მეგობრულობა

გააზიარე:

სოციალური უნარების ჩამოყალიბებაში ცხოვრების პირველ წლებს ძალიან დიდი როლი აკისრია. ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია საუკეთესო მეგობარი, რომლისაც ესმის და რომელთან ერთადაც თავს კომფორტულად გრძნობს, მაგრამ ეზოსა თუ საბავშვო ბაღში პატარებს ბევრ უცხო ბავშვთან უწევთ ინტერაქცია, რაც მრავალი მათგანისთვის ამაღელვებელი და სტრესულია.

ზოგიერთი ბავშვისთვის მეგობრების გაჩენა თუ მარტივი და ბუნებრივი პროცესია, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ეს საქმე ასე ადვილად არ გამოსდით.

მეგობრობას ვერ დააძალებ, მაგრამ შეგვიძლია ვასწავლოთ ბავშვს, როგორ იყოს მეგობრული და თავის მიმართ დადებითად განაწყოს სხვა თანატოლები.

სასურველია, ბავშვი ისე მივაჩვიოთ სხვა ბავშვების მიმართ კეთილგანწყობის გამომჟღავნებას, რომ არ გრძნობდეს წნეხს, თითქოსდა "ყველას უნდა ემეგობროს".

მიეცით მაგალითი. ბავშვები ყველაზე უკეთესად უფროსებზე დაკვირვებით სწავლობენ. აჩვენეთ, როგორი კეთილგანწყობილი ხართ გარშემო მყოფთა მიმართ – არა მარტო თქვენი ოჯახის წევრების ან ახლო მეგობრების, არამედ მისი ბაღის აღმზრდელის, ჯგუფელის მშობლისა თუ უბრალო გამვლელის მიმართაც.

მეგობრული მისალმება აუცილებელია. მისალმებით იწყება ყოველი დიალოგი. კვლავ საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ ბავშვს, როგორ ესალმებით ნაცნობებს, უთხარით, რომ თუ სურს, შეუძლია, თავადაც მიესალმოს და დაემშვიდობოს ნაცნობებს, ოჯახის წევრებს, ბაღის ჯგუფელებს თუ აღმზრდელს.

* გაზიარება და პირადი სივრცე. გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რომელსაც ბავშვი ნელ-ნელა იძენს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ პერსონალური სივრცის მნიშვნელობაც.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ არ სურს, არ არის აუცილებელი, გაუზიაროს სხვას ის ნივთი, რომელიც იმ მომენტში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ დროს შესთავაზეთ, რომელიმე სხვა სათამაშო ათხოვოს თანატოლს. არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ საყვარელი სათამაშოს გაზიარება.

თუ ბავშვი სათმაშოს მხოლოდ იმიტომ არ ათხოვებს არავის, რომ ჰგონია, აღარ დაუბრუნებენ, აუხსენით, რომ არავის მისცემთ უფლებას, ასე მოიქცეს და მისი სათამაშო აუცილებლად მასვე დაუბრნდება.

ასწავლეთ გაცვლა. ბავშვებს ერთმანეთის ნივთები გაიტაცებთ ხოლმე და თავისას დიდ ყურადღებას აღარ აქცევენ, შესთავაზეთ, ცოტა ხნით გაცვალონ სათამაშოები და როდესაც თამაშით გულს იჯერებენ, დაუბრუნონ ერთმანეთს.

* იმუშავეთ ემპათიის უნარის განვითარებაზე. მისთვის გასაგები ენით ესაუბრეთ ბავშვს, რა დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია მის საქციელს სხვა ადამიანებზე, ასწავლეთ თანაგრძნობა. თანდათან თავისთავად გაუჩნდება ხოლმე ნივთების გაზიარების სურვილი.

* ასწავლეთ გუნდურობა. ბაღი ამისთვის საუკეთესო ადგილია, რადგან თითქმის ყოველგვარი აქტივობისას ბავშვებს უწევთ, დაიცვან რიგი, დაელოდონ ერთმანეთ, დაეხმარონ გუნდელს, გაამხნეონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას ემსახურება, რადგან როდესაც ბავშვი გუნდურ აქტივობებს ეჩვევა, უფრო აფასებს ისეთ უნარებს, როგორიცაა თუნდაც დათმობა და დახმარება.

* დაეხმარეთ, ეძებოს მრავალფეროვნება და არ ჩაიკეტოს ერთ წრეში, ასე თუ ისე ყველა ჯგუფელთან ერთად ითამაშოს, სცადოს მაინც, რადგან სანამ არ სცდის, ვერ გაიგებს, მოსწონს თუ არა იმ ბავშვთან ერთად თამაში, რომელსაც არასოდეს მისალმებია. წაახალისეთ, ჩაერთოს გუნდურ აქტივობებში, ურთიერთობა ჰქონდეს ყველა ჯგუფელთან და არ მიეკედლოს 1-2 ბავშვს.

* მთავარი გართობა და კარგი დროსტარებაა და არა მეგობრების ძიება. ეცადეთ, ბავშვი ფოკუსირებული იყოს იმაზე, რომ ჩაერთოს მისთვის სახალისო აქტივობებში, გაერთოს და შეიძინოს ახალი უნარები. ნუ დასტრესავთ, თუ განსაკუთრებით ვერავის დაუახლოვდა, პირიქით, ამ ასაკში სწორედ მრავალფეროვანი სოციალური გარემოა მნიშვნელოვანი, მეგობრობა კი ბუნებრივად, თავისთავად მოვა საჭირო დროს.

* დააკვირდით, როგორ იქცევა ბავშვი, როდესაც სათამაშო მოედანზე ან სტუმრად უცხო თანატოლს ხედავს. შესაძლოა, უნდოდეს კიდეც მასთან თამაში, მაგრამ არ იცოდეს, ეს როგორ გააკეთოს. ასეთ სიტუაციაში შეგიძლიათ, პირდაპირ უკარნახოთ პატარას ფრაზები, რომლებსაც თანატოლებთან ურთიერთობისას გამოიყენებს. მაგალითად: "მე ანი ვარ, შენ რა გქვია? გინდა, ერთად ვითამაშოთ?" "მე შენთან თამაში მომეწონა, მოდი, კიდევ ვითამაშოთ ხოლმე". ეს ის მარტივი ფრაზებია, რომლებიც უნდა იცოდეს ბავშვმა, რათა ყოველგვარი მორცხვობის გარეშე დაამყაროს ახალი კონტაქტები.

* წაუკითხეთ ბავშვს ლიტერატურული ნაწარმოებები დამეგობრებაზე, ერთად უყურეთ ფილმებს ამ თემაზე, მერე განიხილეთ ნანახი და წაკითხული.

* 1-3 წლის ბავშვები თამაშობენ ერთმანეთის გვერდით და არა ერთმანეთთან. მათთვის სათამაშოები უფრო საინტერესოა, ვიდრე ბავშვები, ამიტომ ახალი ნაცნობისგან ყველაზე მეტად ელოდებიან გართობაში აყოლას. ამ დროს მშობლის ამოცანაა, დაეხმაროს ბავშვს სხვა ბავშვში მასავით "საინტერესო" ადამიანის ამოცნობაში. მიაქცევინეთ ყურადღება ისეთი ფრაზებით, როგორიცაა: "ნახე, როგორ მოგეფერა, როგორ გაგიცინა, როგორ თანაგიგრძნო, როგორ მოგაწოდა თავისი სათამაშო, ნახე, უნდა, რომ შენც გადაუგდო ბურთი". ხაზი გაუსვით მსგავსებას მათ შორის: "ნახე, ისიც შენსავით ცეკვავს, ისიც შენსავით ამბობს "დედას", მასაც შენსავით ჰყვარებია ეს სიმღერა".

გახსოვდეთ, რომ სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტელექტუალური განვითარებისთვის გაღებული ძალისხმევა.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: