ფსიქოლოგიური ფენიქსი – როდესაც ცხოვრებას ხელახლა ვიწყებთ

გააზიარე:

ახლა დიდი დანაკარგების დროა. ირგვლივ ყველაფერი სწრაფად იცვლება. იცვლება დასაქმების ადგილი, იცვლება ფასები პროდუქტებზე, იცვლებიან ადამიანები, რომლებსაც ვენდობოდით. იცვლება წარმოდგენა იმის შესახებ, რას ნიშნავს, იყო პროფესიონალი, კარგი მეგობარი, პატრიოტი. ეს ყველაფერი კი დანაკარგს უკავშირდება – მატერიალურს, პროფესიულს თუ სოციალურს, რადგან მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებთან საერთო ენას ვეღარ ვპოულობთ.

დიდი დანაკარგი მხოლოდ რაღაც კონკრეტულს კი არ გვართმევს – მთავარი, რასაც ვკარგავთ, საკუთარი თავია; ვკარგავთ ჩვენს იმ ვერსიას, რომელიც მანამდე ვიყავით, სანამ მსოფლიო შეიცვლებოდა. როდესაც ნაცნობი როლები, რუტინა და ურთიერთობები ინგრევა, იდენტობა იშლება. იდენტობისა და საკუთარი თავის შესახებ რწმენის შეცვლის შემდეგ ყველაზე რთული ეტაპი იწყება: დამაბნეველი სიცარიელისთვის თვალის გასწორება – "ვინ ვარ ახლა?"

იდენტობის სიცარიელე

როდესაც მნიშვნელოვან ადამიანს, როლს, ადგილს ვკარგავთ, ვცარიელდებით. მანამდე მოცემულობა გვკარნახობდა, ვინ ვიყავით: მეუღლე, ორი შვილის დედა, სერვისის მომწოდებელი, ჯგუფის ლიდერი, სანდო მეგობარი, პრინციპული ადამიანი... ამ როლების დაკარგვა მძიმე განცდას აჩენს, თითქოს ჩვენი არსებობა წაშალეს. მაგალითად, აქამდე თუ ყოველდღე დავდიოდი სამსახურში და მიმაჩნდა, რომ ჩემი შრომით მცირედით მაინც ვაუმჯობესებდი ჩემს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ანუ ვიყავი კარგი თანამშრომელი და, ამასთან, კარგი ადამიანი, ახლა კი ეს სამსახური დავკარგე, სამსახურთან ერთად საკუთარი საჭიროობის განცდასაც ვკარგავ.

ასეთ დროს თავს იჩენს ყოვლისმომცველი დაბნეულობა და უპასუხო კითხვების კორიანტელი. ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაც კი შეუძლებელი ხდება. ძველი რუტინა აზრს კარგავს, რადგან გამქრალია მოტივაცია. მარტივი საქმეებიც კი, რომელსაც ადრე ადვილად ვართმევდით თავს, დაბნეულობას იწვევს.

იდენტობის სიცარიელე ჩნდება, როდესაც ამ იდენტობის შემქმნელი გარე სისტემები – ურთიერთობები, კარიერა, პასუხისმგებლობები, დღის სტრუქტურა – ერთბაშად ინგრევა. ამ სიცარიელეში არსებობა მძიმეა, თუმცა სწორედ აქ იწყება გარდაქმნა.

დანაკარგის ემოციური და აზრობრივი ზეგავლენა

იდენტობის დაკარგვა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება. მისთვის დამახასიათებელია:

1. გლოვის ნისლი

სევდა, შიში, ბრაზი და უგრძნობლობა ერთმანეთში ირევა. გადაწყვეტილებების მიღება რთულდება. მოტივაცია ქრება, თავდაჯერება იკლებს.

2. ცვლილებები თავის ტვინში

გლოვის პერიოდში ეცემა დოფამინისა და სეროტონინის დონე, რაც აქვეითებს მოტივაციას, ართულებს ახალი ჩვევების ათვისებას და თრგუნავს სიამოვნების განცდას, ამიტომ მცირე ცვლილებებიც კი დიდ ძალისხმევას ითხოვს.

3. სოციალური კავშირების რღვევა

დანაკარგი ხშირად ცვლის სოციალურ წრეს – განქორწინების შემდეგ ვკარგავთ საერთო მეგობრებს, სამსახურის შეცვლის შემდეგ – კოლეგებს... იზოლაცია აძლიერებს იდენტობის სიცარიელეს.

4. სწრაფი ცვლილებების სურვილი

შექმნილი სიცარიელე იმდენად დამაბნეველი და დამთრგუნველია, რომ მრავალი ჩვენგანი მის მყისიერ ამოვსებას ცდილობს. მაგალითად, მე მახასიათებს კონკრეტული პრობლემის შესახებ ინფორმაციის ძიება და ანალიზი, შესწავლა, ტვინის გადატვირთვა, ასევე – სიცარიელის საქმეებით შევსება იმ დონემდე, რომ ფიზიკურად ვერ ვუძლებ. ეს ბუნებრივი რეაქციაა. ბევრი მიისწრაფვის, სიცარიელე დაუყოვნებლივ ამოავსოს ახალი ურთიერთობებით, სამუშაოთი, რადიკალური გადაწყვეტილებებით. მაგრამ სწრაფი ნაბიჯები ხშირად კიდევ უფრო ზრდის დაბნეულობას, რადგან ისინი სტაბილურობაზე კი არა, შიშზეა დაფუძნებული.

რატომ არის საჭირო შეჩერება

სანამ რამეს მოვიმოქმედებდეთ, უნდა შევჩერდეთ, შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ მდუმარება იძლევა სივრცეს რეალური თვითშემეცნებისათვის, ნაცვლად პანიკური, რეაქტიული ცვლილებებისა.

პრაქტიკულად კი ეს ასე გამოიყურება:

  • სანამ ვინმეს ემოციურ პასუხს მისწერთ, 30 წუთი მოიცადეთ, მერე კი ხელახლა დააკვირდით თქვენს ემოციებს.
  • სანამ ემოციას ვინმეს გაუზიარებდეთ, 10 წუთი სუნთქვას დაუთმეთ.
  • ახალი რუტინის დანერგვამდე დააკვირდით, რა გაკლიათ ყველაზე მეტად.

საერთოდაც, დიდი დანაკარგის დროს რეკომენდებულია "დიდი გადაწყვეტილებებისგან" ერთი თვით თავის შეკავება, თუ გარემოებები ამის საშუალებას გვაძლევს. ეს დრო აუცილებელია, რათა ემოციები განელდეს და მოგვეცეს საშუალება, შიშით გამოწვეული იმპულსები რეალური მიმართულებისგან განვასხვაოთ.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმოქმედოდ ვისხდეთ, მაგრამ ასეთ დროს მცირე დავალებებზე კონცენტრირებაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ უმჯობესია, ცოტა ხანი საკუთარ თავზე ზრუნვას დავუთმოთ.

იდენტობის აღდგენის გზები

განახლებული იდენტობა ერთ დღეში არ იქმნება, ფენიქსი ერთბაშად ვერ აღდგება ფერფლისგან, ყოველივე ამას დრო სჭირდება. ეს გააზრებისა და მცირე, მაგრამ მიზანმიმართული ნაბიჯების დროა.

რა საფეხურებია გასავლელი აღდგენამდე?

1. გლოვა

იდენტობა დაუფიქრებელ, გაუცნობიერებელ ტკივილზე ვერ შენდება. გლოვობთ, როდესაც გააზრებულად ემშვიდობებით:

  • როლებს, რომლებიც გეკუთვნოდათ;
  • ცხოვრების გარკვეულ რიტმს;
  • მომავალს, რომელსაც გეგმავდით;
  • საკუთარი თავის იმ ვერსიას, რომელიც ამ ყველაფერს უკავშირდებოდა.

2. ძირითადი ღირებულებების ჩამოყალიბება

ღირებულებები კომპასია, რომელიც ახალი იდენტობის საფუძველში ძევს.

ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • როდის ვგრძნობ, რომ ცოცხალ ვარ?
  • რა დამრჩა მნიშვნელოვანი, მიუხედავად დანაკარგისა?
  • რა არის მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო დღეს და რა იყო გუშინ?

3. თვითრეფლექსია

დაფიქრდით იმაზე, რაც თავს გადაგხდათ, თქვენთვის, გაზიარების გარეშე, რადგან ავთენტურობა სიჩუმეში ჩნდება. ამისთვის არსებობს მცირე პრაქტიკები:

  • აწარმოეთ დღიური. დაუთმეთ ჩანაწერებს ყოველდღე თუნდაც 10 წუთი.
  • მისწერეთ გამამხნევებელი წერილი "ძველ საკუთარ თავს" ახლანდელი ცოდნითა და გამოცდილებით; დაფიქრდით იმაზე, როგორი იყავით და რა გასწავლათ იმან, რაც თავს გადაგხდათ.
  • შეადგინეთ რუკა: რა უნდა შევინარჩუნო, რა – გავუშვა ან გადავაფასო?

4. მცირე ამოცანები

მცირე ნაბიჯები ამცირებს ემოციურ გადატვირთვას. ამისთვისაც უამრავი ტექნიკა არსებობს, მაგალითად:

  • ორწუთიანი დამიწება – ამ წუთებში კონცენტრირდით იმაზე, როგორ გიდგათ ფეხები მიწაზე, მზერა შეაჩერეთ ოთახში არსებულ ნივთებზე, მოუსმინეთ საათის წიკწიკს...
  • დღეში ერთხელ ემოციის დასახელება – როდესაც ძალიან ძლიერი და ყოვლისმომცველი გრძნობები მოგერევათ, ეცადეთ, უბრალოდ სახელი დაარქვათ იმას, რასაც განიცდით. იმასთან გამკლავება, რაც ვიცით, უფრო ადვილია.
  • დილის ერთი მცირე ამოცანის შესრულება – დილის რუტინის გაჯანსაღება ერთი მცირე ამოცანით დაიწყეთ. მაგალითად, დღის ქაოსის დაწყებამდე 10 წუთით აივანზე გადით ან ღია ფანჯარასთან დადექით და ჰაერი ჩაისუნთქეთ (დიახ, ზამთარშიც სასარგებლოა).
  • ერთი საზღვრის დაწესება – ეცადეთ, პერიოდულად დააფიქსიროთ სხვასთან, რა გინდათ და რა – არა და თქვენი პოზიცია არ დათმოთ. ეს არ ნიშნავს ყველაზე რთულ კონფლიქტებთან შეჭიდებას, უფრო საზღვრების დაცვის უნარის გამომუშავების გზაა.
  • კვირაში ერთი ღირებულებაზე ორიენტირებული ქმედება – მაგალითად, თუ თქვენთვის ღირებულია საკუთარ თავზე ზრუნვა, გამოძინების ერთი დღე დათქვით. თუ თქვენთვის ღირებულია სხვისი დახმარება, მოიკითხეთ მეგობარი, რომელსაც უჭირს.

ეს პატარა გამარჯვებები აღადგენს სტაბილურობის განცდას და აამაღლებს დოფამინის დონეს.

5. ახალი როლების მოსინჯვა

იდენტობა თვითგამორკვევის გზით იქმნება. სცადეთ:

  • დღეში 20 წუთი დაუთმოთ ახალ ჰობის;
  • იპოვოთ ახალი კოლექტივი;
  • ოდნავ შეცვალოთ რუტინა;
  • შეიმუშაოთ კომუნიკაციის ახალი სტილი.

ეს ექსპერიმენტები გაჩვენებთ, თქვენს ახალ მე-ს რა უფრო იზიდავს ან, პირიქით, განიზიდავს.

რეალისტური ვადები

მახსოვს, როდესაც განსაკუთრებით ვგლოვობდი, ჩემს თერაპევტს ხშირად ვეკითხებოდი, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს მდგომარეობა. მინდოდა მცოდნოდა, რომ ეს ნამდვილად დამთავრდებოდა, რომ მუდამ ასეთი სევდიანი არ ვიქნებოდი. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგი პასუხს ვერ მცემდა, რადგან ეს პროცესი ყველასთვის ინდივიდუალურია, მაგრამ, ვინაიდან კარგად მახსოვს, რა დიდია პირველი დაბნეულობა და როგორ გვჭირდება თუნდაც მიახლოებითი საზღვრების მონიშვნა, გაგაცნობთ დანაკარგისგან გამოსვლისა და თვითაღდგენისკენ სვლის მეტ-ნაკლებად გავრცელებულ მოდელს:

1. კვირები-თვეები: სიცარიელის ფაზა

დაბნეულობა, დაღლილობა, ემოციური არასტაბილურობა.

2. 3-12 თვე: მიმართულების გაჩენა

ღირებულებები ფორმირდება. პატარა ექსპერიმენტები იწყება. ჩნდება იმედი.

3. 1-2 წელი: ინტეგრაცია

ახალი იდენტობა ძლიერდება. უამრავ პრობლემას ვაწყდებით, მაგრამ გამძლეობაც იზრდება.

რა თქმა უნდა, ეს მიახლოებითი ვადებია, ბევრი რამ დამოკიდებულია განცდილის სიმძიმეზე, მხარდაჭერაზე, ფსიქოთერაპიის არსებობა-არარსებობაზე, ცხოვრების პირობებზე.

ხანდახან ადამიანებს იმაზე ფიქრიც კი გვაშინებს, რომ რაც, გვეგონა, მაქსიმუმ ორ კვირაში შეიცვლებოდა, სინამდვილეში მთელი წელია გრძელდება. ამ დროს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყოველ ეტაპს თავისი წილი სამუშაო აქვს და გადახტომა კი არ ვცადოთ, არამედ იმაზე ვკონცენტრირდეთ, რაც ამ წამს შეგვიძლია ვაკეთოთ. ნუ ეცდებით, ერთბაშად განახორციელოთ ერთი წლის სამყოფი ცვლილება, მიჰყევით ცხოვრებას თითო-თითო დღის პრინციპით და კვირები და თვეები შეუმჩნევლად გაირბენს.

როგორ გავიგოთ, რომ სწორ გზას ვადგავართ?

ხელახლა დაბადება თითქმის შეუმჩნევლად ხდება საცნაური, პატარ-პატარა ნიშნებით:

* ემოციური ტალღები უფრო სწრაფად გადაივლის;

* ბრუნდება სხეულთან კავშირი;

* ჩნდება მცირე სიხარულები;

* უმჯობესდება ძილი;

* უფრო რბილად ვესაუბრებით საკუთარ თავს;

* საზღვრების დაწესება ბუნებრივი ხდება;

* ვიწყებთ მომავალზე ფიქრს;

* იღვიძებს ინტერესები.

გახსოვდეთ ისიც, რომ აღდგენა არ არის სწორხაზოვანი, წყვეტები ნორმალურია, შეცდომები – მოსალოდნელი. მთავარია, ერთსა და იმავე ადგილს არ ვტკეპნიდეთ.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: