ნინო სალუქვაძე: ჩემპიონი, შვილი, დედა

გააზიარე:

საიდუმლო არ არის, რომ სპორტსმენები კარიერას საკმაოდ ახალგაზრდები ასრულებენ, თუმცა პოპულარობის პიკზე მიღებული ტრავმები კიდევ დიდხანს ახსენებთ თავს. ნინო სალუქვაძემ, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, კარგად იცის ჯანმრთელობის ფასი, ამიტომ განსაკუთრებული სითბოთი მიგვიღო და კომპანია „ავერსის“ ხელმძღვანელობასთან, რომელიც, უკვე თხუთმეტი წელია, ჩვენი ოლიმპიელების ჯანმრთელობაზე ზრუნავს,  ბევრი მადლობა დაგვაბარა.

მანამდე კი ბევრი ვისაუბრეთ. ჩვენი შეხვედრა აღდგომის წინა დღეებს დაემთხვა და ნინო მომიყვა, როგორ ხვდება მისი ოჯახი დღესასწაულს:

– აღდგომა გამორჩეული დღესასწაულია და ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. სამზადისი სოფლის კვერცხის მომარაგებით იწყება. დედა მათ ენდროში ღებავს. სააღდგომო კვერცხი აუცილებლად მუქი შვინდისფერი უნდა იყოს. პასკასაც ბოლო დრომდე თვითონ აცხობდა, თუმცა წელს ალბათ ნაყიდს დავჯერდებით, არ მინდა, გადაიღალოს.

მორწმუნე ოჯახი გვაქვს. იმ ოცდაათი წლის განმავლობაში, რაც ერთად ვართ, ჩემს მეუღლეს ერთი მარხვაც არ დაურღვევია. მეც დიდი სურვილი მაქვს, მარხვა შევინახო და უფრო ეკლესიურად ვიცხოვრო, მაგრამ ხშირი მოგზაურობა ამ სურვილთან შესაბამისობაში ვერ მოდის.

ნინო სალუქვაძე პირად თუ გუნდურ ასპარეზობებზე, პნევმატურსა და სპორტული პისტოლეტიდან სროლის დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონატების 6 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლის, ევროპის ჩემპიონატების 17 მედლის, სუპერთასის ცხრაგზის მფლობელი და ცხრამეტგზის მსოფლიო რეკორდსმენია. დღემდე ვერავინ მოხსნა 1989 წელს ზაგრებში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, მის მიერ დამყარებული რეკორდი – სპორტული პისტოლეტიდან სროლაში მოპოვებული 593 ქულა. დაბოლოს, ნინო სალუქვაძე ჯერჯერობით ერთადერთია ქართველ სპორტსმენებს შორის, რომელმაც 9 ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და ახლა მეათისთვის ლიცენზიის მოპოვებას ცდილობს.

– ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ვთქვი, რომ ასპარეზობას აღარ ვაპირებდი, მაგრამ მამამ, რომელიც ჩემი მწვრთნელიც არის, მთხოვა, მეათე ოლიმპიადით დამეგვირგვინებინა  სპორტული კარიერა. მამა  92 წლისაა,  დღემდე არაფერი უთხოვია, ამიტომ ვეცდები, ეს თხოვნა შევუსრულო.

სტარტი

ნინო სალუქვაძე განათლებით სპორტის ფსიქოლოგია. სანამ ტყვიის სროლის ახალგახსნილ სექციაში მივიდოდა, ოთხი წელი კალათბურთზე იარა. პირველი წარმატებაც – ქალაქის ჩემპიონობა – ამ სპორტში მოიპოვა.

მამა, ვახტანგ სალუქვაძე, ტყვიის სროლაში საბჭოთა კავშირისა და ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო, მაგრამ, რა გასაკვირიც უნდა ჩანდეს, მომავალ რეკორდსმენს ამ სპორტისადმი ინტერესი დედამ გაუღვიძა.

მოზარდმა მამის ზედამხედველობით დაიწყო ვარჯიში და ორი წლის შემდეგ, პირველ შეჯიბრებაზე, ყველა მონაწილე, განურჩევლად სქესისა, დიდი ანგარიშით ჩამოიტოვა უკან. ასე მოხვდა საქართველოს ნაკრებში. 1984 წელს ტაშკენტში, მოსწავლეთა სპარტაკიადაზე, ნაკრებმა დიდი გამარჯვება მოიპოვა – ორი გუნდური ოქროს მედალი ჩამოიტანა, ნინომ კი პერსონალურად კიდევ ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ამასთან, მხოლოდ მან,  მონაწილეთა შორის ყველაზე უმცროსმა, შეძლო სპორტის ოსტატის ნორმატივების შესრულება. ამ გამარჯვებებმა საბჭოთა კავშირის ნაკრებამდე მიიყვანა.

– 16 წლისა ევროპის ჩემპიონატზე წამიყვანეს და 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის პირველივე სტარტზე ჩემპიონი გავხდი. საერთაშორისო არენაზე ეს ჩემი პირველი  წარმატება იყო, რომელმაც სხვა დიდ წარმატებებს დაუდო სათავე.

საბჭოთა კავშირის ნაკრებში სულ 60 სპორტსმენი ირიცხებოდა, იქ მოხვედრა არ იყო იოლი, კიდევ უფრო ძნელი ადგილის შენარჩუნება გახლდათ. მახსოვს მამის სიტყვები: თუ გინდა, ნაკრებში ადგილი შეინარჩუნო, დანარჩენებზე ათი თავით მაღლა უნდა იდგეო. ასეც იყო, სათუოს და სალაპარაკოს არ ვუტოვებდი კონკურენტებს, როდესაც სპორტსმენების შეჯიბრებებზე გაგზავნის საკითხი დგებოდა, ერთ ადგილზე ყოველთვის მე მოვიაზრებოდი. ყოფილა შემთხვევები, გადაღლილობა მომძალებია, მაგალითად, პირველი ოლიმპიადის შემდეგ მეგონა, იმავე გზას მეორედ ვეღარ გავილიდი, მაგრამ ყოველთვის ვპოულობდი ძალას საკუთარ თავში და გავდიოდი კიდევ უფრო მძიმე გზას, რადგან ყოველი მომდევნო ოლიმპიადის სალიცენზიო პირობები რთულდება.

ოლიმპიადაზე მოხვედრა ძნელია, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია ასპარეზობა. შეჯიბრების დროს ფიქრები და ემოციები გეძალება. გონება რომ გათიშო და კონცერტრირება მოახერხო, ამას სჭირდება უდიდესი ოსტატობა, რაც მხოლოდ გამოცდილებით და მუდმივი ვარჯიშით მიიღწევა.

ის, რაც ტიტულებზე ძვირფასია

– სპორტი ჩემი ცხოვრებაა. მან ბევრი რამ შემძინა, პირველ რიგში – მეგობრები  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ადამიანები, რომლებსაც მთელი არსებით ვენდობი. ხშირად დავდივართ ერთმანეთთან სტუმრად. სპორტულ საზოგადოებაშიც გარკვეული იმიჯი მაქვს. კოლეგებმა იციან ჩემი შესაძლებლობებიც და ისიც, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჰქონდეთ ჩემი იმედი. ზოგჯერ ქუჩაშიც მცნობენ, მადლობას მეუბნებიან იმისთვის, რომ ჩემი საქმიანობით პატარა სიხარული მაინც ვაჩუქე. ეს ნდობა და სიყვარული ჩემთვის ტიტულებზე მეტს ნიშნავს.

მთავარი გამარჯვება

2016 წელს, უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ნინო სალუქვაძე შვილთან – ცოტნე მაჭავარიანთან ერთად ასპარეზობდა. ცოტნემ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. ჩემპიონატს ვახტანგ სალუქვაძეც ესწრებოდა.  სამი თაობა ერთად ზეიმობდა დინასტიურ წარმატებას.

– ახალგაზრდებთან ვმუშაობ და ნებისმიერი მათგანის წარმატება საკუთარზე არანაკლებ მახარებს, მაგრამ განსაკუთრებული ემოცია იყო, როდესაც ჩემმა შვილმა მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. სასროლეთზე არ არსებობს დედა და შვილი, ბებია და ბაბუა... აქ არის მხოლოდ მოწაფე, მწვრთნელი და შედეგი. ცოტნემ 18 წლის ასაკში ურთულესი კონკურენცია დაძლია და ეს, რა თქმა უნდა, მეამაყება.

დედობა ყველაზე რთული ყოფილა, მით უმეტეს, როდესაც შენი შვილი მუდმივ კონკურენციაშია. დედაჩემი მთელი ცხოვრება ჯერ ქმარს გულშემატკივრობდა, მერე ქმარ-შვილს ერთად და ახლა შვილიშვილიც მათ რიგებშია, ვის გზასაც გამუდმებით გაჰყურებს.

ვცდილობ, მეგობრული დედა ვიყო, მაგრამ მაინც სულ ვჯიჯღინებ – მინდა, კიდევ უფრო უკეთესები იყვნენ... ყოველთვის მქონდა შესაძლებლობა, მე და ჩემს ოჯახს საზღვარგარეთ გვცხოვრა და იქ დაგვემკვიდრებინა თავი, მაგრამ... როგორც მამა ამბობს: მინდა ვიყო ბედნიერი, ოღონდ ბედნიერი ჩემს ქვეყანაში.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: