გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

02.05.2018
"ავერსი" ვიტალი დარასელიას სახელობის თასის სპონსორია...

  1. სამედიცინო თემები >
  2. იშვიათი დაავადებები
  3. ჟურნალში დაბრუნება >

Print Page Digg Twitter Google წყლულების იდუმალი მიზეზები
წყლულების იდუმალი მიზეზები

წყლულების იდუმალი მიზეზები

 

იშვიათ დაავადებათა უმრავლესობის შესახებ მოსახლეობამ თითქმის არაფერი იცის, ზოგი მათგანი კი ექიმებისთვისაც უცნობია. მათთან შეხვედრისას სამედიცინო შეცდომისგან დაზღვეული ვერავინ იქნება. მით უმეტეს, იშვიათი დაავადების დიაგნოსტიკა ცოდნასთან ერთად დაკვირვებას და მოვლენების ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირების უნარსაც მოითხოვს.

ჩვენი რუბრიკის უცვლელი სტუმარი, თსსუ ცენტრალური კლინიკის ამბულატორიული ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია, გვესაუბრება რამდენიმე იშვიათი დაავადების შესახებ, რომლებსაც სხეულზე წყლულების გაჩენა ახასიათებს.

 

ბეჰჩეთის სინდრომი

– 1937 წელს თურქმა დერმატოლოგმა ჰულუს ბეჰჩეთმა ცნობილ გერმანულ სამედიცინო ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია “მორეციდივე ვირუსული დაავადება პირის ღრუს ლორწოვანის, თვალებისა და გენიტალიების დაწყლულებით”. სტატიაში მან აღწერა სიმპტომთა ტრიადა: მორეციდივე (განმეორებადი) აფთოზური სტომატიტი, სასქესო ორგანოების, კერძოდ, სათესლე პარკის ნეკროზულ-წყლულოვანი ცვლილებები და თვალის ანთებითი დაზიანება. მართალია, მსგავსი შემთხვევები ბერძნებსაც ჰქონდათ აღწერილი 1931 წელს, იაპონელებსაც 1924 წელს, ჰიპოკრატესაც ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში, მაგრამ გერმანული ჟურნალის ავტორიტეტმა სძლია და 1957 წლიდან ეს პათოლოგია ბეჰჩეთის სინდრომად ან ბეჰჩეთის დაავადებად მოიხსენიება.

ეს დაავადება, საზოგადოდ, იშვიათია, თუმცა ხშირად აღირიცხება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რაიონებში, იაპონიასა და თურქეთში. ვარაუდობენ, რომ ასეთი უცნაური გავრცელების მიზეზი აბრეშუმის დიდი გზაა. იაპონიაში 100-დან ერთი ადამიანია დაავადებული, თურქეთში – 250-დან ერთი, ხოლო აშშ-ში – 500 000-დან ერთი. მკვეთრად განსხვავებულია დაავადების სიხშირე გერმანიაში მცხოვრებ თურქებსა და მკვიდრ მოსახლეობაში.

რაკი თურქეთი ჩვენი მეზობელია, ვფიქრობ, შესაძლებელია, ასეთი ავადმყოფი აჭარაშიც არაერთი იყოს. საქართველოს სტატისტიკიდან ცნობილია პროფესორ დოდო ქართველიშვილის მიერ 1987-1997 წლებში რევმატიზმის ცენტრში წარდგენილი მონაცემები ოცამდე შემთხვევის შესახებ. თავად მე ბეჰჩეთის დაავადების ხუთ შემთხვევას შევსწრებივარ.

 

რატომ ვითარდება

– ბეჰჩეთის სინდრომს სხეულის სხვადასხვა ადგილას არსებული სისხლძარღვების ანთება იწვევს. ანთების მიზეზი უცნობია. შესაძლოა, ეს იყოს აუტოიმუნური დარღვევა, რომელშიც გენეტიკური და გარემო ფაქტორებიც ასრულებს განსაზღვრულ როლს. აღმოჩენილია დაავადებასთან ასოცირებული რამდენიმე გენი. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ დაავადებისადმი მიდრეკილ პირებთან გამშვებ ფაქტორად რომელიმე ვირუსი ან ბაქტერია გვევლინება.

ბეჰჩეთის დაავადების განვითარების რისკს ზრდის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

* ასაკი, უმეტესად – 20-30 წელი;

* საცხოვრებელი ადგილი – შუა და შორეული აღმოსავლეთი, მათ შორის – თურქეთი, ირანი, იაპონია, ჩინეთი.

დაავადება ორივე სქესის ადამიანებს ემართება, მაგრამ მამაკაცებთან განსაკუთრებით მწვავედ მიმდინარეობს.

 

გამოვლენა

– ბეჰჩეთის დაავადება ერთმანეთთან ერთი შეხედვით დაუკავშირებელი ნიშნებით იჩენს თავს. პირველი სიმპტომი მორეციდივე აფთოზური სტომატიტია. მრავალი მტკივნეული წყლული განლაგებულია ტუჩების, ლოყების, ენის, ხახის ლორწოვან გარსზე. ისინი 1-3 კვირაში ხორცდება, ქრება და, რაც მთავარია, არ ტოვებს ნაკვალევს.

წითელი, პირღია, მტკივნეული და ზოგჯერ ნეკროზული წყლულები ჩნდება სასქესო ორგანოებზე: ასოზე, ჩუჩაზე, საშოზე, გარე და შიდა სასქესო ბაგეებზე. ისინი ზოგჯერ ნაწიბურებსაც ტოვებს.

დაავადების დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მხედველობის ორგანოც ზიანდება. ვითარდება უვეიტი – თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება. ამ დროს თვალი წითელია, მტკივნეული. ზოგჯერ მხედველობაც სუსტდება. ხდება ისეც, რომ საქმე სიბრმავემდე მიდის.

კლასიკურ ტრიადას: აფთოზურ სტომატიტს, წყლულებს სასქესო ორგანოებზე და თვალის ანთებას, – უკანასკნელ ხანს სხვა კლინიკური გამოვლინებებიც დაემატა: სინოვიტი (სახსრის სინოვიური გარსის ანთება), მენინგოენცეფალიტი, კანის ვასკულიტი, მსხვილი არტერიებისა და ვენების დაზიანება, კანის დაზიანება, ართრიტის მოვლენები.

კანისმხრივი სიმპტომები დაავადებულთა ორ მესამედთან გვხვდება. ისინი სხვადასხვანაირია, აკნეს მსგავსი მუწუკებით დაწყებული, წითელი კვანძებით დამთავრებული. შესაძლოა, გაჩნდეს ლაქოვანი, ბუშტუკოვანი, ჩირქოვანი გამონაყარიც.

ართრიტი დაავადებულთა ნახევარზე მეტს აღენიშნება. შეშუპება და ტკივილი ყველაზე ხშირად მუხლის სახსარში იჩენს თავს, ზოგჯერ – კოჭ-წვივის, იდაყვისა და მაჯის სახსრებშიც. ართრიტის ნიშნებიც 1-3 კვირაში თავისთავად გაივლის.

ვასკულიტის – სისხლძარღვთა ანთების – დროს სისხლძარღვი შესაძლოა სისხლის კოლტმა დაახშოს. დახშობა გამოიწვევს ხელების ან ფეხების გაწითლებას, ტკივილს, შეშუპებას. მსხვილი არტერიების ანთებამ კი შესაძლოა მათ ანევრიზმამდე ან შევიწროებამდე მიგვიყვანოს.

ბეჰჩეთის სინდრომი ზოგჯერ კუჭ-ნაწლავის ტრაქტშიც იწვევს ცვლილებებს. ხშირია საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, რომლებიც ვლინდება მუცლის ტკივილით, დიარეით, სისხლდენით. ეს მდგომარეობა ძნელი გასარჩევია წყლულოვანი დაავადებისგან, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დაზიანება კი კრონის დაავადების მსგავს სურათს ქმნის.

ტვინის ანთება, მენინგოენცეფალიტი, დაავადებულთა მეხუთედს აღენიშნება. ისინი უჩივიან თავის ტკივილს, ცხელებას, ორიენტაციის დარღვევას. არსებობს ინსულტის განვითარების საფრთხეც.

დაავადების დიაგნოზი რომ დაისვას, აუცილებელია, ანამნეზში იყოს აფთოზური სტომატიტი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში სამჯერ მაინც გამოვლინდა და ოთხიდან, სულ მცირე, ორი დამატებითი კრიტერიუმი:

* წყლულები გენიტალიებზე,

* თვალის პრობლემები,

* გამონაყარი კანზე და

* კანის მგრძნობელობის მომატება, რასაც ნემსის ჩხვლეტით ადგენენ – ნაჩხვლეტ ადგილას ბუშტუკოვანი მუწუკი ჩნდება.

 

კასტრაციას გადარჩენილი

– ჩვენი პაციენტი, ახალგაზრდა მამაკაცი, კლინიკაში რამდენჯერმე მოხვდა. პირველად – კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის გამო, რომელიც დაეწყო სახსრების შესივებით, ტკივილით, ცხელებით. ჩაუტარდა კონსერვატიული მკურნალობა. მეორედ – სათესლე პარკის დაწყლულების, ანთებითი შეშუპებისა და ნეკროზული ცვლილებების გამო. გარეთა სასქესო ორგანოს ზომა ახალშობილი ბავშვის თავისას აღწევდა. გარდა ამისა, პაციენტს დაწყლულებული ჰქონდა პირის ღრუ, ანთებითი ცვლილებები აღენიშნებოდა თვალზე, სწორი ნაწლავის ლორწოვანზე.

უროლოგი, პროფესორი ვასილ ბაბუხადია უკვე ხელებს იბანდა საკმაოდ მძიმე ოპერაციის – კასტრაციის ჩასატარებლად, რათა ახალგაზრდა კაცი ნეკროზის გამო არ დაღუპულყო, რომ მისმა ახლობელმა ექიმმა მეც მიმიწვია საკონსულტაციოდ. შევთანხმდით, რომ ძველი და ახალი სიმპტომების საფუძველზე შესაძლო იყო, პაციენტს ბეჰჩეთის დაავადება ჰქონოდა. უროლოგმა იკითხა, გვქონდა თუ არა შესაძლებლობა, მედიკამენტების დახმარებით ოპერაცია მომდევნო დილამდე მაინც გადაგვედო და მდგომარეობას დავკვირვებოდით. დავიწყეთ პრედნიზოლონის დიდი დოზებით მიცემა და მდგომარეობა მართლაც მკვეთრად გაუმჯობესდა – შეშუპებამ იკლო, წყლულები მალე შეხორცდა. ასე გადარჩა 19 წლის ბიჭი კასტრაციას. შემდგომ ოჯახიც შექმნა და შვილებიც გააჩინა.

მოგვიანებით ამავე პაციენტს მარჯვენა ყურის ირგვლივ ფლეგმონა (კანქვეშა ქსოვილის ჩირქოვანი ანთება) განუვითარდა. კლინიკაში მკურნალობისას უეცრად მწვავე მუცლის ნიშნები გამოაჩნდა. მიზეზი აღმოჩნდა ჭიანაწლავის პერფორაცია და თეძოს ნაწლავის ნეკროზული ცვლილებები. ოპერაციის შემდეგ პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა.

 

რეიტერის სინდრომი

– ეს სინდრომი ძალიან ჰგავს ბეჰჩეთის დაავადებას. 1916 წელს გერმანელმა ოფიცერმა ჰანს რეიტერმა აღწერა პაციენტი, რომელსაც ურეთრიტი, ართრიტი და კონიუნქტივიტი ჰქონდა.

დღეს რეიტერის დაავადებას რეაქტიულ ართრიტსაც უწოდებენ. დადგენილია, რომ ის უმეტესად 40 წლამდე ასაკის მამაკაცებს ემართებათ (ქალებთან 10-20-ჯერ იშვიათია). დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ რეიტერის სინდრომი ინფექციის საპასუხო რექციაა და შესაძლოა მოჰყვეს როგორც სქესობრივი გზით გადამდებ, ისე კუჭ-ნაწლავის ინფექციას (უბრალო ენით თუ ვიტყვით, საკვებისმიერ მოწამვლას). არსებობს მოსაზრება, რომ მის განვითარებაში გენეტიკური განწყობაც ასრულებს როლს.

ავადმყოფი უჩივის ტკივილს ან წვას შარდვის დროს, შარდვის გახშირებას, ურეთრიდან გამონადენს. უმეტეს შემთხვევაში ეს სიმპტომები თანდათანობით ვითარდება. აღწერილ სურათს ერთვის სახსრების შეშუპება და ტკივილი. პროცესში ერთდროულად რამდენიმე სახსარია ჩართული. ხშირად ზიანდება მუხლის, კოჭ-წვივისა და ტერფის წვრილი სახსრები, შედარებით იშვიათად – მაჯისა და იდაყვისაც, ძალზე იშვიათად – ხერხემალიც. ზოგჯერ დაავადების ერთ-ერთი პირველი სიმპტომი ქუსლის ან აქილევსის მყესის მიდამოს მტკივნეულობა და დაწყლულებაა.

დააავადებულთა ნახევარს თვალიც უზიანდება, უმეტესად – ორმხრივი კონიუნქტივიტით.

ხშირია ფსორიაზისმაგვარი გამონაყარი, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე, პატარა მტკივნეული წყლულები პირში, ენასა და პენისზე, კიდურის კუნთების დასუსტება, გულის კუნთის ცვლილებები. ზოგჯერ ვითარდება აორტის სარქვლის ნაკლოვანება. გადიდებულია ლიმფური კვანძები. იშვიათად ზიანდება ღვიძლი, თირკმელები ან ნერვულ სისტემა.

დაავადების მწვავე შემთხვევები შესაძლოა 3-6 თვემდე გაგრძელდეს. პირველ ხანებში პაციენტთა თითქმის ნახევარს მაღალი სიცხე აქვს. რეიტერის დაავადება უმეტესად სრული გაჯანსაღებით მთავრდება, თუმცა ხდება ისეც, რომ ქრონიკულ ხასიათს იღებს. დაავადების დიაგნოზი კლინიკურ ნიშნებზე დაფუძნებული დიაგნოსტიკური კრიტერიუმების დახმარებით ისმება.

ჩვენ გვყავდა სომეხი პაციენტი ახალქალაქიდან – მწყემსი, რომელსაც ქუსლი და ასო ჰქონდა დაწყლულებული. მისი ხელობიდან გამომდინარე, ბრუცელოზს ეჭვობდნენ, მაგრამ ჩვენ რეიტერის სინდრომის დიაგნოზი დავსვით და პაციენტი პრედნიზოლონითა და ანტიბიოტიკით განვკურნეთ.

 

ვფიქრობ, ერთმანეთის მსგავსი ამ ორი დაავადებით დაინტერესდებიან არა მხოლოდ არასამედიცინო განათლების ადამიანები, არამედ ოჯახის ექიმები, მოქმედი ქირურგები, ოფთალმოლოგები, ყელ-ყურ-ცხვირის საპეციალისტები, უროლოგები, რევმატოლოგები და სხვა ექიმები, რომლებსაც შესაძლოა მსგავსი ჩივილების მქონე ადამიანების მკურნალობა მოუწიოთ.

 

 

მარი აშუღაშვილი

 

 

 

 

 


Print Page Digg Twitter Google წყლულების იდუმალი მიზეზები




ზემოთ