საშრობი ბურთები და მათი ღირსებები

გააზიარე:

ვისაც სარეცხის საშრობი აქვს, ალბათ აინტერესებს, ღირს თუ არა საშრობი ბურთების შეძენა.

სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მომცრო ბურთები, რომლებიც სარეცხთან ერთად იყრება საშრობში, უზრუნველყოფს სარეცხის ერთმანეთისგან გაცალკევებას და ჰაერის უკეთეს მოძრაობას, რაც იმას ნიშნავს, რომ სარეცხი უფრო სწრაფად შრება და ნაკლებად იჭმუჭნება. ამასთან, იზოგება ელექტროენერგია და იკლებს ტანსაცმლის სტატიკური დამუხტვა. ყოველ შემთხვევაში, ამაში გვარწმუნებს რეკლამა. რეალისტურია თუ გაზვიადებული ეს შეფასება? ამის გასარკვევად თავი მოვუყარეთ ექსპერტთა მოსაზრებებს. სტატიიდან იმასაც შეიტყობთ, რა ტიპის ბურთები არსებობს, რამდენი ბურთია საჭირო იდეალური ეფექტისთვის და რას მივაქციოთ ყურადღება მათი გამოყენებისას.

საშრობი ბურთების ტიპები

ბაზარზე სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ საშრობ ბურთებს იყიდით. ყველა მათგანს თავისი ღირსებები და ნაკლოვანებები აქვს.

პლასტმასის ბურთები

ყველაზე მეტად გავრცელებულია პლასტმასის ბურთები. ისინი ძალიან გამძლე, ადვილად მოსავლელი და იაფია. პლასტმასის ბურთების უმეტესობას, მასაჟის ბურთების მსგავსად, ზედაპირი მოკლე ან გრძელი წვეტებით აქვს დაფარული, რათა სარეცხი კარგად ააფუმფულოს. ასეთი ბურთები განსაკუთრებით რეკომენდებულია ღინღლისა და ბუმბულისთვის, რადგან იდეალურად აცალკევებს ღერებს ერთმანეთისგან. ზოგიერთს შესაძლოა შუაგულში ჰქონდეს პატარა ავზიც, რომელშიც ცოტაოდენ წყალსა და რამდენიმე წვეთ სურნელოვან ზეთს ჩაასხამთ, რათა სარეცხს სასიამოვნო სურნელი მიეცეს.

მაგრამ ასეთ ბურთებს აქვს ნაკლიც: მაღალი ტემპერატურის გავლენით შესაძლოა მასალაში შემავალი ქიმიკატები გამოთავისუფლდეს. ამიტომ უმჯობესია, ისინი ბავშვებს არ ჩაუვარდეთ ხელში. გარდა ამისა, ბურთები მყარი პლასტმასისგან არის დამზადებული და დოლურაში ძალიან ხმაურობს, მეტიც – შესაძლოა ტანსაცმლის ცვეთაც დააჩქაროს, ამიტომ ფაქიზი ტანსაცმლისთვის არ არის რეკომენდებული, მაგრამ საუკეთესოა დიდი და მძიმე სარეცხისთვის, მაგალითად, თეთრეულისა და პირსახოცებისთვის.

შალის  ბურთები

ბავშვებისა და ალერგიული პირებისთვის საუკეთესოა ბუნებრივი ბოჭკოს საშრობი ბურთები. ისინი უმთავრესად ცხვრის მატყლისგან მზადდება, არც ქიმიკატებს შეიცავს და არც შრობის პროცესში ხმაურობს. ამასთან, მატყლი კარგად  შთანთქავს ტენს, რაც სარეცხის გაშრობას აჩქარებს.

საუკეთესო არჩევანია, თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ, რადგან კარგად იკრავს ცხოველის ბეწვს. გარდა ამისა, ბიოდეგრადირებადიცაა, რადგან ბუნებრივი ბოჭკოებისგან არის დამზადებული.

თუ გინდათ, ტანსაცმელს სასიამოვნო სურნელი ასდიოდეს, ბურთებს ცოტაოდენი ეთერზეთი დააწვეთეთ. სურნელი ჰაერში ვრცელდება და ტანსაცმელს ლაქების გაჩენის საფრთხე არ ემუქრება.

პლასტმასის ბურთებისგან განსხვავებით, მატყლისა ადვილად ცვდება – უძლებს გაშრობის 100-მდე ციკლს. საუკეთესოა ფაქიზი ქსოვილებისა და ჩვილის სარეცხისთვის. 

კერამიკის ბურთები

არცთუ ისე დიდი ხანია, ბაზარზე კერამიკის საშრობი ბურთები გამოჩნდა. ისინი ყველაზე მდგრადია ტემპერატურის მიმართ, უხეში ზედაპირის წყალობით კარგად არბილებს სარეცხს და ადვილადაც არ ტყდება. კერამიკის ბურთებს გულში სიცარიელე აქვს, რომელშიც წყალი უნდა ჩაასხათ. წყალი მაღალ ტემპერატურაზე ორთქლდება, ორთქლი კი დოლურაში გროვდება, ქსოვილს ანოტივებს და შეძლებისდაგვარად ასწორებს. ეს ბურთები რეკომენდებულია მძიმე და ძალიან დაჭმუჭნილი სარეცხისთვის, ამასთან, ჰიპოალერგიულია და იდეალურია ბავშვის ტანსაცმლისთვის.

ალუმინის ბურთები

მათი დამზადება თავადაც შეგიძლიათ: ალუმინის ფოლგა მოჭმუჭნეთ, დააგორგოლავეთ  და კარგად დაპრესეთ. ალუმინის ბურთები ხელს უშლის ტანსაცმლის სტატიკურ დამუხტვას. შეგიძლიათ, ფოლგა პატარა ჩოგბურთის ბურთებს შემოახვიოთ – უფრო მყარი იქნება. იდეალურია სინთეტიკური ქსოვილებისთვის, რომლებიც ადვილად იმუხტება.

ჩოგბურთის ბურთები

ჩოგბურთის ბურთები საშრობი ბურთების კარგი ალტერნატივაა. ისინი შესანიშნავია როგორც მძიმე და დიდი ზომის სარეცხისთვის, ისე ბუმბულისა და ღინღლისთვისაც, თუმცა შრობის პროცესში ხმაურობს, შესაძლოა, ფერი გაუვიდეს და დოლურაც დააზიანოს.

ვზოგავთ ელექტროენერგიას

შრობის პროცესში საშრობი ბურთები ერთმანეთისგან აცალკევებს სარეცხს და აფუმფულებს ბოჭკოებს, ამიტომ ჰაერი უკეთ ცირკულირებს ქსოვილებს შორის და სწრაფად აშრობს. ამასთან, ბურთებს, იმის მიხედვით, რომელი მასალისგან არის დამზადებული, შეუძლია სითბოს შენახვა, რომელსაც შემდეგ სარეცხს გადასცემს. შედეგად ის უფრო სწრაფად აღწევს გაშრობის სასურველ ხარისხს, შრობის დრო მცირდება და ელექტროენერგიაც იზოგება.

ექსპერტების აზრით, ბურთებს შრობის ხანგრძლივობის 25-დან 40-მდე პროცენტით შემცირება შეუძლია. გააჩნია საშრობ რეჟიმს, დოლურას ავსებას, სარეცხის ტენიანობის ხარისხსა და ბურთის მასალაზე.

ბურთებს ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბურთები შრობის ხანგრძლივობას არ ამცირებს. ასე რომ, უმჯობესია, თავად მოსინჯოთ.

აფუმფულებს და ასწორებს ტანსაცმელს

საშრობი ბურთები ქსოვილის დამარბილებელსაც დაგაზოგვინებთ, რადგან მათი წყალობით ქსოვილი კარგად რბილდება და ფუმფულდება. ბოჭკოებიც უკეთ სწორდება და ტანსაცმელი ნაკლებად იკუჭება.

ხელს უშლის საშრობში ბუსუსების დაგროვებას

ვისაც საშრობი გაქვთ, გეცოდინებათ, რომ ბუსუსების კონტეინერს, რომელშიც სარეცხის გაშრობის შემდეგ ბუსუსები გროვდება, რეგულარურად სჭირდება დაცლა, რათა მანქანამ კარგად იმუშაოს. 

მატყლის ბურთები მაგნიტივით იკრავს არა მარტო ბუსუსებს, არამედ კატისა და ძაღლის ბეწვის უწვრილეს ღერებსაც, რომლებიც ხშირად რჩება ტანსაცმელზე. 

რამდენი ბურთი გვჭირდება

ბურთების რაოდენობა სარეცხის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. თუ დოლურა ნახევრად სავსეა, სამი-ოთხი ბურთი საკმარისია, სავსეში კი გირჩევთ რვა ცალი ჩაყაროთ. საზოგადოდ, უმჯობესია ოდნავ გადაამეტოთ, ვიდრე დააკლოთ, რადგან ერთი ან ორი ბურთი ეფექტს ვერ მოახდენს. საუკეთესო კი ის იქნება, პროდუქტის ინსტრუქციას მისდიოთ.

რამდენ ხანს ძლებს საშრობი ბურთები

ბურთების კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ის არის, რომ შესაძლებელია მათი რამდენჯერმე გამოყენება. მაგალითად, იმის მიხედვით, რამდენად ხშირად იყენებთ და როგორ უვლით, მატყლის ბურთებმა შესაძლოა რამდენიმე წელიც გაძლოს. ვინაიდან მატყლის ბურთები, პლასტმასისა და ალუმინის ბურთებისგან განსხვავებით, ბუსუსებსა და სხვა ნაწილაკებს იკრავს, აუცილებელია ყოველი მოხმარების შემდეგ მათი კარგად გარეცხვა და გაშრობა. გამოყენების შემდეგ ცოტა ხნით ჰაერზე უნდა დატოვოთ კერამიკის ბურთებიც.

პლასტმასის ბურთს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, საკმარისია, დროდადრო რეცხოთ, თუმცა დროთა განმავლობაში ის შეიძლება გატყდეს.

არც ალუმინის ბურთები მოითხოვს დიდ მოვლას. ისინი ალუმინის ფოლგისგან მზადდება, ასე რომ, მარტივად შეიძლება მათი შეცვლა.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: