წარბებისა და წამწამების ლამინირება

Share:

ბოლო დროს ძალიან პოპულარულია წარბებისა და წამწამების ლამინირების პროცედურა. ყველას არ აქვს ბუნებრივად გრძელი და ხშირი წამწამები და იმისთვის, რომ გრძელი წამწამების ეფექტი მიიღოს, ქალს უწევს არჩევანის გაკეთება ტუშის წასმას, დაგრძელებასა და ლამინირებას შორის.

ტუშის ნაკლი ის არის, რომ დღის ბოლოს აუცილებელია წამწამებიდან მისი საგულდაგულოდ მოშორება, რაც დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. გარდა ამისა, ტუშის ხშირი გამოყენება იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ამიტომ თვალები დროდადრო უნდა დავასვენოთ მისგან.

წამწამების დაგრძელება ულამაზეს შედეგს იძლევა. თავად ირჩევთ, ბუნებრივი ეფექტი გსურთ, ხშირი და გრძელი წამწამები თუ მეგამოცულობა. დაგრძელების ნაკლი ის არის, რომ პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივია, ხოლო წებომ შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში ხელოვნური წამწამები ცვენას იწყებს და საჭიროა კორექცია, რაც დამატებით დროსა და ფინანსებს მოითხოვს.

მესამე ალტერნატივაა წამწამების ლამინირება.

წამწამებთან ერთად ლამინირება წარბებსაც უტარდება. ხშირი და ზემოთ ავარცხნილი წარბები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რას გულისხმობს წარბებისა და წამწამების ლამინირება, როგორ უნდა მოვემზადოთ მისთვის და რა შედეგს ველოდოთ?

წარბების ლამინირება

წარბების ლამინირება მიკრობლენდინგის ალტერნატივადაც მიიჩნევა, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზნით იტარებთ ამ პროცედურას: უბრალოდ მოდური ფორმის წარბები გსურთ, პინცეტის მოხმარებისგან გაუხეშებული და ალაგ-ალაგ გამეჩხერებული წარბების აღდგენა თუ თხელი წარბების შევსება, – ლამინირება ყველა შემთხვევაში დაგეხმარებათ.

თუ წარბები გცვივათ, ასაკის გამო იქნება ეს, ჯანმრთელობის პრობლემების თუ ცვილის გამოყენების გამო, ლამინირება – არაინვაზიური, მარტივი და უმტკივნეულო, დროებითი ეფექტის მქონე პროცედურა – ამ პრობლემასაც მოგიგვარებთ.

ლამინირება შეიძლება ჩატარდეს ყოველგვარი ტიპის კანსა და ყოველგვარი სიხშირის წარბებზე. თუ სქელი, ხშირი და აჩეჩილი წარბების ეფექტი ან უბრალოდ ღერების ერთ პოზიციაში დაფიქსირება გსურთ, ეს პროცედურა სათქვენოა.

ლამინირების საშუალებით სპეციალისტს შეუძლია, გარდაქმნას მომხმარებლის წარბი, ასწიოს, დასწიოს, მოამრგვალოს ან, პირიქით, გაასწოროს და დააგრძელოს.

როგორ მოვემზადოთ პროცედურისთვის

წარბების ლამინირებამდე ერთი კვირის განმავლობაში მოერიდეთ სახის აქერცვლას, რეტინოლისა და მჟავების შემცველი საშუალებების გამოყენებას, წარბების პინცეტით ამოქნას. არ დაგავიწყდეთ, რომ ლამინირების პროცედურაზე მაკიაჟის გარეშე უნდა მიხვიდეთ.

წამწამების ლამინირება

მნიშვნელობა არ აქვს, გრძელი წამწამები გაქვთ, მოკლე, ხშირი თუ თხელი – ლამინირება ყოველგვარი ტიპის წამწამებს უხდება. ლამინირების პროცედურის შემდეგ აღარ დაგჭირდებათ წამწამების ასაპრეხი სპეციალური მოწყობილობების გამოყენება, რადგან ისინი რამდენიმე ხანს აპრეხილი დარჩება. არც ხელოვნური წამწამების ჩამატება დაგჭირდებათ, როგორც დაგრძელების დროს. ლამინირების შედეგად თქვენივე წამწამები სრულიად განსხვავებულ და ეფექტურ შესახედაობას შეიძენს.

წამწამების ლამინირებისთვის იყენებენ სპეციალურ ასაპრეხ ლოსიონს და სილიკონის პატჩებს.

რამდენი ხანი სჭირდება პროცედურას და რამდენ ხანს ძლებს შედეგი

წარბებისა და წამწამების ლამინირებას 45-დან 60 წუთამდე სჭირდება, ხოლო შედეგი, თუ სათანადოდ მოუვლით, 6-დან 8 კვირამდე ძლებს.

როგორ მოვემზადოთ წამწამების ლამინირების პროცედურისთვის

პროცედურამდე აუცილებელია, თვალებიდან მოიშოროთ ყოველგვარი მაკიაჟი, ტუში, ფანქარი, ლაინერი თუ ჩრდილი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ლამინირების პროცედურა არ ტარდება დაგრძელებულ წამწამებზე. ხელოვნური წამწამები პროცედურამდე უნდა მოიხსნათ.

თუ წამწამების ზრდისა და კვებისთვის რომელიმე  შრატს იყენებთ, განსაკუთრებით – ზეთოვანი სტრუქტურის მქონეს, პროცედურამდე 24-48 საათით ადრე შეწყვიტეთ მისი გამოყენება. თუ კონტაქტურ ლინზებს ატარებთ, პროცედურამდე ისინიც უნდა მოიხსნათ.

როგორ ვუვლით წარბებს და წამწამებს პროცედურის შემდეგ

წარბებისა და წამწამების ლამინირების შემდგომი 24 საათი ყველაზე საყურადღებოა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაისვათ წამწამებზე ტუში, წარბებზე – წარბის ფანქარი თუ გელი, უნდა მოარიდოთ წარბები და წამწამები ორთქლს, ქლორიან წყალს, არ უნდა დაისველოთ, არ გაოფლიანდეთ. შესაბამისად, აკრძალულია შხაპი, აუზში ჩასვლა, სოლარიუმის პროცედურები, მზის აბაზანები. ასევე სასურველია, პირველი 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავოთ თვალის ჩრდილების, ფანქრისა და ლაინერის გამოყენებისგან. ბანაობის, პირის დაბანისა და ნებისმიერი სხვა ისეთი აქტივობის შემდეგ, რომლის დროსაც წამწამები სველდება ან უბრალოდ ტენიანდება, სასურველია, წამწამები სპეციალური მრგვალი ჯაგრისით აივარცხნოთ ზემოთ, რათა დიდხანს დარჩეს აპრეხილი.

რა ხდება უშუალოდ პროცედურის დროს

  • უპირველეს ყოვლისა, სპეციალისტი წარბს ასუფთავებს გამწმენდი სითხით (ასევე იქცევა წამწამების ლამინირების დროსაც).
  • წარბებზე (წამწამებზე) უსვამს ღერების მომადუნებელ სპეციალურ ლოსიონს, რომელიც ღერებს დამყოლს ხდის.
  • აძლევს წარბებს სასურველ ფორმას და აკრავს სპეციალურ ცელოფანს, რათა ღერები ერთ პოზიციაში დაფიქსირდეს.
  • წამწამების ლამინირების შემთხვევაში ქუთუთოს ეკვრება სპეციალური სილიკონის პატჩები და წამწამები ამ პატჩებზე აივარცხნება საფიქსაციო გელის მეშვეობით. სპეციალისტი იცდის იმდენ ხანს, რამდენსაც, თმის სტრუქტურიდან გამომდინარე, მიიჩნევს საჭიროდ.
  • პატჩების მოხსნის შემდეგ წამწამებზე ისმება დამატენიანებელი ლოსიონი და წამწამების სავარცხლით კიდევ ერთხელ ივარცხნება.
  • წარბების შემთხვევაში, განსაზღვრული ხნის შემდეგ, სპეციალისტი მოხსნის ცელოფანს, მოაშორებს ლოსიონს და წარბის სავარცხლით ავარცხნის წარბებს ქვემოდან ზემოთ.
  • წაუსვამს საფიქსაციო ხსნარს მყარი ფიქსაციისთვის.
  • ამის შემდეგ წარბებზე ისმება დამატენიანებელი საშუალება და ულამაზესი შედეგიც სახეზეა.

ლიკა ქათამაძე

Share: