უფროსების თამაშები
გააზიარე:
რაც ქვეყანას საფეხბურთო ციებ-ცხელებამ გადაუარა, უფრო შესამჩნევი გახდა, რამდენი ხალხი თამაშობს ფეხბურთს ეზოში. უმეტესად ბავშვები, თუმცა უბნის სტადიონებზე საღამოობით უფროსებსაც გადააწყდებით. ზაფხულის სიცხეს დედაენის პარკში თუ ლისის ტბაზე თავშეფარებულებიც ბურთს დააგორებენ და ბედნიერები არიან.
თამაში ადამიანისა და ცხოველის განვითარების ბუნებრივი ნაწილია, განსაკუთრებით დიდი ადგილი კი მას ბავშვის ცხოვრებაში უკავია, რადგან სწორედ თამაშით იზრდება ბავშვი სოციალურად და ემოციურად, სწავლობს სამყაროსთან ურთიერთობას. სკოლამდელ და უმცროს სასკოლო ასაკში თამაში გართობისა და სწავლის მთავარი წყაროა. შესაბამისად, მას ეთმობა ბავშვის თითქმის მთელი დღე და საგანმანათლებლო აქტივობებიც თამაშით არის გაშუალებული.
მაგრამ მე მინდა, ზრდასრულებისთვის თამაშის მნიშვნელობაზე გესაუბროთ. უფროსები, რომლებიც თამაშობენ, უფრო შემოქმედებითები და ლაღები არიან, უფრო უკეთ უძლებენ სტრესს. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ უფროსებისთვის თამაში სასიკეთოა, თუმცა მრავალი ჩვენგანი საერთოდ აღარ თამაშობს.
რას თამაშობენ უფროსები?
უპირველესად – ვიდეო- და სპორტულ თამაშებს. გარდა ამისა, კოლექციებს აგროვებენ, ერთმანეთს კითხვების გამოცნობაში ეჯიბრებიან... თუ ჩავეძიებით, რაღაც ახლის შექმნის პროცესიც თამაშია. მაგალითად, ხატვა, კერძის მომზადება, ცომისგან ფორმების გამოყვანა... ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ცნობისმოყვარეობას, სილაღეს, ინტერესს აღძრავს და არ ემსახურება კონკრეტულ მიზანს, გარდა პროცესით ტკბობისა, შეიძლება უფროსების თამაშად ჩავთვალოთ.
რა მხრივ აუმჯობესებს თამაში ჩვენს ცხოვრებას?
* მოთამაშე ადამიანს კეთილდღეობის უფრო ძლიერი განცდა აქვს
ადამიანები, რომლებიც რეგულარულად თამაშობენ, მეტს იცინიან და სხვებსაც აცინებენ, აქვთ დაძაბულობის მოხსნის უნარი, შეუძლიათ ჯგუფში კრეატიული პროცესების მართვა. ჩატარდა რამდენიმე დაკვირვება ადამიანებზე, რომლებსაც ესა თუ ის ჰობი ჰქონდათ. მათი აქტივობა არ იყო მკაცრ ჩარჩოებში მოქცეული და მიზანმიმართული, ის სრულდებოდა სიამოვნებისთვის და შინაგანი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ცხოვრებაშიც ავლენდნენ თამაშისთვის დამახასიათებელ თვისებებს: სპონტანურობას, ექსპრესიულობას, შემოქმედებითობას, სილაღეს და მხიარულებას.
კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ რადგან თამაშის შედეგად ადამიანები ჩამოთვლილ თვისებებს ამჟღავნებენ, ესე იგი მათი ცხოვრების ხარისხი საკმაოდ მაღალია, რადგან ეს თვისებები ზოგადი კეთილდღეობის განცდასთან არის დაკავშირებული.
რაც უფრო მეტს თამაშობენ ზრდასრულები, მით უფრო კმაყოფილები არიან თავიანთი არსებობით. თამაში საშუალებას გვაძლევს, განვიცადოთ სილაღე და უდარდელობა, თავი ბედნიერად, ენერგიულად და მშვიდად ვიგრძნოთ.
* მოთამაშე ადამიანი უკეთ უმკლავდება სტრესს.
როდესაც დროს სასიამოვნო აქტივობებში ვხარჯავთ, სიამოვნებასა და სიხარულს განვიცდით, რაც უფრო სტრესგამძლეებს გვხდის. თამაში, განსკუთრებით – გუნდური, ავარჯიშებს პრობლემების ერთად მოგვარების, სტრატეგიების დასახვის, გამოწვევების ლაღად გადაჭრის უნარებს. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ხშირად თამაშობს, ცხოვრებისეულ გამოწვევებსაც უფრო ადვილად უმკლავდება. თამაშის შედეგად მას პოზიტიურად ფიქრის, ცვლილებების მიღების, სწრაფად ადაპტირებისა და სწრაფად რეაგირების უნარები გამოუმუშავდება, რაც ეხმარება, სტრესულ სიტუაციას უფრო მარტივად მიუდგეს და უფრო მალე განმუხტოს.
* თამაში აუმჯობესებს ფიზიკურ ჯანმრთელობას.
ვაღიაროთ, რომ სპორტულ დარბაზში უმეტესობა მოვალეობის მოხდის მიზნით უფრო დადის, ვიდრე სიამოვნებისთვის, თუმცა ადამიანები, რომლებიც სპორტულ თამაშებში არიან ჩართულნი, ფიზიკურ დატვირთვას “სასჯელად” ან “მოსახდელ მოვალეობად” არ მიიჩნევენ. ჩვენ ვიცით, რომ როცა ბავშვებს მხიარულად ვავარჯიშებთ, მაგალითად, ვახტუნავებთ, წყალში ვათამაშებთ, სახალისო წესებს ვთავაზობთ ("მიჰყევი ლიდერს", "მუსიკალური სკამი" და ა.შ.), ისინი შეუმჩნევლად ერთვებიან საკმაოდ რთულ და დამღლელ ფიზიკურ აქტივობებში და სხეულიც თავისთავად ვარჯიშდება. ვარჯიში მხიარულების თანხმლები მოვლენა ხდება.
სწორედ ასევე, როდესაც უფროსები ვარჯიშის ნაცვლად თამაშობენ, – მაგალითად, ცეკვავენ სიამოვნებისთვის და არა ოსტატობის საჩვენებლად, ბურთს დააგორებენ, ლაშქრობაში დადიან, კლდეებზე ან კედლებზე დაცოცავენ, თხილამურებით ეშვებიან, – ფიზიკური დატვირთვა დამატებით ვალდებულებად არ აღიქმება და შესასრულებლად გარეგანი მოტივაცია არ სჭირდება.
* თამაში ავითარებს წარმოსახვას.
ზრდასრული ადამიანის ფსიქიკის განვითარებაში თამაშის როლს ხაზს უსვამდა კარლ იუნგი. მას მიაჩნდა, რომ სწორედ თამაშია წარმოსახვის განვითარების უმთავრესი წყარო. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ჩვენგან შემოქმედითობას ითხოვს, გულისხმობს, რომ ჩვენ ამ საქმიანობას ბავშვურად, ლაღად და აღტაცებით ვეკიდებით, ვირგებთ სხვადასხვა როლს, ვიგონებთ წარმოსახვით სცენარებს, ვუშვებთ შეუძლებელ ვარიანტებს...
როგორ ვითამაშოთ მეტი?
ბავშვებისგან განსხვავებით, უფროსების დღის წესრიგი თავისთავად არ მოიცავს რეგულარულ თამაშს. ეს ნიშნავს, რომ უფროსები გამიზნულად ვეგმავთ, როდის ვითამაშოთ. როგორ მივხვდეთ, რომელია ჩვენი თამაში და საიდან დავიწყოთ?
მოძებნეთ საქმიანობა, რომელიც უფრო მეტად გიზიდავთ. რა გავსებთ ენერგიით? რომელი ტიპის მოთამაშე ხართ?
1. კოლექციონერი: მოგწონთ შეგროვება და კოლექციების შეკოწიწება. მაგალითად, მე ტყეებიდან გირჩების ჩამოტანა მიყვარს.
2. შეჯიბრებების მოყვარული: გიყვართ ისეთი თამაშები, რომლებსაც განსაზღვრული წესები აქვს, მაგალითად, უბნის სტადიონზე ფეხბურთის თამაში.
3. მხატვარი: მოგწონთ ნივთების შექმნა, გალამაზება, ფუნქციის მინიჭება. მუშაობთ ხეზე, კერავთ, უკირკიტებთ ელექტრომოწყობილობებს, ცვლით სახლის ინტერიერს.
4. რეჟისორი: გიყვართ დაგეგემვა და ლიდერობა. მაგალითად, კარგად გეგმავთ წვეულებებს. გიყვართ ლოგისტიკური საკითხების მოგვარება და მასპინძლობა.
5. აღმომჩენი: თქვენი თამაში რაღაც ახლის ათვისებას გულისხმობს. მაგალითად, ენერგიას გმატებთ უცნობ ადგილებში მოგზაურობა, უცნობი მუსიკის მოსმენა და სხვ.
6. ხუმარა: გიყვართ სილაღე და არასერიოზულობა. თქვენთვის თამაშია მეგობრების გაცინება. შეგიძლიათ, ჩაერთოთ სტენდაპ-კომედიაში ან იმპროვიზაციულ პერფომანსში მიიღოთ მონაწილეობა.
7. კინესტეთიკოსი: თამაშის დროს მოძრაობა გიყვართ. მაგალითად, დადიხართ ცეკვაზე, ოღონდ თვითგამოხატვისთვის და არა ტექნიკურად დახვეწილი ილეთების შესასწავლად თუ სხვებთან გასაჯიბრებლად.
8. ამბების მთხრობელი: გიყვართ ამბების მოყოლა და მოსმენა. თქვენთვის თამაშია კინოში, თეატრში წასვლა, წერა, დღიურის შევსება.
ივარჯიშეთ თამაშით
როდესაც უფროსები თამაშში ერთვებიან, ისინი უფრო ლაღად ვარჯიშობენ.
ვარჯიში არ არის დავალება, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოთ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, პროცესი არ გსიამოვნებდეთ. ვარჯიში თამაშითაც შეიძლება.
მაგალითად, მარტო ცურვის ნაცვლად შეიძლება, შვილებსა და მეგობრებთან ერთად ცურვაში შეჯიბრება მოაწყოთ, სარბენ ბილიკზე უმოტივაციოდ სირბილის ნაცვლად დაჭერობანა ითამაშოთ, სიმძიმეების აწევის ნაცვლად იცოცოთ კედელზე ან კლდეზე და ა.შ.
კარლ იუნგი ამბობდა: “ახლის შექმნას საფუძვლად უდევს არა ინტელექტი, არამედ თამაშის ინსტინქტი – თამაშისა, რომელიც შინაგანი საჭიროებაა. შემოქმედებითი გონება თავისი სიყვარულის ობიექტებს ეთამაშება”.
ამბობენ, რომ იუნგი ყოველდღე ერთ საათს მაინც უთმობდა თამაშს.
ხანდახან, როდესაც ჩემი კლიენტები ამა თუ იმ პრობლემას ვერ ხსნიან, მაგიდაზე სათამაშოებს ვუწყობ და ერთად ვთამაშობთ, უხმოდ, მხოლოდ სათამაშოების გადაადგილებით. მაგალითად, შეგვიძლია ვითამაშოთ სახლობანა, სადაც ყოველი სათამაშო ამა თუ იმ ოჯახის წევრს განასახიერებს. ეს საინტერესო პროცესია, რომლის დროსაც ყველაფერი მნიშვნელოვანია: რომელ სათამაშოებს აირჩევს კლიენტი, როგორ დაალაგებს მათ, როგორ ათამაშებს ერთმანეთთან. უხმოდ თამაში საშუალებას გვაძლევს, მეტად ვკონცეტრირდეთ აქტივობაზე და არ ვიფიქროთ იმაზე, რომ ვიღაც თვალს გვადევნებს და გვაფასებს. პროცესი ძალიან ემსგავსება ბავშვის თამაშს, სესიის ბოლოს კი ხდება თამაშის ანალიზი. მაგალითად, აღმოჩნდება, რომ დედა, რომელსაც ამ თამაშში დინოზავრი განასახიერებდა, არ აცლიდა ბავშვს თავისუფლად ხტუნვას, უფროსი, რომელსაც განასახიერებდა ობობა, მთავარ პერსონაჟთან ზედმეტად ახლოს იდგა და სივრცეს ართმევდა... საინტერესოა, როგორ უმკლავდება ამ მოვლენებს კლიენტი თამაშითვე, როგორ აწყობს სათამაშოებს სურვილისამებრ, როგორ ურჩევნია შეცვალოს არსებული რეალობა.
ნებისმიერი თამაში, რომელიც არ გადადის ადიქციაში, გვეხმარება, ნაკლებად სერიოზულად შევხედოთ ცხოვრების გამოწვევებს. ის გვიბრუნებს განცდას, რომ მომავალი იმედიანია, რომ ყველაფერი დალაგდება და რომ უფროსებსაც შეუძლიათ იყვნენ ბავშვები.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე