დავით სუმბაძე — ქართველი ტენორი ევროპის სცენაზე

გააზიარე:

ქართველი საოპერო მომღერლები ევროპელი მაყურებლისთვის დიდი ხანია აღარ არის ეგზოტიკა. ტენორი დავით სუმბაძე იმ წარმატებულ ქართველთაგანია, რომლებმაც საერთაშორისო სცენაზე წარმატებას მიაღწიეს. ქართველი სოლისტი მონსერატ კაბალიეს სპეციალური ჯილდოს მფლობელია, რობერტ მასადის საერთაშორისო საოპერო კონკურსის ორგზის ლაურეატი და მატერას საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. დღეს საფრანგეთში ცხოვრობს და ევროპის საოპერო თეატრების სცენებზე მღერის. ჩაწერა პირველი ალბომიც — იტალიური, ფრანგული, რუსული და ქართული სიმღერებით.

დავით სუმბაძის ისტორია ზღაპარს ჰგავს, რომელიც თელავის სოფელ ვარდისუბანში დაიწყო:

— ჩემი ბედი თითქოს ჩემს დაბადებამდე დაიწერა: 1980 წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას, ჩემი მშობლები თელავის შუამთის მონასტერში სალოცავად მივიდნენ — შვილის მიცემას ევედრებოდნენ უფალს. უეცრად მამას უცნობი ქალი მიუახლოვდა, ყური აუწია და უთხრა, ერთ წელიწადში ვაჟი გეყოლება, მომღერალი გახდება, რთული გზა, მაგრამ დიდი მომავალი ელისო. 1981 წლის შემოდგომაზე, ცხრაწლიანი ლოდინის შემდეგ, ჩემს მშობლებს პირველი შვილი შეეძინათ.

ბევრი დაცემა და იმედგაცრუება ვიგემე, თელავის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო  სასწავლებლიდან თბილისში, მესამე მუსიკალურ სასწავლებელში გადავედი, მერე კონსერვატორიაში ჩავაბარე. 90-იანი წლები იყო, ცხოვრება ჭირდა. ჩემი ოჯახი შეძლებული არასოდეს ყოფილა და დამოუკიდებლად მიწევდა თავის გატანა. ერთხანს გიტარების რესტავრაციაზე ვმუშაობდი. სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს სამადლოდ დავყავდი...

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

დავით სუმბაძის დებიუტი 2007 წელს თბილისის ოპერის თეატრში, ზაქარია ფალიაშვილის "დაისში" შედგა მალხაზის პარტიით. ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ წინ ახალი დაბრკოლებები გადაეღობა:

— ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. ერთი ის, რომ საქართველოდან წავედი. აქ განვითარების არავითარი პერსპექტივა არ იყო. თბილისის საოპერო თეატრი სარესტავრაციო სამუშაოების გამო დაიკეტა, საესტრადო და რესტორნის მომღერლის კარიერა კი ჩემს გეგმებში არ შედიოდა.

შვეიცარიისა და საფრანგეთის თეატრები გუნდში მიწვევდნენ, მაგრამ არ დავთანხმდი. ეს მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახლდათ. ვიცოდი, რომ ვიყავი სოლისტი და სოლო კარიერის შექმნაზე უნდა მეზრუნა. გზადაგზა სხვადასხვა საქმეს ვეჭიდებოდი თავის სარჩენად, მანქანებსაც კი ვარემონტებდი და ვყიდიდი, მაგრამ არჩეული გზისთვის არ მიღალატია.

ნიჭი უფლებაა უფლისგან

– ხშირად მახსენდება  ჩემი პირველი პედაგოგის იზა ცერცვაძის სიტყვები: ნიჭი მხოლოდ უფლებაა უფლისგან, რომ საკუთარ თავზე იმუშაო და მომღერალი გახდეო.

თინეიჯერობისას ხშირად ვიკრიბებოდით საქეიფოდ, გიტარაზე ვუკრავდით, ვმღეროდით, ვსვამდით. ყველა აღნიშნავდა, საოპერო ხმა გაქვსო. ასე აღმოვჩნდი მუსიკალურ სასწავლებელში. ქალბატნმა იზამ მითხრა, დიდი პერსპექტივა გაქვსო და გადაწყვეტილება, რომ პროფესიონალურ დონეზე დამეწყო სიმღერა, პედაგოგთან ერთად მივიღე. პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ სიგარეტის სავსე კოლოფი მესამე სართულიდან გადავაგდე. თხუთმეტი წლიდან ვეწეოდი, მაგრამ იმ წუთს მოკვდა მოწევის სურვილი ჩემში.

მომღერალმა წარმატებას რომ მიაღწიოს, სრულიად უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი, ფაქტობრივად ჯარისკაცულ რეჟიმში უნდა იცხოვროს: არც ალკოჰოლი, არც სიგარეტი... მხოლოდ ჯანსაღი კვება და ყველაფერში ზომიერება.

მეც ზედმიწევნით ვიცავ ამ წესს. 130 კილომდე ვიწონიდი, შევატყვე, რომ ჯანმრთელობა მღალატობდა და კვების რაციონიც შევიცვალე. როცა მეგობრებთან ერთად ვარ, მთელი საღამო ერთ ჭიქა ღვინოს ვიზოგავ. მხიარულებასა თუ მწუხარებაში, დედაშვილობასა თუ ემოციების გამოხატვაში ქართველებს ზომიერება გვღალატობს.  ქართველობა ხელს უშლის დიდ კარიერასო, თქვა ერთხელ პაატა ბურჭულაძემ. მართლაც, ჩვენთვის ჩვეული ცხოვრების წესი — ქეიფი, უზომო სმა – და წარმატებული კარიერა ერთად ძნელი წარმოსადგენია.

ქართველი და ევროპელი მსმენელი

— ქართველი მსმენელი ერთა და იმავე დროს თბილიც არის და მომთხოვნიც. ჩვენს ქვეყანას მდიდარი საოპერო ტრადიცია აქვს, აუდიტორია განებივრებულია მაღალი სტანდარტის საოპერო მომღერლებით და თამასა ყოველთვის მაღალია, ამიტომ საქართველოში სიმღერაც არ არის ადვილი, თუმცა  ყველა ქვეყნის მაყურებელი კარგად გრძნობს წარმატებულ და წარუმატებელ გამოსვლებს.

საოპერო მომღერლებთან მიმართებით ევროპაშიც მაღალი მოთხოვნებია. საზოგადოდ, აქ გამორჩეულად მოწესრიგებული საზოგადოებაა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისე ცხოვრობს, როგორც მორწმუნე, ღვთისმოსავ ადამიანებს შეეფერებათ. ათეისტებიც კი. ყველაზე მეტად კი მათი ზომიერების გრძნობა მომწონს. ბევრი აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებში ნარკოტიკები თავისუფლად იყიდება. ასეა. სამაგიეროდ, სახელმწიფოს ძალიან გონივრული ნარკოპოლიტიკა აქვს. ჩემი შვილები სკოლაში დადიან და საგანმანათლებლო სისტემას კარგად ვიცნობ. პედაგოგებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ მშობლებთან, თითოეული მოსწავლის განვითარებაზე, სწორი ფასეულობების ჩამოყალიბებაზე, სოციალურ ინტეგრაციაზე ზრუნავენ, თითოეული სულის გადარჩენისთვის ბავშვობიდან  ქმნიან პირობებს.

სიკეთე, რომელზეც არ ლაპარაკობს

საქართველოდან ევროპაში ყოველწლიურად უამრავი ხალხი ჩადის სამკურნალოდ. ამბობენ, რომ დავით სუმბაძე მათ ხშირად ეხმარება. თავად ამაზე საუბარს თავს არიდებს:

— აქ ქუჩაში მაწანწალა ცხოველსაც ვერ ნახავთ. ხელისუფლება ზრუნავს, რომ მათ საკვები და თავშესაფარი ჰქონდეთ. გულმა როგორ უნდა გაგიძლოს, როცა ახალგაზრდა დედას  ექვსი-შვიდი წლის ბავშვებით უსახლკაროდ დარჩენილს ნახავ? აქ  ბევრი ასეთი გაჭირვებული ჩამოდის. დიდება უფალს, თუ შევძელი და ვინმეს დავეხმარე. ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ჩემი სიკეთე ჩემს შვილებს დახვდება წინ. ღმერთმა ყველა ქართველს შეაძლებინოს ერთმანეთის გატანა.

მთავარი ფასეულობა — ოჯახი

— ორი შვილი გვყვავს. ილია-აბრაამი უკვე თოთხმეტი წლისაა, მღერის, თუმცა ჯერ ხმა არ აქვს ჩამოყალიბებული და მის სასცენო პერსპექტივაზე საუბარი ნაადრევია. სამაგიეროდ, სპორტის რამდენიმე სახეობით არის გატაცებული. მარიამი ათი წლისაა და ფორტეპიანოზე დადის. წარმოუდგენელია, ბავშვი აიძულო, დღეში რამდენიმე საათი ინსტრუმენტთან გაატაროს. ხანდახან ეზარება და წუწუნებს, თუმცა მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და როგორღაც ვარეგულირებთ მეცადინეობის გრაფიკს.

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ უზრუნველი და ლაღი ბავშვობა ჰქონდეთ. ეს ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდია. ჩემი ყველა თბილი მოგონებაც ბავშვობის წლებს უკავშირდება, როცა დედა გვერდით მყავდა და ყოველი დღე მზით იყო სავსე. ცხრა წლის ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა და უცებ შეიცვალა ყველაფერი, დაიწყო განსაცდელთა კასკადი. ჩემს მეგობრებს დედები რომ ეძახდნენ და ეფერებოდნენ, ჩუმად ვტიროდი. მამა ფაქტობრივად ვაიძულე, მეორედ დაქორწინებულიყო. ერთ დღეს მითხრა, მერი დედიკო უნდა გაგაცნოო და მასთან შესახვედრად წამიყვანა, მან კი გულში ჩამიკრა. იმ დღიდან უდიდესი წვლილი შეაქვს ჩემი, ჩემი დის და მამას ცხოვრებაში.

ძნელია, იყო კარგი მეოჯახე, ყველაზე ძვირფას ადამიანებს საკმარისი დრო დაუთმო და თან წარმატებული სასცენო კარიერაც გქონდეს. მიუხედავად ამისა, ოჯახი და შვილები ჩემთვის მთავარია. ცხოვრების ყოველ ეტაპზე სწორედ ისინი მიმაგრებენ ზურგს.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: