თეა ადუაშვილის ბედნიერების ვექტორი

გააზიარე:

წარმატებული და სოციალურად აქტიური ქალი დღეს იშვიათობა აღარ არის, მაგრამ ჩვენი რუბრიკის სტუმარი, პროფესიულ წარმატებასთან ერთად, არაორდინარული იდეებისა და პროექტების ავტორიც გახლავთ.

თეა ადუაშვილი ფინანსისტია, საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, საქართველოს აუდიტორული კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი, ბიზნესლიდერთა  ფედერაციის წევრი. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება ქალთა პროფესიული გაძლიერება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობაა. მისი პროექტების უმეტესობა ქალებზეა ორიენტირებული.

დავინტერესდით, რატომ მხოლოდ ქალები?

– ჩვენს ქვეყანაში ქალებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. რა თქმა უნდა,  შესამჩნევია ქალისა და მამაკაცის ხელფასის გათანაბრების, პარლამენტში თუ ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების კვოტის ზრდის ტენდენცია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ქალები უფრო დამოუკიდებლები უნდა გახდნენ, მენეჯმენტში მაღალ თანამდებობაზე მყოფი ქალი მეტად უჭერს მხარს მას, ვისაც ოჯახი და შვილები ჰყავს, უკეთ ესმის მისი საჭიროებები.

საქართველოში ფინანსისტი და ბუღალტერი ქალები მრავლად არიან, აუდიტორი კი ცოტაა. ჩვენი ორგანიზაციებისა და პროექტების მიზანია, გავუადვილოთ ამ პროფესიის ქალებს კარიერული წინსვლა, მივცეთ რჩევები და დავარწმუნოთ, რომ ქალს აქვს უნარიც, ნიჭიც და შესაძლებლობებიც, ამ სფეროში თავი წარმოაჩინოს.

ქალებს ფინანსებზეც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი. იმის გამო, რომ უძრავი ქონება მათ სახელზე იშვიათად რეგისტრირდება, კრედიტის აღება უჭირთ. გვყავს წარმატებული ქალი ბიზნესმენებიც, მაგრამ ამას მასობრივი ხასიათი  არა აქვს.

ასი მეწარმე ქალის მხარდაჭერა სწორედ ბიზნესში ქალთა ჩართულობას უწყობს ხელს. ბევრ მეწარმეს უფასოდ ვეხმარებით, სწორ გეზს ვაძლევთ, მხარს ვუჭერთ სტარტაპერებს.

შარშან თეა ადუაშვილი საზოგადოებას კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივით წარუდგა – მისი პროექტი “ბედნიერების ვექტორი” საუკეთესო განწყობის შექმნას და სხვებისთვის მის გაზიარებას ისახავს მიზნად. ამასთან, ის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასაც ემსახურება.

– წლებია, ზედმეტ კილოგრამებს ვებრძვი, მაგრამ ამაოდ. შარშან, საახალწლოდ, პოსტი გამოვაქვეყნე, სადაც ყველას სურვილების ახდენა ვუსურვე და ჩემი ნატვრაც გავამხილე – ჭარბი წონისგან გათავისუფლება და  ჯგუფის შექმნა იმ ქალებისთვის, რომლებსაც ჯანსაღი წესით ცხოვრება სურთ. სიმართლე გითხრათ, დიდ გამოხმაურებას არ ველოდი, მაგრამ უამრავმა ადამიანმა დამიჭირა მხარი. ჩვენს ჯგუფში გაერთიანდნენ ფსიქოლოგები, ენდოკრინოლოგები, დიეტოლოგები, სპორტის ინსტრუქტორები, რომლებმაც უფასო კონსულტაციები და შეღავათიან ფასად მომსახურება შემოგვთავაზეს.

300-ზე მეტი ქალი გამოგვეხმაურა. დავგეგმეთ უამრავი აქტივობა, შედგა პირველი შეხვედრაც ლისის ტბაზე. ღონისძიება მედიამაც გააშუქა, შესანიშნავი სტარტი იყო, მაგრამ გაზაფხულზე პანდემიის ტალღამ მუშაობის გაგრძელებაში ხელი შეგვიშალა. დღეს ჯგუფის 35 ყველაზე აქტიური წევრი უამრავ ღონისძიებას ვგეგმავთ და ვაორგანიზებთ, ყოველ შაბათს ვიკრიბებით, ვაწყობთ მარათონს – ოთხ ან ხუთ კილომეტრს ვფარავთ. უამინდობა არ გვაშინებს. პირიქით, წვიმაში სიარული ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. აკვააერობიკაზეც ჩავეწერეთ. გვაქვს პრივილეგიები კომპანიებისა და ფიზიკური პირებისგან, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაში გვეხმარებიან.

შედეგი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე უკვე აისახა. მაგალითად, აქამდე თუ მხოლოდ ავტომობილით ვმოძრაობდი, ახლა ფეხით უფრო მეტს დავდივარ.

პანდემიამ ყველას გვაგრძნობინა ცოცხალი ურთიერთობის დეფიციტი, “ბედნიერების ვექტორმა” კი ეს დანაკლისიც შეავსო.

მარათონის შემდეგ ვიკრიბებით, საჭირბოროტო საკითხებზე ვსაუბრობთ, ერთმანეთს გამოცდილებას და მოსაზრებებს ვუზიარებთ. ჩნდება ბიზნესიდეებიც.

ამ შეხვედრების დროს ხდება დადებითი ენერგიის გაცვლა-გამოცვლა, შინ  ემოციით დატვირთულები ვბრუნდებით და ეს მუხტი ოჯახის წევრებსაც გადაეცემათ.

– რა არის ბედნიერება?

– პირადად მე ბედნიერი ვარ, როცა ადამიანებს ვეხმარები. 

–  დატვირთული გრაფიკი ოჯახისთვის  თუ გიტოვებთ დროს?

– ოჯახი ძალიან ადრე – თექვსმეტი წლისამ შევქმენი. 90-იანების დასაწყისი იყო – ურთულესი პერიოდი. იმ დროს, მოგეხსენებათ, თითქმის ყველას უჭირდა, ამიტომ ოჯახის დასახმარებლად, ჯერ კიდევ სტუდენტმა, მცირე სამეწარმეო საქმიანობა წამოვიწყე. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი შემოსავალი მქონოდა. საოჯახო საქმეში კი დედა მეხმარებოდა. დედისერთა ვარ და თამამად შემიძლია გითხრათ: ფუფუნებაა, როდესაც მშობლისგან  თანადგომას გრძნობ, როდესაც მისი მზრუნველობა შენთან ერთად შენს შვილებსა და შვილიშვილებსაც სწვდება. დედისა და მეუღლის მხარდაჭერა რომ არა, ვერც პროფესიული, ვერც სოციალური კუთხით ასეთი აქტიური  და რეალიზებული ვერ ვიქნებოდი.

დიდი, ხმაურიანი ოჯახი გვაქვს. სამი ვაჟისა და ერთი ქალიშვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია გახლავართ. უფალმა არაჩვეულებრივი სიძე და რძალი მარგუნა... თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი აქტიური გრაფიკის მიუხედავად, ბებიობის სიტკბოსაც მთელი სისრულით შევიგრძნობ. ყოველ საღამოს, როცა შინ ვბრუნდები და ჩემი შვილიშვილების სიყვარულით სავსე მზერა მეგებება, ვხვდები, რომ ეს არის ბედნიერება. ცოტა ხნის წინ სკოლაში უფროსი შვილიშვილის კლასის შეხვედრაზე ვიყავი, რომელზეც ჩემდამი მოძღვნილი ლექსი წაიკითხა. სიხარულის ცრემლები ვერ დავმალე... მათი სიყვარული ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა, რომ უფრო მეტი შევძლო, მეტ ადამიანს დავეხმარო, მეტს გავუზიარო დადებითი ემოციები.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: