ნაირფერი ჟელეს პალიტრა

გააზიარე:

ჟელატინის თემა განსაკუთრებით აქტუალურია ბოდიბილდინგის მიმდევრებისთვის. საკვებდანამატად მისი გამოყენებაც თავდაპირველად სპორტსმენებისთვის დაიგეგმა. თუმცა კუნთოვანი ქსოვილის საშენ მასალად ჟელატინი მაინცდამაინც არ გამოდგება, რადგან ამინმჟავების არასრულყოფილი შემადგენლობა აქვს. ბევრს მაინც მიაჩნია, რომ ჟელატინის გამოყენება შეიძლება შემაერთებელი ქსოვილის, სახსრებისა და იოგების გასაძლიერებლად, რადგან ჟელატინი იგივე ჰიდროლიზებული კოლაგენია, ეს უკანასკნელი კი შემაერთებელი ქსოვილისა და ხრტილის მთავარი საშენი მასალაა. თუმცა ძვალსახსროვან სისტემაზე ჟელატინის კეთილისმყოფელი გავლენა მეცნიერულად არ არის დადასტურებული.

ხალხურ მედიცინაში ძვალსახსროვანი დაავადებებისგან განკურნებისა და შემაერთებელი ქსოვილის სწრაფი რეგენერაციისთვის პაციენტებს ხშირად ურჩევდნენ საქონლის ხორცისა და ხრტილოვანი მასის ნახარშს – ხაშს. მიაჩნდათ, რომ ეს წვნიანი თმის, კანისა და ფრჩხილების გაჯანსაღებასაც უწყობდა ხელს. ხაშს ნაბახუსევზეც მიირთმევდნენ, რადგან ადვილი ასათვისებელია და კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე.

ჟელატინიც ცხოველთა ძვლებისა და ხტრილების ხანგრძლივი ხარშვით და შემდგომ ფერმენტების ან მჟავების დამატებით მიიღება. მას მხოლოდ დანამატის სახით კი არ ამზადებენ, არამედ კვების მრეწველობაშიც იყენებენ.

 

საკვები ჟელატინი

საკვები ჟელატინების ორ სახეობას განასხვავებენ. ერთი ცხოველური წარმოშობისაა და ძვლებისა და ხრტილების ხანგრძლივი ხარშვით მიიღება. მეორე, რომელსაც მცენარეულ ჟელატინს უწოდებენ, პექტინისგან მზადდება. ის უფრო ძვირია, ვიდრე ცხოველური წარმოშობისა.

პექტინი, რომელსაც ხილი ბუნებრივად შეიცავს, რამდენიმე ფუნქციას ასრულებს – ასქელებს და ჟელესებრ კონსისტენციას აძლევს პროდუქტს, უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას, წარმოქმნის გელს და იმავდროულად სტაბილიზატორადაც გვევლინება. ცნობილია, რომ ორგანიზმში მოხვედრილი პექტინი ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას და აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას, ბოჭავს და ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ეწევა ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას. პექტინით განსაკუთრებით მდიდარია ვაშლი, გარგარი, კენკრა, ალუბალი... პექტინი სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვისაც, რადგან მისი გავლენით სისხლში შაქრის დონე იკლებს.

ცხოველურ ცილებზე დამზადებული ჟელატინი 18-მდე ამინმჟავას შეიცავს, მათ შორის – გლიცინს, ოქსიპროლინს და ალანინს. ამინმჟავები ნივთიერებათა ცვლის პროცესს არეგულირებს, ზოგიერთი კვლევის თანახმად, გულის კუნთსაც ამაგრებს და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც დადებით ეფექტს ახდენს.

 

სასარგებლო დესერტი

თუ კოლაგენის წყაროდ საკვები ჟელატინის გამოყენება განიზრახეთ, შეგიძლიათ, ეს პროცესი სასიამოვნოც გახადოთ და ათასნაირი დესერტი მოამზადოთ.

ჟელატინი იყიდება როგორც ფხვნილის – მშრალი, წვრილი კრისტალების, ისე ფირფიტების სახითაც. საკვებ ჟელატინში, რომელსაც არც სუნი აქვს, არც ფერი და არც გემო, საშუალოდ 355 კილოკალორიაა.

ჟელატინის მომზადებისას ზუსტად უნდა დაიცვათ თითოეული ინგრედიენტის მითითებული დოზა – გადაჭარბებამ შესაძლოა არასასიამოვნო პროცესები, უპირველესად კი სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს.

ჟელატინის შემცველი პროდუქტების გამოყენებას არ ვურჩევთ მათ, ვისაც თრომბოზისადმი აქვს მიდრეკილება. გამოვლენილია ჟელატინზე ინდივიდუალური ალერგიის შემთხვევებიც.

ფირფიტა უნდა ჩაალბოთ რეკომენდებული ოდენობის წყალში, ზომის შესაბამისად, ფხვნილი კი – 2 სუფრის კოვზი 250 გრამ ცივ წყალში და 20-25 წუთს გააჩეროთ. კრისტალები დალბება, გაჯირჯვდება და წყალში გაიხსნება. ამის შემდეგ ჟელატინიანი წყალი შედგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. თან განუწყვეტლივ ურიეთ, რომ არ მიიწვას. მერე გადმოდგით, შეურიეთ სასურველი ინგრედიენტები – არაჟანი, ხილი და სხვა, აცადეთ გაგრილება და მაცივარში შედგით. მასა თანდათან შესქელდება, გამკვრივდება და ჟელესებრ კონსისტენციას მიიღებს.

 

ხილის ჟელე

დაგჭირდებათ: ჟელატინი – 2 სუფრის კოვზი; წყალი – 250 გრამი; კენკრა (თქვენი სურვილისამებრ) – 1 კილოგრამი; შაქარი – 5 სუფრის კოვზი.

კენკრას მოაყარეთ შაქარი. ცოტა ხანში ის წვენს გამოუშვებს. დაუმატეთ ცოტაოდენი ანადუღარი წყალი და დუღილით ერთ ლიტრამდე დაიყვანეთ. შეურიეთ ცივ წყალში დამბალი და ადუღებამდე მიყვანილი ჟელატინი, გაანაწილეთ ფუჟერებში და შედგით მაცივარში.

 

შოკოლადის ტორტი

დაგჭირდებათ: ჟელატინი – 2 სუფრის კოვზი; წყალი – 250 მილილიტრი; შავი შოკოლადი – 200 გრამი; შაქარი – 5-6 სუფრის კოვზი; კარაქი – 1 სუფრის კოვზი; რძე – 1 ლიტრი; ნუში – 50 გრამი.

200 გ შავი შოკოლადი გაადნეთ ერთ ლიტრ ადუღებულ რძეში, დაუმატეთ შაქარი თქვენი გემოვნებით და ერთი სუფრის კოვზი ნაღების კარაქი. ოდნავ რომ გაგრილდება, შეურიეთ ზემოთ მითითებული წესით მომზადებული ცხელი ჟელატინი და კარგად ათქვიფეთ, რომ ერთგვაროვანი კონსისტენცისი მასა მიიღოთ. ჩაასხით კექსის ფორმაში და შედგით მაცივარში. სუფრასთან მიტანამდე ფორმა მოხესნით და ზემოდან კაკაოს ფხვნილი, თხლად დაჭრილი ნუში ან გახეხილი შოკოლადი მოაყარეთ.

 

სუფლე

დაგჭირდებათ: ჟელატინი – 2 სუფრის კოვზი; წყალი – 250 გრამი; მაწონი – 600 გრამი; არაჟანი – 400 გრამი; შაქარი – 6 სუფრის კოვზი; ლიმონი ან ფორთოხალი – 1 ცალი; ვანილი.

600 გრამ მაწონს დაუმატეთ 400 გრამი არაჟანი, გემოვნებისამებრ – შაქარი და ვანილი. შეურიეთ წინასწარ მომზადებული ჟელატინი, სანახევროდ აავსეთ კოქტეილის ჭიქები და შედგით მაცივარში.

მოამზადეთ ლიმონის ან ფორთოხლის ჟელე: 900 გრამ დამტკბარ წყალში კანიანად ჩახეხეთ ერთი ლიმონი ან ფორთოხალი ან უბრალოდ შეიძინეთ მაღაზიაში სასურველი ნებისმიერი წვენი და შეურიეთ ზემოთ მითითებული წესით მომზადებული ჟელატინი.

არაჟნიანი ჟელე მაცივრიდან გამოიღეთ და შეამოწმეთ. როდესაც დარწმუნდებით, რომ ზედაპირი უკვე შეკრული და გამაგრებულია. მოასხით ზემოდან ლიმონის (ხილის წვენის) ჟელე და ისევ მაცივარში შედგით.

მიიღებთ ორფენიან დესერტს, რომელიც ჟელატინის სასარგებლო თვისებებთან ერთად რძის ნაწარმითა და ჩ ვიტამინითაც იქნება გამდიდრებული.

 

ღვინის დესერტი

დაგჭირდებათ: ჟელატინი – 2 სუფრის კოვზი; წყალი – 250 გრამი; ხაჭო – 500 გრამი; მაწონი – 100 გრამი; შაქარი – 12 სუფრის კოვზი; ღვინო (თეთრი მშრალი) – 200 გრამი; ქიშმიში – 100 გრამი.

ხაჭო, მაწონი, ქიშმიში და 6 სუფრის კოვზი შაქარი კარგად აურიეთ და დაუმატეთ წინასწარ მომზადებული ჟელატინის ორი მესამედი. მიღებული მასა კექსის ფორმაში ჩაასხით და ცოტა ხნით მაცივარში შედგით.

ჟელატინის დარჩენილი მასა ღვინოს შეურიეთ, დაუმატეთ 6 სუფრის კოვზი შაქარი, კარგად მოურიეთ და უკვე გაცივებულ და გამაგრებულ ჟელეს მოასხით. შეაბრუნეთ მაცივარში და კარგად გააცივეთ. სუფრასთან მიტანამდე მოხსენით ფორმა და ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით.

 

თამარ ციბალაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: