ღირს თუ არა სილამაზე მსხვერპლად?

გააზიარე:

სუპერმარკეტში პროდუქტის შეძენისას აუცილებლად გადაავლებთ თვალს მის შემადგენლობას, ნახშირწყლების, ცხიმებისა თუ ცილების, საღებავებისა თუ კონსერვანტების შემცველობას, რადგან იცით, რომ თქვენი ჯანმრთელობა მიღებულ საკვებზეა დამოკიდებული. ერთხელ მაინც თუ წაგიკითხავთ ასევე გულდასმით კოსმეტიკური საშუალების ეტიკეტი? რომც წაგეკითხათ, ალბათ ბევრს ვერაფერს გაიგებდით – მისი გაშიფვრა მხოლოდ ქიმიკოსებს თუ ძალუძთ. მაგრამ როცა საქმე ჩვენს ჯანმრთელობას ეხება, არცოდნა გამართლება როდია.

როცა ულამაზეს მაკიაჟს ვიკეთებთ და თავს ბედნიერად ვგრძნობთ, აზრადაც არ მოგვდის, რა ზიანის მომტანია ეს ბედნიერება. ეჭვიც არ გვიჩნდება, რომ "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს" შესაძლოა სულაც არ იყოს უბრალოდ ხატოვანი თქმა...

ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო კანია. მისი მეშვეობით ორგანიზმში იმდენივე მავნე ნივთიერება ხვდება, რამდენიც საკვებიდან შეიძლება მოხვდეს. ეს მავნე ნივთიერებები თანდათან, შეუმჩნევლად აზიანებენ ორგანიზმს, სიმპტომების გამოვლენისას კი ჩარევა შესაძლოა დაგვიანებული იყოს.
ეს პრობლემა მხოლოდ ქალებს როდი ეხება – მავნე მეტალები შამპუნებში, კბილის პაასტებსა და მამაკაცის თავის მოვლის საშუალებებშიც შეიძლება იყოს. გარდა ამისა, აშშ-ის მონაცემების თანახმად, საშუალოსტატისტიკური მამაკაცი მთელი სიცოცხლის განმავლობაში 3-დან 5 კგ-მდე პომადას ჭამს. ასე რომ, მამაკაცებო, ეს სტატია თქვენც გეხებათ.

SOS

მავნე ზემოქმედებისგან თავი რომ დავიცვათ, უნდა ვიცოდეთ იმ ნივთიერებების სახელები, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს უშფოთველ ცხოვრებას.
წარმოგიდგენთ იმ ტოქსინების არასრულ ჩამონათვალს, რომელთა ორგანიზმში მოხვედრა არასასურველ შედეგებს გვიქადის:

  • ფორმალდეჰიდი (DMDM Hydantoin) – უფერო, უსუნო, არააალებადი აირი, რომელსაც ბევრი საყოფაცხოვრებო თუ თავის მოვლის საშუალება შეიცავს. რამდენიმე წელია, ფორმალდეჰიდი შეუერთდა კანცეროგენული (ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევი) ნივთიერებების სიას. ის ფართოდ გამოიყენება ლოსიონების, უხარისხო პუდრებისა და ლაინერების დასამზადებლად. ფორმალდეჰიდს შეუძლია, დააზიანოს თვალები, ნერვული სისტემა და კანი.
  • პარაბენები (Butylparaben, Propylparaben, Ethylparaben, Methylparaben) – ქიმიური კონსერვანტები, რომლებიც იცავს კოსმეტიკურ საშუალებებს ბაქტერიებისა და სოკოებისგან და ამგვარად ზრდის მათი ვარგისობის ვადას. პარაბენები შეიძლება შეგვხვდეს კრემების, კბილის პასტების, შამპუნების, დეკორატიული კოსმეტიკისა და ბავშვის მოვლის საშუალებების შემადგენლობაშიც კი, ამიტომ წარწერა “საბავშვო” სულაც არ ნიშნავს, რომ პროდუქტის გამოყენება უსაფრთხოა. ესტროგენებთან (ქალის სასქესო ჰორმონებთან) მსგავსება პარაბენების კანცეროგენულ ბუნებას განაპირობებს: ისინი ზრდიან საკვერცხის, საშვილოსნოს, ძუძუს, სათესლე ჯირკვლის კიბოს, ნაადრევი სქესობრივი მომწიფებისა და უშვილობის რისკს. ზოგიერთი კვლევა მოწმობს, რომ მეთილპარაბენი ურთიერთქმედებს UVB-სთან (B ტიპის ულტრაიისფერ სხივებთან) და კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს. 2011 წელს დანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აკრძალა პარაბენების დამატება სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ საშუალებებში.
  • ნატრიუმის ლაურილსულფატი (Sodium Lauryl Sulfate (SLS)) – შამპუნების, კბილის პასტების, შხაპგელების, სარეცხი საშუალებებისა და საპნების ერთ-ერთი საბაზისო ინგრედიენტია. მისი დანიშნულებაა ქაფის სტაბილიზაცია. Cosmetic Industry Review-ს კვლევამ დაადასტურა, რომ ნატრიუმის ლაურილსულფატი ართმევს კანს ცხიმს და მარილებს, აზიანებს კანსა და თვალებს, იწვევს თმის ცვენას, აჩენს ქერტლს და პროვოცირებას უწევს ავთვისებიან სიმსივნეებს. მიუხედავად ამისა, ეს ნივთიერება უსფრთხოდ მიიჩნევა, თუ კოსმეტიკურ საშუალებას მცირე ხნით ვიტოვებთ კანზე, მერე კი წყლით ჩამოვიბანთ. დეკორატიულ კოსმეტიკაში, რომელიც სახეზე დიდხანს რჩება, მისი შემცველობა 1%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე უმჯობესია ვერიდოთ ნატრიუმის ლაურილსულფატის შემცველ კბილის პასტებს, რადგან მათ სტომატიტის გამოწვევა შუძლიათ.
  • ფტალატები – ფტალმჟავას მარილები და ეთერები ეკოესტროგენებია, რომლებიც ზემოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე, თრგუნავს მამაკაცის ჰორმონების გამომუშავებას და აძლიერებს ქალის ჰორმონების წარმოქმნას. კვლევებმა ცხადყო კავშირი ფტალატებსა და მამრობითი სქესის ახალშობილებში ქალური სასქესო ნიშნების განვითარებას შორის. მეტიც: სწორედ ფტალატები დასახელდა ამ ანომალიის მთავარ მიზეზად. ამ ნივთიერებებს შეიცავს შამპუნები, ლოსიონები, კონდიციონერები, თმის ზრდის გამაძლიერებელი საშუალებები, ფჩხილისა და თმის ლაქები, მზისგან დამცავი საშუალებები და სუნამოები. სამწუხაროდ, ეტიკეტზე ფტალატების შემცველობას არ მიუთითებენ, მათი აღმოჩენა მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი.
  • ლაბორატორიულმა კვლევამ ფტალატები გამოავლინა ჭელლა-ს თმის ლაქში, Cristian Dior-ის სუნამო Poison-ში, Lever Faberge-ს, Nivea-ს, Body Shop-ის, Procter and Gamble-ს დეზოდორებში და სუნამო Chanel 5-ში. ფტალატებს იყენებენ სხვა საკმაოდ ცნობილი კოსმეტიკური კომპანიებიც: L'Oreal, Maybelline, Shiseido, Akzo Nobel, Colgate Palmoliv, Revlon, Unilever, Elizabeth Arden, Henkel...
  • ტყვია (Pb) და მძიმე მეტალები – ტყვიას უმთავრესად დეკორატიულ კოსმეტიკას ამატებენ, რადგან მდგრადობას ანიჭებს ფერს. ეს ლითონი საშიშია ქრონიკული ზემოქმედებით და სხვადასხვა ორგანოში დაგროვების უნარით. ორგანიზმში მისი მაღალი შემცველობა იწვევს უნაყოფობას, ძვალსახსროვანი სისტემის დაზიანებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, თავის ტკივილს... მიუხედავად იმისა, რომ ტყვიას ნებისმიერი დეკორატიული კოსმეტიკა შეიცავს, ყველაზე საშიში მაინც ტუჩსაცხია, რომლის აქტიური მომხმარებლები მთელი სიცოცხლის განმავლობაში 6 კგ-მდე ტყვიას ყლაპავენ. სამწუხაროდ, ქალები ფულის დასაზოგავად ხშირად ყიდულობენ იაფ და უხარისხო კოსმეტიკას, თუმცა, როგორც კვლევებმა აჩვენა, არც ცნობილი ბრენდების ძვირიანი ნაწარმი იძლევა უსაფრთხოების გარანტიას.

"უსაფრთხო კოსმეტიკისთვის" კამპანიის ფაგლებში ტესტირება ჩაუტარდა 33 დასახელების წითელ ტუჩსაცხს. მძიმე მეტალებით დაბინძურებული აღმოჩნდა ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქცია, როგორიცაა L’Oreal და Christian Dior, კერძოდ, L'Oreal-ის True Red და Classic Wine Colour Riche, Christian Dior-ის Maximum Red, ტუჩის კონტურები Cover Girl Incredifull Lipcolorდა Positive Red.

როგორ დავიცვათ თავი


ამერიკასა და ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში არსებობს სპეციალური ორგანოები, რომლებიც აკონტროლებენ კოსმეტიკისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის შემადგენლობასა და ხარისხს. ჩვენ კი ჯერჯერობით თვითონვე მოგვიწევს, ვიყოთ იმის მაკონტროლებლები, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. როდესაც კოსმეტიკის მაღაზიას ეწვევით და დახლზე საყვარელ პომადას ან ტონალურს დაინახავთ, სანამ ხელს დასტაცებთ, ეტიკეტი წაიკითხეთ. გახსოვდეთ:

  • ზემოთ ჩამოთვლილი მავნე პროდუქტები არ უნდა შედიოდეს კოსმეტიკური ნაწარმის შემადგენლობაში.
  • წაიკითხეთ ორიგინალური ეტიკეტი და არა ქართულ ენაზე თარგმნილი.
  • ნუ შეგაცდენთ წარწერა “"საბავშვო” – ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პროდუქტი უსაფრთხოა. ყიდვამდე და გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას.
  • თუ პროდუქტს ეტიკეტი არ აქვს, მოსთხოვეთ კონსულტანტს.

დაფიქრდით, ღირს კი სილამაზე ასეთ მსხვერპლად? საბედნიეროდ, ბევრია კომპანია, როელიც მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ამიტომაც არის სასურველი, დაწვრილებით გაეცნოთ ინგრედიენტების ჩამონათვალს, აირჩიოთ ისეთი პროდუქტები რომელთა შემადგენლობაშიც არ შედის ტოოქსინები და მძიმე მეტალები, გადაიხადოთ შედარებით მეტი და სამაგიეროდ მიიღოთ სილამაზე ჯანმრთელობასთან ერთად.

თამთა კაპანაძე

გააზიარე: