ბუსტერი: კონცენტრატი მათთვის, ვინც იცის, რა სურს

გააზიარე:

უკვე დიდი ხანია, სახის მოვლა მხოლოდ გაწმენდასა და კრემის წასმას აღარ გულისხობს. მოვლის საშუალებათა სპექტრი წლიდან წლამდე ფართოვდება, თხევადი ტექსტურები კი ამ მრავალფეროვან ასორტიმენტში გამორჩეულ ადგილს იკავებს.

ერთი მათგანია ბუსტერი. როგორ მოქმედებს ის, როგორ ჩავრთოთ სახის მოვლის რუტინაში და რას ველოდეთ მისგან?

რა არის

კოსმეტიკურ ინდუსტრიაში ბუსტერს განსაზღვრავენ როგორც სტიმულატორს, გამაძლიერებელს, ამაჩქარებელს. ეს არის აქტიური ნივთიერებების მაღალკონცენტრირებული  ნაზავი, რომლის მთავარი ფუნქცია ეპიდერმისის გაძლიერებაა.

ეპიდერმისს, კანის ზედა ფენას, გადამწყვეტი როლი აკისრია დეჰიდრატაციისა და ინფექციისგან კანის დაცვაში, ძლიერი ეპიდერმისი კი ნიშნავს ჯანსაღ, მბზინავ, მკვრივ და ახალგაზრდულ კანს.

რაც უფრო ძლიერია ეპიდერმისი, მით უფრო მეტადაა დაცული კანი გარემოს მავნე ზემოქმედებისგან – დაბინძურებული ჰაერი დღეს დიდი პრობლემაა, ულტრაიისფერი სხივები კი კანის ნაადრევი დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

თითოეული ბუსტერი შეიცავს აქტიური ნივთიერებების სპეციალურ კომპლექსს, რომელშიც ერთი ნივთიერება ან ნივთიერებათა ჯგუფი განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით არის წარმოდგენილი. ამრიგად, ბუსტერი ყოველდღიურ საშუალებებზე უკეთ არის ადაპტირებული კანის სპეციფიკურ მოთხოვნებთან. მისი მოქმედება უმეტესად კონკრეტულ პრობლემას მორგებული – ისეთს, როგორიცაა, მაგალითად, როზაცეა, პიგმენტური ლაქები, აკნე, ზემგრძნობელობა, ძლიერი სიმშრალე, მოდუნება სეზონური ცვლილებების ან ძილისს უკმარისობის გამო.

ბუსტერის გამოყენება მიზანშეწონილია კურსობრივად, პრობლემის აღმოფხვრამდე, თუმცა არსებობს მისი ისეთი ფორმებიც, რომლებიც თამამად შეგიძლიათ ჩართოთ მოვლის ყოველდღიურ რუტინაში კანის მეტი ტენიანობისთვის, ელასტიკურობისა და ბზინვარებისთვის.

შრატი თუ ბუსტერი?

მიუხედავად იმისა, რომ კონსისტენციით შრატი და ბუსტერი ერთმანეთს ჰგავს, ერთი და იგივე ნივთიერება ბუსტერში უფრო მეტია, ვიდრე შრატში. ამასთან, ბუსტერის მოქმედება უფრო სპეციფიკურია. ის მიზანმიმართულად ებრძვის რომელიმე ერთ პრობლემას.

შრატი სახის კომპლექსური მოვლის ნაწილია, რომელიც კანს პროცედურის მომდევნო ეტაპებისთვის ამზადებს და რომელიც კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ბუსტერიც შეიძლება მოვლის მომდევნო ეტაპებისთვის კანის მოსამზადებლად გამოვიყენოთ, თანაც ის ნებისმიერი ტიპის კანს მიესადაგება, თუმცა, როგორც გითხარით, გაცილებით ძლიერმოქმედია, შრატისგან განსხვავებით, მისი ეფექტი მყისიერია და უფრო მეტხანს ძლებს.

რომელი რისთვის

ბუსტერი კანის საჭიროებების მიხედვით უნდა შევარჩიოთ, ეს საჭიროებები კი ხშირად კვირიდან კვირამდე ან სეზონიდან სეზონამდე იცვლება. მაგალითად, ბუსტერი, რომელსაც ზამთარში, მეტისმეტად გამომშრალი კანისთვის იყენებთ, შესაძლოა არ დაგჭირდეთ ზაფხულში, ან პიგმენტური ლაქების გაქრობის შემდეგ კარგა ხნით შემოდოთ თაროზე.

ბაზარზე სხვადასხვა სპეციფიკური მოქმედების ბუსტერი შეგხვდებათ:

* პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო – C ვიტამინის 15%-იანი შემცველობის წყალობით ის არა მარტო ლაქებს აფერმკრთალებს, არამედ სახის ფერსაც ათანაბრებს, კანს სიმტკიცესა და ელასტიკურობას ანიჭებს.

* კიდევ უფრო მუქი ლაქებისთვის, რომელთა გაჩენა თან ახლავს ასაკის მატებას და არამხოლოდ – C ვიტამინის შემცველობა ასეთ ბუსტერში 25%-ია. ის აბაცებს ლაქებს, სხივს მატებს კანს და იმავდროულად ნაოჭებსაც ებრძვის.

* ფართო ფორების საწინააღმდეგო – ნიაცინამიდის 10%-იანი შემცველობის წყალობით ის შესამჩნევად ავიწროებს ფორებს და სიგლუვეს ანიჭებს კანს. გარდა ამისა, მასში შემავალი ანტიოქსიდანტების კომპლექსი კანს ამშვიდებს, სახის ფერს ათანაბრებს და დაბერების პროცესს ანელებს.

* დამატენიანებელი – ასეთ ბუსტერებს სხვადასხვა შემადგენლობა აქვს. 5-დან 9-მდე სხვადასხვა მცენარეული ზეთისა და უჯრედების აღმდგენი ნივთიერებების კომბინაცია ატენიანებს კანს და, იმავდროულად, ხელს უშლის ტენის კარგვას. დამამშვიდებელი კომპონენტები ძალიან უხდება როგორც მგრძნობიარე, ასევე შეწითლებულ, როზაცეისადმი მიდრეკილ კანს. ამ ტიპის ბუსტერი საუკეთესოა მეტისმეტად გამომშრალი და დაჭიმული კანისთვის.

* ჰიალურონის მჟავას შემცველი – უკეთესი დატენიანებისთვის შეგიძლიათ, მოვლის რუტინაში ასეთი ბუსტერი ჩართოთ. ჰიალურონის მჟავა სხვა აღმდგენ კომპონენტებთან ერთად ინტენსიურად ატენიანებს ყოველგვარი ტიპის კანს და ამცირებს წვრილ ნაოჭებს. ძალიან უხდება მგრძნობიარე და როზაცეისადმი მიდრეკილ კანს.

* ანტიასაკობრივი – რეტინოლის (1%), ანტიოქსიდანტებისა და სხვა აღმდგენი კომპონენტების კომბინაცია ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, აღადგენს, სიგლუვესა და ელასტიკურობას ანიჭებს კანს, ამცირებს ყავისფერ ლაქებს.

* მოდუნებული კანისთვის – ასეთ ბუსტერში შემავალი პეპტიდები სიმტკიცეს ანიჭებს კანს, აუმჯობესებს მის ელასტიკურობას და სტრუქტურას. კანი დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდულ იერს.

როგორ ჩავრთოთ მოვლის რუტინაში

* მსუბუქი, თხევადი ტექსტურის წყალობით ბუსტერი იდეალურად ეხამება შრატს და ღამის კრემს. დაიდეთ ხელისგულზე შრატის ან ღამის კრემის ერთი ულუფა, დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ბუსტერი და კარგად აურიეთ. მიღებული ნარევი წაისვით და გაინაწილეთ კარგად გაწმენდილ სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე.

* შეგიძლიათ, ბუსტერი პირდაპირ დაიდოთ სუფთა კანზე, მერე კი შრატი ან კრემი გადაისვათ.

* ნუ შეურევთ ბუსტერს დღის კრემს, რომელიც SPF ფაქტორს შეიცავს – ამით მნიშვნელოვნად დაიკლებს მზისგან დამცავი ფაქტორის ეფექტურობა. ნურც პილინგს შეურევთ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად უმჯობესია, ბუსტერი პილინგის შემდეგ წაისვათ.

* ბუსტერი არ უნდა შეიცავდეს სუნისა და ფერის მიმცემ ნივთიერებებს.

* საჭიროების შემთხვევაში ბუსტერის გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება, დღეში რამდენჯერმეც კი. რაც მთავარია, შეგიძლიათ, ის თვალების გარშემოც წაისვათ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: