სებორეა და აკნე მოუგვარებელი პრობლემა არ არის
გააზიარე:
ვინც კანის სნეულებებს არ შეუწუხებია, გაუჭირდება იმის წარმოდგენა, რასაც ფერიმჭამელები და სხვა გამონაყარი განაცდევინებს ადამიანს. სახის აჭრელება ვის არ დაუმძიმებს გულს, მაგრამ მოზარდი ამას განსაკუთრებით მწვავედ განიცდის. დღეს აკნე და სებორეა ესთეტიკური ენდოკრინოლოგიის პრობლემად მიიჩნევა, ამიტომ მის შესახებ საუბარი ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმ რეპროდუქტოლოგს ქეთი კაკაშვილს ვთხოვეთ.
– სებორეა და აკნე კანის ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია კანისა და თმის ცხიმიანობის მატება (სებორეა), შავი და თეთრი ფერიმჭამელები, ჩირქოვანი გამონაყარი (აკნე), რომელიც უპირატესად სახეზე, გულმკერდზე, ბეჭებზე, მხრებზე ჩნდება და არცთუ იშვიათად კანზე ნაკვალევს, ნაწიბურებს ტოვებს.
- – ვის ემუქრება აკნე?
– სებორეა/აკნე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. უმეტესად მოზარდებში გვხვდება – მათ დაახლოებით 80 პროცენტს აწუხებს, მაგრამ არცთუ იშვიათად მას უჩივიან ზრდასრული ადამიანებიც – ქალების ნახევარზე მეტი და მამაკაცთა დაახლოებით 40 პროცენტი ამ დაავადებით იტანჯება.
აკნესა და სებორეის მსუბუქი ფორმები, – საბედნიეროდ, უმეტესად სწორედ ასეთი ფორმები გვხვდება – თავისთავად, მკურნალობის გარეშე გაივლის.
- – რისი ბრალია სებორეა/აკნე?
– დღეს სადავოდ აღარ მიიჩნევა, რომ სებორეა/აკნეს განვითარების მიზეზი ჰორმონული დისბალანსია, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქცით არის გამოწვეული. იგი ეთნოგენეტიკურ დაავადებათა რიგს განეკუთვნება და უპირატესად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის აუზში მცხოვრებ ხალხებში, მათ შორის – ქართველებშიც. თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქციის დროს ორგანიზმი ჭარბად გამოიმუშავებს განსაზღვრული ტიპის ანდროგენებს (მამაკაცის ჰორმონებს), რაც კანის ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის გაძლიერებულ წარმოქმნას იწვევს. ამას ემატება თმის ფოლიკულის არხში გარქოვანებული უჯრედების ჭარბი წარმოქმნაც. შედეგად ჩნდება საცობი, დაგროვილი მასა კანის ზედაპირამდე ვეღარ ამოდის და ფოლიკულში გროვდება. ეს უკანასკნელი იბერება, ხოლო მისი სადინარი იხშობა; წარმოიშობა კომედონები (ფერიმჭამელები), ხოლო მათი ინფიცირებისას – ჩირქოვანი გამონაყარი (აკნე). ასეთი პაციენტებისთვის დამახასიათებელია მსუბუქი ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა), მენსტრუალური ციკლის დარღვევა და სხვა.
- – რამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარის გაძლიერება და, საზოგადოდ, მდგომარეობის გაუარესება?
– აკნეს მიმდინარეობას ამძიმებს:
. სტრესი, რომლის შედეგად აქტიურდება თირკმელზედა ჯირკვალი, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ანდროგენების ჭარბ სეკრეციას;
. აკნეს თვითმკურნალობა, რომლის შედეგად კანის საფარველის მეორეული ინფიცირება ღრმავდება;
. ცხიმის შემცველი კოსმეტიკის ხმარება, რომელიც ზრდის ფოლიკულების სადინართა დახშობის და, შესაბამისად, აკნეს გამწვავების რისკს;
. მტვერი და ჰაერის მაღალი ტენიანობა.
- – უკავშირდება თუ არა აკნე საკვებს?
– აკნეს შესახებ ხალხში მრავალი მცდარი წარმოდგენაა გავრცელებული. მაგალითად, მის წარმოშობაში ხშირად ადანაშაულებენ შოკოლადსა და ცხიმიან საკვებს. სინამდვილეში ეს პროდუქტები აკნეს განვითარებასა და მიმდინარეობაზე არავითარ გავლენას არ ახდენს (ადამიანთა უმეტესობისთვის მაინც). არც ჭუჭყი იწვევს აკნეს – ის მხოლოდ ამძიმებს უკვე არსებულ დაავადებას, რადგან შესაძლოა კომედონების ინფიცირება გამოიწვიოს.
- – რა კვლევებს უტარებთ პაციენტს, რომელიც გამონაყარის გამო მოგმართავთ?
– აკნესთან დაკავშირებული კვლევები მოიცავს სისხლის ჰორმონულ ანალიზს თირკმელზედაჯირკვლისმიერი ანდროგენების (DHEA-S, 17α-OHP, An) განსასაზღვრავად, აგრეთვე – გინეკოლოგიურ და თირკმელზედა ჯირკვლების ულტრასონოგრაფიულ კვლევას.
- – როგორია სებორეა/აკნეს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?
– დაავადების განვითარების მექანიზმიდან გამომდინარე, სებორეა/აკნე ესთეტიკური ენდოკრინოლოგიის პრობლემას წარმოადგენს. ამის კვალობაზე, მისი წარმატებული მკურნალობის აუცილებელი პირობაა ჰორმონული დისბალანსის გამოვლენა, მისი აღმოფხვრა და კანზე მეორეულად გააქტიურებული ინფექციური პროცესის დათრგუნვა.
უნდა ითქვას, რომ სებორეა/აკნე არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური პრობლემაც არის, რადგან წლობით გრძელდება და იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს, ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ნევროზულ მდგომარეობას, ზოგჯერ დეპრესიასაც კი. ფსიქოლოგიური ტრავმა იმდენად ძლიერია, რომ ბევრი ძვირად ღირებულ ადგილობრივ პროცედურებსაც კი არ ერიდება. მაგალითად, ჩვენ გვყავდა პაციენტი, რომელმაც გაყიდა სახლი, რათა შვეიცარიაში აკნეს საწინააღმდეგო კოსმეტოლოგიური პროცედურები ჩაეტარებინა, თუმცა შედეგი, რა თქმა უნდა, არ იყო ისეთი, როგორსაც ელოდა, რადგან ყველა ადგილობრივი მეთოდი პრობლემის არა მიზეზზე, არამედ შედეგზე მოქმედებს. თუ სებორეა/აკნეს მიზეზი არ აღმოიფხვრა, მკურნალობა ყოველთვის წარუმატებელი იქნება.
- – ბევრს უჭირს ხანგრძლივი მკურნალობის წამოწყება. დაახლოებით რამდენ ხანს გრძელდება აკნეს მკურნალობა და რომელ მედიკამენტებს იყენებთ საამისოდ?
– მკურნალობა საშუალოდ 6-12-თვიანია და მოითხოვს კომპლექსურ თერაპიას, რომლის მიზანია სისხლში ანდროგენების დონის ნორმალიზება და კანზე არსებული ინფექციის დათრგუნვა.
სისტემური მკურნალობისა და ჰორმონული დისბალანსის კორექციის შედეგად კანზე არსებული ფერიმჭამელები და ჩირქოვანი გამონაყარი მთლიანად ალაგდება, ხოლო ახალი ელემენტები აღარ წარმოიქმნება.
აკნესგან თავის დაღწევა შესაძლებელია; მთავარია, მას სწორად ვუმკურნალოთ.
როგორ მოვუაროთ კანს სებორეისა და აკნეს დროს
პირი ფრთხილად დაიბანეთ დილა-საღამოს და ინტენსიური დატვირთვის შემდეგ. ზედმეტი შეხება, ისევე როგორც ჰიგიენის უგულებელყოფა, კანს არ უხდება.
დასაბანად შეარჩიეთ მსუბუქი საშუალებები. ჩვეულებრივი საპნის ნაცვლად გამოიყენეთ სპეციალური დასაბანი ქაფი ან გელი, რომელიც სალიცილის 2%-იან ან 3%-იან მჟავას შეიცავს.
ქაფი ან გელი ხელის ნაზი მოძრაობით წაისვით სველ სახეზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ღრუბლის ხმარება არ არის მიზანშეწონილი – შესაძლოა, კანი გააღიზიანოს.
სახე რბილი პირსახოცით ან ქაღალდის ხელსახოცით შეიმშრალეთ. უმჯობესია, პირსახოცი სახეზე მიიდოთ და დაელოდოთ, ვიდრე სისველეს შეიწოვს.
. ფერიმჭამელებიანი სახის კანის მოვლა თმის მოვლასაც ითვალისწინებს. თუ კანზე გამოგაყარათ და ამავე დროს ცხიმიანი თმა გაქვთ, თავი ხშირ-ხშირად იბანეთ. გამოიყენეთ ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი.
ეცადეთ, თმა შუბლსა და საფეთქლებზე გადაწეული ატაროთ.
. ერიდეთ კანის ხშირ შეხებას. გამონაყარის ხელით წვალებამ შესაძლოა ინფექციის გავრცობა გამოიწვიოს, ნაწიბურები ან ლაქები დაგიტოვოთ.
. მამაკაცებმა გაიპარსეთ ფრთხილად. მოსინჯეთ ელექტროსაპარსიც და სამართებელიც, ამოარჩიეთ ის საშუალება, რომელიც კანს უფრო ნაკლებად გაგიღიზიანებთ. სამართებელს აუცილებლად ბასრი პირი უნდა ჰქონდეს, დაბლაგვებულს ნუ იხმართ. საპარსი კრემის გამოყენებამდე წვერი საპნითა და წყლით დაირბილეთ. გაიპარსეთ ფრთხილი მოძრაობებით.
. ერიდეთ გარუჯვას – იმ მედიკამენტთა უმეტესობა, რომლებიც აკნეს საწინააღმდეგოდ გამოიყენება, კანს მზის გამოსხივებისადმი უფრო მგრძნობიარეს ხდის და შესაძლოა იოლად დაიწვათ.
. გარუჯვა ორგანიზმისთვის ერთგვარი სტრესია, რომელიც ხელს უწყობს კანის ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითებას, ინფექციის გამწვავებას და, შესაბამისად, აკნეს გართულებასაც. მართალია, გარუჯულ კანს გამონაყარი ნაკლებად ეტყობა, მაგრამ მოსაზრება, თითქოს ულტრაიისფერი სხივები ფერიმჭამელებს უხდებოდეს, სინამდვილეს არ შეეფერება. რუჯი მხოლოდ და მხოლოდ ნიღბავს გამონაყარს. გარეგნული ეფექტი დროებითია, ხოლო ძლიერი გარუჯვა ნაადრევი დაბერებისა და კანის სიმსივნის რისკს ზრდის.
. ფრთხილად აარჩიეთ კოსმეტიკური საშუალებები. ნებისმიერი ტიპის კოსმეტიკა (ფუძე, რუჟი, თვალის ჩრდილები თუ თმის მოვლის საშუალებები) უცხიმო უნდა იყოს და ეწეროს – „არაკომედოგენური“, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული საშუალება არ ახშობს ფოლიკულის სადინარს და ცხიმიანი კანისთვის მავნე არ არის. თუმცა ზოგიერთს არც ასეთი სიფრთხილე შველის – მდგომარეობას ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება უმწვავებს. ასეთ ადამიანს საფუძვლიანი მკურნალობა სჭირდება.
. ცხიმიანი კანის მოსავლელად კარგია დამატენიანებელი და მზისგან დამცავი ეფექტის მქონე კრემი.
. კრემი თუ სხვა კოსმეტიკური საშუალება სახის ჩამობანიდან, სულ მცირე, 10-15 წუთის შემდეგ უნდა წაისვათ – კანს, სრულყოფილად რომ გაშრეს, დრო სჭირდება.
. კანის ის უბანი, სადაც თავმოყრილია აკნეს ელემენტები, მაქსიმალურად არიდეთ ხახუნს, ტანსაცმელს (შალს, მჭიდროდ შეკრულ საყელოს), სამკაულს – ყველაფერს, რასაც სახის კანთან მჭიდრო კონტაქტი აქვს.