ტიკტოკი და ბავშვები

გააზიარე:

XXI საუკუნეში ციფრული სამყარო ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ცოტა თუ ახერხებს მისგან ასე თუ ისე დისტანცირებას. გართობის უამრავ საშუალებას რომ თავი დავანებოთ, ციფრული პლატფორმები პროფესიულ საქმიანობასაც გვიადვილებს.

მშობლებისთვის კი მათი არსებობა ორმაგი გამოწვევაა: თუ იქ, სადაც გართობას ეხებოდა საქმე, ამ პლატფორმებისგან ბავშვების დისტანცირებას ასე თუ ისე ვახერხებდით, როდესაც ჯერი სწავლაზე მიდგება, უძლურნი ვართ.

ციფრულ სამყაროსთან ასეთი მჭიდრო კავშირის პირობებში ძალიან ძნელია, ბავშვი მთლიანად მოვწყვიტოთ სოციალურ პლატფორმებს. სკოლაში, მეგობრისგან თუ სხვა გზით, ის მაინც გაიგებს, გამოიკვლევს და მოახერხებს ინტერაქციას.

დღესდღეობით ახალგაზრდებს შორის – და არამხოლოდ – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ასეთი პლატფორმაა ტიკტოკი. თუ მისი მომხმარებელი არ ხართ, გაგეგონებათ მაინც. სტატიაში განვიხილავთ, რამდენად მიზანშეწონილია ამ აპლიკაციის გამოყენება ბავშვებისთვის, რა ასაკიდანაა ნებადართული და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას.

რა არის ტიკტოკი

ტიკტოკი აპლიკაციაა, რომელსაც ჩინური ინტერნეტკომპანია “ბაიტდენსი” (ByteDance) ფლობს და მართავს. კომპანიამ 2016 წელს მხოლოდ ჩინეთის შიდა მოხმარებისთვის შექმნა პლატფორმა სახელწოდებით Dოუყინ, ხოლო 2017 წლიდან საერთაშორისო ბაზრისთვის – აპლიკაცია ტიკტოკი.

ტიკტოკი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თხუთმეტწამიანი ვიდეოები მსოფლიოს გაუზიარონ. ვიდეო შეიძლება იყოს ნებისმიერ თემაზე, მთავარია, ჯდებოდეს განზაზღვრულ ჩარჩოებში, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

ტიკტოკის პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. აპლიკაციის აქტიური მომხმარებლების ყოველთვიურმა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 500 მილიონს.

ტიკტოკი და ბავშვები

თუ ტიკტოკით თავადაც ერთობით და მიგაჩნიათ, რომ თქვენივე ზედამხედველობით ბავშვისთვის ვიდეოების ჩვენება შეიძლება, გეტყვით, რომ ცდებით. მართალია, ტიკტოკი კონტენტს ძირითადად იმის მიხედვით გირჩევთ, რა სახის ვიდეოებსაც უყურებთ, მაგრამ მაინც არსებობს მინიმალური შანსი იმისა, რომ უეცრად ბავშვის გონებისთვის სრულიად შეუსაბამო ვიდეო ამოვარდეს, თქვენ კი დროულად ვერ გადაახტეთ. ამასთან ერთად, ტიკტოკზე ატვირთულია უამრავი სარეკლამო ვიდეო, რომლებიც ბავშვებს სრულიად უსარგებლო ნივთების ფლობის სურვილს უჩენს.

ბავშვის ასაკი და ტიკტოკი

სპეციალისტთა რეკომენდაციით, ტიკტოკის გამოყენება მიზანშეწონილია არა უადრეს 15 წლიდან, უსაფრთხოების ყველა საკითხისა და ბავშვისთვის შეუსაბამო კონტენტის გათვალისწინებით. თავად ტიკტოკი გვეუბნება, რომ მომხმარებელი 13 წლის მაინც უნდა იყოს, რათა აპლიკაციაზე წვდომა მიიღოს, 13-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს კი მხოლოდ მშობლების თანხმობით აქვთ ამ ქსელში ჩართვის საშუალება, მაგრამ ფაქტები მოწმობს, რომ გაცილებით მცირეწლოვანი ბავშვებიც ახერხებენ აპლიკაციის გადმოწერას და მასში გარკვევას.

ცამეტ წლამდე ასაკის ბავშვები და ტიკტოკი

ცამეტ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ტიკტოკს აქვს ქვეპუნქტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, აპლიკაციაზე წვდომა ისე შევზღუდოთ, რომ მცირეწლოვან მომხმარებლებმა მხოლოდ მკაცრად კონტროლირებული კონტენტის ვიდეოები ნახონ, არ ჰქოდნეთ ძებნის, კომენტარის დატოვების და საკუთარი ვიდეოს ატვირთვის საშუალება.

ეს ყველაფერი შვების მომგვრელია მშობლებისთვის, მაგრამ არა ბავშვებისთვის, რომლებიც სწორედ ამ მიზეზით აღნიშნულ ქვეპუნქტს ახტებიან და რეგისტრირდებიან როგორც სრულუფლებიანი მომხმარებლები. ამის გაკეთება კი ძალიან ადვილია – რეგისტრაციისას დაბადების ცრუ თარიღის შეყვანაც საკმარისია. თანაც ეს ქვეპუნქტი ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს.

რა ბერკეტები აქვს მშობელს

ტიკტოკი კიდევ რამდენიმე ბერკეტს სთავაზობს მშობლებს. შეგიძლიათ დააწესოთ დროის ლიმიტი და დაიცვათ ის კოდით, რათა ბავშვმა არ გადასწიოს. შეგიძლიათ, თავადაც გადმოწეროთ აპლიკაცია და დააყენოთ ოჯახური პაკეტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, აკონტროლოთ ბავშვის აქტივობა ამ პლატფორმაზე.

ტიკტოკი და უსაფრთხოება

2019 წელს კიბერუსაფრთხოების კომპანია “ჩეკ პოინტმა” ჩაატარა კვლევა და დაასკვნა, რომ ტიკტოკი არასათანადოდაა დაცული უკანონო შეჭრისგან, შესაბამისად, მომხმარებელთა მონაცემების დაცვის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ექსპერიმენტი ჩაატარა BBC Panorama-მ და განაცხადა, რომ ტიკტოკი დიდი დაგვიანებით რეაგირებს მომხმარებლების საჩივრებზე, მაშინაც კი, როდესაც საჩივარი ეხება ბავშვის მიმართ სექსუალური შინაარსის შეტყობინებებს და სხვა მსგავს ქმედებებს. BBC მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ტიკტოკი ჯერჯერობით ვერ ახერხებს საკუთარ პლატფორმაზე ბავშვთა გარყვნილების საკითხების კონტროლს.

საყურადღებოა ისიც, რომ ტიკტოკის ალგორითმი ავტომატურად გიგდებთ ვიდეოებს, რომელთა მსგავსსაც ყველაზე ხშირად უყურებთ. მაშასადამე, თუ ზრდასრული ადამიანი თავისი გვერდიდან ხშირად უყურებს არასრულწლოვანთა ვიდეოებს, ტიკტოკის ალგორითმი მას ავტომატურად ამოუგდებს მეტ ასეთ ვიდეოს და არასრულწლოვნებთან ინტერაქციის შესაძლებლობას მისცემს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, თუმცაღა ტიკტოკი ამტკიცებს, რომ მათი უსაფრთხოება უფრო და უფრო ძლიერდება, ფატია, შედეგებს ჯერ ვერ აღწევს. “ჩვენ, ტექნოლოგიისა და მოდერაციის გუნდების ერთობლივი მუშაობით, ყოველთვის ამოვიცნოთ და დავბლოკავთ მსგავს კონტენტს”, – აცხადებენ ტიკტოკის ადმინისტრაციაში. რამდენად საკმარისია ეს ბავშვის უსაფრთხოებისთვის? რამდენად ღირს, ამ რისკის წინაშე დავაყენოთ ბავშვები? – ამ კითხვებს თავად უნდა გასცეთ პასუხი და გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა უწყინარი გართობის მოტივით ამ უზარმაზარ პლატფორმაზე ბავშვის დაუცველად დატოვება.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: