მიჯაჭვულობის თეორია ანუ რატომ ვაწვალებთ პარტნიორებს

გააზიარე:

როგორ განვითარდა მიჯაჭვულობის თეორია

1950-იანებში აშშ-ში ყველაზე გავრცელებული და აკადემიურად მიჩნეული ფსიქოლოგიური სკოლა ბიჰეივიორული ანუ ქცევითი ფსიქოლოგია იყო. ბეჰეივიორისტები ფსიქოანალიზს დაუპირისპირდნენ და ფსიქიკის “მეცნიერულ” შესწავლას შეუდგნენ – აკვირდებოდნენ, აღრიცხავდნენ და აანალიზებდნენ იმას, რაც ჩანს, ანუ ქცევას. ისინი არაცნობიერს უარყოფდნენ და მხოლოდ ადამიანის რეაქციებს აღიარებდნენ. ბეჰეივიორისტების რწმენით, ყველა შიში, ყველა განცდა, ყველა ემოცია და შესაბამისი ქცევა დასწავლილია. დაბადებისას ადამიანი არის ტაბულა რასა – თეთრი დაფა, რომელზეც შემდეგ ის იწერება, რაც გარემოში ხდება.

ბიჰეივიორისტების აზრით, მშობლებზე მიჯაჭვულობა ევოლუციურად არის განპირობებული – ჩვენ გვიყვარდება ის, ვინც გვაჭმევს. შესაბამისად, ვეჯაჭვებით კიდეც. ეს კი დასწავლილი ქცევაა.

ბოლბი და მისი თეორია

ჯონ ბოლბი პირველი იყო, ვინც მიჯაჭვულობის განსხვავებული ცნება შემოიტანა. მან მიჯაჭვულობა განმარტა როგორც "ხანგრძლივი ფსიქოლოგიური კავშირი ადამიანებს შორის".

ბოლბის დაკვირვებით, როდესაც ბავშვები პირველად სწყდებოდნენ მომვლელებს (იმ ეპოქაში – ძირითადად დედებს), კარგი გარემო პირობებისა და კვების მიუხედავად, შფოთავდნენ. ახლა ეს არავის უკვირს, რადგან ბოლბის იდეები უკვე ჩვენი ყოველდღიური შეგნების ნაწილია, მაშინ კი ის, რომ ბავშვებს მომვლელისგან საკვები კი არა, კომფორტი და მზრუნველობა სჭირდებათ, რევოლუციური მოსაზრება იყო.

რა არის მიჯაჭვულობა

ეს არის ძლიერი ემოციური კავშირი სხვა ადამიანთან. ბოლბიმ წამოაყენა მოსაზრება, რომ მშობლებისადმი მიჯაჭვულობა ბავშვს მთელი სიცოცხლე მიჰყვება. მან ასევე განაცხადა, რომ მშობლისადმი მიჯაჭვულობა თანდაყოლილი განცდაა, რომ ბავშვები მიჯაჭვულობის ტენდენციით იბადებიან.

ბოლბის აზრით, ისტორიულად ის პატარები გადარჩებოდნენ, რომლებიც უფროსს მიეჯაჭვებოდნენ, ეს უფროსი კი უვლიდა და იცავდა მათ. ევოლუციური პროცესის შედეგად გადარჩენის მოტივაცია მიჯაჭვულობისადმი თანდაყოლილ მზაობად მოგვევლინა.

რას გვეუბნება მიჯაჭვულობის თეორია?

იმისთვის, რომ ბავშვმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, მომვლელმა მის საჭიროებებს უნდა უპასუხოს. ჩვილმა უნდა იცოდეს, რომ მომვლელი სანდოა, როდესაც საჭიროა, მოვა და დაიცავს. ამ შემთხვევაში ის გარე სამყაროსაც ენდობა და უსაფრთხოდ მიიჩნევს.

ჰარლოუს ნაჭრის მაიმუნები

მიჯაჭვულობის საკითხს ჰარი ჰარლოუც იკვლევდა. მან მაკაკებზე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა. ერთ ექსპერიმენტში ჰარლოუმ მაკაკებს ორი სუროგატი “დედა” შესთავაზა: ერთი – ნაჭრის, უბოთლო, მეორე – რკინის, რომელსაც ბოთლით რძე ჰქონდა მიმაგრებული. ყველა მაკაკა რბილ “დედას” ირჩევდა, რკინის “დედასთან” კი მხოლოდ საჭმელად მიდიოდა.

კიდევ ერთი ექსპერიმენტის  დროს (ახლა ასეთი ცდების ჩატარება აკრძალულია, რადგან ცხოველის გაუმართლებელ წამებას წარმოადგენს) ჰარლოუ მაიმუნებს აშინებდა. შეშინებული მაკაკები ნაჭრის “დედას” მიეკვრებოდნენ ხოლმე და წყნარდებოდნენ, ხოლო თუ გალიაში რბილი და თბილი არაფერი ჰქონდათ, იატაკზე ეცემოდნენ და ყვიროდნენ. მაიმუნები, რომლებსაც მხოლოდ რკინის “დედა” ჰყავდათ, კარგი კვების მიუხედავად, ავადმყოფობდნენ, ხოლო როცა რამე აშინებდათ, ადგილზე იყინებოდნენ. ნაჭრის “დედასთან” გაზრდილი მაკაკები ბევრად უფრო გაბედულები იყვნენ.

ჰარლოუს ექსპერიმენტებმა დაამტკიცა, რომ პრიმატებისთვის (და ალბათ ყველა ძუძუმწოვრისთვის) სითბო და დაცულობის განცდაა მთავარი. ამ ექსპერიმენტებმა გადატრიალება მოახდინა პოპულარულ პედიატრიაში – თუ მანამდე ირწმუნებოდნენ, რომ ალერსი ბავშვებს “აფუჭებდა”, ბოლბისა და ჰარლოუს ნაშრომების გამოქვყნების შემდეგ მშობლებს შვილებისადმი მეტი სითბოს გამოხატვას ურჩევდნენ.

ეინსუორთის “უცხო სიტუაცია”

1970 წელს მერი ეინსუორთმა ბოლბის თეორია გააღრმავა. მან ჩაატარა რევოლუციური ექსპერიმენტი – “უცხო სიტუაცია”, რომელსაც დღეს ფსიქოლოგიის ყველა სტუდენტი სწავლობს: 12 და 18 თვის ჩვილებს დედები მცირე ხნით უცხო ადგილას ტოვებდნენ. მათზე დაკვირვების შედეგად ეინსუორთმა გამოყო მიჯაჭვულობის სამი სტილი, რომელსაც მოგვიანებით მეოთხეც დაემატა:

1. უსაფრთხო მიჯაჭვულობა – ბავშვები, რომლებიც მომვლელს ენდობიან, განიცდიან მასთან განშორებას, ხოლო მისი დაბრუნება უხარიათ. მიუხედავად იმისა, რომ განშორებისას ბავშვი წუხს, ის დარწმუნებულია, რომ მომვლელი დაუბრუნდება. შიშის დროს ასეთი ბავშვები დასაწყნარებლად მომვლელს მიმართავენ.

2. ამბივალენტური მიჯაჭვულობა – მომვლელთან განშორებისას ასეთი ბავშვები ძლიერ სტრესს განიცდიან. მათ არ აქვთ განცდა, რომ მომვლელი დაბრუნდება. ისინი მომვლელს არ ენდობიან.

3. თავის არიდების მიჯაჭვულობა – ამ დროს ბავშვები მომვლელს თავს არიდებენ, ვერ არჩევენ ახლობელსა და უცხოს, არც მომვლელთან განშორებას განიცდიან და არც მისი დაბრუნება უხარიათ. ასეთი მიჯაჭვულობა უყურადღებობის, უგულებელყოფის შედეგია. პატარები არავის ენდობიან და სიახლოვეს გაურბიან.

4. არაორგანიზებული მიჯაჭვულობა – ასეთ ბავშვებს დაბნეულობა ახასიათებთ. მათ მომვლელი თან უყვართ, თან ეშინიათ. ეს იმის ნიშანია, რომ სანდო, სტაბილური მშობლები არ ჰყავთ.

რა შუაშია პარტნიორი?

მიჯაჭვულობის თეორია გვეუბნება, რომ ბავშვობაში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის სტილი მთელი ცხოვრება თან გვდევს.

უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვები თავდაჯერებული, ძლიერი პიროვნებები ხდებიან. მათ არ უჭირთ სხვებთან გახსნა, არ ეშინიათ ურთიერთობების, გულახდილები არიან და რომანტიკულ პარტნიორებთან ჯანსაღი, სტაბილური ურთიერთობა აქვთ. ნაკლებად ახასიათებთ შფოთვა, ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ.

ამბივალენტური სტილის მიჯაჭვულობა ნიშნავს, რომ ადამიანი არასოდესაა დარწმუნებული პარტნიორთან არსებულ ურთიერთობაში. ის მუდამ სიყვარულს ითხოვს, ჰგონია, რომ მისი პრობლემები პარტნიორმა უნდა მოაგვაროს. ასეთ ადამიანებს იმდენად აკლიათ უსაფრთხოების განცდა, რომ პარტნიორისგან მუდამ მოითხოვენ ერთგულების მტკიცებას, რაც პარტნიორს აფრთხობს. ისინი "წებია", ეჭვიანი და მშფოთვარე პარტნიორები არიან.

თავის არიდების მიჯაჭვულობა სხვებისგან დისტანცირებით გამოიხატება. ისინი მუდამ ცდილობენ, დამოუკიდებლობა გამოამჟღავნონ, როგორც კი პოტენციურად მტკივნეულ საკითხს წააწყდებიან, ემოციურად იკეტებიან (მაგალითად პარტნიორთან სერიოზული კამათის ან ურთიერთობის კრიზისის დროს). ღრმა ემოციური კავშირი მათ აშინებთ.

არაორგანიზებული სტილის მიჯაჭვულობა მრავალ სირთულეს წარმოშობს. ასეთი ადამიანები მუდამ რამდენიმე ემოციას განიცდიან, დღის განმავლობაში ბევრჯერ ეცვლებათ დამოკიდებულება, ეშინიათ, რომ რომანტიკული პარტნიორი ატკენთ. თან მიილტვიან მისკენ, თან სიახლოვე აშინებთ. მათი რეაქციები უმეტესად არაპროგნოზირებადია.

როგორ მოვიქცეთ?

უპირველეს ყოვლისა, თერაპევტის დახმარებით ვიკვლიოთ მიჯაჭვულობის ჩვენეული სტილი, შევისწავლოთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. თუ ვიცით, რომ ამბივალენტური სტილი გვაქვს, ესე იგი მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ პარტნიორის ყურადღებას გავაუფასურებთ, არ გვეყოფა, ხოლო მცირე უყურადღებობას ტრაგედიად აღვიქვამთ. შესაძლოა, მართლა არასანდო პარტნიორი გვყავდეს, მაგრამ ისიც შესაძლოა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს გონებაში ხდებოდეს.

თუ ღრმა ემოციური კავშირი გვაშინებს, თუ დაახლოებას თავს ვარიდებთ, დავფიქრდეთ: რატომ? მართლა ჩვენი პარტნიორია საშიში თუ ჩვენ არ შეგვიძლია ნდობა და მისი შემოშვება?

დაბოლოს, ურთიერთობისას ხან ძალიან კარგად ხართ და ხან – ძალიან ცუდად? ხან აღმერთებთ, ხან კი მიწასთან ასწორებთ პარტნიორს? ერთ დღეს დარწმუნებული ხართ, რომ მუდამ ერთად იქნებით, მეორე დღეს კი მზად ხართ, კარი გამოიჯახუნოთ? ეს მხოლოდ პარტნიორის ბრალი არ არის. დაფიქრდით, სინამდვილეში ვისი გეშინიათ, ვინ გატკინათ.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: