პურსაცხობის უპირატესობები

გააზიარე:

რა სჯობია ახალგამომცხვარ პურს! ხოლო თუ ის ჯანსაღი ცეხვილი ფქვილისგან არის მომზადებული და მზესუმზირას, ხმელი ქინძის ან სეზამის მარცვლებით დამშვენებული, კიდევ უკეთესი. თუ მოუცლელობა გაშინებთ, გეტყვით, რომ საოჯახო პურის საცხობი აპარატის წყალობით ეს პროცესი ადამიანის ჩარევას თითქმის არ მოითხოვს. მეც გადავწყვიტე, ჩემი საყვარელი პური თავად გამომეცხო და პურსაცხობი მოწყობილობების შესახებ უამრავი რამ წავიკითხე. მთავარს სიამოვნებით გაგიზიარებთ.

რითია კარგი პურის საცხობი აპარატი?

. შინ ყოველთვის გაქვთ ახალი პური

. შეგიძლიათ, თავად განსაზღვროთ პურის შემადგენლობა.

. ღუმელთან შედარებით ნაკლებ დროს და ძალისხმევას გართმევთ, რადგან ყველა სამუშაოს თავად ასრულებს.

. მოიხმარს ღუმელზე ნაკლებ ენერგიას, შესაბამისად, ხარჯიც ნაკლებია (სიმძლავრე, ზომისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიხედვით, საშუალოდ 550-დან 850 ვატამდე ვარირებს).

. არც პური შრება ისე, როგორც ღუმელში.

. ცხობის პროცესი ყურადღებას არ მოითხოვს.

დიზაინი

ზოგიერთი მწარმოებელი უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ კორპუსს იყენებს, ზოგი კი სხვადასხვა ფერის პლასტმასას. უჟანგავი ფოლადი ელეგანტურიცაა და გამძლეც, თუმცა ძნელი მოსავლელია. მაგალითად, ადვილად აჩნდება თითის ანაბეჭდები. პლასტმასას ნაკლები შარმი აქვს, მაგრამ უფრო მსუბუქია და მოსავლელადაც ადვილია.

აუცილებელი კრიტერიუმები

ვინაიდან არჩევანი ძალიან დიდია და აპარატებიც საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, ურიგო არ იქნება, ძირითად კრიტერიუმებზე მაინც გვქონდეს წარმოდგენა:

1. ზომა, წონა, ტევადობა

თანამედროვე საცხობების უმეტესობას 40 სმ-მდე სიგრძე-სიგანისა და 30 სმ-მდე სიმაღლისაა. ადგილის შერჩევისას გაითვალისწინეთ ისიც, რომ კარი ზემოთ იღება.

2. დისპლეი და მართვის პანელი

ციფრული დისპლეის საშუალებით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ცხობის პროცესი. ეკრანზე ცხობის თითოეული ნაბიჯი ჩანს. მართვის პანელი შეიძლება იყოს როგორც სენსორული, ისე ღილაკებიანი.

3. პროგრამები

საცხობი აღჭურვილია სხვადასხვა პროგრამით (ზოგიერთ მოდელში მათი რაოდენობა სამ ათეულს აღწევს). თითოეული მათგანი ოპტიმალურად არის მორგებული ამა თუ იმ რეცეპტს და ითვალისწინებს მზადების ყოველ ფაზას: მოზელას, ამოსვლას, ცხობას. თქვენ უბრალოდ უნდა შეარჩიოთ სასურველი პროგრამა. ძირითადი პროგრამებია: მთლიანი მარცვლეულის პური, თეთრი პური, შერეული პური, ფრანგული პური (ბაგეტი), მოდელების უმრავლესობას აქვს ნამცხვრის საცხობი პროგრამებიც. ზოგიერთი მოდელი ჯემის ან მურაბის მომზადების პროგრამითაც კია აღჭურვილი.

არსებობს ისეთი მოდელებიც, რომლებიც აღჭურვილია “საკუთარი პროგრამის” ფუნქციით. მისი წყალობით შეგიძლიათ, პროცესი სურვილისამებრ არეგულიროთ, ანუ საკუთარი პროგრამა შექმნათ.

თანამედროვე პურსაცხობების უმრავლესობას აქვს საგანგებო პროგრამა უგლუტენო ფქვილის ნაწარმისთვის, რაც ძალიან ხელსაყრელია მათთვის, ვისაც გლუტენის აუტანლობა აქვს.

ცხობის დაწყებამდე მოგიწევთ, თავად შერჩიოთ სამი მნიშვნელოვანი პარამეტრი. ესენია:

. დაბრაწვის ხარისხი – ღია, საშუალო, მუქი;

. პურის წონა – საცხობების უმრავლესობა 2-3 ზომის პურის გამოცხობის საშუალებას იძლევა;

. ცხობის დაწყების დრო – შეგიძლიათ, მაგალითად, ინგრედიენტები საღამოს მოათავსოთ საცხობში და მისცეთ ბრძანება, ცხობა დილით დაიწყოს, რათა საუზმეზე ახალგამომცხვარი პური მიირთვათ.

პროგრამებში რომ გაერკვიოთ, ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი პროგრამის ცალკეული ფაზები.

ზოგიერთი მოდელი პურს ავტომატურად ამატებს დამატებით ინგრედიენტებს ცხობის შესაბამის ეტაპზე, რაც ძალიან პრაქტიკულია. ამისთვის სახურავზე დამონტაჟებულ სპეციალურ  დისპენსერში ცხობის დაწყებამდე უნდა ჩაყაროთ სასურველი საკაზმი: ქიშმიში, თხილი, მზესუმზირა და სხვა.

თუ საცხობს ეს ფუნქცია არ აქვს, ის სიგნალით გვატყობინებს, რომ დროა, პურს შესაბამისი ინგრედიენტი დავამატოთ, რაც მოუხერხებელია, რადგან თავის ახდისას შესაძლოა ცომი ჩავარდეს.

4. ფანჯარა

ზოგიერთ მოდელს სახურავზე აქვს ფანჯარა, რომლიდანაც შეგვიძლია, თავის აუხდელად ვადევნოთ თვალი ცხობის პროცესს, ზოგიერთს კი უკეთესი ხილვადობისთვის შიდა განათებაც მოჰყვება.

5. ტაიმერი

ტაიმერი ძალიან მოხერხებულია. სწორედ მისი საშუალებით ხდება ცხობის დაწყების რამდენიმე საათით გადავადება.

6. აკუსტიკური სიგნალი

პურსაცხობის ერთ-ერთი დიდი ღირსება ის არის, რომ სანამ ის აცხობს, თქვენ თამამად შეგიძლიათ სხვა საქმის კეთება. ცხობის დასრულებას აპარატი სპეციალური სიგნალით გვამცნობს.

7. საცხობი ფორმა

თუ ოჯახის წევრებს განსხვავებული გემოვნება აქვთ, გირჩევთ, ისეთი მოდელი შეიძინოთ, რომელსაც ორი საცხობი ფორმა აქვს. ასეთ აპარატში შეგიძლიათ ერთდროულად მოამზადოთ სხვადასხვანაირი პური ან პური და ნამცხვარი.

8. საზელი ნიჩაბი

იმის მიხედვით, როგორ ცომს ვამზადებთ, საზელი ნიჩაბიც სხვადასხვანაირია, ამიტომ პურსაცხობის ბევრ მოდელს რამდენიმე მოჰყვება.

9. ტემპერატურის კონტროლი

ზოგიერთი “ჭკვიანი” მოწყობილობა აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც საცხობ კამერაშია მოთავსებული და ავტომატურად არეგულირებს ტემპერატურას. ეს, ერთი მხრივ, ამაღლებს ცხობის ხარისხს, მეორე მხრივ კი გადახურებისგან იცავს აპარატს.

10. სითბოს შენარჩუნების ფუნქცია

ზოგჯერ გვინდა, პური რამდენიმე ხანს თბილად შევინახოთ. ზოგიერთმა მწარმოებელმა ამაზეც იზრუნა და მოწყობილობას სპეციალური სითბოს შემანარჩუნებელი ფუნქცია დაამატა, რისი წყალობითაც პური თითქმის ერთი საათი ახალგამომცხვარივით თბილია.

ზოგიერთ მოდელს აქვს ეგრეთ წოდებული დენის გათიშვისგან დაცვის ფუნქცია. რაც იმას ნიშნავს, რომ დენის გათიშვისას მოწყობილობა ათი წუთით იმახსოვრებს მიცემულ დავალებას და თუ ამ ხნის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, გაჩერების მომენტიდან აგრძელებს. თუმცა, ექსპერტები გვირჩევენ, ამ ფუნქციას ბოლომდე არ ვენდოთ (რადგან საბოლოო შედეგი მაინც ცხობის პროგრამასა ეტაპზეა დამოკიდებული) და თუ დენი გაითიშა, ცხობა თავიდან დავიწყოთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: