ხალიდან მელანომამდე
გააზიარე:
ჩემი ზოგიერთი ნაცნობი მოუთმენლად ელის ზღვის სეზონს, რათა მერე შოკოლადისფერი რუჯით მოიწონოს თავი. ზოგი ვერ ითმენს და გამოზაფხულებისთანავე სოლარიუმს სტუმრობს. არადა ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივების მავნებლობა საყოველთაოდ არის ცნობილი. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით, ის ავთვისებიანი სიმსივნეების (განსაკუთრებით – მელანომის) განვითარების ერთ-ერთ რისკფაქტორად მიიჩნევა.
ჩვენი რუბრიკის სტუმარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ხალის პათოლოგიის, კანისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეთა ცენტრის (საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა “გიდმედის”) ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ნადირაძე, აღნიშნავს, რომ მელანომა უმეტესად ხალის (პიგმენტური ლაქის) ადგილას წარმოიქმნება, ამიტომ ჩვენი საუბარიც სწორედ ხალებსა და მათთან დაკავშირებულ საფრთხეებს შეეხო.
- ბატონო ირაკლი, რატომ და როგორ წარმოიქმნება ხალები ადამიანის კანზე?
– ხალები სხვადასხვა ზომის მოყავისფრო-მოშავო ლაქები ან კანიდან მეტ-ნაკლებად წამოწეული წარმონაქმნებია, რომლებიც თავის, ტანისა თუ კიდურების ნებისმიერ უბანზე შეიძლება გაჩნდეს. უმეტესად ბრტყელია, ზოგჯერ კი შესამჩნევად ამობურცული ან მეჭეჭისებური შესახედაობისა. იშვიათად გვხვდება გიგანტური პიგმენტური დაზიანებები, განსაკუთრებით – ახალშობილებში (გიგანტური პიგმენტური ხალები). მნიშვნელოვანია, რომ ხალი არ არის სიმსივნე, ის კანის განვითარების მანკს წარმოადგენს.
რატომ და როგორ წარმოიქმნება ხალები, დღემდე არ არის გარკვეული. დიდი ალბათობით, ეს პროცესები დაკავშირებულია გენეტიკურ განწყობასთან, ენდოკრინულ ცვლილებებსა და მზის რადიაციასთან (ულტრაიისფერ სხივებთან).
- ყველაზე ხშირად რა ასაკში ხდება ეს?
– ცნობილია, რომ ხალი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც. ეს დაყოფა ძალზე პირობითი და არაობიექტურია, რადგან თუ გავიხსენებთ, რომ ნებისმიერ თეთრკანიანს აქვს დაახლოებით 50-დან 100-მდე ხალი, რომელთა დიდი უმრავლესობა სიმცირის გამო შესაძლოა სიცოცხლის ბოლომდეც კი შეუმჩნეველი დარჩეს, შეუძლებელია, ქრონოლოგიურად ზუსტად შეფასდეს წარმონაქმნის არსებობის ფაქტი, რადგან ინფორმაცია ექიმთან მხოლოდ პაციენტისგან მიდის, ეს უკანასკნელი კი წარმონაქმნს მისი შემჩნევის მომენტიდან შეძენილად მიიჩნევს.
ხალის “წარმოქმნა” ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. იშვიათად პუბერტატულ (გარდამავალ) ასაკში ბავშვს აღენიშნება ხალების “გამრავლება”, რაც მშობლებს აშფოთებს. დავამშვიდებ მათ: ონკოლოგიური თვალსაზრისით ეს საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მოითხოვს სპეციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინებას, მაგალითად, გარუჯვის აკრძალვას.
- როდის არის საჭირო ხალების მოცილება?
– ხალს მკურნალობა არ სჭირდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი საფრთხეს უქადის ჯანმრთელობას:
- თუ ხალს, შემთხვევით თუ განზრახ, მიადგა მექანიკური ტრავმა (თუნდაც ერთჯერადი და, მით უმეტეს, მრავალჯერადი) – ეს, განსაკუთრებით – გენეტიკური განწყობის ფონზე, 3-4-ჯერ ზრდის მალიგნიზაციის (გაავთვისებიანების) რისკს;
- თუ ხალი მოხვდა მაიონიზებელი რადიაციის, დამწვრობის, მოყინვის ან კანის ქრონიკული გაღიზიანების არეალში;
- თუ აღინიშნება ხალის “გააქტიურების” თუნდაც ერთი სიმპტომი:
- შედარებით სწრაფი ზრდა ხალისა, რომელიც წლების განმავლობაში პრაქტიკულად არ იცვლებოდა, ან ნელა იზრდებოდა სხეულის ზრდის პროპორციულად;
- ხალის გამკვრივება;
- პიგმენტაციის შეცვლა – გამუქება ან რომელიმე უბნის გაუფერულება;
- ქავილის, წვისა და დაჭიმულობის შეგრძნება ხალის არეში;
- წანაზარდების აღმოცენება;
- ნახეთქების გაჩენა;
- სისხლდენა;
- თმის გაცვენა ხალის ზედაპირიდან;
- თუ ხალი მდებარეობს იმ ადგილას, სადაც პრაქტიკულად გარდაუვალია მისი ტრავმირება;
- თუ პაციენტი თავად მოითხოვს ხალის მოშორებას კოსმეტიკური მოსაზრებით.
ყველა ამ შემთხვევაში, გარდა უკანასკნელი პუნქტისა, ექიმი მოქმედებს როგორც მკურნალობის, ისე პროფილაქტიკის მიზნით. რაც შეეხება ხალის “კლინიკურ გააქტიურებას”, მისი დადგენის შემთხვევაში ექიმი რაც შეიძლება მალე უნდა ჩაერიოს, მანამდე კი უნდა ჩატარდეს კუტანეოსკოპია და ციტოლოგია, რომლებმაც შესაძლოა დაადასტუროს დაწყებული მალიგნიზაციის (გაავთვისებიანების) ის ნიშნები (წითელი ლილვისებური არშია, ხალის ზედაპირის ბზინვა და სხვა), რომლებიც ჩვეულებრივი დათვალიერებით ძნელი შესამჩნევია.
- რა მეთოდებით აფასებს ონკოლოგი ხალს?
– კანის კეთილთვისებიანი პიგმენტური წარმონაქმნების (ხალების) დიაგნოსტიკა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს და ბანალურ შემთხვევებში გამოცდილი სპეციალისტისთვის შესაძლოა ვიზუალური დათვალიერებაც კი საკმარისი აღმოჩნდეს, მაგრამ არცთუ იშვიათად საჭირო ხდება სპეციალური უსისხლო და უმტკივნეულო გამოკვლევის – კუტანეოსკოპიის, ზოგჯერ კი – გამოკვლევათა კომპლექსის ჩატარება (ციტოლოგია, Skin Polarprobe, ზედაპირული ულტრასონოგრაფია, Thormulen-ის სინჯი).
- რატომ გადაგვარდება ხალი მელანომად? შესაძლოა თუ არა, მელანომა პირდაპირ, ხალის გარეშე გაჩნდეს?
– ლიტერატურიდან ცნობილია და მიჩნეულია, რომ შემთხვევათა 75%-ში მელანომა აღმოცენდება არა ნორმალურ კანზე, არამედ თანდაყოლილი ან შეძენლი ხალის ფონზე. ჩვენი აზრით, ეს დებულება, ცოტა არ იყოს, საკამათოა, რადგან დარჩენილ 25%-ში მოხვედრილ პაციენტთა ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა მანმადე კონკრეტულ ადგილას ხალი, შესაძლოა არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს. ჩვენი მონაცემებით, რომლებიც მიღებულია თითქმის 35 წლის პრაქტიკული გამოცდილების შედეგად, ათასობით მელანომიანი პაციენტიდან არც ერთი არ უარყოფდა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებამდე მის ადგილას ხალის არსებობას. ვფიქრობთ, წარმოუდგენელია, სავსებით ნორმალურ კანზე, სადაც არ არის ხალოვანი უჯრედების (მელანოციტების) კომპაქტურად განლაგებული გროვები, აღმოცენდეს მელანომა.
რაც შეეხება ხალის მელანომად გადაგვარების მიზეზებს, აქ უნდა გვახსოვდეს გენეტიკური წინასწარგანწყობის მნიშვნელობა, როდესაც ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების პროცესში პირველხარისხოვანი როლი ენიჭება მექანიკურ ტრავმას და მზის რადიაციას (ულტრაიისფერ სხივებს), რომლებიც ისედაც საშიში რისკფაქტორებია.
- სად ვრცელდება მელანომა ყველაზე ხშირად? რა თვისებებით გამოირჩევა ეს სიმსივნე?
– რამდენიმე ასეულ ავთვისებიან სიმსივნეს შორის მელანომა ერთ-ერთი ყველაზე ავთვისებიანია, ახასიათებს შედარებით სწრაფი პროგრესირება და ძალზე ცუდი პროგნოზი. სიმსივნე ვითარდება კანის ნებისმიერ უბანზე და მისი ლოკალიზაცია პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას დაავადების მიმდინარეობაზე. მეტასტაზებს იძლევა სხეულის ნებისმიერ ადგილას – ლიმფურ კვანძებში, ღვიძლში, ფილტვებში, თავის ტვინში, ძვლებში... ხშირად პაციენტები ონკოლოგს მიმართავენ დაავადების გავრცობილი ფორმით, როდესაც სპეციფიკურ მკურნალობას აზრი აღარ აქვს. ეს რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. კერძოდ, პროცესის უმტკივნეულო მიმდინარეობით, თვით პაციენტის ზერელე, არასერიოზული დამოკიდებულებით “კანზე რაღაც წარმონაქმნის” მიმართ და, რასაკვირველია, მოსახლეობის დაბალი სამედიცინო განათლებით. ამას თუ მივუმატებთ პროფილაქტიკური გასინჯვების კულტურის უქონლობას, გასაგები გახდება, განსაკუთრებით – ორ უკანასკნელ ათწლეულში, ამ დაავადების მკვეთრი მატება.
- რა მეთოდები არსებობს ხალისა და მელანომის სამკურნალოდ?
– ხაზგასმით აღვნიშნავ: ჩარევის საკითხი უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ და მხოლოდ კლინიცისტ-ონკოდერმატოლოგმა და არა ზოგადმა ქირურგმა, პლასტიკურმა ქირურგმა ან ლაზერზე, “მოყინვაზე”, “ქარჩაულის სითხესა” და სხვა მოსაწვავ საშუალებებზე მომუშავე სპეციალისტმა.ეს თავიდან ააცილებს პაციენტს არასრულყოფილ, არასაკმარის და უფრო მეტიც – არასწორ და მავნე “მკურნალობას”.
როგორც აღვნიშნე, სამკურნალო-პროფილაქტიკური ჩარევა მაშინ არის საჭირო, როდესაც თავს იჩენს ხალის გააქტიურების ნიშნები, რომლებიც დასტურდება ანამნეზური, კლინიკური და კუტანეოსკოპიური მონაცემებით ან ხალს მიყენებული აქვს მექანიკური ან სხვა სახის ტრავმა.
მკურნალობის მეთოდების არსენალი მოიცავს ქირურგიულ ოპერაციას, კრიოდესტრუქციას (მოყინვას), ელექტროფულგურაციას (ელექტრომოწვის ერთ-ერთ სახეობას), ქიმიურ მოწვას, ლაზერის გამოყენებას. მკურნალობის საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს, თუმცა ჩვენმა მრავალწლიანმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ქირურგიულ ჩარევასა და კრიოდესტრუქციას (მათ თავისი ჩვენებები აქვთ), დანარჩენი მეთოდები კი უნდა გამოიყენებოდეს როგორც გამონაკლისი, მკაცრი დასაბუთებით.
მელანომის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე და საღი ქსოვილების ფარგლებში სიმსივნის ფართო ქირურგიულ ამოკვეთას გულისხმობს. დაავადების II B, C სტადიებზე მას ემატება ადიუვანტური იმუნოთერაპია, კიდევ უფრო შორს წასულ შემთხვევებში – ქიმიოთერაპია ან`და სხივური თერაპია.
- რას გულისმობს ხალის მელანომად გადაგვარების პროფილაქტიკა?
– კანის პიგმენტური წარმონაქმნების გაავთვისებიანების პროფილაქტიკისთვის უმთავრესია რისკფაქტორებისთვის თავის არიდება. გარდა გარეგანი ფაქტორებისა (ულტრაიისფერი გამოსხივება, მაიონიზებელი გამოსხივება, დამწვრობა, მოყინვა, კანის ქრონიკული გაღიზიანება, ტრავმა), მათ მიეკუთვნება ეთნიკური ხასიათის გენეტიკური ფაქტორები (ქერათმიანებსა და ჟღალთმიანებში მელანომა უფრო ხშირად გვხვდება), დამძიმებული მემკვიდრეობა (მელანომის არსებობა უახლოეს ნათესავებში) და ენდოკრინული დამოკიდებულება, რასაც ადასტურებს ბავშვებში მელანომის აღმოცენების ძალზე იშვიათი ფაქტები. არ გამოვრიცხავთ მელანომის განვითარებაში ვიტამინების (განსაკუთრების – C ვიტამინის) დეფიციტის განსაზღვრულ როლს.
ამრიგად, პროფილაქტიკა გულისხმობს მზის ულტრაიისფერი სხივებისთვის თავის არიდებას. განსაკუთრებით არასასურველია გარუჯვა ჭარბხალებიანებისთვის. ზღვის მოყვარულებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ “დილის მზეს” (10:30 სთ-მდე). 12-დან 17 საათამდე ნამზეურის მიღება საერთოდ არ არის რეკომენდებული – ამ დროს მზის რადიაცია რამდენჯერმეა მომატებული, ხოლო საღამოს ულტრაიისფერ სხივებს ინფრაწითელიც ემატება, რომლებიც აძლიერებს ულტრაიისფერთა მავნე ზემოქმედებას.
ვერიდოთ ხალის მექანიკურ ტრავმირებას, ტანსაცმლის მუდმივ ხახუნს წამოწეულ ხალზე, მის გაკაწვრას, მოგლეჯას, სამართებლით დაზიანებას და ა.შ.
- რა შეიძლება მოუხერხონ ქალბატონებმა სახეზე არსებულ ხალზე ამოსულ თმას?
– სახეზე (და არა მხოლოდ სახეზე) არსებულ ხალზე ამოსული თმის ეპილაცია არ შეიძლება. ის უნდა შეიჭრას მაკრატლით ძალიან ფრთხილად, რათა ხალის ზედაპირი არ დაზიანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაისმის ხალის აუცილებელი მოცილების საკითხი.
თუ ხალის ზედაპირიდან თმა გაცვივდა, ეს, როგორც მივუთითე, ხალის აქტივიზაციის ერთ-ერთი სიმპტომია და დაუყოვნებლივ მოითხოვს ყურადღებას.
მარი აშუღაშვილი