ასაკობრივი განსაცდელი

გააზიარე:

ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს, თავისი სირთულეები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასაკთან ერთად მრავლდება ნაოჭები, მცირდება შრომისუნარიანობა... არსებობს სამედიცინო პრობლემებიც, რომლებსაც ასაკთან უშუალო კავშირი აქვს. ზოგიერთი მათგანი გარდაუვალია, ხოლო ზოგიერთისა გადავადებაც შეიძლება და, თუ ძალიან მოვინდომეთ, თავიდან აცილებაც.
ნაბიჯ-ნაბიჯ
ასაკთან ასოცირებული პირველი პრობლემა გარდატეხის ასაკში ან, როგორც ექიმები ვამბობთ, პუბერტატულ პერიოდში იჩენს თავს. მენარქეს, პირველ სისხლდენას, მოჰყვება მენსტრუაცია თავისი არცთუ სასიამოვნო გამოვლინებებით: უსიამოვნო შეგრძნებით მუცლის არეში, გამონაყარით, მკერდის ტკივილით...  დაგვეთანხმებით, გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული უსიამოვნებები არამც და არამც არ მიიჩნევა რეალურ სამედიცინო პრობლემებად (თუკი, რაღა თქმა უნდა, თან არ ახლავს პათოლოგიური მდგომარეობები, გადახრები...). გაცილებით სახიფათოა ის პათოლოგიები, რომლებიც მოგვიანებით, ასაკში შესული ადამიანის ორგანიზმში წარმოიშობა: ძვალსახსროვანი და გულის სნეულებები, ალცჰაიმერის დაავადება, პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები...
ექსპერტებმა თვალეს, თვალეს და...
დაადგინეს, რომ დღე-ღამეში მთელ მსოფლიოში დაახლოებით 150 000 კაცი კვდება, მათი მესამედი — ასაკთან ასოცირებული დაავადებებით. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში თანაფარდობა კიდევ უფრო მაღალია და ასაკთან ასოცირებული დავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზოგან 90%-საც კი აღწევს. იმავე ამერიკელი ექსპერტების ინიციატივით მოხდა დაავადებათა დაჯგუფება ასაკის მიხედვით. მოდი, ბავშვობას გადავახტეთ (გარდატეხის ასაკის პრობლემებს კი უფრო დაწვრილებით მომდევნო სტატიაში განვიხილავთ) და 20 წლიდან დავიწყოთ. 20-დან 30 წლამდე ყველაზე ხშირად ვაწყდებით სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს, რეპროდუქციული ტრაქტის პათოლოგიებს, ტრავმებს და, რა სამწუხაროც უნდა იყოს, სუიციდის მაჩვენებელიც ამ ჯგუფშია ყველაზე მაღალი. სიკვდილის მიზეზთა პირველი ხუთეული კი ასე გამოიყუურება: უბედური შემთხვევები, სუიციდი, კიბო, კარდიოვასკულარული დაავადებები, ქრომოსომული პათოლოგიები.
3-იდან 40 წლამდე ასაკი “უყვართ” გულის დაავადებებს, კიბოს, მეორე ტიპის დიაბეტს. სწორედ ამ პერიოდში იჩენს თავს ისეთი პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც საგრძნობლად ზრდის ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებათა განვითარების რისკს. ესენია: მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე, ჭარბი წონა. სიკვდილის უმთავრესი მიზეზებია: კიბო, გულ-სისხლძარღვთა სნეულებები, ტრავმები, ღვიძლის დაავადებები, ცერებროვასკულარული პათოლოგია (ინსულტი).
ავადობის სურათი, ფაქტობრივად, არც 50 წლისთვის იცვლება. მხოლოდ სიკვდილის მიზეზების ჩამონათვალშია მცირედი ცვლილება — ამ ასაკში უმეტესად გულ-სისხლძარღვთა და ქვედა სასუნთქი სისტემის დაავადებებით, ინსულტით, დიაბეტით, თირკმლის პათოლოგიებით იღუპებიან. 60 წლისთვის თავს იჩენს ართრიტი, ოსტეოპოროზი, პროსტატის პათოლოგიები, საშარდე სისტემის დისფუნქცია, ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სნეულებები, ინსულტი, სმენასა თუ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები (კატარაქტა, გლაუკომა). სიკვდილის მიზეზებს შორის პირველ ადგილს კვლავაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები იკავებს, რომელსაც უწინდებურად მოსდევს ქვედა სასუნთქი სისტემის პათოლოგიები და კიბო.
70 წლიდან ყველა ეს პათოლოგია კიდევ უფრო ხშირად და მწვავედ იჩენს თავს. არც სიკვდილის მიზეზთა ნუსხაში შეინიშნება განსაკუთრებული ცვლილება. ჟურნალის მთავარ თემას ამჯერად სწორედ ასაკობრივ პრობლემებს ვუთმობთ, თუმცა, ცხადია, ყველა ამ პრობლემის საჟურნალო ფორმატში ჩატევა შეუძლებელია. მხოლოდ რამდენიმე მათგანს განვიხილავთ, რომლებიც ყველაზე პრობლემურად მიაჩნია მოსახლეობას.
გარდასახვა-გარდატეხის ნიუანსები
პუბერტატული პერიოდი, სქესობრივი მომწიფების ფაზა, გარდატეხის ასაკი _ ასე უწოდებენ ადამიანის განვითარების იმ სტადიას, როდესაც განსაზღვრული ეტაპი სრულდება და ახალი იწყება. ტერმინთა მრავალფეროვნების მიუხედავად, მიზეზი ერთია: მძლავრი ჰორმონული ძვრები, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებს აწ უკვე ყოფილი ბავშვისა და ჯერარშემდგარი ქალისა თუ მამაკაცის ანატომია-ფიზიოლოგიაზე.
გარდა ისეთი აშკარა ნიშნებისა, როგორიც არის თმიანობა იღლიისა და ბოქვენის არეში, სარძევე ჯირკვლების წამოზრდა გოგონებში და ხმის დაბოხება ვაჟებში (მათ მეორეულ სასქესო ნიშნებს უწოდებენ), სქესობრივი მომწიფების ასაკში ხასიათიც იცვლება, მოზარდი აგრესიული და ჭირვეული ხდება. ამ ასაკობრივ უცნაურობებს გოგონებში 9 წლიდან უნდა ველოდეთ და, სავარაუდოდ, 16 წლამდე გასტანს, ხოლო ბიჭებში 13-დან 15 წლამდეა მოსალოდნელი.  
ჩქარა, ჩქარა
თითქმის ყველა ბავშვი ნატრობს, მალე გაიზარდოს და თავის საამაყო დედიკოს ან მამიკოს დაემსგავსოს. რასაკვირველია, ყველაფერს თავისი დრო აქვს, მაგრამ ისეც ხდება, რომ სქესობრივი მომწიფება დროზე ადრე იწყება. გოგონებში ნაადრევი გარდატეხა – 8 წლამდე, ხოლო ვაჟებში 9 წლამდე შეინიშნება. ნაადრევად დაქალებულ-დაკაცებულები თანატოლებზე სწრაფად იყრიან ტანს, კლასში ყველაზე მაღლები არიან, თუმცა ზრდას მალევე წყვეტენ – უფრო ადრე, ვიდრე ეკუთვნით. ისე რომ, ნაადრევად მომწიფებული მოზარდები ხშირად ტანდაბლები რჩებიან.

ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უმიზეზოდაც იწყება. მას უმეტესად იწვევს საკვერცხეების, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების ან, უბრალოდ, ჯირკვლოვანი ქსოვილის ზრდა, თავის ტვინის სიმსივნური წარმონაქმნი. სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, გენეტიკური განწყობა.
განასხვავებენ ორი სახის ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას:
. გონადოტროპინდამოკიდებულს ანუ ცენტრალურ ფორმას. მიუხედავად სახელწოდების სირთულისა, ამ დროს ორგანიზმში ძალზე მარტივი ჰორმონული ცვლილება ხდება: სქესობრივ მომწიფებაზე პასუხისმგებელი ჰორმონი გონადოტროპინი ნაადრევად გამომუშავდება. ამ ცვლილების რეალური მიზეზი მეცნიერებმა დღემდე ვერ დაადგინეს, თუმცა სჯერათ, რომ პრობლემის თავიდათავი ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების რგოლში უნდა იმალებოდეს. შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ჰორმონი სწორედ ამ სამი ჯირკვლოვანი ორგანოს ურთიერთკავშირის საფუძველზე წარმოიქმნება.
ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ეს ფორმა ყველაზე ხშირია, თუმცა გოგონებში უმეტესად სწორედ გონადოტროპინის ნაადრევი სინთეზი იწვევს ადრეულ მომწიფებას, მაშინ როდესაც ნაადრევად დაკაცებულ ვაჟთა მხოლოდ ნახევარს აღენიშნება გონადოტროპინდამოკიდებული ფორმა.
. გონადოტროპინდამოუკიდებელს. თავადაც მიხვდებოდით, რომ გონადოტროპინს ამ შემთხვევაში ბრალი არ მიუძღვის. ეს ფორმა გაცილებით იშვიათია და, წესისამებრ, ჯირკვლოვანი ქსოვილის პათოლოგიებით, მაგალითად, სიმსივნური წარმონაქმნებით არის განპირობებული. ნაადრევი სქესობრივი მომწიფების დროს ის ნიშნები იჩენს თავს, რომლებიც ჩვეულებრივი, დროული პუბერტატული პერიოდისთვის არის დამახასიათებელი.
გოგონებში: მკერდის ნაადრევი გაზრდა, ბოქვენის არისა და იღლიის ფოსოს გათმოვანება, მენსტრუაციის დაწყება და ოვულაცია, რაც ექოსკოპიური კვლევით ვლინდება.
ვაჟებში: სასქესო ასოსა და სათესლე ჯირკვლების ნაადრევი გაზრდა, თმის ამოსვლა ბოქვენის არეში, იღლიის ფოსოში და სახეზე, უნებლიე ერექციის ეპიზოდები, სპერმის წარმოქმნა, აკნე (ფერიმჭამელები და მუწუკები, უპირატესად – სახეზე, შედარებით იშვიათად – ზურგზეც), ხმის დაბოხება. ნაადრევი მომწიფების დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის. თუ პუბერტატული პერიოდისთვის დამახასიათებელმა ნიშნებმა დროზე ადრე იჩინა თავი, ეს იმის მაუწყებელია, რომ ბავშვი ნაადრევად შევიდა გარდატეხის ასაკში. მიუხედავად აშკარა ნიშნებისა, სპეციალისტები ხშირად დამატებით გამოკვლევას ჩატარებას ამჯობინებენ. სახელდობრ, განისაზღვრება გონადოტროპინის, ტესტოსტერონისა და თირეოიდული ჰორმონების დონე, ტარდება გონადოტროპინმასტიმულირებელი ჰორმონის სტიმულაციის ტესტი (მისი მეშვეობით ზუსტად ადგენენ, ადრეული პუბერტატული პერიოდის რომელი ფორმა აქვს მოზარდს), ულტრაბგერითი და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა.
ნაადრევად დაწყებული მომწიფების პროცესის შეჩერება, მეტადრე – უკუგანვითარება, არცთუ იოლია. ხშირად ჰორმონული თერაპია საჭირო. კერძოდ, ინიშნება ლუთეინმასტიმულირებელი ჰორმონი, რომელიც გონადოტროპინის სინთეზს აფერხებს. ამგვარი მკურნალობა დიდი სიფრთხილით უნდა ჩატარდეს. გასათვალისწინელებლია ბავშვის ასაკი, მომწიფების ხარისხი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და სხვა.
მკურნალობა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რადგან ნაადრევად თავჩენილი სასქესო ნიშნები მძიმე დაღს ასვამს მოზარდის ემოციურ სფეროს, გამოარჩევს მას თანატოლებისგან და უამრავი კომპლექსის ჩამოყალიბებას განაპირობებს.
ნელა, ნელა 
სქესობრივი მომწიფების პერიოდი ზოგჯერ იგვიანებს კიდეც. თუ მეორეული სასქესო ნიშნები გოგონას – 13 წლამდე, ხოლო ვაჟს 14 წლამდე არ განუვითარდა, შეიძლება ითქვას, რომ პუბერტატული ასაკი გადაიდო. მიზეზი უმეტესად მემკვიდრეობითია, თუმცა ისიც შესაძლოა, რომელიმე დაავადებას, მაგალითად, ჰიპოთალამუსის სიმსივნეს, მიუძღოდეს ბრალი.  დაგვიანებული სქესობრივი მომწიფების შემთხვევაში განსაკუთრებული არაფერია მოსალოდნელი, გარდა იმისა, რომ მკერდი და სასქესო ორგანოები უფრო გვიან გაიზრდება, თმიანობა გვიან ჩამოყალიბდება, პირველი მენსტრუაციაც შედარებით გვიან დაიწყება. კვლევის მეთოდები ისეთივეა, როგორიც ნაადრევი მომწიფების შემთხვევაში, სამკურნალოდ აქაც ჰორმონულ თერაპიას მიმართავენ, ოღონდ ამჯერად – სხვა ჰორმონით. 
ეს ასაკობრივი პრობლემაა
პუბერტული ასაკი ზრდა-განვითარების ის პერიოდია, როდესაც მრავალი პათოლოგია წამოყოფს თავს, ხოლო უკვე არსებული მწვავდება. ორგანიზმში მიმდინარე ძვრები, უპირატესად – ჰორმონული, მოზარდებს ამა თუ იმ პრობლემისადმი მეტისმეტად მგრძნობიარეს ხდის. ხშირად სწორედ გარდატეხის ასაკში იჩენს თავს შაქრიანი დიაბეტი, მძიმე ფსიქიკური აშლილობა... ძნელია დავასახელოთ ორგანოთა სისტემა, სქესობრივი მომწიფების პერიოდში თავისებურ გარდატეხას რომ არ განიცდიდეს.
მიუხედავად ამისა, ჰორმონული ძვრები პათოლოგიას (თუნდაც დროებითს) ყოველთვის არ განაპირობებს. ეგებ შეგიმჩნევიათ კიდეც _ ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ მის შვილს თავის ტკივილი სწორედ გარდატეხის ასაკში დაეწყო. ისეც ხდება, რომ მოზარდის ჩივილებს დედ-მამა სერიოზულად არ ეკიდება, ბავშვურ ჭირვეულობასა და სიზარმაცეს მიაწერს. თუმცა ექიმები, მშობლებისგან განსხვავებით, დარწმუნებულნი არიან, რომ თავის ტკივილი ბავშვებს მართლაც აწუხებთ. 
თავის ტკივილის მექანიზმი და მიზეზები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, მაგრამ მედიცინისთვის უკვე აშკარაა, რომ უსიამოვნება ორი სახისაა: პირველადი და მეორეული.
პირველადი ტკივილის მიზეზი თავად თავია. შესაძლოა, გაგეღიმოთ, მაგრამ ფაქტია, რომ მისი სათავე თავში უნდა ვეძებოთ. ეს შეიძლება იყოს თავის ტვინის ნერვული ქსოვილიც, სისხლძარღვებიც... პირველადად მიიჩნევა შაკიკი და მოჭერითი ხასიათის ტკივილიც, რომელიც თინეიჯერებში ძალიან ხშირია.
მეორეული ტკივილის მიზეზი უპირატესად თავში არსებული სიმსივნური წარმონაქმნი, ქალასშიდა წნევის მატება, მედიკამენტური ინტოქსიკაცია, სინუსიტი ან მაღალი არტერიული წნევაა. მეორეული ტკივილი გაცილებით იშვიათია.
თავის ტკივილი  სხვადასხვა ტიპისაა. თუ მშობელი შეძლებისდაგვარად დააზუსტებს, რა ტიპის ტკივილი აწუხებს მის შვილს, ექიმს მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება გაუადვილდება.
. მწვავე ტკივილი, რომელიც, წესისამებრ, თავისთავად ან ტკივილგამაყუჩებლის აბის მიღების შემდეგ გაივლის;
. მწვავე განმეორებადი ტკივილი, რომლის დროსაც ტკივილის შეტევა გაივლის, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ ბავშვს ისევ ახსენებს თავს;
. ქრონიკული არაპროგრესირებადი ტკივილი, რომელიც დიდხანს გრძელდება ან თითქმის ყოველდღე იჩენს თავს. ამგვარი ტკივილი როგორც წესი, არ მძაფრდება;
. ქრონიკული პროგრესირებადი ტკივილი, რომელიც უფრო და უფრო აუტანელი ხდება, ძლიერდება და ხშირდება.
შაკიკისთვის, რომელიც თავის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია, დამახასიათებელია: თავის შეტევითი, ზოგჯერ მოპულსირე, მფეთქავი ტკივილი; მუცლის ტკივილი და ღებინების შეგრძნება; აურა (უცნაური შეგრძნება, – მაგალითად, ბრჭყვიალა ნაპერწკლების გაჩენა თვალწინ, ძლიერი სისუსტე, – რომელიც წინ უძღვის ტკივილის შეტევას). გამოძინების შემდეგ თავის ტკივილი ყუჩდება.
გაითვალისწინეთ: ბავშვებსა და მოზარდებს შაკიკის დროს თავი ყოველთვის ცალ მხარეს არ სტკივათ, ცალმხრივი ტკივილი უფრო მოზრდილებისთვის არის დამახასიათებელი.
საზოგადოდ, სქესობრივი მომწიფების დროს თავის ტკივილთან გამკლავება არ არის იოლი. ხშირად მოზარდები თავის ტკივილს იმიზეზებენ ან ერთი სახის ტკივილი მეორეში ერევათ. მაგალითად, მათ ხშირად აწუხებთ თავის მოჭერითი ხასიათის (სალტის მოჭერის მსგავსი) ტკივილი. მისი მიზეზი არც თავის ტვინში მომხდარი პათოლოგიური ცვლილებებია და არც სისხლძარღვების შევიწროება-გაფართოება. პრობლემის თავიდათავი, რაღა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც თავია. უფრო სწორად, თავის ქალას კუნთები, რომლებიც სტრესის, გადაღლილობის შემთხვევაში იჭიმება და ტკივილს გვაყენებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თავის ტკივილის ეს მექანიზმი ყველაზე ხშირია.
ვუმკლავდებით, ვამარცხებთ
თავის ტკივილთან გამკლავების საუკეთესო გზად ამერიკელი პედიატრები დისკომფორტის გამომწვევ ფაქტორებთან ბრძოლას მიიჩნევენ. მავნე ფაქტორების ნუსხა კი ასეთი გახლავთ:
. არასრულყოფილი ძილი, ღამისთევა, თუნდაც გაკვეთილების მოსამზადებლად;
. სტრესი, მათ შორის – გამოცდები, ჩათვლები, საკონტროლოები;
. ზოგიერთი საკვები, მაგალითად, შოკოლადი, წითელი ღვინო, ციტრუსი, რძის ნაწარმი, პარკოსნები, თხილეული. არ არის აუცილებელი, თავის ტკივილს ყველა ეს პროდუქტი იწვევდეს. შესაძლოა, დისკომფორტის მიზეზად მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი იქცეს.
. დანამატებით გაჟღენთილი საკვები. ამ დანამატებს შორის აღსანიშნავია: მონოსოდიუმის გლუტამატი (მსგ), რომელსაც ჭარბად იყენებენ ჩინეთის კვების მრეწველობაში, ნიტრატები (ჰოთ-დოგში, ჰამბურგერში), ასპარტამი, რომელიც შაქრის შემცვლელია, თირამინი (ზოგიერთი სახეობის ღვინოში, გამოყვანილ ყველში, გამომშრალ, დაკონსერვებულ თევზში, იოგურტში, არაჟანში);
. კოფეინისა და ალკოჰოლის შემცველი საკვები და სასმელი;
. სინათლე-სიბნელის მკვეთრი მონაცვლეობა, მძაფრი სურნელი, ამინდის შეცვლა;
. შიმშილი, ძლიერი წყურვილი;
. სიგარეტის წევა;
. დღის რეჟიმის, განრიგის შეცვლა;
. ჰორმონული ძვრები. ბევრი თინეიჯერი გოგონა თავის ტკივილს მენსტრუალური ციკლის კონკრეტულ დღეს უკავშირებს (ტკივილის შეტევა უმეტესად მენსტრუაციამდელ პერიოდში აღენიშნებათ);
. ზოგიერთი მედიკამენტი.
თავის ტკივილთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის მიღება რჩება. რეკომენდებული დოზის შესახებ ანოტაციაში ამოიკითხავთ, მაგრამ მაინც გირჩევთ, კონსულტაციისთვის ბავშვის პირად პედიატრს მიმართოთ. ნუ დაელოდებით, ვიდრე ტკივილი გამძაფრდება და გაუსაძლისი გახდება. გირჩევთ, მის გაყუჩებაზე დაწყებისთანავე იზრუნოთ.
თავის ტკივილთან, მით უმეტეს – პერიოდულთან, გამკლავება ძნელი არ გახლავთ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაციაა საჭირო. კერძოდ, მაშინ, როდესაც მოზარდი უჩივის:
. ქრონიკულ ტკივილს, რომელიც დღითი დღე მძაფრდება;
. თავის ტკივილს, რომლის მსგავსიც, მისივე თქმით, არასოდეს განუცდია;
. ტკივილის თანმხლებ ძლიერ თავბრუხვევას, რომლის გამო ნაბიჯის გადადგმაც უჭირს;
. ტკივილტან ერთად მხედველობის, მეტყველებისა და ფიქრის უნარის დაქვეითებას;
. ტკივილსა და პირღებინების შეგრძნებას გამოღვიძებისას;
. კისრის კუნთების ძლიერ ტკივილს, გაშეშებას, რაც ხელს უშლის თავის დახრას.
ასაკობრივი გამოწვევა
რა არის კლიმაქსი? ნუთუ მართლა გამოწვევაა ქალის ორგანიზმისთვის? ეგებ ისეთივე ფიზიოლოგიური ეტაპია, როგორიც გარდატეხის ასაკი? ასეა თუ ისე, კლიმაქსი ქალის ცხოვრების გარდაუვალი მოვლენაა, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება: სტატისტიკის მიხედვით, ევროპაში ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 78 წელია, ამ ხნის 35-40% კი მენოპაუზის წილად მოდის.
როდისთვის ველოდოთ? 
განსაზღვრული ასაკობრივი ცვლილებები ქალის ორგანიზმში ჯერ კიდევ 35-დან 50 წლამდე ასაკში იჩენს თავს. ეს ის პერიოდია, როდესაც საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება, ამის კვალობაზე, მცირდება ჰორმონების გამომუშავება, უფრო და უფრო იშვიათდება კვერცხუჯრედის მომწიფება, რაც არარეგულარული მენსტრუაციული ციკლით ვლინდება და ადრე თუ გვიან დგება დრო, როდესაც საკვერცხეების ფუნქციობა წყდება. ამით იწყება მენოპაუზა.
სტატისტიკური მონაცემებით, მენოპაუზა საშუალოდ 51 წლის ასაკში დგება, მაგრამ არ არის გამორიცხული, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების კვალობაზე, უფრო ადრე, 45 წლიდან, ან ოდნავ მოგვიანებით, 55 წლისთვის დაიწყოს.
გამოწვევის გამომწვევი
თავის ტვინში მდებარე განსაზღვრული ფუნქციის მქონე ცენტრები, ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი, რომლებიც ჰორმონულ პროცესებს არეგულირებენ, დაკავშირებულნი არიან თავის ტვინის სხვა უბნებთან, მათ შორის – ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრებთან, რომლებსაც სისხლის მიმოქცევისა და სხეულის ტემპერატურის რეგულირება აკისრიათ, ასევე – ლიმბურ სისტემასთან, რომელიც გრძნობათა ერთგვარ ცენტრს წარმოადგენს. ამდენად, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მენოპაუზით განპირობებული ჰორმონული ცვლილებები შესაძლოა ფსიქოვეგეტატიური დარღვევების მიზეზად იქცეს.
უნდა ითქვას, რომ ეს დარღვევები ყოველთვის არ იჩენს თავს. მენოპაუზის პერიოდში ქალების მხოლოდ მესამედი უჩივის შემაწუხებელ მოვლენებს, მესამედს მხოლოდ მსუბუქი დისკომფორტი აღენიშნება, ხოლო მესამედს კლიმაქსი ყოველგვარი ცვლილების გარეშე გადააქვს. ძნელი სათქმელია, რომელ ჯგუფში აღმოჩნდება ესა თუ ის ქალი, რადგან ეს სრულიად არ არის დამოკიდებული პიროვნულ თავისებურებებზე, თუმცა, მერწმუნეთ, უსიამოვნების დაძაბულ მოლოდინს კარგი არაფერი მოაქვს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კლიმაქსთან დაკავშირებული დისკომფორტი დღეს მოუგვარებელ პრობლემას აღარ წარმოადგენს.
მეტი კონკრეტულობა
კლიმაქსური გარდაქმნების განხილვისას ორი ტიპის ცვლილებები უნდა გამოვყოთ.
ისეთი ფსიქოვეგეტატიური დარღვევები, როგორიც არის ალები, ოფლიანობა, ძილის დარღვევა, დეპრესიული მდგომარეობა, ადვილად აღგზნება, შფოთვა, თავბრუხვევა, გულისცემის აჩქარება, მგრძნობელობის დარღვევა სხეულის სხვადასხვა ადგილას (პარესთეზია), ჰორმონული ცვლილებების ლოგიკურ ასახვას წარმოადგენს. მათ შესაძლოა ჯერ კიდევ მენოპაუზამდე იჩინონ თავი. რა უსიამოვნოც უნდა იყოს ეს გამოვლინებები, ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქადის და კლიმაქსური გარდაქმნების დამთავრების შემდეგ თავისთავად ქრება. გაცილებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ჰორმონების ხანგრძლივი დეფიციტის შედეგს წარმოადგენს, ნელა მიმდინარეობს და მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება. ასეთ დარღვევათა რიცხვს მიაკუთვნებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ოსტეოპოროზს, შარდის ბუშტის პრობლემებს (შარდის შეუკავებლობა და სხვა). ამგვარ პათოლოგიებს, ფსიქოვეგეტატიური დარღვევებისგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად ყველა ქალი აწყდება.
დავძლიოთ პრობლემა
მაინც როგორ უნდა შეიმსუბუქოს ქალმა ის დისკომფორტი, რომელიც კლიმაქსის დროს იჩენს თავს? როგორც ჩანს, მკურნალობა სიმპტომებზეა დამოკიდებული, თუმცა თერაპიისას პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას, რაც ქალის ჰორმონების (ესტროგენისა და პროგესტერონის) ხელოვნურად შევსებას გულისხმობს და მნიშვნელოვანწილად ამცირებს კლიმაქტერიულ ჩივილებს. მაგრამ სადღეისოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის გამოყენება საგრძნობლად შეზღუდულია, მოითხოვს პაციენტის წინასწარ კვლევას და ადეკვატური თერაპიის შერჩევას.
არსებობს სხვა გამოსავალიც: კლიმაქტერიული სინდრომის მსუბუქი ფორმისას შეიძლება გამოვიყენოთ ფიტოპრეპარატები და ზოგიერთი სედაციური საშუალება.
საზოგადოდ კი, კლიმაქსურ პერიოდში ცხოვრების აქტიური წესი, მსუბუქი სპორტული აქტივობა (სირბილი, ცურვა) და სწორი კვება ამსუბუქებს კლიმაქტერიული ჩივილების გამოვლენასა და ინტენსივობას.
ჰორმონული მხარდაჭერა
ჰორმონები მრავალ სასიცოცხლო მნიშვნელობის რეაქციას არეგულირებენ. საკმარისია, მათმა რაოდენობამ იკლოს, რომ ორგანიზმში ერთგვარი წითელი ნათურა ინთება, რომელიც მარაგის დაუყოვნებლივ შევსებისკენ მოგვიწოდებს. აბა, უცებ წარმოიდგინეთ შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანი, რომელმაც ინსულინის დეფიციტი დროულად ვერ შეივსო... სწორედ ასეთი ან დაახლოებით ასეთი ოპერატიულობით სჭირდება შევსება სასქესო ჰორმონების მარაგს, რომელიც ასაკთან ერთად მცირდება, ხოლო მენოპაუზის პერიოდში სულ მთლად ილევა. მენოპაუზის დროს  ქალური ჰორმონების სინთეზი მკვეთრად მცირდება, რასაც კვერცხუჯრედის გამომუშავების შეწყვეტა ახლავს თან.

მენოპაუზა ერთბაშად როდი დგება. ვიდრე მენსტრუაცია ქალს საბოლოოდ შეაქცევდეს ზურგს, თავს იჩენს უჩვეულო სიმპტომები, რაც ჰორმონული დისბალანსის ბრალია. ამ პერიოდს მენოპაუზის გარდამავალი ეტაპი, სხვაგვარად პერიმენოპაუზა ეწოდება. ის მოიცავს რამდენიმე წელიწადს უკანასკნელ მენსტრუაციამდე და კიდევ ერთ წელს მის შემდეგ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ მენსტრუაცია შეგიწყდათ, მენოპაუზა ჯერ არ დამდგარა და მასზე დაბეჯითებით საუბარი მენსტრუაციული ციკლის გაქრობიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ მენსტრუაციის შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში, ანუ “ნამდვილი” მენოპაუზის დადგომამდე, ქალი განაყოფიერების უნარს ინარჩუნებს და არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვა უთუოდ მოუწევს. მენოპაუზის შემდეგ (ამ დროს კლიმაქტერიული სინდრომი ყალიბდება) დგება პოსტმენოპაუზის პერიოდი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გასტანს.
არსებობს ძალზე სერიოზული მიზეზები, რომელთა გამო საჭირო ხდება საშვილოსნოს ამოკვეთა. ჰისტერექტომია, თავისთავად ცხადია, მენსტრუაციის შეწყვეტასაც იწვევს. ამ შემთხვევაში მენოპაუზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რომლებსაც კლიმაქტერიულ სინდრომად იხსენიებენ, არ ვითარდება. ეს იმიტომ, რომ ხელუხლებელი საკვერცხეები ჰორმონების სინთეზს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. ხდება ისეც, რომ ქალს საკვერცხეებთან გამოთხოვებაც უხდება. ამ შემთხვევაში წამოხურება, ძილის დარღვევა და სხვა უჩვეულო სიმპტომები ოპერაციის შემდეგ მალევე იჩენს თავს. გარდა ოპერაციული მენოპაუზისა (ასე უწოდებენ მენსტრუაციის შეწყვეტას საშვილოსნოსა და საკვერცხეების ამოკვეთის შემდეგ), არსებობს მედიკამენტურიც. ის არც ისე ხშირია და კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტის მიღების შედეგად ვითარდება. რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული მენოპაუზა და, შესაბამისად, სასქესო ჰორმონების დეფიციტი, მათი მარაგის შევსება აუცილებელია. სწორედ ამისთვის მიმართავენ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას. ისევე, როგორც სხვა ენდოკრინული დაავადებების მკურნალობისას, კლიმაქტერიული სინდრომის მკურნალობის დროსაც ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება. სტატისტიკის თანახმად, მართებულად შერჩეული ჰორმონული თერაპია 50%-ით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, 40%-ით – ინსულტისას, 50%-ით – ბარძაყის ძვლის მოტეხილობისას, 70%-ით – ხერხემლის მოტეხილობისას და 40%-ით – ალცჰაიმერის დაავადებისას. ამ მძიმე პათოლოგიურ მდგომარეობებს რომ თავი დავანებოთ, ორად ორი ჰორმონის მცირე დოზით მიღებაც საკმარისია, რომ ქალი კლიმაქტერიული სინდრომის ტყვეობისგან გათავისუფლდეს.
ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია ესტროგენითა და პროგესტერონით ტარდება. თუ ქალს ჰისტერექტომია გაუკეთდა, პროგესტერონის მიღება საჭირო აღარ არის. ეს ჰორმონი საშვილოსნოში განსაზღვრული უჯრედების ზრდას აფერხებს და ამით ერთგვარად ამცირებს კიდეც ამ ღრუ ორგანოში ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბების რისკს. როდესაც საშვილოსნო აღარ არსებობს, ამ პროცესის მარეგულირებელი ჰორმონის მიღებაც აზრს კარგავს.
ჰორმონულ მედიკამენტს იღებენ ან ყოველდღიურად, ან თვის განსაზღვრულ დღეებში. ისიც შეიძლება, მედიკამენტი სხვადასხვა (ტაბლეტის, ადგილობრივად კრემის ან საშვილოსნოსშიდა სპირალის) სახით მიიღოს ორგანიზმმა. მიღების გზა უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, რა ძირითადი პრობლემა აწუხებს ქალს. მაგალითად, თუ საშოს სიმშრალე ძალიან მძაფრად არის გამოხატული, ექიმი პაციენტს ადგილობრივი მოქმედების ჰორმონისშემცველ საშუალებას ურჩევს. 
ჰორმონული თერაპია უკვალოდ ყოველთვის არ ჩაივლის. ქალი შესაძლოა შეაწუხოს სისხლდენამ, სარძევე ჯირკვლების შეშუპებამ და შემკვრივებამ, თავის ტკივილმა, გულისრევამ, განწყობის ცვალებადობამ. 
მენოპაუზის პერიოდში თავი კომფორტულად რომ იგრძნოთ, გირჩევთ, თვალი გადაავლოთ რაციონს. უპირატესობა მიანიჭეთ:
• ახალ ხილსა და ბოსტნეულს (თუ შეძლებთ, კარგი იქნება, ყოველდღე 3 სახეობის ხილი და 4-5 სახეობის ბოსტნეული მიირთვათ);
• დაცეხვილი ხორბლისა და ჭვავის პურს, ქატოს, ბრინჯს, პარკოსნებს;
• დაბალცხიმიან რძეს, ყველს, ხაჭოს, მაწონს, იოგურტს;
• ქათმის მჭლე ხორცსა და უცხიმო თევზს.
ერიდეთ:
• მეტისმეტად ცხიმიან საკვებს (ნაღების კარაქს, ქონის შემცველ ხორცს და ა. შ.);
• სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებულ პროდუქციას, ე.წ. ფასტ-ფუდს;
• კოფეინის შემცველ სასმელებს;
• შაქარს და მარილს. 
კლიმაქსთან დაკავშირებული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, მცენარეული ესტროგენების შემცველი პროდუქტი მიიღოთ. ასეთია სოია, ქატო და პარკოსნები.
როცა ასაკი არ გვინდობს
ასაკთან ერთად ადამიანს უამრავი პრობლემა ატყდება თავს: ორგანიზმი იფიტება, სუსტდება, ძველი სნეულებები მწვავდება, ახლები ჩნდება... ერთ-ერთი მათგანია ოსტეოპოროზი – ძვლოვანი სისტემის დაავადება. მას ძვლის სიმკვრივის შემცირება და სტრუქტურის შეცვლა ახასიათებს. ამ ცვლილებათა გამო ძვლის სიმყიფე იზრდება და, რაც მთავარია, საგრძნობლად იმატებს მოტეხილობის რისკი. ოსტეოპოროზის დროს მცირე ტრავმასაც კი შეიძლება ამგვარი შედეგი მოჰყვეს. დაავადება თანდათან ვითარდება და ხშირად პირდაპირ მოტეხილობით იჩენს თავს, რის გამოც მას ჩუმ ეპიდემიას უწოდებენ.
რა ხდება დღეს
ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან ერთად მთელ მსოფლიოში იზრდება ასაკოვანი მოსახლეობის ხვედრითი წილი, რის გამოც  ოსტეოპოროზის პრობლემა უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს. იგი ასაკთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ოსტეოპოროზით უკვე 200 მილიონი ადამიანია ავად. 50 წელს გადაცილებულთა შორის ის სამიდან ერთ ქალს და ხუთიდან ერთ მამაკაცს აღენიშნება. სავარაუდოდ, 2050 წლისთვის ბარძაყის მოტეხილობა 6 მილიონამდე ადამიანს ექნება.
უკვე დადგენილია, რომ ოსტეოპოროზი სათავეს ახალგაზრდობიდან იღებს. ბავშვობისა და მოზარდ ასაკში, განსაკუთრებით – სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ძვლოვანი ქსოვილის მასა ინტენსიურად იზრდება, ხოლო 25-30 წლისთვის პიკურ მნიშვნელობას აღწევს. პიკური ძვლოვანი მასის ფორმირება ჩონჩხის ასაკობრივი განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია და მთელი შემდგომი სიცოცხლის განმავლობაში განსაზღვრავს ძვლის სიმტკიცეს. პიკური ძვლოვანი მასის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს გენეტიკური ფაქტორები, ჰორმონული სპექტრი, კვება და ცხოვრების სტილი.
როდესაც პიკური მასა ვერ აღწევს ინდივიდისთვის გენეტიკურად განსაზღვრულ მნიშვნელობას, ძვლის ფიზიოლოგიური, ასაკობრივი კარგვის შედეგად იზრდება ოსტეოპოროზის განვითარების რისკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ პროცესს არასასურველი ფაქტორების ზემოქმედებაც ერთვის. ამიტომ ოსტეოპოროზის პრევენცია ბავშვობის ასაკშივე უნდა დავიწყოთ.
რისკი არსებობს?
სრულფასოვანი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, ამიტომ აუცილებელია, სისტემატურად მივიღოთ კალციუმით მდიდარი საკვები, მათ შორის – რძე და რძის ნაწარმი. ხშირად აუცილებელია კალციუმის შემცველი პრეპარატების მიღებაც. დიდი მნ
იშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აქტივობას, რომელიც ძვლოვან ქსოვილს ამაგრებს, განსაკუთრებით – ჩონჩხის კუნთების გასამაგრებელ ვარჯიშებს.
აუცილებელია ოსტეოპოროზის განვითარების რისკფაქტორების ცოდნა. მათი არსებობისა და თანხვედრის შემთხვევაში პერიოდულად უნდა ჩატარდეს გამოკვლევები. დროული დიაგნოსტიკა საშუალებას მოგვცემს, ოსტეოპოროზი და ოსტეოპოროზული მოტეხილობა თავიდან ავიცილოთ.
ოსტეოპოროზის რისკფაქტორებად მიიჩნევა ევროპული და აზიური რასა, მემკვიდრეობა, ჰორმონული დარღვევები, კალციუმის, D ვიტამინის, ცილების დეფიციტი, ცხოვრების არასწორი წესი – ჰიპოდინამია, თამბაქოს წევა, ალკოჰოლიზმი, ასევე – დაავადებების მთელი წყება (ენდოკრინული, რევმატული, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმლის დაავადებები და სხვა) და ზოგიერთი მედიკამენტი.
ოსტეოპოროზით უმეტესად ქალები ავადდებიან, მაგრამ არანაკლებ აქტუალურია მამაკაცთა ოსტეოპოროზის პრობლემა. ქალებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია პოსტმენოპაუზურ პერიოდში, როდესაც ორგანიზმში სასქესო ჰორმონების ოდენობა მცირდება. დადგენილია, რომ სასქესო ჰორმონები ძვლოვანი სისტემის პროტექტორებია. ყოველგვარი ჰორმონული დისბალანსი როგორც ქალის, ისე მამაკაცის ორგანიზმში ძვლის სიმტკიცის შემცირებას იწვევს. მამაკაცების პიკური ძვლოვანი მასა იმთავითვე უფრო მაღალია, რაც მათი ფიზიკური განვითარებით არის განპირობებული, ამიტომ ძვლის ასაკობრივი, ფიზიოლოგიური კარგვის შედეგად ოსტეოპოროზის განვითარების რისკი მამაკაცისთვის უფრო ნაკლებია. გარდა ამისა, ქალებს სიცოცხლის განმავლობაში აქვთ კრიტიკული პერიოდები – ორსულობა, ლაქტაცია და მენოპაუზა, როდესაც ძვლოვანი მასის შენარჩუნებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.
მამხილებელი ფაქტი
ამ დაავადების ერთ-ერთი კლასიკური გამოვლინებაა ხერხემლის მალების მოტეხილობა, რაც იწვევს ზურგის მწვავე ან ქრონიკულ ტკივილებს, ტანადობის შეცვლას, დადაბლებას. ეს უარყოფით გავლენას ახდენს ფილტვების ფუნქციაზე. ხშირია წონის კლება. უარესდება ცხოვრების ხარისხი, ადამიანი ანალგეტიკებზე ხდება დამოკიდებული, ეწყება დეპრესია. მოსალოდნელია გაფანტული ტკივილი პერიფერიულ ძვლებში.
ბოლო დრომდე ოსტეოპოროზის დიაგნოზს ნაკლებად ინფორმაციული რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე დაგვიანებით სვამდნენ – მაშინ, როდესაც ძვლის 30-40% უკვე დაკარგული იყო. ამჟამად შესაძლებელია ოსტეოპოროზი ადრეულ სტადიაზე, კლინიკურ გამოვლენამდე აღმოვაჩინოთ.
ერთ-ერთი მამხილებელი მეთოდი ოსტეოდენსიტომეტრიაა, რომლის განვითარებამ შესაძლებელი გახადა, ძვლის სიმკვრივის შემცირება ადრეულ ეტაპზევე იქნეს შემჩნეული და დაიწყოს პროფილაქტიკა. ამ გზით ზედმიწევნითი სიზუსტით ფასდება ძვლოვანი ქსოვილის რაოდენობრივი მაჩვენებლები, მისი მინერალიზაციის ხარისხი და მოტეხილობის რისკი.
გარდა დენსიტომეტრიული კვლევისა, ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკური კომპლექსი მოიცავს ლაბორატორიულ გამოკვლევებს: კალციუმისა და კალციუმის ცვლაში მონაწილე ჰორმონების, აგრეთვე – ძვლის მეტაბოლიზმის მარკერების განსაზღვრას, რის საფუძველზეც შეირჩევა მკურნალობა და ხორციელდება მკურნალობის მონიტორინგი.
სამწუხაროდ, დაავადების დიაგნოსტიკა მთელ მსოფლიოში ასიდან მხოლოდ 50 შემთხვევაში ხდება, საქართველოში კი არადიაგნოსტირებულ შემთხვევათა რიცხვი უფრო დიდია.
რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, ყველა პრეპარატს თავისი ჩვენება აქვს. მკურნალობა კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე კვალიფიციურმა სპეციალისტმა ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს, სხვაგვარად იგი უ
შედეგო იქნება.
ოსტეოპოროზით დაავადებულთათვის რეკომენდებულია ცხოვრების აქტიური, ჯანსაღი წესი, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. უნდა ერიდონ მკვეთრ მოძრაობებს, მძიმე საგნების აწევას, წაქცევას. საცხოვრებელი ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მინიმუმამდე შემცირდეს წაქცევის ალბათობა. კვების რაციონი მაქსიმალურად უნდა გამდიდრდეს კალციუმის შემცველი პროდუქტებით. უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის, ყავის, სიგარეტის მოხმარება.
კალციუმის საბადო
იმისთვის, რომ კალციუმის დეფიციტი დროულად შევივსოთ, უნდა ვიცოდეთ, რომელ პროდუქტებშია ის თავმოყრილი.

რძის შემდეგ კალციუმს ყველაზე დიდი რაოდენობით ყველი (ჩედერი) შეიცავს. გარდა რძის ნაწარმისა, კალციუმით მდიდარია მწვანილი, განსაკუთრებით – ისპანახი, ასევე – კვერცხი, ნუში, შირბახტი, ჩირი... მეტი სიზუსტისთვის ციფრებსაც მოვიყვანთ: 235 მლ რძე 300 მგ კალციუმს შეიცავს, 110 გ ნაყინი – 120 მგ-ს, 45 გ ჩედერი – 300 მგ-ს, 175 გ იოგურტი – 225 მგ-ს, 110 გ ხაჭო – 70 მგ-ს, კალციუმით გამდიდრებული ფორთოხლის წვენი – 300 მგ-ს, 115 გ წითელი ლობიო – 40 მგ-ს, 30 გ ნუში – 80 მგ-ს.
გაითვალისწინეთ, რომ კალციუმის დღიური მოთხოვნილება ასეთია:
. დაბადებიდან 6 თვემდე – 210 მგ
. 6 თვიდან წლამდე – 270 მგ
. 1-დან 3 წლამდე – 500 მგ
. 4-დან 8 წლამდე – 800 მგ
. 9-დან 18 წლამდე – 1300 მგ
. 19-დან 50 წლამდე – 1000 მგ
. 50 წლიდან – 1200 მგ
. ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის 20 წლამდე – 1300 მგ, 20-ის შემდეგ – 1000 მგ.
ეს რიცხვები რძეში რომ გადავიყვანოთ, ასეთ სურათს მივიღებთ: წლიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვმა დღე-ღამეში 650-600 მლ რძე უნდა მიიღოს, 5 წელს გადაცილებულმა კი 550-500 მლ.
ზოგიერთი ავტორი ოდნავ განსხვავებულ რიცხვებს გვთავაზობს: 1-დან 3 წლამდე 700 მლ ასვით, 3 წლიდან კი 600 მლ-მდე ჩამოდითო. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ასაკთან ერთად ბავშვს საშუალება ეძლევა, კალციუმის მარაგი რძის 
სხვა პროდუქტებითაც შეივსოს.
გახსოვდეთ: კალციუმის ასათვისებლად D ვიტამინია საჭირო, ამიტომ რაქიტის პროფილაქტიკისთვის პედიატრი მასაც ნიშნავს. D ვიტამინით მდიდარია თევზი, კვერცხის გული.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 9-დან 18 წლამდე ასაკის გოგონების 85% და ვაჟების 60% კალციუმის სათანადო რაოდენობას ვერ იღებს.
გულახდილი საუბრები –
ამ წმინდა წყლის მამაკაცურ პრობლემაზე უამრავი ხუმრობა შეთხზულა, თუმცა საქმე სულაც არ არის სახუმაროდ. საკმარისია, მამაკაცმა ამ პათოლოგიური მდგომარეობის ნიშნები შეამჩნიოს, რომ პანიკა ეუფლება. ეს გასაგებიცაა – საქმე ხომ მის მამაკაცურ ღირსებას ეხება. ალბათ მიგვიხვდით, საუბარს პოტენციაზე, უფრო სწორად, მის სისუსტეზე ან უქონლობაზე ვაპირებთ.
მიიჩნევა, რომ ასაკთან ერთად მამაკაცის სქესობრივი პოტენცია სუსტდება, თუმცა დანამდვილებით ვერავინ იტყვის, როდის უნდა ელოდოს ძლიერი სქესი “სისუსტის” პირველ ნიშნებს. არის შემთხვევები, როცა პრობლემა ადრეულ ასაკშივე იჩენს თავს და სწორედ ეს შემთხვევებია საყურადღებო...
იმპოტენცია მამაკაცებს შორის ყველაზე გავრცელებული სქესობრივი დარღვევაა. სხვადასხვა მონაცემებით, მას მოწიფული ასაკის მამაკაცთა 25-35% უჩივის.
25-55 წლის მამაკაცები ყველაზე არასასურველ პათოლოგიათა ნუსხაში მეორე ადგილზე, კიბოს შემდეგ, სწორედ იმპოტენციას აყენებენ.
იმპოტენცია, იგივე ერექციული დისფუნქცია – ეს არის დაქვეითება მამაკაცის უნარისა, ადეკვატურ, ნორმალურ სიტუაციაში მიაღწიოს ხარისხიან ერექციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი სქესობრივი აქტის ჩატარება.
იმპოტენცია ფსიქოგენურიც შეიძლება იყოს და ორგანულიც.
ახალგაზრდებში ფსიქოგენური ერექციული დისფუნქცია სჭარბობს, უმთავრესად – იმის გამო, რომ მათ აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. დისფუნქციის მიზეზად შეიძლება იქცეს ასევე დეპრესია, შფოთვა, სტრესი, შიშები.
35-40 წლიდან ერექციული დისფუნქციის მიზეზად უფრო ხშირად გვევლინება ორგანული პათოლოგია. წამყვანია სისხლძარღვოვანი პრობლემები (ვინაიდან სწორედ სისხლის ადეკვატური მიმოქცევაა ერექციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი). მას მოსდევს ენდოკრინული, ნევროგენული, უროლოგიური დაავადებები და სხვა.
ერექციული დისფუნქცია ხშირად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი პირველი ნიშანია. როდესაც ორგანიზმში იწყება ასაკობრივი ცვლილებები, კერძოდ, ათეროსკლეროზი, არასასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებში, მათ შორის – სქესობრივშიც, ხარვეზები იჩენს თავს. მოგეხსენებათ, დიაბეტი აზიანებს წვრილ სისხლძარღვებსა და ნერვებს, ამიტომ ერექციის პრობლემები ამ დროსაც ხშირად წარმოიშობა.
ერექციული დისფუნქცია შეიძლება იყოს ამა თუ იმ მედიკამენტის გვერდითი ეფექტი. ნარკოტიკები და ალკოჰოლიც, თავისთავად, იწვევს ერექციის პრობლემებს, ლიბიდოს ანუ სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებას და ეაკულაციის დარღვევებს.
არც ისე უვნებელია სიგარეტი. ნიკოტინი აზიანებს სისხლძარღვებს და იწვევს მათ სპაზმს. ასე რომ, თუ მამაკაცს ერექციული დისფუნქცია განუვითარდა, სასურველია, მოწევას თავი დაანებოს.
პროსტატის, წინამდებარე ჯირკვლის, პრობლემები ერექციულ ფუნქციაზე დიდ გავლენას არ ახდენს, თუმცა მასზე ჩატარებულმა ოპერაციამ შესაძლოა იმპოტენცია გამოიწვიოს. 
ისევ და ისევ ასაკი
სტატისტიკურად, ერექციული დისფუნქცია ყველაზე ხშირად 35-დან 50 წლამდე გამოიხატება, თუმცა 18-19 წლის ყმაწვილსაც შეიძლება გაუჩნდეს ამგვარი პრობლემა, პირველივე კონტაქტის დროს ვერ მიიღოს სასურველი. ეს ერექციულ დისფუნქციას არ ნიშნავს; უბრალოდ, ყმაწვილს არ მოეწონა პარტნიორი, არ ჰქონდა შესაბამისი განწყობა, რაღაც სხვას ელოდა... ამიტომ პირველ სქესობრივ კონტაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
სექსისთვის საჭიროა განწყობა, სიმშვიდე, პარტნიორთან კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია სქესობრივი კულტურის დონეც. როგორც ითქვა, ასაკთან ერთად პოტენციის დაქვეითება კანონზომიერია. ჩვენ ვბერდებით, სათესლე ჯირკვლები უწინდებურად ვეღარ გამოიმუშავებენ მამაკაცის სასქესო ჰორმონებს – ანდროგენებს, სისხლძარღვები და ნერვებიც ზიანდება, სოციალური პრობლემა და საზრუნავიც მეტია...
ექიმის იმედად
დიაგნოსტიკის კუთხით დიდი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია ანამნეზი. სექსოლოგისთვის საინტერესოა, როგორ ვითარდებოდა მამაკაცი პუბერტატულ (მომწიფების) პერიოდში, როდის გამოეხატა პირველადი და მეორეული სასქესო ნიშნები, როდის ჰქონდა პირველი პოლუცია (უნებლიე სპერმის გამოყოფა), პირველი სქესობრივი კონტაქტი და რა სახის დაბრკოლება შეხვდა მას.
ანამნეზის საფუძველზე ინიშნება შემდეგი გამოკვლევები:
. სასქესო ასოში სისხლის მიმოქცევის გამოკვლევა, რაც ასოს არტერიების დოპლეროგრაფიას გულისხმობს. იზომება სასქესო ასოში სისხლის მიდენის სიჩქარე.
. მედიკამენტური ტესტირება – ვიწვევთ ხელოვნურ ერექციას და ვაკვირდებით მის ხანგრძლივობას, რის საფუძველზეც ვადგენთ, ფსიქოგენურია დისფუნქცია თუ ორგანული.
. საკმაოდ ინფორმაციულია ღამის ერექციების მონიტორინგი. მამაკაცს მთელი ღამის განმავლობაში, ძილის დროს, 5-6 ერექცია უვითარდება, რომლებსაც თვითონ ვერ გრძნობს. კვლევისას ასოზე მაგრდება სპეციალური ხელსაწყო, რომელიც ღამის ერექციებს აღნუსხავს.
. აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ ჰორმონები.
. უნდა გაისინჯოს წინამდებარე ჯირკვალი და მისი დანამატები. საინტერესოა სასქესო ასოს ექოსკოპიაც, რადგან, მაგალითად, პეირონის დაავადების დროს ცვლილებები თვალით შესაძლოა არ ჩანდეს, მაგრამ ასოში ჩამოყალიბდეს ფოლაქი, რაც ასევე ერექციის 
ხელისშემშლელი ფაქტორია.
. საჭიროებისას ტარდება ფსიქოლოგიური ტესტები.
ყოველივე ეს საჭიროა ერექციული დისფუნქციის ორგანული თუ ფსიქოგენური მიზეზების დიფერენცირებისთვის.
სასურველია, მამაკაცმა პირველივე ფიასკოს შემდეგ მიმართოს სექსოლოგს, თუნდაც მხოლოდ საკონსულტაციოდ. ხშირად პრობლემა პირველივე გასაუბრების შემდეგ გვარდება, მით უმეტეს, როდესაც პაციენტი ახალგაზრდაა. სპეციალისტი აუხსნის მას საქმის ვითარებას, გაარკვევს დისფუნქციის მიზეზებში, თუ საჭიროდ მიიჩნია, გამოკვლევებსაც ჩაუტარებს, დაამშვიდებს, დააწყნარებს და სასარგებლო რჩევებს მისცემს. ამგვარად ფსიქოლოგიური ტრავმაც ნაკლები იქნება.
მედიკამენტურ მკურნალობამდე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია რაციონალური ფსიქოთერაპია, უბრალოდ ახსნა, ინფორმაციის მიწოდება იმ ელემენტების შესახებ, რომლებსაც კავშირი აქვს ერექციულ ფუნქციასთან. ეს შესაძლოა საკმარისიც აღმოჩნდეს. რაც შეეხება მედიკამენტურ თერაპიას, სამკურნალო პრეპარატების არსენალი ძალიან დიდია, მაგრამ ასეთი მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ სრულფასოვანი გამოკვლევის შემდეგ. ექიმი უნდა იცნობდეს პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას გაითვალისწინეთ, რომ, როგორც ნებისმიერ წამალს, გვერდითი მოვლენები ერექციის აღმდგენ მედიკამენტებსაც ახასიათებს, თუმცა ამ ჯგუფის პრეპარატები მრავალჯერ გამოსცადეს და დაადგინეს, რომ სიკვდილს არ იწვევს.
ერთადერთი, რაც ხაზგასმით უნდა ითქვას, ის არის, რომ არ შეიძლება ვიაგრას და მისი მსგავსი საშუალებების მიღება ნიტროგლიცერინის შემცველ პრეპარატებთან ერთად – არსებობს საფრთხე კოლაპსოიდური მდგომარეობის განვითარებისა (წნევის უეცარი მკვეთრი დაცემისა), საიდანაც პაციენტი შესაძლოა ვერ გამოვიდეს. მოგეხსენებათ, ასაკთან ერთად ყალიბდება არტერიული ჰიპერტენზია და ბევრი სვამს წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, მაგალითად, ბეტა-ბლოკატორებს, რომლებიც ვნებს სქესობრივ სფეროს, ამიტომ სექსოლოგმა უნდა იცოდეს, რას იღებს პაციენტი. ყოველთვის აქტუალური იყო საკითხი, უნდა ჰქონდეთ თუ არა ინფარქტგადატანილ პაციენტებს სექსი. გარწმუნებთ, სექსი ამ შემთხვევაში არ ქმნის სასიცოცხლო საფრთხეს, ის კი არა, სწორი დოზირებისას ვიაგრას ტიპის მედიკამენტების მიღებაც კი შეიძლება. ახლა – რაც შეეხება ერექციული დისფუნქციის მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს: თუ დაზიანდა სასქესო ასოს სისხლძარღვები და ნერვები, – ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს მენჯის ღრუს ორგანოებზე ოპერაციული ჩარევის დროს, – მათი აღდგენა, სამწუხაროდ, შეუძლებელია. თუმცა არსებობს ერთგვარი დაავადება – ლერიშის სინდრომი, როდესაც დახშულია დაღმავალი აორტა. ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა – სისხლძარღვის რეკონსტრუქციული ქირურგია, შუნტირება – ერექციას რამდენადმე აუმჯობესებს. მეორე ტიპის ოპერაცია ტარდება, როდესაც ერექციული დისფუნქციის მიზეზია დაჩქარებული ვენური უკუგადინება, ანუ ასოს ვენების საშუალებით სწრაფად ტოვებს სისხლი. ჩვენ ამას პათოლოგიურ ვენურ დრენაჟს ვუწოდებთ. ქირურგიული გზით ხდება დაზიანებული ვენების ლიკვიდაცია, მცირდება ვენური უკუდენა და უმჯობესდება ერექციის ხარისხი. იმპლანტაცია ანუ ასოს ენდოპროთეზირება სამედიცინო ჩარევის უკანასკნელი საფეხურია და ექიმები მხოლოდ მაშინ მიმართავენ, თუ ვერავითარმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. არსებობს ვაკუუმხელსაწყოების გამოყენების მეთოდიც. ეს ხელსაწყოები უარყოფითი წნევით მოქმედებს სასქესო ასოზე და მასში სისხლის მიდენას აუმჯობესებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ვაკუუმთერაპია მხოლოდ აქტის წინ შეიძლება იქნეს გამოყენებული. ის საკმაოდ რთული პროცედურაა, თუმცა პაციენტთა გარკვეულ ნაწილს მაინც შეიძლება დაენიშნოს.
კიდევ ერთი მამაკაცური სატკივარი
ერექციული უკმარისობა ძლიერი სქესის ერთადერთი საზრუნავი არ არის; მათთვის შარდვასთან დაკავშირებული პრობლემებიც საკმაოდ აქტუალური და მტკივნეული ყოფილა. პროსტატის ყველაზე გავრცელებული დაავადება კი ადენომა, ანუ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიაა.
პროსტატის ჯირკვლის ზრდა დაბერების თანმხლები ისეთივე პროცესია, როგორიც ჭაღარა. 2000 წელს აშშ-ში ამ პრობლემით 4,5-მა მილიონმა მამაკაცმა მიმართა ექიმს.
მამაკაცის სიცოცხლის განმავლობაში პროსტატა ზრდის ორ ფაზას გაივლის. პირველი ადრეულ პუბერტატულ პერიოდს მოიცავს, როცა ჯირკვლის ზომა ორმაგდება, ხოლო მეორე დაახლოებით 25 წლის ასაკში იწყება და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ამ პერიოდში მომხდარ ცვლილებებს ექიმები პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას უწოდებენ.
პროსტატის ჰიპერპლაზია იშვიათად იჩენს თავს 40 წლამდე, აი, მერე კი თანდათან ხშირდება – 60 წლის მამაკაცთა ნახევარზე მეტს და 70-80 წლის მამაკაცთა 90%-ს პროსტატის პათოლოგიური ცვლილებები აღენიშნება.
მზარდი ჯირკვალი შარდსადენს აწვება და ავიწროებს. შარდის ბუშტის კედელი სქელდება და მგრძნობიარე ხდება, რის გამოც მცირეოდენი შარდის არსებობის დროსაც კი იკუმშება. სწორედ ამის ბრალია შარდვის გახშირება. საბოლოოდ შარდის ბუშტი სუსტდება, კარგავს სრული დაცლის უნარს და მასში გამუდმებით რჩება ნარჩენი შარდი. სწორედ შარდსადენის შევიწროება და შარდის ბუშტის ნაწილობრივი დაცლა იწვევს პროსტატის ადენომასთან დაკავშირებულ სიმპტომებს.
წუხილის მიზეზი
პროსტატის ადენომის წარმოშობის მიზეზების თაობაზე მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან. არც რისკფაქტორების შესახებ არსებობს ზუსტი მონაცემები. საუკუნეების განმავლობაში პროსტატის ადენომაზე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ იგი შუახნის ასაკში იჩენდა თავს და მამაკაცებს, რომლებსაც სათესლეები პუბერტატულ (სქესობრივი მომწიფების) პერიოდამდე ჰქონდათ ამოჭრილი, არ ემართებოდათ.
მამაკაცის ორგანიზმი ორი ტიპის სასქესო ჰორმონს წარმოქმნის: დიდი რაოდენობით – მამრობით სასქესო ჰორმონს ტესტოსტერონს და მცირე რაოდენობით – ქალის სასქესო ჰორმონს ესტროგენს. ასაკთან ერთად ტესტოსტერონის სინთეზი მცირდება, ხოლო ესტროგენისა უცვლელი რჩება. მეცნიერთა ნაწილი პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ერთ-ერთ მიზეზად ამასაც მიიჩნევს.

მეორე თეორია დიჰიდროტესტოსტერონს უკავშირდება. ეს ნივთიერება ტესტოსტერონისგან წარმოიქმნება და პროსტატის ზრდას აკონტროლებს. ვარაუდობენ, რომ პროსტატის ჰიპერპლაზიას სწორედ მისი დაგროვება იწვევს.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი პროსტატის ადენომის განვითარების მიზეზი ის არის, რომ პროსტატის უჯრედებს დაბადებიდანვე მიეწოდებათ ინფორმაცია ზრდის შესახებ; უბრალოდ, ისინი მოგვიანებით “იღვიძებენ” და იწყებენ ამ “ბრძანების” შესრულებას.
სიმპტომები, ნიშნები...
სიმპტომთა უმეტესობა შარდსადენის შევიწროებითა და შარდის ბუშტის ფუნქციის ეტაპობრივი კარგვით არის გამოწვეული. ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:
. შარდის მერყევი, წყვეტილი, სუსტი ნაკადი;
. შარდვის იმპერატიული (უკიდურესი აუცილებლობის) მოთხოვნილება;
. შარდვის აქტის დასრულების შემდეგ შარდის წვეთვა და ჟონვა;
. გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით – ღამღამობით;
. შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება.
პროსტატის ზომა ყოველთვის არ განსაზღვრავს შარდსადენის დახშობისა და სიმპტომების განვითარების ხარისხს – ზოგი მამაკაცი პროსტატის ზომის საკმაო მომატების დროსაც კი არაფერს უჩივის და პირიქით.
შარდვასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აუცილებლად აცნობეთ ექიმს, ვინაიდან, მართალია, ათიდან რვა შემთხვევაში მიზეზი პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდებაა, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ამ სიმპტომის მიღმა უფრო სერიოზული პრობლემა: პროსტატიტი, პროსტატის კიბო, – იმალებოდეს, მისი დადასტურება ან უარყოფა კი მხოლოდ უროლოგს შეუძლია.
პროსტატის მნიშვნელოვანმა ჰიპერპლაზიამ, შარდის შეკავებამ და შარდის ბუშტის გადაძაბვამ დროთა განმავლობაში შესაძლოა ისეთი სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, როგორებიცაა:

. საშარდე გზების ინფექცია;
. შარდის ბუშტის დაზიანება;
. თირკმლის დაზიანება;
. კენჭები;
. შარდის შეუკავებლობა.
გახსოვდეთ: ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში გართულებათა განვითარების რისკი მცირდება.
დიაგნოზის დასასმელად
დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის – პროსტატის ადენომის სიმპტომები მამაკაცმა შესაძლოა თვითონვე შეამჩნიოს, ანდა ჯირკვლის გადიდება შემთხვევით აღმოაჩინოს ექიმმა რუტინული გასინჯვისას. ექიმი, რომელიც საშარდე გზებსა და მამაკაცის სასქესო სისტემაზეა სპეციალიზებული, რამდენიმე მარტივი ტესტით დიაგნოზსაც დასვამს და მკურნალობის ტაქტიკასაც განსაზღვრავს.
. დიგიტალური რექტალური გამოკვლევა კვლევის პირველი საფეხურია. ექიმი ხელთათმანიანი ხელის ორი თითით სწორი ნაწლავიდან სინჯავს პროსტატის ჯირკვალს. ეს საკმაოდ ინფორმაციული კვლევაა და ექიმს ჯირკვლის ზომისა და მდგომარეობის შესახებ ზოგად წარმოდგენას უქმნის.
. პროსტატის სფეციფიკური ანტიგენის (პსა) ტესტი პროსტატის კიბოს გამოსარიცხად ინიშნება.
. თუ ექიმმა პროსტატის კიბოს არსებობა იეჭვა, აუცილებლად გირჩევთ რექტალური ულტრაბგერის ჩატარებას.
. ექიმმა შესაძლოა სპეციალურ მოწყობილობაში მოშარდვა გთხოვოთ – ამგვარად ის შარდის ნაკადის სისწრაფეს გაზომავს. შემცირებული ნაკადი პროსტატის კეთილთვისებიან ადენომაზე მიანიშნებს.
. ცისტოსკოპიის დროს მამაკაცის სასქესო ასოში შარდსადენის გავლით სპეციალურ მილს ათავსებენ, რომელსაც ცისტოსკოპი ეწოდება, შეიცავს ობიექტივს და განათების სისტემას. მათი მეშვეობით ექიმი ათვალიერებს შარდის ბუშტს, ადგენს პროსტატის ზომას და შარდსადენის დახშობის ხარისხს.
სამკურნალოდ
მკვლევარები წლების განმავლობაში ცდილობდნენ პროსტატის ადენომის მკურნალობის არაქირურგიული გზების მიგნებას. 1992 წლიდან დღემდე ექვსი სამკურნალო საშუალება შეიქმნა, რომლებიც პროსტატის ჰიპერპლაზიისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ამცირებს. ინასტერიდი და დუტასტერიდი პროსტატის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორის – დიჰიდროტესტოსტერონის – წარმოქმნას თრგუნავს. მათი მოქმედების შედეგად პროსტატა ზრდას წყვეტს, ხოლო ზოგ შემთხვევაში პატარავდება კიდეც.
მედიკამენტთა მეორე ჯგუფი – ტერაზოსინი, დოქსაზოსინი, ტამსულოზინი და ალფუზოსინი – პროსტატისა და შარდის ბუშტის ყელის გლუვ კუნთებს ადუნებს. მათი მოქმედების შემდეგ შარდვა დიდ ძალისხმევას აღარ მოითხოვს.
სამწუხაროდ, მედიკამენტური თერაპია ყოველთვის ეფექტური არ არის, ამიტომ უკანასკნელ წლებში მეცნიერებმა შეიმუშავეს რამდენიმე პროცედურა, რომლებიც დაავადების სიმპტომების ამცირებს და ჩვეულ ქირურგიულ მეთოდებთან შედარებით ნაკლებსაზიანოა:
. ტრანსურეთრული მიკროტალღური პროცედურები;
. ტრანსურეთრული აბლაცია ნემსით;
. წყლით გაშუალებული თერმოთერაპია;
. მაღალი ინტენსივობის ფოკუსური ულტრაბგერა – ეს მეთოდი კლინიკური კვლევის სტადიაშია;
. ქირურგიული მეთოდი. ოპერაციის დროს ჯირკვლის მხოლოდ ის უბანი ამოიკვეთება, რომელიც შარდსადენს აწვება და ახშობს. შედეგად შარდსადენის ბლოკი იხსნება და შარდის ბუშტის სრული დაცლა აღდგება;
. ტრანსურეთრული რეზექცია (ტური). ათიდან ცხრა შემთხვევაში სწორედ ამ მეთოდს იყენებენ. გარეგანი განაკვეთი საჭირო არ არის, ვინაიდან ექიმი შარდსადენის გავლით ამოკვეთს პროსტატის ქსოვილს;
. ღია ოპერაცია. როცა პროსტატა ძლიერ არის გადიდებული ან გართულებები (შარდის ბუშტის დაზიანება) აღინიშნება, გარეგანი განაკვეთის გაკეთება ხდება საჭირო.
. ლაზერული ოპერაცია. თანამედროვე უროლოგიაში ხშირად იყენებენ ლაზერულ ოპერაციებს, რომელთა დროსაც ლაზერის სხივებით აცილებენ პროსტატის დაზიანებულ ქსოვილს.

გააზიარე: