ვერა მურღულია: რბოლის აზარტი და ქველმოქმედების სიხარული

გააზიარე:

“სათავგადასავლო რალი საქართველო” ავტორბოლაა, რომელიც 2019 წელს დაარსდა და ყოველი წლის ოქტომბერში იმართება. პროექტის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება.

– ავტორბოლა თავგადასავალია, რომელიც ყოველდღიურობას გავიწყებს, – ამბობს პროექტის ავტორი და ორგანიზატორი ვერა მურღულია. მანქანების სიყვარული მას მამისგან – ავტომრბოლელი, საბჭოთა კავშირის მასშტაბით არაერთი ჯილდოს მფლობელი გია მურღულიასგან მოჰყვება.

– ჩემი ბავშვობის მოგონებები მამას და მის შეჯიბრებებს უკავშირდება, – იხსენებს ვერა, – ოთახის კედლები საყვარელი მსახიობებისა და მუსიკოსების ნაცვლად ავტომობილების პოსტერებით მქონდა სავსე. სტუდენტობისას რამდენიმე თვე მამასთან, ავტომანქანების სერვისცენტრში ვმუშაობდი, სათადარიგო ნაწილებით მომარაგებაზე ვაგებდი პასუხს, ასე რომ, მექანიზმის აგებულებაშიც გავერკვიე, მოგვიანებით კი საფრანგეთში გავიარე ავტომობილის სწრაფი შეკეთების კურსი.

საფრანგეთში ვერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მენეჯმენტის შესასწავლად გაემგზავრა სამაგისტრო პროგრამით. იქვე დაოჯახდა. მერე ონოლოგიაც შეისწავლა და მისი ყოველდღიური საქმიანობაც სწორედ ამ სფეროს უკავშირდება – ღვინის კვლევისა და ექსპერიმენტაციის ცენტრში ვარდისფერი ღვინის დეგუსტატორ-ონოლოგად მუშაობს.

– შესაძლოა, გაგიკვირდეთ, ამდენი განსხვავებული ინტერესის მქონე ადამიანი ავტორბოლების ორგანიზებისთვის როგორღა იცლისო... ამ წამოწყებას თავისი ისტორია აქვს: ხუთი წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა და ცხოვრების აზრისა და მოტივაციის ძიებაში ახალ გამოწვევას შევეჭიდე – მონაწილეობა მივიღე მაროკოში გამართულ გაზელების რალიში (საერთაშორისო ავტორბოლა, რომელშიც მხოლოდ ქალები მონაწილეობენ – ავტ.). იმ წელს ორასზე მეტი ეკიპაჟი დარეგისტრირდა... ამ მასშტაბის საერთაშორისო რბოლის მონაწილე პირველი ქართველი ვიყავი. უამრავი გულშემატკივარი მყავდა. რალიში მონაწილეობა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ასე რომ, სპონსორების მოძიებაც მომიხდა. ეს რთული, მაგრამ საინტერესო პროცესია, უამრავ ხალხთან გიწევს კომუნიკაცია და შენდა უნებურად მეგობრებსაც იძენ.

სტარტი ნიცაში ავიღეთ. შეჯიბრება ცხრა დღეს გაგრძელდა. საჰარაში 2500 კილომეტრი გავიარე, საჭის ტრიალისგან თითებზე კოჟრები გამიჩნდა... პირველი ორი დღის შედეგებით, მეოთხე ადგილზე ვიყავი. მესამე დღეს მანქანა დიუნებში ჩაეფლო. სამი საათი ვთხრიდით ქვიშას მე და შტურმანი, ბორბლები რომ გაგვეთავისუფლებინა. იქ, სადაც წუთები წყვეტს საქმეს, უამრავი დრო დავკარგეთ... საბოლოოდ 47-ე ადგილზე გავედი, თუმცა ასეთ რბოლებში ადამიანები უმთავრესად თავგადასავლისთვის მონაწილეობენ.

აფრიკიდან გემით ვბრუნდებოდით. ზღვა აღელდა და ორი დღე ღუზაზე დგომა მოგვიწია. ამ მოწყენილობის ჟამს დამებადა საქართველოში უგზოობის ავტორბოლის გამართვის იდეა. საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც უასფალტო გზებზე მოძრაობა აკრძალული არ არის. დასავლეთში ამ სიამოვნებისთვის დიდი ჯარიმა დაგეკისრებათ... ჩემი ძმა გიგაც ავტომრბოლელია, საქართველოს მასშტაბით არაერთი შეჯიბრების ორგანიზატორი, რომლებშიც მეც ვმონაწილეობდი შტურმანის რანგში. ხმელეთს მივაღწიეთ თუ არა, მაშინვე გიგას დავურეკე და იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება ვთხოვე. პროექტი შევუთანხმეთ საავტომობილო სპორტის ფედერაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციას, რადგან, მარშრუტი საზღვართან ახლოს გადიოდა, სპორტის სამინისტროს და მთელი ამ ბიუროკრატიული ამბების შემდეგ, 2019 წლის ოქტომბერში, პირველი რბოლა გავმართეთ.

ამ ტიპის ავტორბოლაში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის სტანდარტით, ერთი კვირის განმავლობაში ათას ხუთასი კილომეტრი მაინც უნდა დაფარო. შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად რვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მრბოლელები. მათი უმრავლესობა მაროკოს რალიზე გავიცანი. ქართველი მონაწილეები კი არ გვყავდა. მომდევნო რბოლაზე ხუთი ქართული ეკიპაჟი დარეგისტრირდა, 2022 წლის ოქტომბერში კი შეჯიბრებაში საქართველოდან უკვე 15 ეკიპაჟი მონაწილეობდა. 2020 წელს “სათავგადასავლო რალი საქართველო” ერთადერთი რბოლა იყო, რომელიც პანდემიის გამო არ გაუქმდა. 2023 წლის შემოდგომაზე უკვე მეხუთე რბოლა გაიმართება. მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 31 აგვისტომდე. მსურველებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ საიტზე წწწ.რალლყ-ადვენტურე.ცომ.

საქართველოს რალი უნიკალურია, როგორი უნიკალურიცაა თავად საქართველოს რელიეფი. აქ პეიზაჟი სწრაფად იცვლება: ბარიან მთაში ხვდები, უდაბნოდან – ტყეში... დაკარის რალი კი, რომელიც უკვე 45 წელია არსებობს, ქვიშიანი და ერთფეროვანია. მიმაჩნია, რომ ჩვენი პროექტი უფრო უკეთესად აცნობს მსოფლიოს საქართველოს და ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს.

მრბოლელები ზრუნავენ

– რბოლის აზარტს ქველმოქმედების სიხარულიც დაემატა: ჩვენი პროექტი მხოლოდ გასართობი რომ არ ყოფილიყო, გადავწყვიტეთ, სპონსორები მოგვეძებნა და სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საჩუქრები ჩაგვეტანა. წელს პროექტში “ავერსიც” ჩაერთო. მისი დახმარებით თეთრიწყაროს რაიონში თხუთმეტი მრავალშვილიანი ოჯახი ჰიგიენური და ბავშვის მოვლის საშუალებებით მოვამარაგეთ. დავეხმარეთ ასევე საჩხერის რაიონის საზღვრისპირა სოფელ დარყაში მცხოვრებ თვრამეტ ბავშვს. “ავერსთან” თანამშრომლობა ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის და  იმედი გვაქვს, გაგრძელდება.

სტერეოტიპების მსხვრევა

– ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, რომ ავტორბოლა მამაკაცური სპორტია, ისევე როგორც, მაგალითად, მეღვინეობა – მამაკაცური პროფესია, თუმცა დღეს საფრანგეთში ონოლოგების უმრავლესობა ქალია. საქართველოშიც უკვე არაერთი წარმატებული ქალი მეღვინე გვყავს... ავტორბოლაში ქალების მონაწილეობას სოციალურ ქსელებში შხამიანი კომენტარები მოჰყვა. “დაეტიეთ სამზარეულოში” და მსგავსი ფრაზებიც მრავლად იყო. მაგრამ ჩვენი რალის პრინციპია, ეკიპაჟის ერთი წევრი მაინც იყოს ქალი. ჰოდა, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბევრ ქალს ჰყვარებია ექსტრიმი, მათ შორის – დაოჯახებულებსაც. მაგალითად, წლევანდელი რალის გამარჯვებული ანი ჭეიშვილი ოთხი შვილის დედაა.

მეც დედა ვარ და ჩემი შვილები ძალიან ამაყობენ ჩემი პროექტებით. უფროსი გოგონა თხუთმეტი წლისაა, ტყუპი ქალ-ვაჟი – ათის. სკოლაში რალის მაისურებით დადიან და მარშრუტის დაზვერვაზეც დიდი ენთუზიაზმით მომყვებიან ხოლმე. მინდა, ჩემი წამოწყებული საქმე წლების შემდეგ მათ გააგრძელონ.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: