პირველი სიყვარული

გააზიარე:

თინეიჯერობა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, სასიამოვნო და, იმავდროულად, სირთულეებით აღსავსე პერიოდია. ამ ასაკის მოზარდი ემოციების მოზღვავებას განიცდის, თავს იმკვიდრებს სოციალურ წრეში და ეჯახება ახალ გამოწვევებს, რომელთა შორისაა პირველი სიყვარულიც.

სიყვარული თავისთავად დადებითი ემოციების წყაროა, მაგრამ არასწორი ობიექტის მიმართ განცდილი ეს გრძნობა შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მოზარდის მყიფე ფსიქიკისთვის. რასაკვირველია, მშობელზე არ არის დამოკიდებული, ვინ, როგორი ადამიანი მოხიბლავს მის შვილს, – მოგეხსენებათ, სიყვარული ბრმაა, – მაგრამ მას შეუძლია, შვილი წინასწარ მოამზადოს ამ გრძნობისთვის, ასწავლოს მისი ამოცნობა, ასწავლოს, როგორ გაარჩიოს ერთმანეთისგან ჯანსაღი და ტოქსიკური ურთიერთობები, როგორ მიხვდეს, ხომ არ მანიპულირებს მისით პარტნიორი.

თინეიჯერებისთვის დამახასიათებელია საკუთარ თავში ჩაკეტვა, მშობლებისგან გაუცხოება, მაგრამ აუცილებლად შეატყობთ, როდესაც თქვენს შვილს სიყვარული ეწვევა და თუნდაც თვითონ არ მოისურვოს თქვენთვის განცდების გაზიარება, თქვენ მაინც ეცადეთ აუხსნათ, რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს და როგორ შეიძლება მათთან გამკლავება.

ის, ვის გვერდითაც თავს კომფორტულად გრძნობ

აუხსენით, რომ სხვა ადამიანთან, მეგობარი იქნება ის თუ მეგობარზე მეტი, ჯანსაღი ურთიერთობისთვის თავს, უპირველეს ყოვლისა, კომფორტულად უნდა გრძნობდეს. ეს ნიშნავს, რომ:

  • მის გვერდით არ გჭირდება თვალთმაქცობა, ხარ ისეთი, როგორიც ხარ;
  • ამა თუ იმ საკითხზე შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებები გქონდეთ, მაგრამ უნდა აცნობიერებდეთ, რომ ეს სავსებით ნორმალურია;
  • უნდა ენდობოდეთ ერთმანეთს, როდესაც ერთად არ ხართ;
  • არ გაძალებს იმის გაკეთებას, რაც არ გინდა (კოცნა იქნება ეს, სადმე წასვლა, განსაზღვრული სტილის ტანსაცმლის ჩაცმა თუ სხვა);
  • არ ამოწმებს, სად, ვისთან ერთად, რამდენი ხნით მიდიხარ და არ გიკრძალავს სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას.

არ დაივიწყო მეგობრები

აუხსენით, რომ ზოგჯერ, ახალი გრძნობით თავბრუდახვეულს, შესაძლოა, მეგობრები გადაავიწყდეს, არ დაურეკოს, დაბადების დღე არ მიულოცოს, ვერ მოიცალოს მათთან შესახვედრად. ცხადია, ახლა მას ყველაზე მეტად შეყვარებულთან ერთად ყოფნა უნდა, მაგრამ აუცილებლად უნდა ეცადოს, მეგობრებს არ ჩამოშორდეს. აუხსენით, რომ კარგი მეგობარი ფასდაუდებელია და რომ აუცილებელია, ჰქონდეს სოციალური ცხოვრება შეყვარებულის გარეშეც.

არ დაკარგო თავი

ცხადია, შეყვარებულებს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, მაგრამ უნდა აუხსნათ, რაოდენ მნიშვნელოვანია, არ დაკარგოს თავი, არ თქვას უარი საკუთარ სურვილებსა და გატაცებებზე. თავდაჯერებული და თვითკმარი პიროვნება უფრო მიმზიდველია.

არ დაემალო პრობლემებს

პრობლემებისთვის თვალის არიდება კიდევ უფრო დიდ პრობლემებს წარმოშობს, ამიტომ აუხსენით, რაოდენ მნიშვნელოვანია პრობლემის წარმოშობისთანავე ორმხრივი კომუნიკაცია, საუბარი, დიალოგი მანამდე, სანამ ერთად არ იპოვიან გამოსავალს. ასწავლეთ, აუცილებლად თქვას, თუ რამე არ მოეწონა და პარტნიორსაც იგივე სთხოვოს, წყენა გულში არ ჩაიდოს – ამით პრობლემას უფრო მეტად გააღრმავებს.

კარგი და ცუდი კონფლიქტი

კონფლიქტი ყოველთვის ცუდი არ არის, ურთიერთობის განსაზღვრულ ეტაპზე ჯანსაღი კონფლიქტი საჭიროც კია.

რით განსხვავდება კარგი კონფლიქტი ცუდისგან?

ჯანსაღი კონფლიქტის დროს მხარეები:

*მკაფიოდ გამოთქვამენ და არგუმენტებით ამყარებენ საკუთარ აზრს;

*უსმენენ ერთმანეთს და გაგებით ეკიდებიან ერთმანეთის პოზიციებს;

*არ წამოაძახებენ ერთმანეთს წარსულ შეცდომებს;

*ცდილობენ არა ერთმანეთის გამტყუნებას, არამდ პრობლემის მოგვარების გზების პოვნას.

ტოქსიკური ურთიერთობის ნიშნები

ტოქსიკურია ურთიერთობა, როდესაც პარტნიორი:

*გამუდმებით გაკრიტიკებს და ცდილობს, თავი ცუდად გაგრძნობინოს;

*ყველაფერში შენ გადანაშაულებს, იმაშიც კი, რაც ცხადზე უცხადესია, რომ მისი ბრალია;

*ცდილობს, დაგაშოროს მეგობრებს და ოჯახის წევრებს;

*გეუბნება, რომ შენთვის კარგი მხოლოდ მას უნდა, დანარჩენები შენზე ცუდ გავლენას ახდენენ;

*გიმოწმებს მობილურ ტელეფონს, ზარებს და შეტყობინებებს;

*გიმოწმებს სოციალურ სივრცეში მიმოწერას;

*გემუქრება, რომ თუ დაშორდები, რამე ცუდს დაგმართებს;

*გაიძულებს, საკუთარი ნების საპირისპიროდ მოიქცე;

*გავიწროებს, ფიზიკურად გეხება.

მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ თუ შეყვარებული ასე ექცევა, აუცილებლად უნდა გითხრათ. არა იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ ჩაერიოთ, არამედ იმისთვის, რომ საქმის კურსში იყოთ. თავდაპირველად თავად უნდა სცადოს ასეთ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტა, მაგრამ თუ ვერ შეძლო, უნდა დაეხმაროთ.

რამდენიმე რჩევა

აუცილებლად მოუსმინეთ თინეიჯერს. ის ყოველთვის არ იქნება თქვენთან საუბრის ხასიათზე, ამიტომ თუ მოისურვა, გულისყურით უსმინეთ. ყურადღება მიაქციეთ, შეშინებული ხომ არ არის, ფარულად ხომ არ გთხოვთ დახმარებას, ხმამაღლა კი არ აღიარებს.

გაგებით მოეკიდეთ მის გრძნობებს, რაოდენ აბსურდულიც უნდა გეჩვენებოდეთ ისინი. არასოდეს თქვათ: “რა დროს შენი სიყვარულია!” “შენ რა იცი სიყვარული,  ჯერ პატარა ხარ”. ასეთი რეაქციით მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ თინეიჯერი საკუთარ თავში ჩაიკეტება და თქვენთვის გულის გადაშლას აღარ მოისურვებს.

აგრძნობინეთ, რომ გესმით მისი, მოუყევით, როგორი იყავით მის ასაკში. უთხარით, რომ რაღაცები, რაც ახლა ესოდენ მნიშვნელოვნად მიაჩნია, სინამდვილეში არც ისე ბევრს ნიშნავს. დაამშვიდეთ, აგრძნობინეთ, რომ შეცდომები ნებისმიერ ურთიერთობაში გარდაუვალია, მაგრამ თქვენ ყოველთვის მის გვერდით იქნებით, რათა მათ გამოსწორებაში დაეხმაროთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: