როგორ დავაბრუნოთ ძილი

გააზიარე:

ჯანსაღი ძილი აუცილებელია ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის, თუმცა, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მონაცემებით, ბავშვების 25-50 პროცენტს ძილის დარღვევა აქვს.

როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენმა პატარამ ტკბილად იძინოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა მისი ჯანმრთელობისთვის?

რა საჭიროა ძილი

ძილი, გარდა იმისა, რომ პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვის განწყობაზე, ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების და, საზოგადოდ, კოგნიტიური უნარების განვითარებასაც უზრუნველყოფს.

სამ წლამდე ძილი აუცილებელია:

* მეხსიერების კონსოლიდაციისთვის (მეხსიერების კონსოლიდაცია არის პროცესი, როდესაც ჩვენი ტვინი ხანმოკლე მოგონებებს ხანგრძლივად გარდაქმნის);

* აღმასრულებელი ფუნქციების განვითარებისთვის (აღმასრულებელი ფუნქციები პასუხისმგებელია ისეთ უნარებზე, როგორიცაა ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, შენახვა და გამოყენება, მიზნის მისაღწევად საჭირო მოქმედებათა დაგეგმვა, იმედგაცრუებისას – ემოციური თვითკონტროლი);

* მოტორული უნარების განვითარებისთვის (მოტორული უნარები სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ამოქმედებით ამა თუ იმ მოძრაობის შესრულებას უზრუნველყოფს).

რა ხდება, როცა ბავშვს ძილი აკლია

გამოუძინებელი ბავშვი უგუნებოდაა, ჭირვეულობს, ზოგჯერ ჰიპერაქტიურობაც ახასიათებს. უძილობა გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრაციაზე, რაც აკადემიურ მოსწრებაზე უარყოფითად აისახება.

ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მონაცემების მიხედვით, 5 წლამდე ასაკის ბავშვების მეოთხედს ძილი აკლია. ეს მონაცემები საკმაოდ ყურადსაღებია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში უძილობას ბავშვისთვის უგუნებობაზე გაცილებით დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. დროთა განმავლობაში ის იმუნური სისტემის დასუსტებას, შფოთვას და ადრეულ დეპრესიას იწვევს.

როგორ მოვიქცეთ

განურჩევლად ბავშვის ასაკისა, მშვიდი ძილის საფუძველი სწორი რუტინის ჩამოყალიბებაა. რასაკვირველია, თინეიჯერი და ერთი წლის ბავშვი ერთსა და იმავე დროს არ დაიძინებენ და არც ძილისწინა საათებს გაატარებენ ერთნაირად, მაგრამ ძილის რუტინა ორივეს სჭირდება. როდესაც ძილის წინ ერთი და იმავე აქტივობით ხარ დაკავებული, კითხვა იქნება ეს, თბილი აბაზანის მიღება თუ სხვა რამ, ორგანიზმი ხვდება, რომ ძილის დრო ახლოვდება და ნელ-ნელა ემზადება ამისთვის.

პატარა ბავშვის ტიპური ძილის რუტინა მოიცავს:

* ტელევიზორისა და სხვა ელექტრომოწყობილობების გათიშვას დაწოლამდე, სულ მცირე, ერთი საათით ადრე;

* თბილი აბაზანის მიღებას;

* საღამურის ჩაცმას და კბილების გამოხეხვას;

* სასიამოვნო წიგნის წაკითხვას;

* მეორე დღის გეგმებზე საუბარს;

* საყვარელ ფუმფულა სათამაშოსთან ჩახუტებას.

ვემზადებით ჯანსაღი ძილისთვის

დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენები და საქმიანობა, რომლითაც ბავშვია დაკავებული, ასევე დიდ გავლენას ახდენს ძილზე, ამიტომ სასურველია, არა უშუალოდ ძილის წინ, არამედ რამდენიმე საათით ადრე დაიწყოთ ძილისთვის მომზადება. ამისთვის:

* დააბალანსეთ ბავშვის გართობისა და დასვენების რეჟიმი;

* ეცადეთ, ერთსა და იმავე დროს დააწვინოთ დასაძინებლად;

* ბავშვის საწოლ ოთახში არ დადგათ ტელევიზორი და სხვა ელექტრომოწყობილობები;

* ყურადღება მიაქციეთ მის რაციონს, განსაკუთრებით – საღამოს;

* ეცადეთ, ბავშვის საწოლ ოთახში სხვა ოთახებთან შედარებით დაბალი ტემპერატურა იყოს.

* ნუ ჩაფუთნით ჩვილს, ჩააცვით ოთახის ტემპერატურის შესაბამისად;

* თუ ბავშვი სიბნელეში თავს უსიამოვნოდ გრძნობს, დაუტოვეთ სუსტი შუქი;

* ეცადეთ, მის საწოლ ოთახში არ შედიოდეს ხმაური.

საუკეთესო შემთხვევაში, ბავშვმა დაძინებამდე 2 საათით ადრე უნდა ივახშმოს. თუ კიდევ მოითხოვა ჭამა, მცირე ხემსი შესთავაზეთ.

საღამოობით ნუ  მისცემთ ტკბილეულს და კოფეინიან პროდუქტებს.

ფიზიკურ აქტივობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ბავშვის ისე დაღლა, რომ ძილის წინ არაფრის თავი აღარ ჰქონდეს, არასწორია. აქტიურობამ ბავშვს სიამოვნება უნდა მიანიჭოს. გადაღლილს, შესაძლოა, გაუჭირდეს კიდეც ჩაძინება ან მოუსვენრად ეძინოს.

ჩვილ ასაკში

ჩვილს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული ცირკადული რიტმი (ბუნებრივი რიტმი, რომელიც ძილ-ღვიძილის ციკლს არეგულირებს), ამიტომ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ეღვიძება და ეს ნორმალურია.

ამ ასაკის ბავშვს ამშვიდებს და ჩაძინებაში ეხმარება დედასთან კანით კონტაქტი, ნაზი რწევა, ხმადაბალი ღიღინი, თეთრი ხმაურის მოწყობილობა (ის იმ ხმების იმიტაციას ახდენს, რომლებიც ბავშვს დედის მუცელში ესმის).

იმ ოთახში, სადაც ჩვილს სძინავს, ღამით კაშკაშა შუქს ნუ აანთებთ, იქონიეთ სუსტი ნათურა და, რაც მთავარია, ეცადეთ, არ აფორიაქდეთ, რადგან ჩვილები გრძნობენ, როცა მშობელი ღელავს და ეს მღელვარება მათაც გადაედებათ.

1-დან 3 წლამდე

ამ ასაკის პატარები დაწოლაზე უარს ამბობენ იმიტომ, რომ თამაშით გული ვერ იჯერეს ან არ უნდათ, ოჯახურ აქტივობებს გამოაკლდნენ, რადგან ხედავენ, რომ დედა, მამა და უფროსი და-ძმები ჯერ არ იძინებენ.

აქაც ძილის რუტინა, ძილის წინ ერთად გატარებული დრო, მეორე დღის საინტერესოდ დაგეგმვა დაგეხმარებათ. აქციეთ ძილისთვის მზადების პროცესი საინტერესო აქტივობად. მაგალითად, დაუდგით ბავშვს სააბაზანოს თაროზე პატარა ქვიშის საათი, რომელიც დაეხმარება, აკონტროლოს ჰიგიენური პროცედურის ხანგრძლივობა და მას ზუსტად 3 წუთი დაუთმოს. შეგიძლიათ, დაფაზე ან ფურცელზე ჩამოწეროთ იმ დღის გეგმა, რომ დაძინებამდე პატარამ თითოეული შესრულებული პუნქტი გადახაზოს. მიეცით უფლება, თავად აარჩიოს პიჟამა და ძილის წინ წასაკითხი ზღაპარი.

სასკოლო ასაკში

სკოლის ასაკში ძილის მოწესრიგებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. გაკვეთილები, სოციალიზაცია, თვითდამკვიდრება, საშინაო დავალებები, სკოლისგარე აქტივობები ბავშვისთვის სტრესია. მას საკმარისად უნდა ეძინოს, რათა ეს ყველაფერი მისთვის არა დამქანცველ საქმიანობად, არამედ სასიამოვნო გამოწვევად იქცეს. ეცადეთ, დღის რეჟიმი ისე შეადგინოთ, რომ ბავშვს 1 საათი მაინც დარჩეს დასასვენებლად, დროის სურვილისამებრ გასატარებლად.

შაბათ-კვირას ბავშვს ადრე ადგომა არ სჭირდება, მაგრამ მაინც სასურველია, დაახლოებით იმ დროს გააღვიძოთ, რა დროსაც სკოლის დღეებში იღვიძებს. რეჟიმიდან ორი დღით ამოვარდნაც კი საკმარისია, რომ რეჟიმში დაბრუნება გაუძნელდეს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: