანვე არ აქვს შეხება ბაქტერიებთან, ვირუსებსა და ალერგენებთან და სრულიად სტერილურ გარემოში იზრდება, უფროს ასაკში გაათმაგებული რისკი ემუქრება, ყველა ზემოხსენებული პრობლემა დაატყდეს თავს და ავტოიმუნური დაავადების განვითარების საფრთხეც მეტია.

როგორც განვითარების ფაზაში მყოფი ბავშვის ტვინს სჭირდება ურთიერთობები და პრობლემის გადაჭრაზე ფიქრი, ასევე სჭირდება სტიმულაცია ბავშვის იმუნიტეტსაც, რათა დაიხვეწოს და ბრძოლისუნარიანი გახდეს.

ბაქტერიებთან ადრეულ ასაკში კონტაქტი ალერგიული დაავადების პრვეენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.

ბავშვები, რომლებიც ბაღსა თუ სკოლაში მოსიარულე და-ძმასთან ერთად იზრდებიან, თავად დადიან ბაღში ან ცხოვრობენ ეზოიან სახლში, კვლევების თანახმად, მოზარდ ასაკში ალერგიულობის ძალიან დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.

იგივე კონტაქტი ორგანიზმს ინფექციებთან საბრძოლველადაც წვრთნის.

როდესაც ერთმანეთს შეადარეს ბავშვები, რომლებიც ცხოველებთან მუდმივ კონტაქტში იზრდებოდნენ და შეხება ჰქონდათ მათ ბეწვსა ფეკალიებთან და ბავშვები, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება არ ჰქონიათ, აღმოჩნდა, რომ ცხოველებთან კონტაქტში მყოფ ბავშვებს ხშირად აღენიშნებოდათ დიარეა ორ წლამდე, სამაგიეროდ, ორი წლიდან მათ გაცილებით იშვიათად ხვდებოდათ ინფექციური დაავადებები. მათი ორგანიზმის მიჩვეული იყო ამ ტიპის ბაქტერიებს და გამომუშავებული ჰქონდა მათთან ბრძოლის მეთოდები.

რა დოზით არის სასარგებლო ბაქტერიებთან ურთიერთობა და რას არ უნდა გადავაჭარბოთ

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გარემოს ბინადარ ყველა ბაქტერიას სიკეთე არ მოაქვს ბავშვის ორგანიზმისთვის – არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც თავი უნდა ვარიდოთ.

მაგალითად, თუ სამედიცინო დაწესებულების ინფექციურ განყოფილებაში იმყოფებით, ცხადია, ბავშვმა გემო არ უნდა გაუსინჯოს სხვა პაციენტების გამოყენებულ ნივთებს. თუ ასეთ დაწესებულებაში ძირს დაგივარდათ მატყუარა, კარგად უნდა გარეცხოთ გამდინარე წყლით და ისე დაუბრუნოთ პატარას.

ამასთან, აუცილებელია ვაცნობიერებდეთ განსხვავებას სტერილურობასა და სისუფთავეს შორის. სტერილურობა არ არის საჭირო ეზოში, საბავშვო მოედანზე, შინ, სტუმრად, რადგან სტერილურობის ცნება ყველა ცოცხალი ბაქტერიისგან თავისუფალ გარემოს ნიშნავს, ასეთი გარემო კი ბავშვის იმუნურ სისტემას კარგს არაფერს მოუტანს.

ოქროს შუალედი

ნუ გაზრდით პატარას სტერილურ გარემოში. ისევე, როგორც ყველა სხვა საკითხთან, სისუფთავესთან მიმართებითაც საჭიროა ოქროს შუალედის დაცვა.

სახლი ხშირად დაასუფთავეთ სველი წესით, მაგრამ არა ანტიბაქტერიული სითხით. თუ სტუმარმა სახლში გარეთ ნაცვამი ფეხსაცმლით გაიარა, პატარა კი იატაკზე დახოხავს და შემოტანილ სიბინძურეს პირში იდებს, მაშინ ანტიბაქტერიული სითხე მისაღებია.

ნუ გაუსტერილებთ სხვა ბავშვების ხელშენახებ სათამაშოებს, ნუ მიაჩვევთ ყოველი დაცემის შემდეგ ხელების ანტიბაქტერიული სითხით გაწმენდას – ამგვარად მისი ხელისგულებიდან მეგობარ ბაქტერიებსაც მოსპობთ და მტრულად განწყობილ მიკრობებთან ბრძოლის იარაღს წაართმევთ.

თუ სოფელში ხიდან მოწყვეტილი ხილი შეჭამა, არა უშავს, ოღონდ უნდა იცოდეთ, რომ ხე შეწამლული არ არის და ბავშვი არ მოიწამლება. თუ ზუსტად არ იცით, უმჯობესია, ხილი გამდინარე წყლით გარეცხოთ.

თუ ბავშვს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ვირუსიან ადამიანთან ან მისი ხელშენახები ნივთი აიღო, შეგიძლიათ ხელები ანტიბაქტერიული სითხით გაუწმინდოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გაცილებით უკეთესი იქნება, უბრალოდ საპნით და წყლით დაბანოთ. არც საპონი უნდა იყოს ანტიბაქტერიული – ასეთი საპნის ყოველდღიური გამოყენება საზიანოც კია, რადგან ანადგურებს როგორც მავნე, ისე სასარგებლო ბაქტერიებს და ხელებს სრულიად სტერილურს ხდის.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: