თმის ცვენა - რა იწვევს და რა ვუშველოთ

გააზიარე:

თმის ცვენა, ადამიანთა უმრავლესობისთვის ნაცნობი პრობლემა, განსაკუთრებით გაამწვავა პანდემიამ. ცხელებით მიმდინარე COVID-19-ის გადატანის შემდეგ უამრავ ადამიანს თმის შესამჩნევი ცვენა დაეწყო. რა თქმა უნდა, არც პანდემიის დაწყებამდე არსებული თმის ცვენის მიზეზები გამქრალა სადმე, ამიტომ დღეს ალოპეციას გაცილებით მეტი უჩივის, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ.

კოვიდის შემდეგ

კოვიდის გადატანიდან ორი-სამი თვის შემდეგ შხაპის მიღების ან თმის ვარცხნის დროს ადამიანს შესაძლოა მთელი მუჭა თმა გასცვივდეს. ასეთი თმის ცვენა ძირითადად კოვიდის მწვავე პერიოდში გადატანილი ცხელების დამსახურებაა. ცხელება იწვევს  ე.წ. ტელოგენურ ცვენას, რომლის დროსაც ნორმაზე მეტი თმის ღერი ერთდროულად შედის სასიცოცხლო ციკლის ცვენის (ტელოგენურ) ფაზაში. აქვე შეგახსნებთ, რომ ყოველდღიურად ისედაც გვცვივა თავიდან ასამდე თმის ღერი და მათ ადგილას ახალი ამოგვდის.

ტელოგენური ცვენა ექვსიდან ცხრა თვემდე გრძელდება. მისი ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრესიც, რომელსაც ვერ გავექცევით პანდემიის დროს. რა თქმა უნდა, დაცვენილი თმის გროვის დანახვაც საკმაოდ სტრესულია. არადა თმის ცვენა რომ შეწყდეს, სტრესის მოხსნა აუცილებელია.

სხვა მიზეზები

თმის ტელოგენურ ცვენას, გარდა ცხელებისა და სტრესისა, აქვს სხვა მიზეზებიც:

. ცუდი კვება - ცილებით, რკინით, B ჯგუფის ვიტამინებითა და თუთიით ღარიბი საკვების მიღება. ჩამოთვლილი ნივთიერებების ნაკლებობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს თმის ხარისხსა და რაოდენობაზე;

. წონის უეცარი დაკლება - წონის კლებამ და კალორიების ქრონიკულმა შეზღუდვამ (მაგალითად, ნერვული ანორექსის დროს) შესაძლოა თმის ცვენა გამოიწვიოს;

. ორსულობა და მშობიარობა – ორსულობის დროს ბევრი თმის ღერი უფრო მეტხანს იმყოფება ზრდის ფაზაში. თმის ცვენას მშობიარობიდან 3-6 თვის შემდეგ განვითარებული ჰორმონული ცვლილებები იწვევს;

. მენოპაუზა – მენოპაუზის დროს მომხდარ ჰორმონულ ცვლილებებსაც შეუძლია თმის ცვენა გამოიწვიოს;

. მედიკამენტები – შესაძლოა, თმის ცვენა კიბოს, ართრიტის, დეპრესიის, გულის დაავადების, პოდაგრის, წნევის სამკურნალო პრეპარატების გვერდითი ეფექტი იყოს;

. ჯანმრთელობის პრობლემები – ავტოიმუნური დაავადები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

. ქირურგიული ოპერაცია – ოპერაციის შემდეგ თმის ცვენის განვითარება დამოკიდებულია ქირურგიული ჩარევის ტიპზე, საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობაზე, მიღებულ მედიკამენტებსა და კვებაზე;

. ინტოქსიკაცია – ტალიუმით, ვერცხლისწყლით, ლითიუმით მოწამვლა.

თმის ტელოგენურ ცვენას არ ახასიათებს გამონაყარი, ქავილი, წვა. ამ ნიშნების თანხლებისას მიმართეთ დერმატოლოგს.

ტიპები

ტელოგენური ალოპეცია თმის ცვენის ერთადერთი ტიპი არ არის. ყველაზე გავრცელებულიც კი არა. გაცილებით ხშირად გვხვდება ანდროგენული ალოპეცია, რომელიც ასაკის მატების კვალდაკვალ თავის ზედა ნაწილს აშიშვლებს. ამ ტიპის ალოპეცია გენეტიკურად განწყობილ პირებს უვითარდებათ. მამაკაცებთან თმა უმეტესად შუბლიდან იწყებს ცვენას, ქალებს, როგორც წესი, თმის გაყოფის ადგილი უფართოვდებათ. ხანდაზმულ ქალებში უფრო მეტადაა გავრცელებული შუბლზე თმის ხაზის უკან გადაწევა (შუბლის ფიბროზული ალოპეცია).

ბუდობრივი, კეროვანი ალოპეციის დროს თმა ალაგ-ალაგ წრეებად იწყებს ცვენას. ტრაქციულ ალოპეციას უწოდებენ თმის ცვენას, რომელიც თმის ღერების მუდმივი დაჭიმვის გამო ფოლიკულების კანისკენ გადანაცვლების შედეგად ვითარდება (მაგალითად, მაშინ, როცა ქალი ატარებს მჭიდროდ შეკრულ ცხენის კუდს). ანაგენური ალოპეციის დროს ზრდის ფაზაა დარღვეული, ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს თმის ფოლიკულებს ნაწიბური ანაცვლებს. თმის ცვენასთან ერთად თავის კანის აქერცვლა, თმის ღერების მტვრევა, კანის შეწითლება, შეშუპება და გამონაყარი დერმატოფიტიაზე, სოკოვან დაავადებაზე მიუთითებს.

მკურნალობა

ზოგიერთი ტიპის ალოპეციის დროს თმა თავისთავად, მკურნალობის გარეშეც ამოდის, ზოგიერთის დროს კი შესაძლებელია პროცესის მხოლოდ შეჩერება ან შენელება. ამისთვის მიმართავენ მედიკამენტურ მკურნალობას, ლაზერულ პროცედურებს, თმის გადანერგვას. მედიკამენტებიდან გამოიყენება მინოქსიდილის შემცველი თმის მოსავლელი საშუალებები ქალებისა და მამაკაცებისთვის და ფინასტერიდის ტაბლეტები მამაკაცებისთვის (გვერდითი მოვლენების გამო ისინი აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს). ამ საშუალებების ეფექტიანობა მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე  თვის შემდეგ ვლინდება.

როგორ მოვიქცეთ

თუ თმის ცვენა შეამჩნინეთ, ეცადეთ, ზედმიწევნით შეასრულოთ შემდეგი რეკომენდაციები:

. უპირველეს ყოვლისა, მიმართეთ დერმატოლოგს. რაც უფრო მალე მიაგნებთ თმის ცვენის მიზეზს, მით უფრო მეტია სასურველი შედეგის მიღების შანსი.

. თავის დაბანისას მოერიდეთ მის ტრავმირებას. როცა თმა თხელდება ან ცვივა, ის მყიფეა და ადვილად ზიანდება, ამიტომ გამოიყენეთ ნაზი შამპუნი, რომელიც თმას არ აშრობს, ყოველი დაბანის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კონდიციონერი. კონდიციონერი ამცირებს თმის მტვრევადობასა და ბოლოების გაყოფას. გამოიყენეთ ლეავე-ინ ცონდიტიონერ – კონდიცინერი, რომელიც თმაზე უნდა დაიტოვოთ დაბანის შემდეგ – ან დეტანგლერი.

. უარი თქვით თმის ცხელი ზეთით სამკურნალო პროცედურებზე – ამ დროს თმა ცხელდება და უფრო მეტად ზიანდება.

. თმის შეღებვა, დახვევა, ქიმიური გასწორება, რელაქსირება ჩაიტარეთ სალონში, სადაც პროფესიულ დონეზე მოგემსახურებიან. ნუ გარისკავთ ასეთი პროცედურების შინ ჩატარებას.

. მაქსიმალურად ერიდეთ თმის დასახვევ უთოს, გასასწორებელ უთოს და ცხელ სავარცხელს.

. ფენი ყველაზე დაბალი სითბოს რეჟიმზე დაააყენეთ. ეცადეთ,  თმა ბუნებრივად გაიშროთ. ამისთვის მიკრობოჭკოვანი პირსახოცი შემოიხვიეთ.

. ნუ ატარებთ უკან გადაწეულ და მჭიდროდ შეკრულ თმას (გრაგნილს, ცხენის კუდს, კიკინებს). თმის მუდმივმა დაჭიმვამ შესაძლოა ტრაქციული ალოპეცია გამოიწვიოს.

. თუ თმის თითებით ტრიალისა და ქაჩვის ჩვევა გაქვთ, შეეცადეთ გადაეჩვიოთ – ასეთმა მოპყრობამ შესაძლოა უფრო მეტად დაასუსტოს ისედაც მყიფე თმის ღერები და თმის ცვენა გამოიწვიოს.

. თმა ფრთხილად დაივარცხნეთ, მეტადრე – სველი. აჯობებს, ფართოკბილებიანი სავარცხელი გამოიყენოთ.

. თუ ეწევით, შეწყვიტეთ. მოწევამ შეიძლება თმის ცვენა გააძლიეროს.

. მიიღეთ რკინით, ცილებით მდიდარი საკვები.

. თმის ცვენა შეიძლება გამოიწვიოს კალორიების მნიშვნელოვანმა სიმცირემაც, ამიტომ იკვებეთ დაბალანსებულად.

. შეგიძლიათ მიიღოთ თმის ზრდის ხელშემწყობი დანამატები, მაგრამ აჯობებს, ჯერ გაარკვიოთ, გაქვთ თუ არა მათი დეფიციტი.  გაითვალისწინეთ, რომ სელენის, A ვიტამინის, E ვიტამინის და ზოგიერთი სხვა დანამატის ჭარბმა მიღებამ შესაძლოა, პირიქით, ხელიც კი შეუწყოს თმის ცვენას.

შესანიშნავი ხუთეული

კვლევებზე დაყრდნობით, თმის ცვენის რისკს განსაკუთრებით ზრდის რამდენიმე ნივთიერების დეფიციტი. ეცადეთ, მათი მარაგი საკვებით შეივსოთ. თუ ვერ მოახერხებთ, ექიმთან შეთანხმებით მიიღეთ დანამატები, ოღონდ დოზების მკაცრი კონტროლით.

ბიოტინი

ბიოტინის, იმავე ვიტამინ B7-ის ნაკლებობა შესაძლოა თმის ცვენის, გამონაყარისა და ფრჩხილების სიმყიფის მიზეზად იქცეს. მისი ნაკლებობა ყველაზე მეტად მოსალოდნელია ორსულობის, ძუძუთი კვების, განსაზღვრული დასახელების ანტიბიოტიკებით მკურნალობის, ეპილეფსიის მკურნალობის დროს. ადამიანების უმეტესობა საკვებიდან საკმარის ბიოტინს იღებს: მას შეიცავს კვერცხის გული, მთლიანი მარცვლეული, ხორცი.

რკინა

ჟანგბადის გადასატანად ერითროციტებს, სისხლის წითელ უჯრედებს, რკინა სჭირდებათ. რკინის სიმცირემ შესაძლოა რკინადეფიციტურ ანემიამდე მიგვიყვანოს, რომლის ნიშნებიცაა დაღლილობა, სიფერმკრთალე, თმის ცვენა. რკინის დეფიციტი ემუქრებათ ქალებს, რომლებსაც ძლიერი მენსტრუაციული სისხლდენა აქვთ, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს, ვეგეტარიანელებს,  ვეგანებს...

რკინით ბუნებრივად მდიდარია ბალახის მძოველი ცხოველების წითელი ხორცი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, პარკოსნები.

C ვიტამინი

C ვიტამინი აუცილებელია ნაწლავებიდან რკინის ასათვისებლად. მისი კარგი წყაროა ციტრუსები, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, ბულგარული წიწაკა. რკინის შემცველი საკვებისა და ჩ ვიტამინის შემცველი საკვების ერთდროული მიღება საკვებში არსებული რკინის უკეთ ათვისებაში დაგეხმარებათ.

D ვიტამინი

თმის ცვენა შეიძლება D ვიტამინის სიმცირემაც გამოიწვიოს. ეს ვიტამინი კანში წარმოიქმნება სხეულზე მზის სხივების მოხვედრის დროს, თუმცა მხოლოდ მზეზე სეირნობით საკმარის D ვიტამინს ყველა ვერ იღებს. ორგანიზმში მისი დონის აწევა შესაძლებელია ცხიმიანი თევზის ჭამით, დანამატების მიღებით.  თუ D ვიტამინთან ერთად მაგნიუმსაც მიიღებთ, მისი ბიოშეღწევადობა მოიმატებს.

თუთია

თუთიას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია უჯრედებში ცილების წარმოქმნაში. ისიც გარედან უნდა მივიღოთ, საკვების ან დანამატების სახით. თუთიის ნაკლებობის ნიშნებია თმის ცვენა, ჭრილობების შეხორცების გაჭიანურება, გემოსა და ყნოსვის შესუსტება. თუთიის დეფიციტი ემუქრებათ ორსულებს,  მეძუძურებს, ნაწლავთა დაავადების, მძიმე დიარეის, თირკმლის დაავადების მქონე პირებს.

თუთიის მიღება შესაძლებელია ხორციდან, მოლუსკებიდან, ლობიოდან, თხილეულიდან, თესლეულიდან.

რაც უფრო ადრე დაიწყებთ თმაზე ზრუნვას, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, დიდხანს შეინარჩუნოთ მისი სიჯანსაღე.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: