ვასილ მამულაშვილი - უნივერსალური ჟურნალისტი

გააზიარე:

“ჟურნალისტი მოფარიკავეა, რომელიც, დაშნით მრავალი ჩხვლეტის მიუხედავად, არ ტოვებს ასპარეზს. ალბათ, ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია. ვერ ვიტან ჩრდილში ყოფნას, უმოქმედობას. ბოლომდე ბრძოლაა ჩემი დევიზი. ჩემი ბიოგრაფია ჩემივე გამოცემული გაზეთებია, ჩემი ასაკი კი იმდენი წელია, რამდენი წერილიც გამომიქვეყნებია. ჟურნალისტს უნდა გტკიოდეს, ყველა ტალღას გულით იღებდე, ისე ვერ გადასცემ, ვერ მიიტან მკითხველამდე. არ არსებობს უფრო ძლერი იარაღი, ვიდრე პრესა. მე ჩემს ბობოქარ ცხოვრებაში სწორედ ამ იარაღით ვიბრძვი”, – ასე ხედავს თავის პროფესიას და საკუთარ თავს პროფესიაში ჟურნალისტი ვასილ მამულაშვილი – ქარელის რაიონული გამოცემა “ქარელის მოამბის” რედაქტორი.

ყოველთვის ვცდილობდი, უნივერსალური ჟურნალისტი ვყოფილიყავიო, ამბობს ბატონი ვასილი. მისი პუბლიკაციების თემატიკა მართლაც მრავალფეროვანია. ის გახლავთ რაიონული, რესპუბლიკური და ოთხი რეგიონული გაზეთის დამაარსებელი და რედაქტორი, სამი წამყვანი რესპუბლიკური გამოცემის რედაქციის თანამშრომელი, განყოფილების ხელმძღვანელი და კორესპონდენტი, არაერთი რადიო- და ტელეგადაცემის პროექტის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი. სათქმელის გადმოცემას ყოველთვის სხვადასხვა გზით და ფორმით ცდილობდა: საგაზეთო პუბლიკაციებით, თეატრის სცენიდან, სამეცნიერო და მხატვრული ნაწარმოებებით, თარგმანებით... მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერია პედაგოგიკაც. არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არაერთი უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი.

თეთრი ფრინველი

თეთრი ფრინველი ზღაპრის გმირია, რომელიც გამოქვაბულში საგანძურს დარაჯობს. ორაზროვანი წინადადებით, გამოდი და თან მანდვე დარჩიო, უფლისწულმა ისე დააბნია მცველი, რომ ფრინველს გული გაუსკდა. უფლისწულის როლი, რა თქმა უნდა, უფრო მიმზიდველი იყო, მაგრამ საბჭოთა სინამდვილეში ჟურნელისტებს უმეტესად თეთრი ფრინველის როლი ერგებოდათ ხოლმე და ბატონმა ვასილმაც ამ პერსონაჟის სახელი აირჩია ფსევდონიმად.

მისი ჟურნალისტური საქმიანობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ გაზეთში დაიწყო. სტუდქალაქისთვის რადიოც დააარსა, სადაც სატირულ-იუმორისტული გადაცემა "კრაზანა" მიჰყავდა. პირველი რეგიონული გამოცემა, რომლისთვისაც წერდა, გორის გაზეთი იყო. გორს მოჰყვა ხაშური, ქარელი... დღეს რაიონული გაზეთის "ქარელის მოამბის" შეუცვლელი რედაქტორია. უშიშროების სამინისტროს გაზეთის "სრულიად არასაიდუმლოდ" განყოფილების გამგე და შინაგან საქმეთა სამინისტროს "კრიმინალური ქრონიკის" თანამშრომელიც გახლდათ. გამოსცემს იუმორისტულ გაზეთს "ციც!"

– კორესპონდენტობა ყველაზე საპატიო მისიაა. ჟურნალისტები ეძებენ გამორჩეულ ადამიანებს, გმირებს. ინტერვიუს პროცესში ამ ადამიანებთან ურთიერთობა ნამდვილი ხელოვნებაა. თავად ჟურნალისტებთან ინტერვიუს კი იშვიათად წერენ. მიხარია, რომ მე ამ გამონაკლისებს შორის მოვხვდი.

უკომპრომისო ბრძოლაში

ქარელში რომ ჩამოვედი, თმაზე თეთრი მხოლოდ ფრთები მქონდაო, ამბობს. არ მოისურვა თეთრ ფრინველად დარჩენა, რედაქციაში ჩაკეტვა, სავარძელში მოკალათება და პარტიული ხელმძღვანელების მაამებელი სტატიების წერა. ჯერ ქალაქს გაეცნო, რაიონის მეურნეობები ჩამოიარა, აღმოაჩინა, რომ ფერმაში ძროხების უმრავლესობა კოლმეურნეობისთვის მიბარებული კერძო საკუთრება იყო. ერთ-ერთი ძროხა მისი თანამშრომლისა აღმოჩნდა... "კრაზანას" იდეის გაცოცხლება მოახერხა. მისი სატირულ-იუმორისტული სტატიების წყალობით ბევრს მოუწია თანამდებობის დატოვება... სჯეროდა, რომ სამართლიანობისთვის იბრძოდა და დღემდე ასეა. მისმა წერილებმა პარტიის ყურადღებაც მიპყრო და ახალგაზრდა რედაქტორი ჟურნალისტთა საკავშირო ყრილობაზე მიიწვიეს:

– ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვღელავდი... ტრიბუნაზე ავედი თუ არა, მოვითხოვე, რეგლამენტი ორი წუთით გაეზარდათ. ჩემს კოლეგებს ეგონათ, იუმორით ვაპირებდი თავის გამოჩენას, მაგრამ ვთქვი ის, რასაც იმ დროს ალბათ ბევრი ფიქრობდა, მაგრამ თქმას ვერ ბედავდა: რაიკომის მდივნები და პარტიული ხელმძღვანელები ჟურნალისტის საქმიანობაში არ უნდა ერეოდნენ-მეთქი. რაიონული გაზეთის ახალბედა რედაქტორისგან ასეთ სითამამეს არავინ ელოდა. დარბაზი გაინაბა, ყველა ედუარდ შევარდნაძის რეაქციას ელოდა, ის კი ადგილიდან წამოიწია და ტაშით დამაჯილდოვა. რაკი "ნებართვა მიიღო", დაიგრგვინა დარბაზმაც.

დარბაზიდან გამოსული, ადგილს ვერ ვპოულობდი. ჟურნალისტიკის ვეტერანები სიბრალულით მიყურებდნენ და ჩემს სამსახურიდან გათავისუფლებას წინასწარმეტყველებდნენ. "იქნებ დააწინაურონ კიდეც", – ბედავდა თითო-ოროლა ოპტიმისტი. იმ საღამოს სასტუმროში სამი დელეგაცია მეწვია: აფხაზეთის, აჭარის და სამხრეთ ოსეთის ჟურნალ-გაზეთებიდან და ჩემი სითამამით აღფრთოვანება გამოხატეს. დღეს იმ ყრილობაზე წარმოთქმულ სიტყვას რომ ვკითხულობ, თითქოს არაფერია გამორჩეული, მაგრამ იმ დროისთვის, როდესაც მთელი სახელმწიფო აპარატი ჩართული იყო ჟურნალისტების მანქურთებად ჩამოყალიბებაში, ხმამაღალი განაცხადი აღმოჩნდა.

რაც უნდა დიდი წნეხის ქვეშ მოაქციონ ამ პროფესიის ადამიანები, მათ მაინც შესწევთ ძალა, ხმა მიაწვდინონ საზოგადოებას, ყურადღება მიაპყრონ მტკივნეულ პრობლემებს, უსამართლობას, უიმედობას ებრძოლონ, ხმამაღლა თქვან ის, რაც ბევრს აწუხებს და ხალხის ძალით ცვლილებებიც მოიტანონ – სწორედ ამითაა უნიკალური ჟურნალისტის საქმე. კომუნისტებს შეეძლოთ, ჟურნალისტები, პოეტები, მომღერლებიც კი "თავიანთ ხმაზე" ემღერებინათ, იმ პერიოდის ალბათ ვერც ერთი ხელოვანი ვერ იტყვის, რომ ამ "ანსამბლში" არ უმღერია, თუმცა ერთეულებმა შეძლეს, არ დაეკარგათ საკუთარი ხმა. მე თვითონ მოვახერხე თუ არა ეს, ჩემი მკითხველი უკეთ განსჯის.

მთის სპექტაკლი

მოუსვენარი ადამიანი ვარო, ამბობს. მისი შემომქედებითი ენერგია ჟურნალისტიკის ჩარჩოებში ვერ ჩაეტია და საზოგადოებრივ საქმიანობასაც გასწვდა. სწორედ ვასილ მამულაშვილია სახალხო დღესასწაულ "ზაზაობის" ორგანიზატორი და სცენარისტი.

– დღესასწაულის პირველი სცენარი 1981 წელს დავწერე. მას შემდეგ ყოველი წლის შემოდგომაზე ათასობით თვალანთებული ადამიანი ელოდა ორთუბანთან მთაზე აღმართული კოშკის ზარების ახმიანებას და უკვდავი "კარაბადინის" ავტორის, საქართველოს მეფის ერთგული მხედართმთავრის ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის გამოჩენას, რომლის როლს წლების განმავლობაში გორის თეატრის მსახიობი ოთარ ქუთათელაძე ასრულებდა. ეს გახლდათ ნამდვილი "მთის სპექტაკლი" მასობრივი ქორეოგრაფიითა და მიზანსცენებით, პერსონაჟების იუმორისტული ტექსტებით... ღონისძიების დასასრულს ქარელის საპატიო მოქალაქეებსაც ირჩევდნენ. "ზაზაობა" ჩვენი ისტორიის, ლხინის, ხელოვნების დღესასწაული იყო.

სტუდენტები

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფ. გოგიჩაიშვილის სახელობის თბილისის ეკონომიკურ-იურიდიულ ინსტიტუტში, უნივერსიტეტ „ლეგია და კომპანიაში“ ლექციებს კითხულობდა ჟურნალისტიკის საფუძვლებზე, მის ისტორიაზე, ჟურნალისტურ ეთიკაზე, კინოჟურნალისტიკაზე, ტელე-, რადიო- და ფოტოჟურნალისტიკაზე, გაზეთის მხატვრულ გაფორმებასა და მედიაჟანრებზე. მისი სტუდენტები იყვნენ გიორგი სანაია, თიკა კანდელაკი. ბატონი ვასილის ქალიშვილი ეკა მამულაშვილიც ამავე აუდიტორიაში ისმენდა მის ლექციებს. "ინტერვიუ მამასთან" – ეკას პირველი პუბლიკაცია, რომელიც ქარელის გაზეთში დაიბეჭდა – ამ სიტყვებით მთავრდება: "ჩემი ცხოვრების იდეალი შენ ხარ".

თეატრი

ვასილ მამულაშვილის კიდევ ერთი დიდი სიყვარული თეატრია. უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პარალელურად თეატრალურ ინსტიტუტშიც სწავლობდა. რეჟისორმა არჩილ გომიაშვილმა სპექტაკლში "გზააბნეული" მთავარ როლზე დაამტკიცა. რესპუბლიკური ფესტივალის ლაურეატის წოდებაც მიენიჭა.

– რეჟისორმა გამაფრთხილა, ჯერ გამოუცდელი ხარ და დარბაზში ნუ გადაიხედავო, მაგრამ თავი ვერ შევიკავე – გაფრთხილებამ პირიქით იმოქმედა – და თვალი მაყურებლისკენ გამექცა. პირველ რიგში აკაკი ხორავა დავინახე და წავხდი... სპექტაკლის ბოლოს ამ ბუმბერაზმა მსახიობმა რეჟისორს უთხრა ჩემზე, ეს ბიჭი არ დაკარგოო. მეც მიზიდავდა მსახიობობა, თუმცა საბოლოოდ ისევ თეთრი ფრინველის ამპლუა ვამჯობინე.

თეატრი დღემდე უყვარს. მისი პიესის “თეთრი ბორნის” მიხედვით გორის თეატრი სპექტაკლსაც დგამს. რეგიონული ტელევიზიების “ქარელისა” და “თრიალეთის” არაერთი თემატური პროექტის ავტორიც გახლავთ. კინოშიც დატოვა კვალი: თავისივე სცენარით გადაიღო სრულმეტრაჟიანი იუმორისტული ფილმი “ფეიხოა”. თარგმანებიდან გამორჩეულად უყვარს შილერის “ხელთათმანი”, ჩემს სულს ეხმიანებაო, ამბობს: “ადამიანი ყოველთვის უნდა იცავდეს თავის ღირსებას, სიყვარულშიც კი”. ლექსების კრებულიც გამოსცა, თუმცა თავის პოეზიაზე იშვიათად საუბრობს.

– ზოგჯერ მიკვირს, ერთი ადამიანი ამდენ რამეს როგორ გავწვდი-მეთქი, მაგრამ კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი და ჩემს სათქმელს წიგნებით, ტელეგადაცემებით, საგაზეთო პუბლიკაციებით ბევრჯერ მოგიყვებით.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: