კონსილერი: თანაბარი ფერი ერთი ხელის მოსმით

გააზიარე:

თუ დილით თვალების გარშემო მუქი წრეები ან სახეზე მუწუკი შეამჩნიეთ, განწყობას ნუ გაიფუჭებთ – კოსმეტიკური ინდუსტრიის არსენალში მათ შესანიღბავად შესანიშნავი საშუალება მოიპოვება. ეს კონსილერია, რომელიც ყოველგვარ ხარვეზს მალავს და თანაბარ ფერს აძლევს კანს. ოღონდ სათანადო ეფექტისთვის მისი სწორად გამოყენება უნდა ვიცოდეთ.

რა არის

კონსილერი ჩამუქებული უპეების, მუწუკების, სიწითლის, ნაოჭების, ნაწიბურების, პიგმენტური ლაქების შესანიღბავად გამოიყენება. ის ფუძეზე მეტად პიგმენტირებულია, ესე იგი დაფარვის უკეთესი უნარი აქვს. შესაბამისად, იდეალურია კანის ნაკლოვანებების შესანიღბავად და ერთგვაროვანი ფერის მისაღებად.

ფორმა და კონსისტენცია

პარფიუმერიის განყოფილებაში შეხვდებით თხევად, კრემისებურ, პუდრისებურ კონსილერს ტუბით, ქილით, აპლიკატორიანი ბოთლით. არსებობს ფანქრისებურიც. იცით, რომელი რისთვის გამოიყენოთ?

ფანქარი

კონსილერ-ფანქარს სასიამოვნო, კრემისმაგვარი კონსისტენცია აქვს და დაფარვის კარგი უნარით გამოირჩევა. ის იდეალურად ნიღბავს მუწუკებს, თუმცა ვერ გამოიყენებთ დიდი უბნების, მაგალითად, უპეებისთვის, რადგან ადვილად გროვდება ნაოჭებში.

ქილა

ასეთ კონსილერსაც ძლიერი დაფარვის ეფექტი აქვს და კარგია დიდი უბნებისთვის. იდეალურია თვალების ქვეშ მუქი წრეებისა და შეწითლებული ადგილების შესანიღბავად. მისი წასმა თითით და ფუნჯით შეიძლება.

ტუბი და აპლიკატორიანი ბოთლი

ამ ტიპის კონსილერს შედარებით თხელი კონსისტენცია და მსუბუქი დაფარვის ეფექტი აქვს, თუმცა ხშირად მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს და ბუნებრივად ეფინება კანს. თითქმის ვერ მალავს მუწუკებს, მაგრამ კარგად ნიღბავს ოდნავ ჩამუქებულ უპეებს და სიწითლეებს. მას სახის კონტურინგისთვისაც იყენებენ.

კანის ტიპი

კონსილერის შერჩევისას გასათვალისწინებელია კანის ტიპიც. თუ ცხიმიანი და აკნესადმი მიდრეკილი კანი გაქვთ, არჩევანი სეაჩერეთ კლასიკურ, ფანქრის ტიპის კონსილერზე. ამასთან, ყურადღება მიაქციეთ წარწერას: "არაკომედოგენური".

მშრალი კანისთვის თხევადი კონსილერი ჯობია და არამც და არამც პუდრისებური, ნორმალურისთვის კი ნებისმიერი გამოგადგებათ.

რომელი ფერი რისთვის

არსებობს არა მხოლოდ კანისფერი (ყველა ტონალობის), არამედ ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი და მეწამული კონსილერებიც. ყველას თავისი დანიშნულება აქვს.

მწვანე

მწვანე კონსილერი წითელი ფერის გასაქრობად გამოიყენება. თუ ხშირად გიწითლდებათ ცხვირი ან გიჩნდებათ მუწუკი, მწვანე კონსილერი აუცილებლად უნდა გედოთ ჩანთაში. ის ოპტიკურად გაანეიტრალებს სიწითლეს და თანაბარ ფერს მისცემს კანს.

ყვითელი და ნარინჯისფერი

თუ თვალების ქვეშ მუქი წრეები გაქვთ, დღის სინათლეზე დააკვირდით, სიმუქეს მოლურჯო ელფერი დაჰკრავს თუ მომწვანო. პირველ შემთხვევაში ყვითელი კონსილერი გამოგადგებათ, მეორეში – ატმისფერი ან ნარინჯისფერი.

იასამნისფერი

კანზე მოყვითალო და მონარჯისფრო ლაქებს ადვილად დამალავს მეწამული ფერის კონსილერი.

ბეჟი

კანზე მუქი ჩრდილების გასაქრობად და ცალკეული უბნების ხაზგასასმელად ბეჟი კონსილერი გამოიყენეთ. უმჯობესია, კანის ფერზე ერთი ტონით ბაცი. კონსილერის ფერი დღის შუქზე შეარჩიეთ ნიკაპთან ან ყელთან შეხამებით, რა თქმა უნდა, მაკიაჟის გარეშე.

გამოყენების წესები

წაისვით კონსილერი საჭირო უბანზე და ღრუბლის მსუბუქი კაკუნით ნაზად შეიზილეთ. თუ მუქი ქუთუთოები გაქვთ, შეგიძლიათ, ცოტაოდენი იქაც გადაისვათ. ზემოდან რეკომენდებულია უფერული პუდრის მსუბუქად მიყრა.

ფუძის ქვეშ წავისვათ კონსილერი თუ ფუძის ზემოთ? ამის თაობაზე ვიზაჟისტების აზრი იყოფა. სინამდვილეში ორივენაირად შეიძლება, გააჩნია კონსილერს. ფერადი ფუძის ქვეშ უნდა წაისვათ, ფერმა თავისი საქმე რომ გააკეთოს და, ამასთანავე, შეუმჩნეველი დარჩეს, კანისფერი კი ფუძის ქვეშაც წაისმება და ფუძის ზემოთაც, ერთი პირობით: ზედა ფენის წასმამდე, კონსილერი იქნება ეს თუ ფუძე, ქვედას გაშრობა აცადეთ.

კონტური კონსილერით

კონსილერით შესაძლებელია სახის კონტურის მონიშვნა და ცალკეული უბნების გამოკვეთაც. მაგალითად, ასე: თვალებქვეშ სამკუთხედად (წვერით დაბლა) წაისვით კანზე ერთი ტონით ბაცი კონსილერი და ნელ-ნელა გადაინაწილეთ ღრუბლის ნაზი კაკუნით. მისი წასმა ასევე შეიძლება წარბების ქვეშ, წარბებს შორის, ცხვირის ზურგზე, ნიკაპზე და ზედა ტუჩის ცენტრში. ის ვიზუალურად ამოსწევს ამ უბნებს და უფრო მეტყველს გახდის სახეს.

პატარა ხრიკები

* კონსილერის გამოყენება მაკიაჟის დროს დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლადაც შეიძლება. მაგალითად, თუ ტუჩსაცხი გაგედღაბნათ ან თვალის ლაინერი ზღვარს გადასცდა, კონტურზე კონსილერი შემოავლეთ.

* წარბების გასახშირებლად შეთხელებულ ადგილებზე წაისვით ცოტაოდენი კონსილერი – წარბის პუდრი უკეთ მიეკვრება და მეტხანსაც გაძლებს.

* კონსილერი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თვალის ჩრდილის ბაზა.

* თუ კონსილერს თვალის შიგნითა კუთხეში წაისვამთ, თვალის ჭრილი უფრო დიდი გამოჩნდება.

შეცდომები

* არასწორი ფერი: კანის ფერზე რამდენიმე ტონით ბაცი კონსილერი ნიღბის ეფექტს მოახდენს, ხოლო მუქი დაფარვის ნაცვლად ხაზს გაუსვამს ნაკლოვანებებს.

* ჭარბი კონსილერი: თუ ზომაზე მეტი მოგივიდათ, ძნელად განაწილდება და კანს არათანაბარ ფენად დაედება. უმჯობესია, ნაკლები გამოიყენოთ და კანში კარგად შეიზილოთ.

* შეზელა: საუკეთესო ეფექტისთვის არ დაგავიწყდეთ კონსილერის კარგად შეზელა კანში.

* ფუძის გარეშე წასმა: თუ კონსილერს იყენებთ, გირჩევთ, ზემოდან ფუძე გადაისვათ, თორემ აიქერცლება და უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს იმას, რისი დამალვაც გინდოდათ.

* დამატენიანებლის გარეშე წასმა: თუ კონსილერის წასმას აპირებთ, განსაკუთრებით – თვალების გარშემო, უპირველეს ყოვლისა, კანი კარგად დაიტენიანეთ. ის მოამზადებს კანს და უზრუნველყოფს ბუნებრივ ეფექტს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: