ფურუნკული და კარბუნკული

გააზიარე:

ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია ძირმაგარა, ეცოდინება, როგორ შეუძლია სიცოცხლის გამწარება ამ ჩირქოვან მუწუკს.

რა არის ძირმაგარა და რა აჩენს მას? როდის ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, რითია საშიში და როგორ ვუმკურნალოთ? ამ კითხვებზე “ავერსის კლინიკის” ექიმი დერმატოლოგი ნინო ლომსაძე გვიპასუხებს.

ძირმაგარა და ძირდიდა

– ბევრმა არ იცის, რა განსხვავებაა ფურუნკულსა და კარბუნკულს შორის...

– ფურუნკული, იგივე ძირმაგარა, ჩირქით სავსე მუწუკია, რომელიც თმის ერთი ან მეტი ფოლიკულის ანთების შედეგად ჩნდება. რამდენიმე ძირმაგარას გაერთიანებას კარბუნკული, ქართულად ძირდიდა ჰქვია.

ძირმაგარა შეიძლება გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ უბანზე, სადაც თმა ამოდის, მაგრამ უმეტესად გვხვდება სახეზე, კისერზე (უკანა მხარეს), იღლიებში, ბარძაყებსა და დუნდულებზე, სადაც ოფლის წარმოქმნისა და ხახუნის მეტი ალბათობაა.

ფურუნკული

* მტკივნეულია, წითელი, თავდაპირველად პატარაა, მაგრამ შესაძლოა, ხუთ სანტიმეტრამდეც გაიზარდოს;

* მის გარშემო კანი მოწითალო ან მეწამული და შეშუპებულია;

* რამდენიმე დღეში იზრდება, რადგან ჩირქით ივსება;

* უჩნდება მოყვითალო-მოთეთრო თავი, რომელიც საბოლოოდ იხსნება და ჩირქს გადმოსვლის საშუალებას აძლევს.

კარბუნკული ფურუნკულების გროვაა. ის უფრო ღრმად და მძიმედ მიმდინარე ინფექციის გამოხატულებაა და უფრო ხშირად ტოვებს ნაწიბურს. კარბუნკულის დროს ზოგადი თვითშეგრძნებაც გაუარესებულია, შესაძლოა, ადამიანს შეამცივნოს და სიცხე მისცეს.

– შესაძლებელია თუ არა, ძირმაგარადან ინფექცია მთელ სხეულში გავრცელდეს?

– შესაძლებელია, თუმცა იშვიათი. სისხლში გადასული ბაქტერიები იწვევენ სეფსისს, ენდოკარდიტს (გულის შიგნითა გარსის ანთება), ოსტეომიელიტს (ძვლის ტვინის ანთება) ან სხვა ორგანოს ჩირქოვან ანთებას, თუმცა ფურუნკულოზის ყველაზე გავრცელებული გართულებები მაინც ნაწიბურები და რეციდივებია. თუ ინფექცია გამოწვეულია MRSA-ს (მეთიცილინრეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი) შტამით, რომელიც ძნელი სამკურნალოა, რადგან მასზე ყველა ანტიბიოტიკი არ მოქმედებს, – ფურუნკულოზი შესაძლოა გართულდეს სისტემური ინფექციით, რესპირატორული დისტრესსინდრომით (ფილტვის მწვავე უკმარისობა), პნევმონიით, მანეკროზებელი ფასციიტით (კანისა და კანქვეშა ქსოვილის სწრაფად გავრცელებადი მომაკვდინებელი დაზიანება), მიოზიტით (კუნთების ანთება), მენინგიტით, ტვინის აბსცესით და სხვა.

მიზეზები და რისკფაქტორები

– ფურუნკულების უმეტესობა Staphylococcus aureus-ით – ოქროსფერი სტაფილოკოკით – არის გამოწვეული. ამ ბაქტერიის მატარებელია ჯანმრთელი მოსახლეობის 60%. ასეთი ადამიანები გვევლინებიან სტაფილოკოკის რეზერვუარებად და  დაავადების გავრცელების წყაროდ. ფურუნკული ვითარდება თმის ფოლიკულში ბაქტერიის მოხვედრისას, რასაც შესაძლოა ხელი შეუწყოს თმის ჩაბრუნებამ, ჰიპერჰიდროზმა (ჭარბოფლიანობა), იმუნოსუპრესიამ (იმუნური სისტემის დაქვეითება მძიმე ვირუსული ან ბაქტერიული დაავადების, მედიკამენტების დიდი რაოდენობით და ხშირი მოხმარების შედეგად), ჭრილობამ, კანის დაზიანებამ ტრავმის, ხახუნის, ქიმიური ზემოქმედების შედეგად, ატოპიურმა ან სხვა სახის დერმატიტმა, მწერის ნაკბენმა. თმის ფოლიკულში გამრავლებული ბაქტერიის გასანადგურებლად თავს იყრიან ლეიკოციტები – სისხლის თეთრი უჯრედები. ისინი ებრძვიან სტაფილოკოკს და ამ ბრძოლაში იხოცებიან. მკვდარი უჯრედების გროვა კანქვეშ გროვდება ჩირქის სახით. ჩნდება მუწუკი.

– ვის და რატომ უჩნდება ძირმაგარა?

– ფურუნკული ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, თუმცა უფრო ხშირად ჭარბწონიანებსა და ხანდაზმულებთან აღირიცხება. მისი განვითარების რისკს ზრდის:

* მჭიდრო კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც სტაფილოკოკური ინფექცია აქვს;

* შაქრიანი დიაბეტი – ის აქვეითებს ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის უნარს;

* კანის სხვა დაავადებები,  მაგალითად, აკნე და ეგზემა – ეს დაავადებები აზიანებენ კანის დამცავ ბარიერს და ინფექციის შეჭრას აადვილებენ;

* იმუნური სისტემის დასუსტება;

* ცხელი, ნოტიო კლიმატი.

დიაგნოსტიკა

– საჭიროა თუ არა სპეციფიკური გამოკვლევა ფურუნკულის დიაგნოსტიკისთვის?

– დიაგნოზის დასასმელად უმეტესად კანის დათვალიერებაც საკმარისია, მაგრამ თუ პაციენტს ხშირად აქვს ფურუნკული ან ეს უკანასკნელი არ ემორჩილება სტანდარტულ მკურნალობას, შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ მიიჩნიოს ფურუნკულიდან აღებული ნაცხის ბაქტერიოლოგიური შესწავლა.

როდესაც ადამიანს ხშირად უჩნდება ფურუნკული, გამოსაკვლევია ნესტოებისა და შორისის ბაქტერიული ფლორაც – აღნიშნულ არეებში შესაძლოა ჭარბად იყოს გამრავლებული სტაფილოკოკი. ასევე რეკომენდებულია, განისაზღვროს სისხლში გლუკოზის ან გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონე, განსაკუთრებით – თუ პაციენტს ანამნეზში დიაბეტი აღენიშნება. ეს ანალიზები, უკვე დადასტურებული დაავადების კონტროლთან ერთად, ჯერ კიდევ დაუდგენელი დიაბეტის ან დიაბეტისწინარე მდგომარეობის, პრედიაბეტის, გამოვლენაშიც დაგვეხმარება. სისხლის საერთო ანალიზით გამოირიცხება ინფექციის გავრცელება მთელ ორგანიზმში.

მკურნალობა

– საჭიროა თუ არა, ფურუნკულს ექიმმა უმკურნალოს?

– მცირე ფურუნკულების მკურნალობა სახლის პირობებშიც შეიძლება. დღეში რამდენჯერმე, 10-10 წუთით, დაიდეთ თბილი კომპრესი. ის შეამსუბუქებს ტკივილს და გააუმჯობესებს ბუნებრივ დრენაჟს –  ხელს შეუწყობს ძირმაგარას სწრაფ მომწიფებას, მის გახეთქვას და შიგთავსის გადმოდენას.

უფრო დიდ ფურუნკულებსა და კარბუნკულებს შესაძლოა დასჭირდეს გაჭრა და დრენირება, სტერილური დოლბანდით ჩირქის ამოშრობა.  მწვავე ან განმეორებითი ინფექციების, დაქვეითებული იმუნიტეტის ან ენდოკარდიტის რისკის დროს ინიშნება ანტიბიოტიკიც, კერძოდ, ის, რომელიც მეთიცილინრეზისტენტულ ოქროსფერ სტაფილოკოკზე მოქმედებს.

უახლესი რეკომენდაციების თანახმად, ანტიბიოტიკთან ერთად შეიძლება დაინიშნოს იმუნომოდულატორი და ანტიბიოტიკის შემცველი ადგილობრივი საშუალებაც. ხშირად მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივია. მის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს.

არ შეიძლება ძირმაგარას ხელით გახეთქვა ჩირქის გამოსადენად – ამან შესაძლოა ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს.

ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ძირმაგარაზე შეხების შემდეგ ყოველთვის კარგად დაიბანეთ  ხელები. ტანსაცმელი, პირსახოცები და კომპრესები, რომლებიც ინფიცირებულ ადგილს ეხებოდა, კარგად უნდა გაირეცხოს (სასურველია,  ცალკე და მაღალ ტემპერატურაზე). ეს წესები ზედმიწევნით უნდა დაიცვათ, თუ მორეციდივე ანუ განმეორებადი ინფექცია გაქვთ.

პერსპექტივის თვალსაზრისით ყველაზე სახიფათოა ძირმაგარების არსებობა სახეზე. ამ დროს მდგომარეობა შესაძლოა სწრაფად დამძიმდეს, ამიტომ რაც შეიძლება ადრე უნდა მიმართოთ ექიმს.

ექიმს უნდა დაუკავშირდეთ მაშინაც, თუ:

. ძირმაგარა ძალიან მტკივნეულია,

. ახლავს ცხელება,

. იზრდება,

. ერთის გაქრობის შემდეგ ახალი ჩნდება, –

ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ ინფექცია სწრაფად ვრცელდება.

– როგორია მკურნალობის ტაქტიკა, როდესაც ადამიანს ხშირად უჩნდება ფურუნკული ან ერთი ეპიზოდის დროს რამდენიმე გამოსდის?

– მორეციდივე ფურუნკულოზად მიიჩნევა სამი ან მეტი ეპიზოდი 12 თვის განმავლობაში. მის განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს ოქროსფერი სტაფილოკოკის დაგროვება და გამრავლება ნესტოების წინა ნაწილში, კანის თბილ, ტენიან ნაკეცებში (ყურების უკან, ძუძუს ქვეშ, საზარდულის არეში). შესაძლოა, ბრალი მიუძღვოდეს სხვა ბაქტერიებსაც, განსაკუთრებით – ნაწლავური ფლორის წარმომადგენლებს.

ბაქტერიების კოლონიის მოსპობის მიზნით შეიძლება ადგილობრივი საშუალებების  გამოყენება, მაგალითად, 5-10 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ ნესტოებში მუპიროცინის 2%-იანი მალამოს წასმა, 14 დღის განმავლობაში ტანის ყოველდღიური ბანა 4%-იანი ქლორჰექსიდინის საპნით, პირის ღრუს გამორეცხვა 0,2%-იანი ქლორჰექსიდინის ხსნარით დღეში სამჯერ და სხვა. თუ ოჯახის წევრები ამ მიკრობის მატარებლები არიან (რასაც ცხვირის ნაცხის გამოკვლევით ადგენენ), მათაც იგივე პროცედურები უნდა ჩაიტარონ. პრევენციისთვის კარგია ფუზიდის მჟავაც. ამ ნივთიერების შემცველ მალამოს ისვამენ ნესტოებში დღეში ორჯერ ერთი კვირის განმავლობაში. ასეთი კურსი ტარდება ყოველ მეოთხე კვირას, სულ კი 4-15 თვე გრძელდება. მორეციდივე ფურუნკულოზის რემისიის გახანგრძლივებას ხელს უწყობს ისეთ ადგილებში დასვენება, სადაც გრილი და მშრალი ჰავაა.

დასალევი ანტიბიოტიკები რეკომენდებულია მხოლოდ აქტიური ინფექციის დროს.

– ეფექტურია თუ არა მორეციდივე ფურუნკულოზის დროს პლაზმაფერეზი?

– მორეციდივე ფურუნკულოზის დროს პლაზმაფერეზი ერთ-ერთ დამხმარე  პროცედურად მოიაზრება. ის ტარდება სპეციალურად აღჭურვილ კაბინეტში, სათანადოდ განსწავლული პერსონალის მიერ. ამ დროს ხდება სისხლიდან ტოქსიკური ნივთიერების მოშორება, უხეშად რომ ვთქვათ – სისხლის გაწმენდა. შედეგი ინდივიდუალურია.

პრევენცია

– შესაძლებელია თუ არა ფურუნკულოზის თავიდან აცილება?

– შესაძლებელია, თუმცა ყოველთვის ვერ მოხერხდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმუნური სისტემა დასუსტებულია, საზოგადოდ კი სტაფილოკოკური ინფექციის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ:

* რეგულარულად იბანოთ ხელები რბილი საპნით ან ხშირად გაისუფთაოთ ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებით;

* ჭრილობა შეიხვიოთ სტერილური, მშრალი სახვევით, სანამ არ შეხორცდება;

* არ გაუზიაროთ სხვას პირსახოცი, თეთრეული, ტანსაცმელი, სპორტული აღჭურვილობა, საპარსი და სხვა პირადი ნივთები.

რეციდივის რისკის შესამცირებლად აუცილებელია პირადი და გარემოს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანის ბარიერის განმტკიცებას და შენარჩუნებას. საღი, დაურღვეველი ბუნებრივი ბარიერი ამცირებს ინფიცირების რისკს.

დიაბეტის დროს

– ინფექციებისა და წყლულების თავიდან ასაცილებლად დიაბეტიანებმა უდიდესი ყურადღება უნდა მიაქციონ კანის მოვლას. ინფექციის რისკს ზრდის დიაბეტის შედეგად განვითარებული კანის უკიდურესი სიმშრალე, რაც, თავის მხრივ, იწვევს ქავილს, ნაკაწრებისა და ნაპრალების წარმოქმნას, დიაბეტით დაავადებულს კი ჭრილობები ძნელად უხორცდება, ამიტომ ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს დაბეჯითებით ურჩევენნ კანის დამარბილებელი და დამატენიანებელი საშუალებების რეგულარულ გამოყენებას. გასათვალისწინებელია, რომ კრემები და მალამოები ლოსიონებზე უკეთესად ატენიანებს კანს. საუკეთესოა კერამიდების შემცველი საშუალება. დამატენიანებელი უნდა წაისვან ყოველი ბანაობისა თუ ცურვის შემდეგ, ასევე – ყოველთვის, როცა კანის სიმშრალეს იგრძნობენ ან ქავილი დაეწყებათ. ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე დიაბეტიანი პაციენტებისთვის უხვად არის სპეციალიზებული საცხები და სხვა ადგილობრივი საშუალებები.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ფურუნკულის გაჩენისას (განსაკუთრებით – წვივებსა და ტერფებზე) დიაბეტით დაავადებული შესაძლოა ვერც კი გრძნობდეს ტკივილს, რადგან დიაბეტური ნეიროპათია შეგრძნებების დაქვეითებას იწვევს. დიაბეტიანმა შესაძლოა აბაზანაში წყლის ტემპერატურაც კი ვერ გააკონტროლოს. ასეთი პაციენტებისთვის ტერფის დაავადებების, მათ შორის – ფურუნკულოზის, პრევენციისა და დროულად მკურნალობისათვის ჩვენს კლინიკაში დანერგილია დიაბეტური ტერფის სკრინინგის პროგრამა. სკრინინგში ჩართულები ვართ ნევროლოგი, ანგიოლოგი და დერმატოლოგი. ყველა ჩვენგანი თავის დასკვნას აცნობს კოლეგებს და ამ დასკვნათა შეჯერებით ენიშნება პაციენტს მოვლისა და მკურნალობის სპეციფიკური სქემა.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: